სად უფრო უსაფრთხოა ცხოვრება – ლიბერალურ თუ ავტორიტარულ ქვეყნებში?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

424
VIEWS

12 ივლისს ალტ-ინფოს გადაცემის “ალტ-ანალიტიკა” ერთ-ერთმა წამყვანმა გიორგი ქარდავამ, ლიბერალიზმი ჯოჯოხეთს შეადარა და განაცხადა, რომ ლიბერალურ ქვეყნებში კრიმინალის მაღალი დონის გამო ხალხი ყოველდღიური საფრთხის ქვეშაა.

 

 

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფოს წამყვანი: “ლიბერალიზმი სადაც იმარჯვებს, რა ჯოჯოხეთური მართლა ინფერნალური მდგომარეობაა, მაგას ყოველდღიურ რეჟიმში თავის ფანჯრებიდან ხედავენ ის ადამიანები, რომლებიც დასავლეთში ცხოვრობენ. მეორე ქუჩაში რომ ვერ გადიან, იქ გენგსტა ვიღაცამ რომ არ ესროლოს, ან ტიპმა რომ რაღაცა არ გაუკეთოს, ბანდებით და ნარკოდილერებით რო არი სავსე!“

ქარდავას მტკიცებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ ანტილიბერალური შეხედულების ადამიანები ქვეყნის სათავეში მოვლენ. გიორგი ქარდავამ მსგავსი შინაარსის განცხადებები 16 ივლისის ეთერშიც გააკეთა. მან საზოგადოება ლიბერალიზაციის პროცესის უარყოფითი შედეგების შესახებ გააფრთხილა და მაგალითად ბოლო 50 წლის მანძლზე ლიბერალური ქვეყნების უსაფრთხოების სტატისტიკის მკვეთრი გაუარესება მოიყვანა. წამყვანის თანახმად, ლიბერალური ქვეყნების ქალაქებს შეიარაღებული ბანდები აკონტროლებენ, ქუჩაში ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფოს წამყვანი: “მეგობრებო, ერთი წამით არ მოტყუვდეთ, სინამდვილეში ყველაზე ჯოჯოხეთური ყველაზე საშიში, ყველაზე არაუსაფრთხო გარემო ხდება ლიბერალიზაციასთან ერთად. აი, დააკვირდით, დასავლეთის მაგალითი ავიღოთ, აი, მაგალითად ავიღოთ ქალაქი ჩიკაგო, ან ლოს-ანჯელესი, ან პარიზი, ან ბერლინი, ლონდონი, ნებისმიერი დასავლური ლიბერალური ქვეყნების მსხვილი ქალაქები ავიღოთ და შევადაროთ კეთილდღეობის, უსაფრთხოების და სხვა კრიტერიუმის პროპორციები და სტატისტია 50 წლის წინ, აი, მაგალითად, ლონდონის და დღეს. დღეს ლონდონში ქუჩებიაა, აი, რა ვიცი, პროსტა დაგბრიდავენ! პოლიცია ვერ შედის! პარიზშიც იგივეა! ნუ ეხლა იქ ამერიკაზე ხო საუბარი ზედმეტია, რაღაც gangsta ისინი აკონტროლებენ, ბანდები! ბიჭო, ეგ ხო არ არი შემთხვევითი პროცესი, რომ ლიბერალიზაციასთან ერთად ხდება ეგეთი სრულიად აუტანელი მდგომარეობა ქვეყანაში.”

;
ალტ-ინფოს წამყვანის განცხადებები რამდენიმე მანიპულაციასა და დეზინფორმაციას შეიცავს. მცდარია ქარდავას მტკიცება, რომ ლიბერალურ ქვეყნებში ადამიანები უსაფრთხოდ არ გრძნობენ თავს, რადგან ლიბერალიზაციის პროცესთან ერთად კრიმინალის დონე გაუარესდა. რეალურად, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებში უსაფრთხოების დონე არალიბერალურ ქვეყნებთან შედარებით საშუალოდ უფრო მაღალია, ხოლო კრიმინალის, კერძოდ, განზრახ მკვლელობისა და შეიარაღებულ დაჯგუფებათა დანაშაულის დონე არალიბერალურ ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია. ამ ქვეყნებში მოქალაქეებში უსაფრთხოების განცდაც უფრო მაღალია. 

  • დეზინფორმაციაა, რომ ლიბერალური ქვეყნები სხვებზე ნაკლებად უსაფრთხოა

გიორგი ქარდავას ლიბერალურ სახელმწიფოებში კრიმინალის მაღალი დონის დასამტკიცებლად არც ერთი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი ან წყარო არ დაუსახელებია. ის, თუ რამდენად უსაფრთხოა ქვეყანაში ცხოვრება, სხვადასხვა გზით შეიძლება დავადგინოთ, მათ შორის ერთ-ერთია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ჰომიციდის მაჩვენებელი, რომელიც 1990 წლიდან ყოველწლიური კრიმინალური ტენდენციების გამოკითხვით ქვეყანაში 100 000 სულ მოსახლეზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას ზომავს.

წყარო: მსოფლიო ბანკი. საერთაშორისო ჰომიციდის მონაცემები (100 000 ადამიანზე).
შენიშვნა: თეთრად გაფერადებულ სახელმწიფოებზე 2018 წლის ინფორმაცია არ იძებნება.

UNODC-ის მონაცემების მიხედვით, განზრახ მკვლელობათა საშუალო მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100 000 ადამიანიდან არის 6. მონაცემებიდან ნათელია, რომ განზრახ მკვლელობათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, ასევე სამხრეთ აფრიკაში ფიქსირდება. საშუალოზე მაღალია რუსეთის მაჩვენებელიც. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, მათ შორის ევროპის ლიბერალური დემოკრატიის მქონე ქვეყნებს, ჰომიციდის რიცხვი საშუალოზე ნაკლებია.

ჰომიციდსა და მკვლელობების რიცხვს შორის ურთიერთმიმართების საილუსტრაციოდ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ჟურნალ ეკონომისტის დემოკრატიის ინდექსით, რომლითაც მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის დონე იზომება. დემოკრატიის დონე 5 კრიტერიუმს ეყრდნობა, მათ შორისაა საარჩევნო პროცესი, ხელისუფლების მუშაობა, პოლიტიკური ჩართულობა და პოლიტიკური კულტურა.  კრიტერიუმების მიხედვით, შედგენილ 60 შეკითხვას ექსპერტები პასუხობენ, ხოლო დამატებით ინფორმაციას კონკრეტულ ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად იღებენ.  ინდექსის მიხედვით ვლინდება სახელმწიფოს 4 რეჟიმის ტიპი: სრული დემოკრატია, არასრული დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი. დემოკრატიის ინდექსი მოიცავს 165 სახელმწიფოსა და 2 ტერიტორიას.

;
გაეროს ჰომიციდის წლიურ მაჩვენებელსა და ქვეყნის დემოკრატიის ინდექსს თუ შევადარებთ, ჩანს, რომ ყველა სრული დემოკრატია (გრაფიკზე: ნორვეგია და გერმანია) განზრახ მოკლულთა დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ხოლო მსხვერპლის ყველაზე მეტი მაჩვენებელი ავტორიტარულ (ვენესუელა, რუსეთი), ჰიბრიდულ რეჟიმებსა და არასრულ დემოკრატიებზე მოდის. შესაბამისად, გიორგი ქარდავას განცხადება, რომ ლიბერალურ ქვეყნების ქუჩებში გამორჩეულად ინფერნალური მდგომარეობაა, საფუძველს არის მოკლებული.

  • დეზინფორმაციაა, რომ დასავლეთში ადამიანებს ქუჩაში გასვლის ეშინიათ

“ალტ-ანალიტიკის” წამყვანის ამ მტკიცების გადამოწმება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უკეთესი ცხოვრების ინდექსის მეშვეობითაა შესაძლებელი. უკეთესი ცხოვრების ინდექსი, რომელსაც სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო, სამოქალაქო და ეკონომიკური კრიტერიუმებით განსაზღვრავენ, ასევე მოსახლეობის უსაფრთხოების კომპონენტსაც შეიცავს. კერძოდ, უკეთესი ცხოვრების ინდექსი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში განზრახ მკვლელობების რაოდენობას უსაფრთხოების კუთხით ზომავს, თუმცა ასევე ყურადღებას ამახვილებს პერსონალურ უსაფრთხოებაზე და აღრიცხავს მოსახლეობის განწყობას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს თითოეული ადამიანი თავს ღამე გარეთ გასვლისას. რაც უფრო ახლოსაა მაჩვენებელი 10-თან, მით უფრო დაცულად გრძნობს ადამიანი თავს.

;

მონაცემების მიხედვით კვლავ ჩანს, რომ ლიბერალური, სრული დემოკრატიების მოსახლეობა (ნორვეგია, ფინეთი, ავსტრია) და არასრული დემოკრატიების დიდი ნაწილი ღამე სიარულის დროს თავს მეტწილად უსაფრთხოდ გრძნობს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ადამიანის უსაფრთხოების საშუალო მაჩვენებელზე, 6,2-ზე, დაბლა იმყოფებიან 4 არასრული დემოკრატია (სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, კოლუმბია, ბრაზილია), ერთი ავტოკრატიული რეჟიმი (რუსეთი), და ერთი სრული დემოკრატია (ჩილე). შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიბერალურ ქვეყნებში ადამიანებს დღის განმავლობაში ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ, მანიპულაციაა, რადგან ლიბერალური ქვეყნების უმეტესობაში მოსახლეობა თავს ღამე გარეთ სიარულის დროსაც კი უსაფრთხოდ გრძნობს.

  • დეზინფორმაციაა, რომ ლიბერალიზაციის შედეგად დასავლეთში ქალაქის ქუჩებს მაფია აკონტროლებს.

მართალია,  ორგანიზებული დანაშაულის დონემ ევროკავშირის ქვეყნებში, განსაკუთრებით, კოვიდ პანდემიის დროს მოიმატა, თუმცა მტკიცება “ლიბერალიზმის გამარჯვებასა” და ორგანიზებულ დანაშაულს შორის კავშირის არსებობის შესახებ მანიპულაციურია. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმმა (WEF) 2017 წლის გლობალური კონკურენციის ანგარიშში 15 ქვეყანაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ორგანიზებული დანაშაულის პრობლემა გამოავლინა.

Loading...

Loading…

პრობლემურ შემთხვევებში დემოკრატიის ინდექსით განსაზღვრულ სრულ დემოკრატიას არც ერთი ქვეყანა არ წარმოადგენს. ევროკავშირიდან ორგანიზებული დანაშაულის მხრივ ყველაზე პრობლემური ქვეყანა მაფიის დამსახურებით იტალიაა, ხოლო ყველაზე მეტი სახელმწიფო მოცემულ სიაში ავტორიტარულ რეჟიმს განეკუთვნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანიზებული დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების პირველი ორი ადგილი ლიბერალურმა ქვეყნებმა – ფინეთმა და ნორვეგიამ – დაიკავეს. შესაბამისად, ლიბერალიზმთან ორგანიზებული დანაშაულის დაკავშირება მტკიცებულებას მოკლებულია.

დეზინფორმაცია #4: ლიბერალიზაციის შედეგად ბოლო 50 წელიწადში დასავლეთის დიდ ქალაქებში უსაფრთხოების დონე დაეცა. 

გიორგი ქარდავას მიერ მაგალითად მოყვანილი ქ. ლონდონის სიტუაცია აჩვენებს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში კრიმინალის დონეს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში საგრძნობლად არ მოუმატია. ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე არსებული გამოვლენილი კრიმინალის სტატისტიკისა და 1971 წლიდან 2015 წლამდე ლონდონის მოსახლეობის ცვლილების მიხედვით ჩანს, რომ აღრიცხულმა კრიმინალის დონემ არამცთუ მოიმატა, არამედ 2011-2015 წლებში დაიკლო. ასევე აღსანიშნავია, რომ კრიმინალის დონის კლება ქალაქის მოსახლეობის ზრდის ფონზე ხდებოდა, რაც ლონდონში კრიმინალური სიტუაციის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.;
გიორგი ქარდავას დასავლეთის ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე დეზინფორმაციული მტკიცებები წარსულშიც გაუვრცელებია, მათ შორის ჩიკაგოში კრიმინალური სიტუაციის შესახებ. ვრრცლად ამ თემაზე იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist