საიდუმლო სერობა თუ მითოლოგია – რას ასახავს სცენა პარიზის ოლიმპიადაზე და რატომ მოიხადეს ბოდიში ორგანიზატორებმა?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

საიდუმლო სერობა
7.4k
VIEWS

28 ივლისს კრემლისტურმა ალტ-ინფომ, ასევე, პროსახელისუფლებო მედიამ –  იმედმა, POSTV-მ, Publicist.ge-მ (1;2;3), რეზონანსმა, For.ge-მ (1;2), Spnews-მა (1;2;3)  და Newshub-მა (1;2;3) გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ორგანიზატორებმა პარიზის ოლიმპიადაზე “საიდუმლო სერობის” იმიტირების გამო ბოდიში მოიხადეს.

სტატიები აქტიურად გავრცელდა ფეისბუქ-ჯგუფებში (1;2) და ფეისბუქ-ანგარიშების (1;2;3;4;5;6) მიერ.

აღსანიშნავია, რომ პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ ფეისბუქზე გავრცელდა არაერთი პოსტი, რომლებშიც ავტორები ერთ-ერთ სცენას უკავშირებდნენ “საიდუმლო სერობას” – ლეონარდო და ვინჩის ფრესკას, რომელიც ქრისტესა და მისი 12 მოციქულის უკანასკნელ ვახშამს ასახავს. მედიამ გააშუქა (1;2;3;4) რეჟისორ გოგა ხაინდრავას X-ზე გამოქვეყნებული განცადება, რომელშიც ის სცენას “ავი სულების შაბაშსა” და “სატანის მეჯლისს” უწოდებს. ფეისბუქ-მომხმარებელმა კობა კუპრაშვილმა, რომელიც სხვადასხვა თემაზე ყალბ ან მანიპულაციურ ამბებს ხშირად ავრცელებს, იგივე სცენა მასონებსა და ლუციფერს დაუკავშირა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა კი სცენას “საიდუმლო სერობის” გამასხარავება უწოდა. 

saidumlo seroba1 საიდუმლო სერობა თუ მითოლოგია - რას ასახავს სცენა პარიზის ოლიმპიადაზე და რატომ მოიხადეს ბოდიში ორგანიზატორებმა?

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა “საიდუმლო სერობის” დაცინვის გამო ბოდიში მოიხადეს, შეცდომაში შემყვანია. ფორმულირება ქმნის წარმოდგენას, რომ მათ “საიდუმლო სერობასთან” კავშირზე მტკიცებები დაადასტურეს. რეალურად, წარმომადგენლებმა ბოდიში მოუხადეს მათ, ვინც სცენა შეურაცხმყოფელად აღიქვა. ორგანიზატორები უარყოფენ, რომ სცენა “საიდუმლო სერობას” ასახავდა და ამბობენ, რომ მათი შთაგონების წყარო ბერძნული მითოლოგია, დიონისე და სხვა ღმერთები იყვნენ.  

ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით სტატიები შეცდომაში შემყვანია 

სტატიების ნაწილში, რომელთა მიხედვითაც ორგანიზატორებმა “საიდუმლო სერობის” იმიტირების გამო მოიხადეს ბოდიში, მედია Reuters-ს ეყრდნობა, ნაწილს კი წყარო მითითებული არ აქვს. რეალურად, Reuters-ი არ წერს, რომ წარმომადგენლებმა ბოდიში იმიტირების გამო მოიხადეს. სტატიის პირველივე აბზაცში ვკითხულობთ, რომ ორგანიზატორებმა ბოდიში მოუხადეს კათოლიკურ და ქრისტიანულ ჯგუფებს, გაბრაზებულებს სცენით, რომელიც გამოიყურებოდა, როგორც “საიდუმლო სერობის” პაროდია. შესაბამისად, წარმომადგენლებმა მოუბოდიშეს მათ, ვინც სცენა შეურაცხმყოფელად აღიქვა. ქართულენოვანი მედიის სათაურებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ორგანიზატორებმა დაადასტურეს მტკიცებები “საიდუმლო სერობასა” და გახსნიდან სცენას შორის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.  

სტატიებში ქართულად არის გადმოთარგმნილი მხოლოდ ოლიმპიადის სპიკერის, ენ დეკამპის ციტატა, რომელშიც ის ამბობს, რომ არასოდეს ჰქონიათ განზრახვა, რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ უპატივცემულობა გამოეჩინათ და მათი მიზანი ტოლერანტობაზე ხაზგასმა იყო: “ვფიქრობთ, რომ ამ ამბიციას მივაღწიეთ, თუ ხალხმა შეურაცხმყოფელად მიიღო, ძალიან ვწუხვართ”. Reuters-ის სტატიაში ოლიმპიადის სპიკერის ციტატას მოჰყვება გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელის, თომას ჟოლის ციტატა, რომლის მიხედვითაც მისი შთაგონების წყარო “საიდუმლო სერობა” არ ყოფილა და სცენა ასახავდა ოლიმპოს ღმერთებთან დაკავშირებულ დღესასწაულს. თუმცა, მედიამ სტატიის ეს ნაწილი არ თარგმნა, შესაბამისად, სტატიის ტექსტი შეცდომაში შემყვანია, თითქოს ბოდიშის მოხდით წარმომადგენლებმა კავშირზე მტკიცებები დაადასტურეს და სცენა ნამდვილად “საიდუმლო სერობის” იმიტირება იყო.  

საიდუმლო სერობა თუ ბერძნული მითოლოგია – რას ასახავს სცენა?  

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ერთ-ერთი სცენა ასახავდა ქალს, LGBTQ+ აქტივისტ ბარბარა ბუჩს, რომელიც გრძელი მაგიდის ცენტრში იდგა, მის მარჯვნივ და მარცხნივ კი მოცეკვავეები, მათ შორის, დრაგ ქვინები იდგნენ. მაგიდაზე, ყვავილებითა და ხილით გაფორმებულ ლანგარზე კი იწვა ლურჯი საღებავით შეღებილი მომღერალი, ფილიპ კატერინი. სცენა მაყურებლების ნაწილმა აღიქვა, როგორც “საიდუმლო სერობის” პაროდია – მათი მტკიცებით, მონაწილეები იდგნენ ისე, როგორც ლეონარდო  და ვინჩის ფრესკაში, რომელიც ქრისტესა და მისი 12 მოციქულის უკანასკნელ ვახშამს ასახავს. სცენამ არა მხოლოდ ქართულ არამედ უცხოენოვან მედიაშიც გამოიწვია დისკუსია. მას “ქრისტიანობის დაცინვა” უწოდა საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერეციამ, აღნიშნული შეფასება გაიზიარეს კათოლიკე ლიდერებმა.  

ასევე, მედიამ გაავრცელა მამა შალვა კეკელიას ვიდეო, რომელშიც ის ამბობს, რომ ოლიმპადაზე “საიდუმლო სერობა” გააშარჟეს (1;2;3). 

olimpiada2 1 საიდუმლო სერობა თუ მითოლოგია - რას ასახავს სცენა პარიზის ოლიმპიადაზე და რატომ მოიხადეს ბოდიში ორგანიზატორებმა?
კადრი გახსნის ცერემონიიდან

ფოტო ოლიმპიური თამაშების X-ის ოფიციალურ ანგარიშზეც გამოქვეყნდა. აღწერაში, რომელშიც არაფერია ნათქვამი “საიდუმლო სერობაზე”, ვკითხულობთ: “ბერძნული ღმერთის, დიონისეს ინტერპრეტაცია ადამიანებს შორის ძალადობის აბსურდულობის შესახებ გვამცნობს”. შესაბამისად, ლურჯი საღებავით დაფარული კაცი ძველბერძნულ მითოლოგიაში მევენახეობის, მეურნეობისა და მეღვინეობის ღმერთს, დიონისეს განასახიერებდა.   

olimpiada3 საიდუმლო სერობა თუ მითოლოგია - რას ასახავს სცენა პარიზის ოლიმპიადაზე და რატომ მოიხადეს ბოდიში ორგანიზატორებმა?

ოლიმპიადის ორგანიზატორებმა არაერთხელ უარყვეს გავრცელებული მტკიცებები, თითქოს სცენა “საიდუმლო სერობასთან” არის კავშირში. მიუხედავად საზოგადოების აღქმისა, The Associated Press-თან მთავარი სამხატვრო ხელმძღვანელი, თომას ჟოლი განმარტავს, რომ მისი განზრახვა არ ყოფილა “საიდუმლო სერობის” იმიტირება და რეალურად ასახავდა მრავალფეროვნების ზეიმს, ხოლო მაგიდა ფრანგულ გასტრონომიასთან იყო კავშირში.  

ჟოლიმ სცენის და ვინჩის ფრესკასთან კავშირის შესახებ უარყო ფრანგულ მედია BFMTV-სთან ინტერვიუშიც:  

“ეს არ არის ჩემი შთაგონება [საიდუმლო სერობა]. მაგიდაზე არის დიონისე, რადგან ის ბერძნულ მითოლოგიაში ზეიმის ღმერთია. ღმერთი ღვინის, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი მშვენებაა. ასევე, [დიონისე] არის ქალღმერთ სეკუანას მამა, რომელიც დაკავშირებულია მდინარე სენასთან. იდეა იყო ოლიმპოს ღმერთებთან დაკავშირებული წარმართული დღესასწაულის მოწყობა. თქვენ ვერასოდეს იპოვით ჩემში ვინმეს დაცინვისა თუ დამცირების სურვილს”.  

გარდა ამისა, სცენის მონაწილე ერთ-ერთმა დრაგ ქვინმა, პიჩემ თქვა, რომ “არავინ ყოფილა ჩაცმული იესოს მსგავსად, არავის გაუკეთებია მისი პაროდია, არც ჩაცმულობით და არც ქცევით”.   

გარდა ორგანიზატორების განმარტებისა, ექსპერტები მიუთითებენ დეტალებზე, რომლებიც სცენის “საიდუმლო სერობასთან” კავშირს უარყოფს. მაგალითად, რენესანსის ხელოვნების ექპერტი ლუიზ მარშალი მიუთითებს, რომ ოლიმპიადის გახსნის სცენაში მაგიდასთან, სულ მცირე, 17 დრაგ ქვინი იდგა, განსხვავებით იესოს 12 მოციქულისგან. მისივე განმარტებით, “საიდუმლო სერობის” ფრესკაზე, როგორც წესი, მოციქულები 3-4 ჯგუფად არიან შეკრებილი და მათი გამოსახულებები ერთმანეთს ვიზუალურად, ჟესტებით უკავშირდება. თუმცა, დრაგ ქვინების პოზები მეტად ჰგავდა ცეკვის სტილს, რომელიც დრაგ კულტურასთან არის მჭიდრო კავშირში. ლუიზ მარშალი ასევე აღნიშნავს, რომ სუფრაზე უნდა იდოს საჭმელი, რაც ვახშამთან არის კავშირში და არა ხილთან, რომლის ლანგარშიც დიონისე იჯდა.   

შესაძლო კავშირი ჰოლანდიელი მხატვრის “ღმერთების დღესასწაულთან” 

სცენის ძველბერძნულ მითოლოგიასთან კავშირის შესახებ განმარტება საკუთარ X-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა ხელოვნებისა და არქიტექტურის ჰოლანდიელმა ისტორიკოსმა, უოლტერ შუნენბერგმა. მისი თქმით, ოლიმპიადაზე ნაჩვენები იყო მხატვარ იან ფონ ბეილერტის მიერ 1635 წელს შექმნილი “ღმერთების დღესასწაული”, რომელიც დიჟონის მუზეუმში ინახება. ბეილერტი მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი მხატვარი იყო, რომელმაც სასწავლებლად იტალიაში იმოგზაურა და კარავაჯოს ნამუშევრების ძლიერი გავლენის ქვეშ მოექცა. შუნენბერგი ასევე წერს, რომ მსგავსება “ღმერთების დღესასწაულსა” და “საიდუმლო სერობას” შორის გვაფიქრებინებს, რომ ბეილერტმა შთაგონება, გამოესახა წარმართული ღმერთების დღესასწაული, ლეონარდო და ვინჩის ფრესკიდან მიიღო. 

თუმცა, ბეილერტის ნახატზე ძველბერძნული მითოლოგიის ღმერთები არიან გამოსახული. როგორც ისტორიკოსი განმარტავს, ნახატზე წარმართი ღმერთების ოლიმპოზე შეკრებაა ასახული. სხვა ღმერთებთან ერთად, შესაძლებელია დიონისეს ამოცნობა ყურძნით, ხოლო მზის ღმერთ აპოლონის – თავზე გამოსახული ჰალოებით.  

olimpiada4 საიდუმლო სერობა თუ მითოლოგია - რას ასახავს სცენა პარიზის ოლიმპიადაზე და რატომ მოიხადეს ბოდიში ორგანიზატორებმა?
“ღმერთების დღესასწაული”. ღმერთები – აპოლო და დიონისე ჰალოთი და ყურძნით არიან გამოსახული.

საფრანგეთში გამართულ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ჩანდა ღმერთ დიონისეს ხილით მორთული ლანგარი, ხოლო შუაში მდგომ ბარბარა ბუჩს თავზე, ამ განმარტების მიხედვით, დამაგრებული ჰქონდა მზის ჰალო, ისევე, როგორც ღმერთ აპოლონს.  

olimpiada5 საიდუმლო სერობა თუ მითოლოგია - რას ასახავს სცენა პარიზის ოლიმპიადაზე და რატომ მოიხადეს ბოდიში ორგანიზატორებმა?
კადრი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიიდან

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია, სპორტი
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist