საიდან შემოვიდა აფრიკული ღორის ჭირი და ფაროსანა საქართველოში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

231
VIEWS

2021 წლის 21 თბერვალს ფეისბუკ მომხმარებელმა მაია დვალიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც საქართველოში სხვადასხვა მთავრობის მიერ განზრახ ჩადენილი “დანაშაულები” არის ჩამოთვილი. მათ შორისაა 2007 წელს საქართველოში აფრიკული ღორის ჭირის გავრცელება და 2015 წელს თხილის პლანტაციებში ფაროსანას შესევა.

პოსტი სოციალურ ქსელში ახლაც აქტიურად ვრცელდება  2022 წლის 27 ივლისისთვის ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

Screenshot 10 6 საიდან შემოვიდა აფრიკული ღორის ჭირი და ფაროსანა საქართველოში?
გავრცელებული პოსტი კონსპირაციულია. კვლევის ნიმუშებმა აჩვენა, რომ საქართველოში ღორის აფრიკული ჭირი სამხრეთ–აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან (მოზამბიკი, მადაგასკარი, ზამბია) შემოვიდა. რაც შეეხებაა აზიურ ფაროსანას, 2014 წელს იგი იტალიიდან სოჭში, შემდეგ კი აფხაზეთის გავლით, 2015 წელს საქართველოს დანარჩენ ნაწილში გავრცელდა.

რა არის ღორის აფრიკული ჭირი და როგორ გავრცელდა საქართველოში?

ღორის აფრიკული ჭირი მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა, რომელიც მაღალი გადადების მაჩვენებლით ხასიათდება და შესაძლოა გარეულ და შინაურ, ნებისმიერი ასაკის  ღორებში გამოიჩინოს თავი.

დაავადების გავრცელება ხდება როგორც ცოცხალ ღორებში, ასევე ღორის პროდუქტების საშუალებითაც, ამიტომაც ღორის ხორცის იმპორტზე ქვეყნები ბიოუსაფრთხოების ზომებს იღებენ. აფრიკული ღორის ჭირის გავრცელების თავიდან არიდებისას მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში ჭირის აღმძვრელის შეტანა არ მოხდეს. მაგალითად, 2019 წელს, მას შემდეგ რაც ბელგიაში ორ გარდაცვლილ გარეულ ტახს ღორის აფრიკული ჭირი დაუდასტურდა,  დანიამ  გერმანიის საზღვარზე 70-კილომეტრიანი ღობის გავლება დაიწყო, რათა გერმანიიდან ველური ღორების მიგრაცია თავიდან აერიდებინა. აღსანიშნავია, რომ ვირუსი ფეხსაცმელზე და ტანსაცმელზეც ჩერდება, ამიტომ გადამტანი ადამიანებიც შეიძლება იყვნენ, თუმცა ღორის აფრიკული ჭირი ადამიანებს არ აინფიცირებს და შესაბამისად, მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. დიაგნოზის დადგენის შემდეგ, საჭიროა რომ დაწესდეს კარანტინი და დაავადებული ღორები განადგურდნენ. პროფილაქტიკის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ დაკლული და მკვდარი ღორების ყველა ნარჩენი, მათ შორის სადგომი და სხვა ინვენტარი დაიწვას.

ღორის აფრიკული ჭირი პირველად 1909 წელს აფრიკის კონტინენტზე გამოჩნდა, 1921 წელს კენიაში მონტგომერმა ღორის აფრიკული ჭირი ოფიციალურად შეისწავლა და დაავადების გავრცელების მექანიზმი აღწერა. აფრიკის კონტინენტიდან დაავადება 1957 წელს პორტუგალიაში შევიდა, 1960 წელს კი ესპანეთის ტერიტორიაზე გამოვლინდა. დაავადების აღმოფხვრა ევროპის ქვეყნებში მხოლოდ ღორების მასობრივი განადგურების შედეგად მოხერხდა.

ღორის აფრიკული ჭირი საბჭოთა კავშირის  ტერიტორიაზე  70-იან წლებში ოდესის ოლქსა და მოლდოვაში გამოჩნდა. საქართველოში დაავადება პირველად 2007 წლის გაზაფხულზე დაფიქსირდა და მალევე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდა. ღორის აფრიკული ჭირის ვირუსის იზოლატის შესახებ 2008 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ღორის აფრიკული ჭირის აღმძვრელი ვირუსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან შემოვიდა. ვირუსის გენოტიპის დასადგენად, საქართველოში შინაური ღორების იზოლატების გენომიდან აღებული დნმ-ის ფრაგმენტები სხვა ვირუსის (ASFV) იზოლატებს შედარდა. ამ თანმიმდევრობების ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოს 2007 წლის იზოლატები მჭიდროდ არის დაკავშირებული II გენოტიპის კუთვნილ იზოლატებთან, რომელიც მოზამბიკში, მადაგასკარსა და ზამბიაში ცირკულირებს. არსებობს ვარაუდი, რომ ღორებმა ინფიცირებული ხორცი მიიღეს, რომელიც ხორცპროდუქტების  გადამზიდავი საზღვაო ხომალდით მოხვდა საქართველოში შემდეგ კი რეგიონში გავრცელდა.

როგორ მოხვდა აზიური ფაროსანა საქართველოში?

მტკიცება, რომლის თანახმადაც, ფაროსანა საქართველოში ხელოვნურად გაავრცელეს, რათა სხვადასხვა მცენარე განადგურებულიყო, კონსპირაციულია. სინამდვილეში, აზიური ფაროსანა საქართველოში სხვა რეგიონებში 2015 წელს აფხაზეთიდან გავრცელდა, სადაც ის იტალიიდან სოჭის ოლიმპიადისთვის შეძენილი ინვენტარიდან მოხვდა.  

აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) მავნებელია, რომელიც მასპინძელი მცენარეებით იკვებება. ფაროსანა მცენარით კვებას გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომამდე  აგრძელებს. მავნებელი ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით იკვებება და თხილის გარდა თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას,  კენკროვნებს და ბოსტნეულ კულტურებს აზიანებს.

რა ღონისძებები ჩაატარა სახელმწიფომ ფაროსანასთან ბრძოლაში?

აზიური ფაროსანა (Halyomorpha Halys) საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა 2016 წელს თხილისა და სიმინდის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. ამ პერიოდიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მავნებელთან ბრძოლაში სხვადასხვა ღონისძიება ჩაატარა, მათ შორის განხორციელდა სრულმასშტაბიანი მონიტორინგი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რის შემდეგაც დასავლეთ საქართველოში  მავნებლის გავრცელების არეალი განისაზღვრა, განისაზღვრა ასევე შეწამვლის თარიღები და განთავსდა სპეციალური დამჭერი ხაფანგები (ფერომონები). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა შესაბამისი პრეპარატები და ტექნიკა, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაეცათ

2016 წელს საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და თხილის მსოფლიოს წამყვანმა მყიდველმა კომპანიამ Ferrero საერთაშორისო ტექნიკური კომიტეტი შექმნეს, რათა გაეანალიზებინათ პრობლემა და შეემუშავებინათ მისი მოგვარების გზები.

2020 წლის იანვარში სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა სამეცნიერო შეხვედრა, რომელსაც აშშ-დან მოწვეული წამყვანი ენტომოლოგები და ქართველი მეცნიერები ესწრებოდნენ. 

Trece Inc-ის პრეზიდენტის ბილ ლინგრენის შეფასებით, საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებული გამოცდილება და ჩამოყალიბებული სისტემური მიდგომა სხვა მავნებლებთან ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

ბილ ლინგრენი,Trece Inc-ის პრეზიდენტი: „სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრატეგია, რომელშიც გათვალისწინებული იყო ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება, ფანტასტიკური, სასწაულებრივიც კი გამოდგა. აზიური ფაროსანას რიცხოვნობის შესამცირებლად სააგენტომ უზარმაზარი ძალისხმევა გასწია, ეს არის წარმატების ისტორია, სასოფლო-სამეურნეო მავნებლებთან ბრძოლის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი..”ფაროსანას და ღორის აფრიკული ჭირის შესახებ კონსპირაციებზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” ადრინდელი პუბლიკაციები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist