საოკუპაციო რეჟიმის ნაცვლად კრემლისტური News Front-ი ვაჟა გაფრინდაშვილს ადანაშაულებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ht
572
VIEWS

17 ნოემბერს კრემლის საინფორმაციო სააგენტო News Front-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “კომიკური ვიშვიში ოსების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გარშემო”. სტატიაში გაკრიტიკებულია, ერთი მხრივ, ოპოზიცია, რომელიც, News Front-ის თქმით, “ტელეკამერების წინ ვიშვიშებს” და მდგომარეობას ამწვავებს, ხოლო, მეორე მხრივ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომლის გაჯიუტება და იმის არაღიარება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, News Front-სთვის მიუღებელია.

 

 

News Front: “მიუღებელია თავად ვაჟა გაფრინდაშვილის გაჯიუტებაც და რაღაც უაზრო ქაღალდებზე ხელმოწერის გამო თავის საფრთხეში ჩაგდება, სადაც სიტყვა «საზღვარია» ნახსენები. კი ბატონო, კარგია, რომ ბ-ნი ვაჟა, ისევე, როგორც ნებისმიერი ქართველი, საქართველოს საზღვარს როკის გვირაბთან მოიაზრებს, მაგრამ ისიც ხომ უნდა იფიქრო ექიმმა კაცმა, რომ შენი ქმედებებით ქვეყანა არ ჩააგდო უხერხულ მდგომარეობაში — არსებული სავალალო ვითარების გათვალისწინებით! “

საოკუპაციო რეჟიმის ნაცვლად კრემლისტური გამოცემა თავად ვაჟა გაფრინდაშვილის და ოპოზიციურ პარტიებს ადანაშაულებს. News Front-ის თქმით, რუსეთისთვის “ოკუპანტის” ძახილი “უბადრუკი მცდელობაა” და ამბობს, რომ ამით რუსეთს ვერავინ შეაშინებს.

News Front: “ნაცვლად იმისა, ქვეყნის მესვეურნი დათბობისა და დიალოგის გზებს ეძებდნენ, სწორედ იმიტომაც, რომ მსგავსი ფაქტები თავიდან იქნას აცილებული, პირიქით — ძაბავენ ვითარებას…მოკლედ და კონკრეტულად: რუსეთთან «ოკუპანტის» ძახილს რუსეთთან დიალოგი სჯობს! ქართულ-რუსული დიალოგი გახდება საწინდარი ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური დიალოგისთვისაც.”

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს, ე.წ. საზღვრის განზრახ გადაკვეთაში დასდეს ბრალი და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ექიმის ოჯახის წევრების თქმით, გაფრინდაშვილი ახალგორში იმ პაციენტების დასახმარებლად ჩავიდა, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის აქეთა მხარეს გადმოსვლას ვერ ახერხებენ. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს, რომ იგი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფება და ცხინვალს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.

News Front-ის შესახებ 

ქართულენოვანი „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი 2019 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა. News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეა, რომელიც ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორიცაა. პარალელურად, „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი მართავს საჯარო ჯგუფს – “Россия и Грузия- дружба навеки!”. ჯგუფი 2014 წლის 11 სექტემბერს შეიქმნა და მას შემდეგ სახელი სამჯერ გამოიცვალა. 2019 წლის 4 თებერვალს ჯგუფმა სახელი ორჯერ შეიცვალა, ჯერ ერქვა Kidobani, ხოლო შემდეგ Kidobani News. სახელი Россия и Грузия- дружба навеки! ჯგუფმა 2019 წლის 4 აგვისტოს დაირქვა. ჯგუფს News-Front Georgia-ს გვერდის გარდა 6 ადმინისტრატორი ჰყავს, ასევე 6 ადმინისტრატორი ჰყავს თავად News-Front Georgia გვერდს.

ვრცლად News Front-ის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია “News-Front Georgia – კრემლის ახალი საინფორმაციო ფრონტი საქართველოში”.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist