“საქართველო და მსოფლიოს” მიერ დანახული პანდემია

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

7
VIEWS

გაზეთ “საქართველო და მსოფლიო”-ს ფურცლებში, როგორც წესი, ასახულია სამყარო, სადაც მისი ერთი ნაწილი – “ამორალური დასავლეთი მუდმივად კრიზისშია და ჩამოშლის პირასაა”, ხოლო ამ ყველაფრის ფონზე “ზნეობრივი აღმოსავლეთი” პირიქით, “მუდმივად პროგრესირებს და რეალურ ალტერნატივად ყალიბდება”. არც პანდემიაა გამონაკლისი და გაზეთი ამ შემთხვევაშიც მსოფლიო კორონა-კრიზისის “თავისეულ” ხედვას გვთავაზობს – “პანდემიით ჩამოშლილი, სოლიდარობის გარეშე დარჩენილი დასავლეთის ფიასკო” და “აღმოსავლეთის აღზევება”.

“საქართველო და მსოფლიო” ერთ-ერთი ყველაზე ანტი-დასავლურად განწყობილი მედიასაშუალებაა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით ცდილობს ნეგატიურად წარმოაჩინოს დასავლეთი და პოზიტიურ ალტერნატივად საკუთარ მკითხველს შესთავაზოს რუსეთი, ან ზოგადად “აღმოსავლეთი”. აღნიშნული მედიასაშუალება უკვე წლებია დამაჯერებლად ლიდერობს იმ წყაროებს შორის, რომლებიც ანტი-დასავლური გზავნილებით გამოირჩევიან (იხ. “ანტიდასავლური პროპაგანდა 2019“) და როგორც ჩანს, “საპატიო ადგილის” დათმობას არც სამომავლოდ აპირებს.

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის თემატიკაზე სხვადასხვა მსოფლიო აქტორებთან დაკავშირებით დაწერილი სტატიები ცხადყოფს, რომ იგი მიზანმიმართულად ცდილობს პანდემიის გაშუქების პროცესში დასავლეთთან (ევროკავშირი, აშშ, დასავლეთთან დაკავშირებული ცალკეული პიროვნებები) დაკავშირებით შექმნას უარყოფითი დღის წესრიგი და საკუთარი მკითხველი ნეგატიურად განაწყოს დასავლეთის მიმართ – რაც ერთგვარი ნეგატიური დესტრუქციული სტრატეგიაა, ამავდროულად კი კონტრასტის შესაქმნელად ძლევამოსილად, ეფექტურად და ერთსულოვნად წარმოაჩინოს აღმოსავლეთი (რუსეთი, ჩინეთი), რაც პოზიტიური კონსტრუქციული სტრატეგიის გამოყენების ნიმუშია. ამგვარად აღნიშნული მიდგომების გამოყენებით კონკრეტული მედიასაშუალება, ერთი მხრივ ცდილობს მოსახლეობას გული აუცრუოს აშშ-ზე, ევროკავშირზე და ზოგადად დასავლეთზე, მეორე მხრივ კი დადებითად განაწყოს იმ გარე ძალების – კონკრეტულად კი რუსეთის მიმართ, რომლის სასარგებლოდაც სურს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლა, უფრო კონკრეტულად კი – კრემლის ორბიტაზე დაბრუნება.

ზოგადი სტატისტიკა

2020 წელს გამოცემულ პირველ 37 ნომერში გაზეთმა პანდემიის თაობაზე სხვადასხვა მსოფლიო აქტორთან დაკავშირებით დაწერა 78 სტატია, ზოგიერთი მათგანი ერთდროულად ეხებოდა ერთზე მეტ ასეთ სუბიექტს. სტატიების ზოგადი შინაარსი ძირითადად ემსახურება კონტრასტის შექმნას, თუ როგორ “უჭირთ” დასავლეთის ქვეყნებს და ამავდროულად “როგორ ეფექტურად უმკლავდებიან” პანდემიას რუსეთი და ჩინეთი.

  • დასავლურ აქტორებზე უმეტესწილად ვრცელდება ნეგატიური სახის ინფორმაცია
  • რუსეთსა და ჩინეთზე უმეტესწილად ვრცელდება პოზიტიური სახის ინფორმაცია

;

რუსული წყაროები

გაზეთი აქტიურად იყენებს რუსულ წყაროებს და არც მალავს ამ გარემოებას, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში გამოქვეყნებული სტატიების ბოლოს პირდაპირაა მითითებული წყარო, რომელზე დაყრდნობითაც დაიწერა სტატია. ზემოხსენებული 78 სტატიიდა 32-ში გამოყენებულ იქნა 33 წყარო, აქედან 29 სტატია სწორედ რუსულ მასალებზე დაყრდნობით დაიწერა.

საკმაოდ ხშირად რუსული მასალები და მათი ქართული ანალოგები თითქმის ერთმანეთის იდენტურია.

;

;

რა სტრატეგიებს იყენებს გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”?

როგორც უკვე აღინიშნა, გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” საკმაოდ გააზრებული და კარგად ორგანიზებული სტრატეგიითა და მეთოდებით ხელმძღვანელობს. დასავლეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად იგი მიმართავს ნეგატიურ დესტრუქციულ სტრატეგიას, ხოლო რუსეთისა და ჩინეთისადმი მოსახლეობის ლოიალური განწყობების შესაქმნელად გაზეთი იყენებს პოზიტიურ კონსტრუქციულ სტრატეგიას (იხ. ანტიდასავლური პროპაგანდა 2018).
აღნიშნული სტრატეგიები შემდეგნაირად განიმარტება:

  • ნეგატიური დესტრუქციული სტრატეგია მიზნად ისახავს ხელოვნური საფრთხეების შექმნას ან გაზვიადებას. აღნიშნული წყარო ამ სტრატეგიას ძირითადად იყენებს დასავლურ აქტორებთან (აშშ, ევროკავშირი, ზოგადად დასავლეთი) მიმართებით. გარდა აღნიშნული საფრთხეებისა, პანდემიასთან დაკავშირებულ გზავნილებში ნეგატიური დესტრუქციული სტრატეგიის ნაწილად შესაძლოა აღვიქვათ ინფორმაციები, რომლებიც არ უკავშირდება საფრთხეებს, თუმცა ემსახურება კონკრეტული აქტორების უსუსურად, კრიზისში მყოფად წარმოჩენას, მათი რეპუტაციის შელახვას.
  • პოზიტიური კონსტრუქციული სტრატეგია “მედია განვითარების ფონდის” თანახმად მიზნად ისახავს სამიზნე ჯგუფების დარწმუნებას, რომ შეთავაზებული საგარეო ორიენტირები არსებულზე უკეთესია, პანდემიის პირობებში ეს გულისხმობს იმის მტკიცებას, თუ “დასავლეთის უსუსურობისა და კრიზისის” ფონზე როგორ ეფექტურად და რაც მთავარია ერთსულოვნად, მაღალი სოლიდარობის ხარისხით უმკლავდება კრიზისს აღმოსავლეთი (ჩინეთი და რუსეთი)

ძირითადი ნარატივები და გზავნილები – ნეგატიური

;

ევროაკვშირთან მიმართებით გაზეთი ძირითადად წერს იმის თაობაზე, თუ როგორ მცირდება ევროკავშირის მშპ, იმატებს წევრ სახელმწიფოებში ევროკავშირით უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვი, როგორ “მიატოვა” მან კრიზისის დროს “ბედის ანაბარა” მისი წევრები და ამ დროს რაოდენ დიდსულოვნად ემხარება ამ ქვეყნებს რუსეთი. ერთი სიტვყვით, “საქართველო და მსოფლიო”-ს მტკიცებით “უსუსური” და “სოლიდარობის გარეშე დარჩენილი”, კრიზისში მყოფი ევროკავშირი ინგრევა.

ძირითადი ნარატივები:

  • ევროკავშირი კირიზსშია (7 სტატია)
  • უსუსური ევროკავშირი და რუსეთი ალტერნატივად (5)
  • ევროკავშირში სოლიდარობა არ არსებობს (4)
რაც შეეხება აშშ-ს, აღნიშნული მედიასაშუალება მას საკმაოდ ხშირად უკავშირებს კონსპირაციას, თითქოს იგი მონაწილეობდა კორონა ვირუსის ხელოვნურად შექმნაში, აღნიშნულ ნარატივს გაზეთი ამყარებს “ბურუსითმოცული” ინტრიგებით, როგორც უკრძალავენ აშშ-ში თეთრ სახლში გამოსვლას მთავარ ინფექციონისტს და როგორ მოკლეს ვირუსის მკვლევარი ჩინელი მეცნიერი. გაზეთი ამერიკის უსურობის წარმოსაჩენად დეტალურად გვამცნობს რამდენ და რომელ ამერიკულ ავიამზიდებზე მძვინვარებს ვირუსი, გარდა ამისა ავრცელებს გზავნილს, რაოდენ უსარგებლოა ამერიკა საქართველოსთვის, მაშინ, როდესაც ამერიკულ დახმარებას ერთ სულ მოსახლეზე “ცენტებში ითვლის”.

ძირითადი ნარატივები:

  • კონსპირაცია – აშშ ვირუსის შექმნაშია გარეული (6)
  • აშშ პანდემიას ვერ უმკლავდება (3)
  • აშშ საქართველოს არ ეხმარება / დახმარება უმნიშვნელოა (1)
დასავლეთი გაზეთის მთავარი სამიზნეა. მთავარი ნარატივია კრიზისი – ევროატლანტიზმის ნგრევა, მსოფლიო წესრიგის ცვლილება, ეპოქის დაისი, მარცხი აღმოსავლეთთან, ფიასკო კორონავირუსთან ბრძოლაში. მნიშვნელოვანი გზავნილია კონსპირაცია იმის შესახებ, თითქოს დასავლეთი იმიტომ გვეხმარება, რომ ვალდებულებები “აგვკიდოს” და ვაქცინაცია გვაიძულოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – საცდელ კურდღლებად გამოგვიყენოს. მსგავსად ევროკავშირის შემთხვევისა, განზოგადებულ დასავლეთზეც ხშირად ვხვდბით გზავნილს “სოლიდარობის არარსებობის” შესახებ.

ძირითადი ნარატივები:

  • დასავლეთში სოლიდარობა არ არსებობს (4)
  • დასავლეთი კრიზისშია (6)
  • კონსპირაცია – ფულს გვაძლევენ ვაქცინაციის გამო (4)
  • ამორალური დასავლეთი და გლობალიზაციის დასასრული (4)

;გაზეთ “საქართველო და მსოფლიო”-ს ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა ბილ გეითსი. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასაწყისში აღნიშნულმა მედია საშუალებამ ერთი პოზიტიური პოსტი “გაიმეტა” იმის შესახებ, რომ ბილ გეიტსმა პანდემიასთან საბრძოლველად 10 მლნ. დოლარი გამოყო, მომდევნო ნომრებში ამერიკელი მილიარდელი არაერთხელ გახდა კონსპირაციული გზავნილების სამიზნე – კერძოდ იმის შესახებ, რომ ის ვაქცინებს “უნაყოფობისა” და “ადამიანთა რაოდენობის შესამცირებლად” ქმნის, რომ იგი “მსოფლიო პანდემიის ტროას ცხენია” და კორონა ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს და რომ იგი რომის პაპთან ერთად ცდილობს მსოფლიო მოსახლეობის ვაქცინაციას ისევ და ისევ კონსპირაციული მოტივებით.

 

ძირითადი ნარატივები და გზავნილები – პოზიტიური

;

სამაგიეროდ გაზეთის პოზიცია ცალსახად პოსიტიურია აღმოსავლეთის (რუსეთი, ჩინეთი) მიმართ. ძირითადი გზავნილია ის, რომ აღმოსავლეთი აღმასვლის პროცესშია (და რომ დასავლეთის ეპოქა სრულდება) და რომ აღმოსავლეთი, კონკრეტულად ჩინეთი (და ამ მიმართულებით ცდილობენ კომუნიზმის/სოციალიზმის იდეის პოპულარიზებას) ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და “კრიზისში მყოფ დასავლეთსაც უწვდის დახმარების ხელს”

ძირითადი ნარატივები:

  • აღმოსავლეთის აღმასვლა (დასავლეთის კრიზისის ფონზე) (4)
  • ძლიერი და ერთსულოვანი ჩინეთი (კომუნისტები) (1)
რა თქმა უნდა გაზეთის ქების მთავარი ობიექტია რუსეთი. იგი აქტიურად ცდილობს ძლიერი და მზრუნველი რუსეთის იდეის კულტივირებას, როგორ ეხმარება იგი სირიას, სერბეთს, როგორ ზრუნავს პუტინი საკუთარ მოსახლეობაზე ახალი შეღავათების დაწესებით, როგორ მოევლინა ალტერნატიულ მხსნელად “დასავლეთისგან მიტოვებულ იტალიას” და რაც მთავარია რაოდენ უალტერნატივოა იგი საქართველოსთვის ამ მსოფლიო გაჭირვების ჟამს (ძირითადად აქცენტს აკეთებენ რუსული ხორბლის როლზე ქართულ იმპორტში და ცდილობენ იმ გზავნილის გავრცელებას, თითქოს, მარტივად რომ ვთქვათ, ურუსეთოდ “შიმშილით დავიხოცებით”.ძირითადი ნარატივები:

  • რუსეთი საქართველოსთვის კრიზისისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია (2)
  • ძლევამოსილი და მზრუნველი რუსეთი (6)
  • რუსეთი ეხმარება მათ, “ვინც მიატოვა ევროკავშირმა” (3)
გაზეთი პრო-რუსული ნარატივის განმტკიცებას ცდილობს “საერთო წარსულის” იდეის, კონკრეტულად კი “დიდებული საბჭოთა კავშირის” იდეის რომანტიზებითაც და პანდემიის დროსაც გამონახა მიზეზები იმისთვის, რომ სსრკ განადიდოს. კონკრეტულად ეს უკავშირდება “საბჭოთა განათლების სისტემის” ტრიუმფს, რითაც ახსნეს პანდემიის საწყის ეტაპზე ქართველი ინფექციონისტების მიერ ვირუსის ეფექტიანად შეკავება, “ბეცეჟეს” ვაქცინასთან დაკავშირებულ მითსა და პანდემიის საწყის ეტაპზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში ვირუსის გავრცელების დაბალ მაჩვენებელს (თუმცა ეს იკითხებოდა ადრეულ სტატიებში, ვინაიდან შემდგომში აღნიშნული “არგუმენტი” გაზეთს ხელიდან გამოეცალა).

ძირითადი ნარატივი:

  • – სსრკ-ში მიღებული ცოდნა და საბჭოთა მედიცინა ეფექტურად უმკლავდება პანდემიას (4)

როგორ აშუქებს გაზეთი სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ეპიდ-სიტუაციას – ინტერაქტიული რუქა

მიუხედავად იმისა, რომ ანალიზის შედეგად ძალიან მარტივად იკვეთება გაზეთ “საქართველო და მსოფლიო”-ს მიერ გამოყენებული სტრატეგია და მიდგომები, ინდივიდუალურად მათ მიერ სხვადასხვა ქვეყანაზე გამოქვეყნებულ სტატიებში
შესაძლოა შეუიარაღებელი თვალისთვის ერთი შეხებით ასე მარტივად აღქმადი არ აღმოჩნდეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა რომ, პანდემიის თემატიკაზე სხვადასხვა მსოფლიო აქტორთან დაკავშირებული მასალების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ზემოთ განხილულ ლოგიკას ექვემდებარება და ხსენებული სტრატეგიების ნაწილია.

გაზეთი არ წერს მხოლოდ აშშ-ზე, ევროკავშირსა და რუსეთზე. სტატიები ეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ინდივიდუალურად, სერბეთს, სირიას, ბელარუსს და ა.შ. თუმცა თითოეულ მათგანში იკითხება სტატიაში ხსენებული სტრატეგიების ელემენტები, რომლებიც მიზანმიმრთულია დასავლეთის იმიჯის შელახვისა და რუსეთისადმი პოზიტიური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისკენ. ამის მისახვედრად საკმარისია ინდივიდუალურად გაზეთის მიერ სხვადასხვა ქვეყანაზე გამოქვეყნებული სტატიების გადახედვა, რაც ქვემოთ მოცემულ ინტერაქტიულ რუკაზე არის შესაძლებელი.

 


საკონკურსო ნამუშევარი

 

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist