სად უმიზნებს და სად არა რუსული ისკანდერი? – ყარაბაღიდან სირიამდე

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

92
VIEWS

კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ, Sputnik საქართველომ სომხეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. მასალაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მიერ რუსული “ისკანდერების” შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოება ორ ბანაკად გაყო და დაისვა კითხვა – გამოიყენებოდა თუ არა “ისკანდერები” მთიან ყარაბაღში. კითხვის პასუხად მოყვანილია Sputnik საქართველოს ვიდეო, რომელშიც აღწერილია ახალი საპროტესტო ტალღის გამომწვევი მიზეზები, თუმცა თავად “ისკანდერების” თაობაზე სპუტნიკის ქართული ვერსია მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეყრდნობა.

Sputnik საქართველოს მასალა საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა კრემლისტურმა მედიამ News Front-მაც, ხოლო  საქართველო და მსოფლიომ საკუთარ Facebook გვერდზე გააზიარა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცება, რომ მთიან ყარაბაღში “ისკანდერის” ტიპის იარაღი არ გამოყენებულა, დაუსაბუთებელია. არსებობს ვიდეო და სომხეთის არმიის წარმომადგენლების განცხადებები, რაც საპირისპიროზე მიუთითებს. სატელიტური სურათების შედარებიდან კი ჩანს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ “ისკანდერების” ეფექტიანობის საჩვენებლად გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოზე ასახულია სირიაში საავადმყოფოს დაბომბვა, რასაც რუსეთი ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფდა.

  • მთიან ყარაბაღში “ისკანდერების” გამოყენება

სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა 23 თებერვალს ინტერვიუში მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გააკრიტიკა. სარგსიანმა თქვა, რომ რუსული სარაკეტო სისტემა “Iskander-E”, რომელიც სომხეთმა სწორედ მისი მმართველობის დროს შეიძინა, მთიან ყარაბაღში ბოლო სამხედრო დაპირისპირების დროს უფრო ადრე უნდა გამოეყენებინათ. სარგსიანის კომენტარს გამოეხმაურა ნიკოლ ფაშინიანი. მან თქვა, რომ “ისკადერის” სისტემა გამოიყენეს, თუმცა რაკეტების მხოლოდ 10% აფეთქდა. ამავე ინტერვიუში მან თქვა, რომ შესაძლოა ცდებოდა და არაეფექტიანი 80-იანი წლების იარაღი იყო. ფაშინიანის განცხადება სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილემ ტირან ხაჩატრიანმა გააკრიტიკა, რის შემდეგაც ფაშინიანმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ხაჩატრიანის გათავისუფლებას ფაშინიანის თანამდებობიდან გადაგომის თაობაზე გენერალური შტაბის მოთხოვნა მოჰყვა, რაც თავად ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. მან მხარდამჭერები ერევნის ქუჩებში აქციაზე შეკრიბა, შემდეგ კი გენშტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლებაც მოითხოვა, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.

“ისკანდერების” თაობაზე ფაშინიანის განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა. მათ გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ირწმუნებიან, რომ მთიან ყარაბაღში “ისკანდერები” არ გამოუყენებიათ და ეს იარაღი ამ დრომდე საწყობში ინახება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უარყოფის შემდეგ განცხადება ფაშინიანის პრესმდივანმა მანე გევორგიანმა გაავრცელა. მან თქვა, რომ ფაშინიანი “ისკანდერების” თაობაზე შეცდომაში შეიყვანეს და მოგვიანებით ეს საკითხი მან ვლადიმირ პუტინთან ერთად განიხილა.

“ისკანდერების გამოყენების თაობაზე პრემიერმინისტრის განცხადება სხვა საკითხებთან ერთად მან და რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა არსებული ფაქტების და მონაცემების შედარებითი ანალიზი ჩაატარა და დაასკვნა, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს… ეჭვი არ არის, რომ რუსული იარაღი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სომხეთი აგრძელებს რუსეთთან თავდაცვის ინდუსტრიის და ტექნოლოგიების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას და მის გაღრმავებაზე მუშაობას გეგმავს”,- განაცხადა გევორგიანმა.

საინტერესოა, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის მიერ “ისკანდერის” ტიპის რაკეტების გამოყენება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც უარყო. მან თქვა, რომ ამ ტიპის რაკეტის გაშვება ომის მიმდინარეობის დროს არ დაუფიქსირებიათ.

სამი ქვეყნის ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, არსებობს მასალები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ბოლო ეტაპზე სომხეთის მიერ “ისკანდერის” რაკეტების გამოყენებაზე მიუთითებს:

  1. 9 ნოემბერს, შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ სწორედ Iskander-E ტიპის რაკეტების გაშვებას ასახავს.
  2. გარდა ამისა, ნოემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალ-პოლკოვნიკმა მოვსეს აკოპიანმა თქვა, რომ სომხეთმა სამხედრო მოქმედებების დროს “ისკანდერის” ტიპის რაკეტები გამოიყენა. მან ასევე განაცხადა, რომ არ შეეძლო დაეკონკრეტებინა რა მიმართულებით გაისროლეს რაკეტები.
  3. გასული წლის 19 იანვარს BBC-ს რუსული სამსახური წერდა, რომ მათ Iskander-E ტიპის რაკეტების გამოყენებაზე ინფორმაცია არმიის წარმომადგენელმა ანონიმურმა წყარომ დაუდასტურა.
  4. აღსანიშნავია, რომ “ისკანდერის” გამოყენებას ფაშინიანის საპასუხო განცხადებაში გენშტაბის მეთაურის მოადგილე არ უარყოფდა. “როგორ? ისკანდერი? ერთი გასროლა? 10%-ით? უკაცრავად, მაგრამ ეს არასერიოზულია”. – ასე შეაფასა მან ფაშინიანის განცხადება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს “ისკანდერის” ტიპის რაკეტა სულ მცირე ერთხელ გამოიყენეს.
  • სირიაში საავადმყოფოს დაბომბვა

რუსეთის თავდაცვის უწყება მთიან ყარაბაღში “ისკანდერის” ტიპის რაკეტების გამოყენების უარყოფას არ დასჯერდა და ვიდეოს მეორე ნაწილში მათი ეფექტიანობის დემონსტრაცია სცადა. მათ მიერ ნაჩვენებ ერთ-ერთ ვიდეოზე ასახული შენობა, რომელსაც ორი რაკეტა ხვდება, სირიაში, ქალაქ აზაზთან მდებარე ეროვნულ საავადმყოფოს მიამსგავსეს. სატელიტური ფოტოების შედარებით ჩანს, რომ როგორც შენობის H-ის მაგვარი ფორმა, ასევე მიმდებარე ნაგებობები და გზის მიმართ მისი პოზიცია ემთხვევა აზაზის საავადმყოფოს, რომლის კოორდინატებია – 36°34’25.3″N 37°01’16.3″E. საავადმყოფოს რეკონსტრუქცია თურქეთის მხარდაჭერით განხორციელდა და ის ამჟამად ფუნქციონირებს.

;

;

;

;

2016 წლის 18 თებერვალს Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარია 15 თებერვალს აზაზზე მომხარ თავდასხმაზე, რომლის სამიზნეც ორი საავადმყოფო და სკოლა გახდა. დაიღუპა სულ მცირე 20 მშვიდობიანი მოქალაქე. ორი საავადმყოფოდან ერთ-ერთი ბავშვებისა და ქალების საავადმყოფო იყო, რომლის მახლობლად რუსული 9M79 სერიის Tochka-ს ტიპის ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. მეორე კი სწორედ აზაზის გარეუბანში მდებარე ეროვნული საავადმყოფო იყო, რომელიც იმ პერიოდში ფრონტის ხაზზე მდებარეობდა და მისი ევაკუაცია თავდასხმამდე 10 დღით ადრე მოხდა. უცნობია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს გადაღების დრო, თუმცა ის ფაქტი, რომ მათ თავდასხმის ამსახველი ვიდეო მასალა აქვთ, მიუთითებს, რომ საავადმყოფოს შენობა სამიზნედ განზრახ იყო შერჩეული.

რუსეთმა აზაზზე განხორციელებულ ამ თავდასხმებში მონაწილეობა 2016 წელს კატეგორიულად უარყო.

რუსეთს სირიაში სამოქალაქო ობიექტების სამიზნედ ამოღებაში ადრეც ედავებოდნენ. 2019 წელს The New York Times-მა გამოიძია 2017 წლის შემდეგ სირიაში რუსეთისა და მის მიერ მხარდაჭრილი ასადის რეჟიმის სამხედრო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები და მოიპოვა რუსი პილოტების და საკონტროლო პუნქტების ჩანაწერები, ასევე ფრენების მონაცემები, რითაც დაასკვნა, რომ საავადმყოფოებზე და სხვა სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების უკან რუსეთი იდგა.

Sputnik საქართველოს ვიდეოში გამოტოვებულია ის ნაწილი, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად შემთხვევით სირიაში საავადმყოფოს დაბომბვის კადრი გაავრცელა.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist