საიმიგრაციო ბანაკი თუ გვამების საწყობი? – ქართველი მომხმარებლების დეზინფორმაცია მექსიკელი მიგრანტების შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

93
VIEWS

2021 წლის 28 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ლევან ნავმა ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე  დაკავებული არალეგალი მიგრანტების შესახებ  პოსტი გამოაქვეყნა. ლევან ნავი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტეხასისა და მექსიკის საზღვარზე არსებულ საწყობებში არალეგალი მიგრანტების, მათ შორის ბავშვების, 3 000 გვამს მალავს. პოსტის მიხედვით, საზღვარზე მიგრანტების კრიზისის შექმნას რეალურად ე.წ. “ღრმა სახელმწიფო” აფინანსებს. ავტორი “ღრმა სახელმწიფოს” არა მხოლოდ მიგრანტების კრიზისს, არამედ ბავშვების სხეულებიდან ნივთიერება ადრენოქრომის მიღებას და ვაჭრობასაც მიაწერს. ლევან ნავის თქმით, ბაიდენის გაპრეზიდენტება და საიმიგრაციო პოლიტიკაც “ბავშვების მჭამელი” “ღრმა სახელმწიფოს” მიერაა მხარდაჭერილი. პოსტის ტექსტს ულტრამემარჯვენე პლატფორმა “Project Veritas”-ის სიუჟეტი და ვიდეოები ერთვის, რომლებიც ტეხასში, დონას საიმიგრაციო ცენტრში მყოფი მიგრანტების საცხოვრებელ პირობებს ასახავს.

;

2021 წლის 30 მარტს ტეხასისა და მექსიკის საზღვარზე შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით ფეისბუქ მომხმარებელმა Goria Shiva-მ ჩემოდანში ჩასმული ბავშვის ფოტო გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის თქმით, კადრში სწორედ მექსიკის საზღვარზე მყოფ მიგრანტ ბავშვს ვხედავთ, რომელიც ამ მდგომარეობაში ჯო ბაიდენის პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდა.

;

დეზინფორმაციაა ცნობა, თითქოს ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე 3000 გარდაცვლილ მიგრანტს საწყობში მალავს, ხოლო ლევან ნავის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები არა გვამების საწყობებს, არამედ დაკავებული მიგრანტების დროებით საცხოვრებელ ბანაკებს ასახავს. მტკიცება, თითქოს მექსიკის საზღვრის კრიზისს და ბაიდენის ადმინისტრაციას ბავშვების მკვლელი “ღრმა სახელმწიფო” მართავს, შეთქმულების თეორიაა. Goria Shiva-ს პოსტი კი ფოტომანიპულაციაა. ფოტო არა მექსიკის საზღვარზე, არამედ სირიაში 2018 წელსაა გადაღებული.

  • ინფორმაცია 3000 დაღუპული მიგრანტის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

გარდაცვლილი მიგრანტების შესახებ ინფორმაციის მტკიცებულებად ლევან ნავის რამდენიმე ვიდეო მოჰყავს, რომლებშიც ჩანს, რომ შენობაში ფოლგაში გახვეული ადამიანები იატაკზე წვანან, რაც ერთი შეხედვით ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი ცოცხლები არ არიან. აღნიშნული ვიდეოკადრები 2021 წლის 22 მარტს ულტრამემარჯვენე პლატფორმის Project Veritas-ის მიერ გამოქვეყნებული სიუჟეტიდანაა აღებული. სიუჟეტში ჟურნალისტი ტეხასში, დონას დროებითი საიმიგრაციო ბანაკის გადატვირთავასა და მიგრანტი ბავშვების მძიმე საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს, თუმცა გარდაცვლილების შესახებ არაფერს ამბობს. Project Veritas-ის სტატიაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ 22 მარტის მგომარეობით, დონას ბანაკში 3000 მიგრანტი იმყოფებოდა, თუმცა დაღუპულები ნახსენები არ არიან.

რაც შეეხება ოფიციალურ ცნობებს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მდებარე დონას საიმიგრაციო ცენტრში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა პირველად 2021 წლის 23 მარტს გაასაჯაროვა. ფოტოებში ჩანს, რომ მიგრანტები, მათ შორის ბავშვები, გადატვირთულ ბანაკში არიან თავმოყრილი და იატაკზე დადებულ თხელ მატრასებზე სძინავთ. ფოტოსურათების გარდა, 23 მარტს ABC News-მა ბანაკის ამსახველი ექსკლუზიური ვიდეომასალაც გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ბანაკის გადატვირთვისა და მიგრანტების არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კრიტიკა დაიმსახურა, ცნობები 3000 ან თუნდაც ერთი გარდაცვლილი მიგრანტის შესახებ არცერთ ოფიციალურ წყაროში არ გვხვდება.

;;

დონას საიმიგრაციო ბანაკი მექსიკის საზღვართან დაკავებული არალეგალი მიგრანტების დროებითი თავშესაფარია, სანამ მიგრანტები ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მიერ მართულ სპეციალურ საცხოვრებლებში  გადანაწილდებიან. როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, ტეხასში განთავსებულ მსგავს დაწესებულებებში არალეგალი მიგრანტების, განსაკუთრებით კი მშობლების გარეშე მოგზაური ბავშვების რაოდენობა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2021 წლის იანვრიდან ტრამპის მიერ დაწესებული საიმიგრაციო შეზღუდვების მოხსნას მოჰყვა. ამერიკის სასაზღვრო პატრულის კონტროლირებად დონას ბანაკში 23 მარტის მდგომარეობით ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.

  • ჩემოდანში ჩასმული ბავშვის ფოტო არა მექსიკის საზღვარზე, არამედ 2018 წელს  სირიაშია გადაღებული

2021 წლის 30 მარტს ფეისბუქ მომხმარებლის Goria Shiva-ს გავრცელებული ფოტო რეალურად 2018 წლის 15 მარტსაა გადაღებული და იგი სირიაში, აღმოსავლეთ ღუტადან დევნილ სამოქალაქო პირებს ასახავს, რომლებმაც საბრძოლო მოქმედებების თავიანთი სოფელი ფეხით დატოვეს. ჩემოდნით მოგზაური მძინარე ბავშვის სურათები როიტერსის ფოტოგრაფმა ომარ სანადიკიმ გადაიღო.

;

აღნიშნული ფოტო სირიის კონფლიქტის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის სიმბოლოდ ხშირად გამოიყენება და Goria Shiva-ს მტკიცებისგან განსხვავებით, მას არაფერი აქვს საერთო ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე არსებულ ვითარებასთან. აღსანიშნავია, ისიც, რომ ფეისბუქ მომხმარებელი Goria Shiva ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საწინააღმდეგო დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს სისტემატურად ავრცელებს. მაგალითად, 2021 წლის თებერვალში ანგარიში პედოფილი კანიბალების წინააღმდეგ თეთრ სახლში ჩატარებულ გასაიდუმლოებულ სპეცოპერაციაზე QAnon-ის მიერ გავრცელებულ შეთქმულების თეორიის შესახებ წერდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ინფორმაცია, მიწისქვეშა გვირაბში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, QAnon-ის კონსპირაციაა

Goria Shiva თავისი კონსპირაციული პოსტების წყაროდ ხშირად ტელეგრამის რუსულენოვან არხს Peach_Blossombazi-ის უთითებს, რომელსაც 69 000 წევრი ჰყავს და Tatianapb მართავს. Peach_Blossombazi-ის მისამართი ლევან ნავის მიერ გავრცელებულ ვიდეოების ტიტრებშიც ფიგურირებს.

  • მტკიცება, თითქოს მექსიკის საზღვრის კრიზისს და ბაიდენის ადმინისტრაციას ბავშვების მკვლელი “ღრმა სახელმწიფო” მართავს, შეთქმულების თეორიაა.

ე.წ. “ღრმა სახელმწიფოს” (Deep State) შესახებ შეთქმულების თეორიებს QAnon-ის სახელით ცნობილი ულტრამემარჯვენე გაერთიანება 2017 წლიდან სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე ავრცელებს. ამ კონსპირაციის თანახმად, ამერიკის სახელისუფლებო ინსტიტუტებს, პოლიტიკოსებს, შოუ-ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს პედოფილი, კანიბალი სატანისტები ე.წ. “ღრმა სახელმწიფო” აკონტროლებს. ამერიკის ფედერალურმა ბიურომ QAnon შიდა ტერორიზმის პოტენცურ საფრთხედ გამოაცხადა.

ლევან ნავის თქმით, “ღრმა სახელმწიფოს” წევრები არა მხოლოდ მიგრანტების კრიზისის პროვოცირებას უწყობენ ხელს, არამედ საიდუმლოდ აწარმოებენ ნივთიერება ადრენოქროლს, რომელსაც ბავშვების სხეულის ნაწილებიდან და სისხლიდან იღებენ. ადრენოქლორისა და ბავშვების წამების შესახებ თანამედროვე მითიც სათავეს სწორედ QAnon-ის ქსელიდან იღებს. იდენტურ კონსპირაციის თეორიას ქართულ მედიაში 2020 წელს სასულიერო პირი ელიზბარ დიაკონიძე ავრცელებდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:  “ვინ დგას კონსპირაციის უკან, თითქოს ამერიკელები გასალამაზებლად ჩვილი ბავშვების ორგანიზმს იყენებენ?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, მექსიკა
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist