საიდან მოდის კონსპირაცია “300-იანთა კომიტეტის მმართველობაზე” და დეზინფორმაცია ესპანური გრიპის და პოლიომიელიტის ვაქცინების შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

403
VIEWS

18 აგვისტოს ფეისბუკ მომხმარებელმა ნაირა შარუბანაშვილმა გაავრცელა  ვიდეო, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის პანდემია კაცობრიობის განადგურებისა და დამორჩილებისკენ მიმართული სპექტაკლია, რომლის უკანაც საიდუმლო ორგანიზაცია – “300-თა კომიტეტი” დგას. “რუსეთის აღორძინების სახალხო კავშირის” მიერ მომზადებული ვიდეოს მიხედვით, “300-თა კომიტეტში” როტშილდების, როკფელერებისა და ბარუხების გარდა,  ბილ გეიტსი და ილონ მასკიც შედიან. ისინი თავს “ოლიმპოელებს” უწოდებენ და მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის შემცირების  მიზნით სხვადასხვა, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიის სცენარს ქმნიან. ვიდეოში ასევე საუბარია “ესპანური გრიპის” დროს ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შემთხვევებსა და ინდოეთში პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინის მიერ ნახევარი მილიონი ბავშვის პარალიზებაზე.

1

ქართულ და რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს შინაარსი სიმართლეს არ შეესაბამება და მასში არაერთ დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიას ვხვდებით. მცდარია მტკიცება, რომ ესპანური გრიპის პანდემიის დროს ვაქცინამ მასობრივი სიკვდილიანობა გამოიწვია. გრიპი 1918 წელს გავრცელდა, პირველი ვაქცინა კი 1940-იან წლებში შეიქმნა. დეზინფორმაციაა, რომ პოლიომიელიტის ვაქცინამ ინდოეთში ნახევარი მილიონი ბავშვის პარალიზება გამოიწვია. 2000-2017 წლებში მსოფლიოში ვაქცინასთან დაკავშირებული პარალიზური პოლიომიელიტის მხოლოდ 17 შემთხვევაა დაფიქსირებული. “300-იანთა კომიტეტის მმართველობა” და მტკიცება როკფელერების ფონდის მიერ კორონავირუსის პანდემიის სცენარის წლებით ადრე გამოქვეყნების შესახებ შეთქმულების თეორიებია.

დეზინფორმაცია N1: მოსახლეობის რაოდენობის შემცირების მიზნით განხორციელებული პირველი “პროექტი” “ესპანური გრიპი” იყო, რომლის დროსაც სიკვდილიანობა მასობრივმა ვაქცინაციამ გამოიწვია.

ესპანური გრიპით ინფიცირების პირველი შემთხვევა 1918 წლის აპრილში დაფიქსირდა და 1920 წლამდე გაგრძელდა.   გრიპის პირველი ვაქცინა 1940-იან წლებში შეიქმნა, შესაბამისად, 1918-1919 წელს “ესპანური გრიპის” გავრცელების დროს 50 მილიონი ადამიანი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შედეგად ვერ დაიღუპებოდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, უახლეს ისტორიაში 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემია ყველაზე მძიმე იყო. ვირუსმა 500 მილიონი ადამიანი, მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მესამედი დააინფიცირა,  ვირუსის შედეგად კი დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, ესპანური გრიპის გამომწვევ მიზეზად ბაქტერია Haemophilus Influenzae მიიჩნეოდა. 1918 წლის ოქტომბერში პასტერის ინსტიტუტის მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ გრიპზე პასუხისმგებელი ინფექციური აგენტი ბაქტერიებზე ბევრად მცირე ზომის იყო. პანდემიის მიზეზად ვირუსი მხოლოდ 1930 წელს დასახელდა, პირველი გრიპის ვაქცინა კი 1940-იან წლებში აშშ-ში შეიქმნა. 1918 წელს ვაქცინაციით მხოლოდ ჩუტყვავილას, ცოფის, მუცლის ტიფის, ქოლერასა და ჭირის პრევენცია იყო შესაძლებელი.

ავსტრალიელი სამედიცინო ისტორიკოსის, პიტერ ჰაბინსის მიხედით, 1918-19 შემუშავებული ვაქცინების ფუნდამენტური პრობლემა იყო ის, რომ ისინი შემუშავებული იყო ბაქტერიების, ანუ “არასწორი” ორგანიზმის წინააღმდეგ და თეორიულად არ გააჩნდა დამცავი შესაძლებლობა.

დეზინფორმაცია N2: პოლიომიელიტის ვაქცინაციამ ინდოეთში ნახევარი მილიონი ბავშვის პარალიზება გამოიწვია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ორალური პოლიო ვაქცინა (OPV) ბავშვთა იმუნიზაციისთვის უსაფრთხო და ეფექტური ინსტრუმენტია დაავადების წინააღმდეგ. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, OPV-მ შეიძლება გამოიწვიოს ვაქცინასთან დაკავშირებული პარალიზური პოლიომიელიტი ან ვაქცინიდან მიღებული პოლიოვირუსი. პოლიომიელიტის ვაქცინის 2.7 მილიონი პერორალური დოზიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იწვევდეს პარალიზურ პოლიომიელიტს (VAPP).

დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2000-2017 წლებში პოლიომიელიტის ვაქცინებმა 496,000 ბავშვის პარალიზება გამოიწვია, ადრეც ვრცელდებოდა. ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის, Politfact-ის გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ ინდოეთში 2000-დან 2017 წლამდე  ვაქცინასთან დაკავშირებული პარალიზური პოლიომიელიტის მხოლოდ 17 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 15  შემთხვევა – 2009 წელს და ორი – 2010 წელს დაფიქსირდა.

“მაიკროსოფტის” დამფუძნებელი ბილ გეიტსი, რომელიც ასევე არის ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის ხელმძღვანელი, აქტიურად არის ჩართული იმუნიზაციის პროექტებში დაავადების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში. ინდოეთში პოიომიელიტის აღმოფხვრის კამპანია 2000 წლიდან დაიწყო, 2014 წლის მარტში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი პოლიომიელიტისგან თავისუფალია, რასაც სწორედ ბილ გეიტსის ფონდის მიერ მხარდაჭერილმა მასობრივი ვაქცინაციის კამპანიებმა შეუწყო ხელი.

“რუსეთის აღორძინების სახალხო კავშირის” კონსპირაციის თეორიები

კონსპირაცია N1: მსოფლიოს 300-იანთა კომიტეტი მართავს, რომელიც ადამიანების ზომბირებასა და დამორჩილებას ისახავს მიზნად.

“რუსეთის აღორძინების სახალხო კავშირი” მიიჩნევს, რომ ადამიანებს მოტყუებით თავი ელექტრონულ საკონცენტრაციო ბანაკში ამოაყოფინეს და შესაძლოა თითოეული ჩვენგანი მსოფლიო მთავრობის მიერ კონტროლირებადი ბიორობოტი გახდეს. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მტკიცებულება, “სახალხო კავშირის” ვებგვერდის მიხედვით, ჯონ კოულმანის წიგნია, რომელიც 1992 წელს გამოქვეყნდა.  “300-თა კომიტეტი, შეთქმულთა იერარქიის”  ავტორი, რომელიც აცხადებს, რომ ყოფილი ბრიტანული დაზვერვის ოფიცერია, წიგნში ავითარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს 1897 წლიდან არისტოკრატ შეთქმულთა ჯგუფი მართავს  და აკონტროლებს. კომიტეტის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიზანს ერთიანი მსოფლიო მთავრობის შექმნა წარმოადგენს.

შეთქმულების თეორიის ავტორები და მომხრეები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ კომიტეტი არსებობს, მიიჩნევენ, რომ ეს არის საერთაშორისო საბჭო, რომელიც მსოფლიო პოლიტიკას, საბანკო საქმიანობას, ვაჭრობას, მედიასა და სამხედრო სფეროებს განაგებს.

კონსპირაცია N2: კორონავირუსის პანდემიის სცენარი როკფელერების ფონდმა ჯერ კიდევ 2010 წელს გამოაქვეყნა.

როკფელერების ფონდისა და გლობალური ბიზნეს ქსელის 2010 წლის დოკუმენტი მომავლის ჰიპოთეტურ სცენარებს და ტექნოლოგიების განვითარებას შეეხება. მომავლის განხილული სცენარებიდან ერთ-ერთი მსოფლიოში 2012 წელს გრიპის ეპიდემიური გავრცელებაა. თუმცა, როგორც დოკუმენტის შესავალშია ხაზგასმული, მასში წარმოდგენილი სცენარები მხოლოდ ვარაუდებია და არა წინასწარმეტყველება.

ამ თემაზე უფრო ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის მასალა:

საიდან გავრცელდა ვიდეო? 

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, 2020 წლის დეკემბერში “რუსეთის აღორძინების სახალხო კავშირმა” (OSVR) გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი გაერთიანება სამოქალაქო ინიციატივის საფუძველზე შეიქმნა, რომლის მიზანსაც პატიოსანი მოქალაქეების დაკავშირება და საბჭოთა კავშირის აღდგენა წარმოადგენს.

“რუსეთის აღორძინების სახალხო კავშირი” საერთაშორისოდ ძებნილ სვეტლანა პეუნოვას სახელთან არის დაკავშირებული. სვეტლანა რადა-რუსი  სხვადასხვა დროს ტრადიციული მედიცინის ცენტრს “გზა მზისკენ”, “სვეტლანა პეუნოვას განვითარების აკადემიას” და პოლიტიკურ პარტიას “ვოლიას” ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს პეუნოვას პარტიას სასამართლომ ექსტრემისტული მასალების გავრცელების გამო საქმიანობის უფლება შეუჩერა. 2016 წელს სვეტლანა პუენოვა შედიოდა საერთაშორისო ძებნილთა სიაში, შემდეგ კი მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს თაღლითობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მოტივით.

პეუნოვა საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უწოდებს. 2011 წელს მან განაცხადა, რომ დედამიწას იდუმალი პლანეტა ნიბირუ უახლოვდებებოდა, რომლის მოსახლეობა (რეპტილოიდები) დედამიწას 3500 წელიწადში ერთხელ სტუმრობს.

2

3


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist