სანქციებთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადება მცდარი ინტერპრეტაციით ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

412
VIEWS

17 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა ნიკოლოზ კვანჭიანმა “მთავარი არხის” პოსტის სქრინშოტი გამოაქვეყნა, რომელზეც საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და შემდეგი წარწერა ჩანს: “ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს – კელი დეგნანი”. პოსტის ავტორის თანახმად, დეგნანი ქართველებს ემუქრება და რუსეთთან ომში ჩართვას აიძულებს.

იმავე შინაარსის პოსტი რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის იძულებაზე ასევე გამოაქვეყნა ფეისბუქ-მომხმარებელმა ლევან ქველაძემ. ქველაძემ პოსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ნახევარ საათში პოსტს “მთავარი არხის” ფეისბუქ-პოსტის ბმულიც დაურთო.

კელი დეგნანის განცხადება მცდარი ინტერპრეტაციით ვრცელდება. რეალურად, დეგნანი საქართველოს ომში ჩართვისკენ არ მოუწოდებს და არც ემუქრება. დეგნანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას ორმხრივი სანქციების დაწესებას არავინ სთხოვს, თუ მას ამის გაკეთება არ სურს. ელჩს განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველო სხვა ქვეყნების მსგავსად საერთაშორისო სანქციებს შეუერთდება და აღასრულებს მათ, რამდენადაც ეს შეუძლია.

ფეისბუქ-მომხმარებლები ნიკოლოზ კვანჭიანი და ლევან ქველაძე კელი დეგნანის ციტატას არასწორი ინტერპრეტაციით, მანიპულაციურად ავრცელებენ და წერენ, თითქოს დეგნანი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვისკენ მოუწოდებს. მათ მიერ გამოქვეყნებულ პოსტებში მხოლოდ “მთავარი არხის” ფეისბუქ-პოსტის ტექსტი ჩანს, რომელშიც კელი დეგნანის ციტატის მოკლე მონაკვეთია გამოტანილი. მთლიანი განცხადება “მთავარი არხის” ფეისბუქ-გვერდზე ვიდეოს სახითაა ატვირთული, სრულ ვიდეოში გარკვევით ისმის, რომ დეგნანი საქართველოს არ ემუქრება და არც რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვისკენ მოუწოდებს.

დეგნანის განცხადების სრული ტექსტი საქართველოში ამერიკის საელჩოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ის ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობას რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას არავინ სთხოვს და ამ სიტუაციაში მთავარი რუსეთის აგრესიის მიმართ ერთიანი პოზიციის გამოხატვა და საერთაშორისო სანქციების აღსრულებაა. დეგნანი სწორედ ამის შემდეგ ამბობს, რომ “ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს”.

“საქართველო ემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, ბევრი სანქცია შეიძლება საქართველოზე პირდაპირ არც მოქმედებდეს, მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად აღასრულებს სანქციებს, რამდენადაც ეს მათ შეუძლიათ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს”, – კელი დეგნანი.

წყაროების შესახებ

კელი დეგნანის ციტატა მანიპულაციურად ფეისბუქ-მომხმარებლებმა ნიკოლოზ კვანჭიანმა და ლევან ქველაძემ გამოაქვეყნეს. 

ნიკოლოზ კვანჭიანი “საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების” წევრი და კრემლისტური ტელევიზია “ალტ-ინფოსა” და “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია.

ის “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერ პოსტებს აქტიურად აქვეყნებს. კვანჭიანი 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციასაც ესწრებოდა, ასევე მონაწილეობდა ნამოხვან ჰესის საწინააღმდეგო აქციებში.

ნიკოლოზ კვანჭიანს ამჟამად 4 ფეისბუკ ანგარიში: ნიკოლოზ კვანჭიანი, ნიკოლოზ კვანჭიანი, ნიკოლოზ კვანჭიანი მეექვსე ფბ, ნიკოლოზ კვანჭიანი მერვეჯერ დამარეპორტეს და ფეისბუკ გვერდი: იბერთა შეფიცულთა რაზმი, ნიკოლოზ კვანჭიანი – ენა.მამული.სარწმუნოება აქვს. 

რაც შეეხება ლევან ქველაძეს, მას პროფილზე სამუშაო ადგილად თავდაცვის სამინისტრო აქვს მითითებული. ამასთან პარტია “ქართული იდეის” წევრებთან, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილთან, ალექსანდრე ფალავანდიშვილთან და ლევან ჩაჩუასთან ერთად გადაღებული ფოტოები აქვს გამოაქვეყნებული.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

რატომ იმყოფება აშშ-ს ელჩი ვაშინგტონში და ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას დეგნანის შესახებ?

აშშ-ს ელჩის საქართველოდან გაძევებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

“მარშალპრესი” აშშ-ს ელჩის კომენტარს მანიპულაციურად ავრცელებს

ქართული მარშის წევრი აშშ ელჩზე დეზინფორმაციას ავრცელებს

“კარდჰუ” ამერიკის ელჩის კომენტარს აყალბებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist