სალომე ზურაბიშვილის სახელით კრიპტოვალუტით ვაჭრობის პლატფორმაზე მოწოდებას თაღლითური ვებ-საიტი ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

145
VIEWS

7 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა “The APX” საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, შესახებ მასალის ბმული გააზიარაგაზიარებული პოსტში აღწერისა და თავად სტატიის შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავდება: პოსტს თან ერთვის წარწერა “ტრაგიკული დასასრული დღეს სალომე ზურაბიშვილისთვის”, ხოლო ბმულს მკითხველი everydaynews.me-ს სტატიაზე სათაურით “სპეცრეპორტაჟი: სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელმა ინვესტიციებმა ექსპერტებსა და მსხვილ ბანკებში აჟიოტაჟი გამოიწვია” გადაჰყავს. პოსტი 8 ნოემბრის მდგომარეობით დასპონსორებულია, სტატიაში კი აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი პროგრამა Bitcoin Loophole-ზე კრიპტოვალუტით ვაჭრობს, რომლითაც დიდ ფინანსურ მოგებას იღებს.

სტატიის ბოლოს მოცემულია პლატფორმა Bitcoin Loophole-ზე დარეგისტრირების ინსტრუქცია.

ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა პროფილში კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე ისაუბრა, სიმართლეს არ შეესაბამება; ხოლო ვებ-საიტი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სახელით კრიპტოვალუტით ვაჭრობის პროგრამა BITCOIN LOOPHOLE-ში მკითხველების ჩართვას ცდილობს, თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. სტატიაში BITCOIN LOOPHOLE-ში ინვესტირებით კმაყოფილი ადამიანების იდენტობები და ისტორიები გაყალბებულია.

სალომე ზურაბიშვილს გასულ კვირას გადაცემა “პროფილში”, როგორც ეს გავრცელებულ სტატიაშია აღნიშნული, Bitcoin Loophole-ზე ვაჭრობისკენ მოწოდება არ გაუკეთებია და არც აღნიშნულ პლატფორმაზე თავისი გამოცდილებისა და ფინანსური მოგების შესახებ უსაუბრია. everydaynews.me და მასზე განთავსებული მასალა მორიგ თაღლითურ სქემას წარმოადგენს, რომელიც ცნობილი ადამიანების სახელით ინტერნეტ მომხმარებლების მიზიდვას და მათ BITCOIN LOOPHOLE-ზე რეგისტრაციას ცდილობს. 

everydaynews.me 2022 წლის 25 ივლისს არის შექმნილი და იმ შემთხვევაში თუ ვებ-საიტის მთავარ გვერდზე ან საიტის ნებისმიერ სხვა განყოფილებაზე გადასვლას შევეცდებით, ვებ-საიტი  BITCOIN LOOPHOLE-ზე დარეგისტრირებას შემოგვთავაზებს, რეგისტრაციისთვის კი მომხმარებლის სახელის, გვარის, ელექტრონული ფოსტისა და მობილური ტელეფონის ნომრის შეყვანაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ თაღლითური ვებ-გვერდის სტატიაში გამოყენებული კმაყოფილი მომხმარებლების ფოტოები სხვა მოვლენებსა და პიროვნებებს ასახავს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათი სახელით მოყოლილი ისტორიები გამოგონილია. ამასთანავე, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ონლაინ პლატფორმაზე ფულის გამომუშავების შესახებ მსგავსი თაღლითური სქემა ქვეყნდება, “მითების დეტექტორმა” 2022 წლის ივლისში მომღერალი ვალერი მელაძის სახელით გავრცელებული განცხადება გადაამოწმა, რომელიც ასევე BITCOIN LOOPHOLE-ზე რეგისტრაციისკენ მოწოდებას შეიცავდა. მცდარი ინფორმაცია, თითქოს კრიპტოვალუტით ვაჭრობის პროგრამაზე ვალერი მელაძემ პროფილში ისაუბრა, ვებ-საიტ homeinvestor.to-ზე გამოქვეყნდა. ვებ-საიტის სახელწოდება ახლანდელი საიტისგან, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ისტორიაზე წერს, განსხვავებულია, თუმცა სათაური, დიზაინი და სტატიის სხვა დეტალები თითქმის იდენტურია. გამოცემის ლოგოს ადგილზე იანდექსის სიახლეების (Яндекс Новости) ლოგოს ვხვდებით, სათაურის შემდეგ კი სამი მედიასაშუალების – პირველი არხის, იმედისა და სპუტნიკის ლოგოებია განთავსებული.

ვრცლად თაღლითური ვებ-საიტის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

რაც შეეხება ფეისბუქ გვერდს The APX, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის შესახებ სტატია გააზიარა, ის ამერიკული მუსიკალური ბენდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს წარმოადგენს. გვერდი 2012 წელს არის შექმნილი სახელწოდებით D Rhodes და ამჟამად 5 ქვეყნიდან იმართება. გვერდის აქტივობაში კრიპტოვალუტით სავაჭრო პლატფორმასთან მათი რაიმე კავშირი არ იკვეთება, ასევე გვერდის პოსტების ველში სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული პოსტი არ ჩანს. პოსტის ნახვა მხოლოდ გვერდის “რეკლამების ბიბლიოთეკაში” (Ads Library) არის შესაძლებელი, სადაც დასპონსორებულ პოსტებს სხვადასხვა თემასა და ენაზეც ვხვდებით.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist