სოციალურ ქსელში რუსულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლები იდენტურ ვიდეოებს ავრცელებენ. (1,2,3,4,5,6). ვიდეოები შემდეგი აღწერით ვრცელდება: “ევროპამ უკრაინელ ლტლოვილებს ციხეების კარები სტუმართმოყვარედ გაუღო….” ვიდეო ბელარუსული მედიის Желтые сливы-ს ვიდეოდანაა ამოჭრილი. ვიდეოში ნათქვამია, რომ ნიდერლანდებში, ქალაქ ბრედაში უკრაინელი ლტოლვილები ციხეში შეასახლეს. რამდენიმე რუსულეოვან მომხმარებელი ინფორმაციის წყაროდ @kedmi, ანუ კრემლის პროპაგანდისტი პოლიტოლოგის იაკოვ კედმის ტელეგრამ არხს უთითებს. კედმიმ აღნიშნული ვიდეო 15 ივნისს გამოაქვეყნა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიდერლანდებში უკრაინელი ლტოლვილები ციხის შენობაში დაასახლეს, მანიპულაციურია მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის. რეალურად, ყოფილი ციხის კომპლექსი უკვე რამდენიმე წელია, კულტურული დანიშნულებით გამოიყენება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი შენობაში ლტოლვილებისთვის დროებითი თავშესაფარიც მოეწყო.
ნიდერლანდებში, ქალაქ ბრედაში გუმბათოვანი ციხე (Koepelgevangenis) 1886 წელს აშენდა. კომპლექსი ციხის შენობისგან, კარიბჭისგან, ეკლესიის შენობისგან და დაკავების იზოლატორის და სასამართლოს შენობისგან შედგება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ციხის პატიმრების ძირითადი ნაწილი კოლაბორაციონისტები იყვნენ. 2013 წელამდე კომპლექსში ქალების ციხე ფუნქციონირებდა. 2013 წელს კი ციხის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს და ის საბოლოოდ 2016 წელს დაიხურა. ციხის კომპლექსს ნიდერლანდების ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მასში საინფორმაციო ტურები სისტემატურად ტარდება.
ყოფილი ციხის კომპლექსს ახლა FutureDome (მომავალის გუმბათი) ჰქვია და სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული ღონისძიებებისთვის გამოიყენება. მაგალითად, 2021 წლის დეკემბერში გუმბათოვან შენობაში ბელგიელ-ნიდერლანდელ ავტომრბოლელთან და ფორმულა 1-ის 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონთან დაკავშირებული გამოფენა მოეწყო. ასევე კომპლექსში არსებული სხვადასხვა სივრცის დაქირავებაა შესაძლებელი. ამჟამად კომპლექსის სივრცე რამდენიმე კომპანიას აქვს დაქირავებული.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კომპლექსში უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი თავშესაფრის მოწყობაც დაიწყო. ამჟამად თავშესაფარში დაახლოებით 350 ადამიანია განთავსებული.
ლტოლვილებისთვის მოწყობილი სივრცე/წყარო: Instagram/@bredavooroekraine
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნიდერლანდებში ყოფილი ციხის შენობა ლტოლვილების განთავსებისთვის გამოიყენეს. 2016 წელს ჰაარლემსა და არნემის ყოფილი ციხეების შენობებშიც სირიელი ლტოლვილებისთვის თავშესაფრები მოეწყო. ლტოლვილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სამთავრობო სააგენტოს წარმომადგენლის ჯანეტ ჰელდერის თქმით, ყოფილი ციხეების შენობების თავშესაფრად გამოყენებას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს. აქ უკვე არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც თავშესაფრისთვის არის საჭირო. ოთახები 1-2 ადამაიანისთვის არის განკუთვნილი, შენობებში სავარჯიშო დარბაზები, სპორტული მოედნები, სამზარეულოა მოწყობილი. ჰელდერმა ასევე აღნიშნა, რომ თუ რომელიმე ლტოლვილს ყოფილი ციხის შენობაში ცხოვრება დისკომფორტს შეუქმნიდა, მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი უზრუნევლყოფილი იქნებოდა.
იაკობ კედმისა და მის მიერ წარსულში გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- ALT-TV-ის რუსული ხაზი: სტუმრები “პუტინის სიიდან”
- რა ვიცით არმია კრაიოვას და ტყის ძმების შესახებ?
- მითი, თითქოს რუსეთმა ყირიმის ანექსია თავდაცვის მიზნით განახორციელა
- როგორ ამართლებს Geworld და კრემლის ექსპერტი ბალტიის ქვეყნებში საბჭოთა რეპრესიებს?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.