საკონცენტრაციო ბანაკები თუ ინფექციური კლინიკები? – “ხმალი სიმართლისას” წამყვანის დეზინფორმაცია პანდემიის შესახებ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

107
VIEWS

2021 წლის 7 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა “სუვერენული სახელმწიფო” დავით თორდიას YouTube გადაცემის “ხმალი სიმართლისა” ჩანაწერი გააზიარა. ვიდეოში თორდია ამტკიცებს, რომ კორონავირუსის პანდემია რეალურად ადამიანების დასამორჩილებლად მოწყობილი შეთქმულებაა, ხოლო კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან დაკავშირებული ცნობები გაყალბებული და გაზვიადებულია. თორდიას მტკიცებით, საკარანტინე ზომების მიღებითა და ვაქცინაციის პროგრამებით სინამდვილეში ცდილობენ, რომ ადამიანები მომავალ დიქტატურას შეაჩვიონ. აღნიშნული მოსაზრების დასამტკიცებლად თორდია რამდენიმე ვიდეოს აჩვენებს, რომლებიც, მისი თქმით, რუსეთსა და უნგრეთში ვირუსით შეშინებული ადამიანებისთვის მოწყობილ საკონცენტრაციო ბანაკებს ასახავს და 2023-2024 წლისთვის კორონავირუსით ინფიცირებულებსა და ვაქცინირებულებს ამ საკონცენტრაციო ბანაკებში გადაიყვანენ. “სუვერენული სახელმწიფოს” ფეისბუქ პოსტში თორდიას ვიდეოს სწორედ ამ ნაწილზეა აქცენტი გაკეთებული. ფეისბუქ ანგარიში წერს, რომ საკონცენტრაციო ბანაკები პანდემიური რეჟიმისთვის შენდება.

 

საკონცენტრაციო ბანაკების გარდა, ვიდეოში დავით თორდია აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა კორონავირუს “სატანურ” პანდემიაში მონაწილეობაზე უარი თქვა, რის მაგალითადაც თორდიას ბრაზილიის, შვედეთისა და თურქმენეთის მაგალითები მოჰყავს. მისი თქმით, ბრაზილიის პრეზიდენტმა კორონავირუსის ვაქცინები უარყო, შვედეთმა და თურქმენეთმა კი არავითარი შეზდუდვები არ დააწესეს და ცხოვრება მშვენივრად გრძელდება.

;
2021 წლის 13 მაისის მდგომარეობით “სუვერენული სახელმწიფოს” პოსტს 5800-ზე მეტი გაზიარება აქვს.

თორდიას მტკიცება, თითქოს რუსეთსა და უნგრეთში საკონცენტრაციო ბანაკებს აშენებენ, რათა მათში კორონავირუსით ინფიცირებულები და ვაქცინირებულები გადაიყვანონ, დეზინფორმაციაა. დავით თორდიას მიერ ნაჩვენები ვიდეოები არა საკონცენტრაციო ბანაკებს, არამედ კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის განკუთვნილ საველე ჰოსპიტალებსა და სამედიცინო კომპლექსებს ასახავს. ამასთანავე, ვიდეოს ავტორს ბრაზილიის, შვედეთისა და თურქმენეთის შესახებ ფაქტები კონტექსტის გარეშე მოჰყავს.

  • რუსეთსა და უნგრეთში პანდემიური რეჟიმის დასამყარებლად საკონცენტრაციო ბანაკებს არ აშენებენ

დავით თორდია თავის გადაცემაში რამდენიმე ვიდეოს აჩვენებს, რომლებიც, მისი თქმით, პანდემიით ზომბირებული და ვაქცინირებული ადამიანებისთვის განკუთვნილ საკონცენტრაციო ბანაკებს ასახავს. რეალურად, თორდიას მიერ ნაჩვენები ერთ-ერთი ვიდეო არა საკონცენტრაციო ბანაკს, არამედ მოსკოვის მახლობლად, ვორონოვსკის დასახლებაში მაშტაბური სამედიცინო კომპლექსის მშენებლობას ასახავს, რომელიც მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ინიციატივით კორონავირუსის პანდემიის გამო დაჩქარებული ტემპებით 2020 წლის 12 მარტს  დაიწყო. რუსული მედიის ცნობით, სამედიცინო კომპლექსს დასრულების შემდეგ 12 შენობით იქნება დაკომპლექტებული და ინფექციური დაავადებებით ინფიცირებული 900-მდე პაციენტის მიღება შეეძლება. დავით თორდიას მიერ გამოყენებული ვიდეოს ორიგინალი, რომელიც მშენებლობს პროცესს ასახავს, youtube-ზე პირველად 2020 წლის 13 ივნისს “LETMEBEL – Furniture for Business”-მა გამოაქვეყნა

;
2020 წლის 5 სექტემბერს აღნიშნული ვიდეო განსხვავებული გახმოვანებით youtube არხმა “Шок- инфО 2” გამოაქვეყნა. ორიგინალისგან განსხვავებით, ვიდეოს ამ ვარიანტში ნათქვამია, რომ ადამიანებს კორონავირუსის ტესტების საშუალებით ხელოვნურად დააინფიცირებენ და შემდეგ ოჯახებთან ერთად ამ კლინიკაში გამოგზავნიან. ხოლო ვიდეოს აღწერაში სამედიცინო კომპლექსი “საკონცენტრაციო ბანაკადაა” მოხსენიებული. დავით თორდიას გადაცემაშიც სწორედ “Шок- инфО”-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ფრაგმენტებს ვხვდებით.

;

კიდევ ერთი ვიდეო, რომელსაც დავით თორდია “საკონცენტრაციო ბანაკების” მშენებლობის ამსახველ მტკიცებულებებად იყენებს, რეალურად მოსკოვში სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების, ძირითადად სპორტული ცენტრების, საველე ჰოსპიტალებად გადაკეთებას ასახავს. ვიდეოსთვის დართული სუბტიტრების მიხედვით, ვიდეო რუსული მედიის “РИА Новости”-ის ექსკლუზიურ კადრებს შეიცავს. РИА Новости-ის მიხედვით რუსეთში პანდემიის დაწყებიდან 2020 წლის მაისამდე კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის სხვადასხვა შენობაში 8 დროებითი საავადმყოფო მოეწყო. ანალოგიური კადრები 2020 წლის 10 მაისს youtube-ზე Russia Today-მაც გამოაქვეყნა.

;
როგორც პირველი, ისე მეორე ვიდეო რუსეთში კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, ჯერკიდევ 2020 წლის გაზაფხულზეა გადაღებული. 2021 წლის 13 მაისის მდომარეობით, რუსეთში კორონავირუსის სულ 4 913 439 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ვირუსით 114 723 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება უნგრეთს, დავით თორდიას მიერ ნაჩვენები ვიდეოს ორიგინალი 2020 წლის 27 ოქტომბერს Tiktok-ის მომხმარებემა @dunacu-მ გამოაქვეყნა. ვიდეოს აღწერაში მხოლოდ ერთ წინადადებას ვხვდებით: “კიშკუჰალაშის COVID-19-ის ეპიდემიოლოგიური საავადმყოფო #აღმოაჩინე უნგრეთი.” არც ვიდეოში და არც აღწერაში არაფერია ნათქვამი საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ.
;
უნგრეთის ქალაქ კიშუნჰალაშში მობილური ეპიდემიოლოგიური საავადმყოფოს მშენებლობა 2020 წლის 11 აპრილს დასრულდა და იგი 150 პაციენტზეა გათვლილი. მობილური საავადმყოფო ერთ თვეში, კონტეინერებისგან აშენდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საავადმყოფოს შიდა სივრცის ამსახველი ვიდეო 2020 წლის 11 აპრილს facebook-ით გაავრცელა.

;კორონავირუსის პანდემიის პირობებში საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობის შესახებ დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:
დეზინფორმაცია, თითქოს თელ-ავივში ანტივაქსერებისთვის საკონცენტრაციო ბანაკებს აშენებენ

  • ვიდეოში ბრაზილიის, შვედეთისა და თუქმენეთის შესახებ ფაქტები კონტექსტის გარეშეა მოყვანილი 

დავით თორდიას თქმით, ის ქვეყნები, რომლებმაც მძიმე საკარანტინო შეზღუდვები არ შემოიღეს, “კოვიდ სატანისტების” წინააღმდეგ წავიდნენ. ბრაზილიის, შვედეთისა და თურქმენეთის მაგალითების მოშველიებით თორდია ამტკიცებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საკარანტინო ზომებით, ნიღბებითა და ვაქცინების გამოყენება საჭირო არ არის.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟარ ბოლსონარო პანდემიის დაწყების შემდეგ კარანტინის შემოღების აუცილებლობას აქტიურად უარყოფდა, ხოლო 2020 წლის 26 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს და ამისკენ არც ბრაზილიელებს მოუწოდებდა. ბოლსონარო ვაქცინების მწარმოებლების შემოთავაზებებს ბოლო დრომდე უარყოფდა. პარალელურად, ბრაზილია კორონავირუსის გავრცელების და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. 2021 წლის 12 აპრილს ბრაზილიაში ვირუსით დაღუპული ადამიანების რიცხვი 270 000-მდე გაიზარდა, რის შემდეგაც ბოლსონარომ ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებით რამდენიმე საკანონმდებლო აქტს ხელი მოაწერა და ბრაზილიის მთავრობამ ვაქცინების რამდენიმე მწარმოებელთან დაიწყო მოლაპარაკებები. აპრილის ბოლოსთვის ბრაზილიის მოსახლეობის მხოლოდ 13% იყო აცრილი, ხოლო ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 000-ს მიაღწია (იმავე მაჩვენებლით ბრაზილიას მხოლოდ აშშ უსწრებს). პარალელურად, ბრაზილიის კონგრესმა პადენმიის მართვის ხარვეზების გამო ბოლსონაროს მთავრობის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

შვედეთში კრონავირუსის პირველი ტალღისას საკარანტინო შეზღუდვები სავალდებულო არ ყოფილა და მხოლოდ სოციალური დისტანციის რეკომენდაციით და მოქალაქეებისთვის სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოწოდებით შემოიფარგლა. თავის მხრივ, პანდემიის მართვის “შვედური მოდელი”, რომელიც მართლაც გამონაკლისი იყო, არ ნიშნავს, რომ შვედეთმა “ყალბ პანდემიაში” მონაწილეობაზე უარი თქვა. ამასთანავე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შვედეთში შეზღუდვები ეტაპობრივად მკაცრდება. ამჟამად შვედეთში საჯარო სივრცეში 8 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, საკვები და გასართობი დაწესებულებები კი 20:00 საათამდე მუშაობენ. შვედეთში შეზღუდვების გამკაცრება 2021 წლის იანვრიდან დაიწყო. მას შემდეგ დღიური სიკვდილიანობა იკლებს, თუმცა ინფექციის მაშვენებელი კვლავ მაღალია. პანდემიის ადრეულ ეტაპზე შვედეთის პოლიტიკის შესახებ ვრცლად იხილეთ სტატია:
ნიშნავს თუ არა შვედური მოდელი კორონავირუსის უარყოფას?

რაც შეეხება თურქმენეთს, მთავრობამ ქვეყნის საზღვრები ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში ჩაკეტა. თურქმენეთში, რომელსაც პრეზიდენტ ბერდიმუჰამედოვის ავტორიტარული რეჟიმი მართავს, 2020 წლის მარტიდან სიტყვა “კორონავირუსის” გამოყენება აკრძალულია. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულები არ აღირიცხებიან და მთავრობის მტკიცებით, კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. მედიისა და სიტყვის თვისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, უცნობია, რეალურად რა მდგომარეობაა ქვეყანაში. როგორც, ABC წერს, 2020 წლის 27 მარტს მეზობელი უზბეკეთის მთავრობამ ქვეყნების ლიდერებს შორის სატელეფონი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც მხარეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომებზე მსჯელობენ, რაც მიანიშნებს, რომ თურქმენეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში, სავარაუდოდ, ვირუსი ცირკულირებს.

დავით თორდიას მიერ გავრცელებული სხვა მცდარი ინფორმაცია

  • სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  2020 წელს საქართველოში გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა წინა ხუთი წლის  საშუალო მაჩვენებელზე  895 ერთეულით მეტია. შესაბამისად, მტკიცება, რომ პანდემია საქართველოში სიკვდილიანობის სტატისტიკაზე არ აისახა, მცდარია.

საქსტატის მონაცემები გარდაცვალების შესახებ მანიპულაციურად ვრცელდება

  • ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორია არც ჯორჯ სოროსს და არც ბილ გეითსს არ ეკუთვნის, იგი ჩინეთის მთავრობისა და  ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ იმართება. არც ვუჰანის ლაბორატორიას და არც კორონავირუსს ე.წ. პატენტ “060606”-თან კავშირი არ აქვს.

ვის ეკუთვნის ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და დაკავშირებულია თუ არა ის ჯორჯ სოროსსა და ბილ გეიტსთან?
ვინ ავრცელებს შეთქმულებებს ადამიანების დაჩიპვის შესახებ?

YouTube-ზე გამოქვეყნებულ გადაცემაში “ხმალი სიმართლისა” დავით თორდიას დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. იხილეთ ამ თემაზე “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში მომზადებული მასალა:
ოკულტურ-სატანისტური შენობა თუ საქართველოს დაზვერვის სამსახური?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბრაზილია, რუსეთი, შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist