საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ფეისბუქზე გამოჩნდა ახლადშექმნილი გვერდები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მანიპულაციების საშუალებით პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ პროპაგანდისტულ, მათ შორის მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს ავრცელებენ. პოსტებს შორის ვხვდებით დარედაქტირებულ ვიდეოებსაც, რაც ფეისბუქზე მცდარ ინფორმაციად არის მონიშნული.
აგვისტოში “მითების დეტექტორმა” 4 ასეთი ფეისბუქ გვერდი შეისწავლა, რომელთაც შემდეგი მახასიათებლები გამოარჩევთ:
- გვერდები 2024 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდშია შექმნილი,
- გვერდები ძირითადად მოკლე ვიდეოებს, ე.წ. Reels აქვეყნებენ და ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობენ;
- ოთხი გვერდიდან სამი მხოლოდ ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს აქვეყნებს, ერთი კი ერთდროულად როგორც ოპოზიციის, ასევე “ქართული ოცნების”;
- ფეისბუქ გვერდი “მიხეილ ბიძინაური” გიორგი გახარიას პარტიასთანაა დაკავშირებული და მისი ძირითადი სამიზნე “ლელოა”
- ორ ფეისბუქ გვერდზე (“მიხეილ ბიძინაური”, “ეროვნება ღირსების გარეშე”) დაფინანსებული პოსტები გვხვდება
ფეისბუქ გვერდი | შექმნის თარიღი | სამიზნე |
მიხეილ ბიძინაური | 5 აგვისტო, 2024 | “ქართული ოცნება”, ოპოზიცია (ძირითადად პარტია “ლელო”) |
რეალობა | 27 მაისი, 2024 | ოპოზიციური პარტიები |
ბრძენი კრიტიკოსი | 27 მაისი, 2024 | ოპოზიციური პარტიები |
ეროვნება ღირსების გარეშე | 26 აგვისტო, 2024 (1 სექტემბრის მდგომარეობით გვერდი დეაქტივირებულია) | პარტია “ლელო” |
“მიხეილ ბიძინაურის” შესახებ
ფეისბუქ გვერდი “მიხეილ ბიძინაური” 5 აგვისტოს შეიქმნა და გვერდის სამიზნეს მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, პარტია “ლელო საქართველოსთვის” და მასთან ერთად კოალიციაში შემავალი პარტიები წარმოადგენენ.
გვერდს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის საწინააღმდეგო პოსტები აქვს დაფინანსებული. 30 აგვისტოს მდგომარეობით, რეკლამების ბიბლიოთეკაში შვიდი დარეკლამებული პოსტი იძებნება, თითოეული მათგანი 100 დოლარამდე თანხითაა დაფინანსებული.
აღსანიშნავია, რომ დაფინანსებულ პოსტებს შორის იყო პარტიის “ლელო საქართველოსთვის” ვიდეო, რომელშიც პარტიის წევრები მერაბ სეფაშვილთან ერთად სიმღერა “გაიღიმეს” მღერიან, თუმცა გვერდ “მიხეილ ბიძინაურის” მიერ დარედაქტირებულ ვერსიას ხმა შეცვლილი აქვს და სიმღერა “მიშა მაგარია” ადევს, რაც “მითების დეტექტორმა” ფეისბუქის მესამე მხარის პროგრამის ფარგლებში გაყალბებულად მონიშნა.
რეკლამების ბიბლიოთეკაში მითითებული ინფორმაციის დახმარებით დადგინდა, რომ გვერდს პარტიასთან “გახარია საქართველოსთვის” დაკავშირებული 2 პირი მართავს. რეკლამის განმთავსებლად მითითებულია ვებ-გვვერდი newsweek.ge, რომელიც 29 ივლისს ანა სახოკიას სახელზეა რეგისტრირებული, სადაც ამავე სახელით და გვარით იმეილის მისამართია მითებული ( [email protected]).
მითითებული მეილის – [email protected] შემოწმების შედეგად დასტურდება, რომ ის ანა სახოკიას ეკუთვნის, რომელიც, ღია წყაროებში ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად, პარტია “გახარია საქართველოსთვის პარტიულ აქტივობებშია ჩართული, მათ შორის სენაკის ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ღონისძიებებში (1, 2).
მეილთან ერთად შევამოწმეთ ტელეფონის ნომერიც, რომელიც რეკლამის განთავსებისთვისაა მითითებული. სატელეფონო ბაზაში აღნიშნული ნომერი თორნიკე თევდორაშვილის სახელით იძებნება. ამ სახელისა და გვარის მქონე პიროვნება ასევე ფიგურირებს გახარიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ვიდეოში, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “რეალური სივრცე” როგორც სტუდენტი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი საუბრობს.
რაც შეეხება ვებ-საიტის მისამართს newsweek.ge, რომელიც ფეისბუქ გვერდზეა მითითებული, რეგისტრირების დღიდან საიტზე მხოლოდ ერთი სტატიაა გამოქვეყნებული. სტატია მამუკა ხაზარაძის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ანაკლიის საკითხზე წაგებულ დავას ეხება.
“რეალობა” და “ბრძენი კრიტიკოსი”
ანტიოპოზიციური ფეისბუქ გვერდები “რეალობა” და “ბრძენი კრიტიკოსი” ერთსა და იმავე დღეს 27 მაისს შეიქმნა. გარდა ამისა, გვერდების მიერ გაზიარებულ პოსტებში იკვეთება იდენტური ვიდეობიც, რაც მათ კოორდინაციაზე მიანიშნებს.
იდენტური პოსტების მაგალითები
აღნიშნული ფეისბუქ გვერდები ოპოზიციური პარტიების მადისკრედიტირებელ ვიდეოებთან ერთად იდენტურ გაყალბებულ ვიდეოს და გენდერულ დეზინფორმაციას აქვეყნებენ, რომელიც “მითების დეტექტორმა” ფეისბუქის მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში გაყალბებულად მონიშნა.
ფეისბუქ გვერდი “რეალობა” ასევე აქვეყნებდა პოლიტიკოსების გიგა ბოკერიას და გიორგი ახალაიას დარედაქტირებულ ვიდეოს, თითქოს მათ ახალ პარტიას “ფედერასტები” დაარქვეს.
ფეისბუქ გვერდები “ბრძენი კრიტიკოსი” და “რეალობა” ვიდეოკოლაჟების გამოყენებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დისკრედიტაციას ახდენენ, მათ გამოქვეყნებულ პოსტებში არ გვხვდება მმართველი პარტიის საწინააღმდეგო არცერთი პოსტი. ასევე აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსების საარქივო განცხადებებისა და მანიპულაციების გარდა ვიდეოებში გვხვდება შეურაცხმყოფელი, უცენზურო შინაარსის მასალაც, როგორიცაა, მაგალითად 30 აგვისტოს გამოქვეყნებული პოსტები გიორგი ვაშაძის შესახებ, სადაც ვაშაძის კადრებს ადევს ხმა: “სანამ არ დავან*რიე ვერ დავიძინე და როცა დავიძინე, კუ*უს წელვა მესიზმრებოდა”.
კვლევის პროცესში ასევე გამოიკვეთა, რომ ზემოთ დასახელებული ორი ფეისბუქ გვერდის იდენტურ ვიდეოებს აქვეყნებს ფეისბუქ ანგარიში “მიხეილ განუბაჟებელი”, რომელიც, თავის მხრივ, დიდი ხანია ოპოზიციისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დისკრედიტაციაშია ჩართული. ზოგიერთი ვიდეოს გამოქვეყნების დრო ადასტურებს, რომ აღნიშნული ფეისბუქ გვერდები და ანგარიში ერთმანეთთანაა დაკავშირებული:
ეროვნება ღირსების გარეშე
ფეისბუქ გვერდი “ეროვნება ღირსების გარეშე” 26 აგვისტოს შეიქმნა და ამ ეტაპისთვის პროფილის ფოტოს გარდა, რომელზეც ილია ჭავჭავაძეა გამოსახული, მხოლოდ ორი ერთნაირი პოსტი აქვს გამოქვეყნებული, აღწერით “90-იანებში გამდიდრებული მილიონერები”.
წინა სამი გვერდისგან განსხვავებით, 30 აგვისტოს მდგომარეობით, “ეროვნება ღირსების გარეშე” არ აქვეყნებს ე.წ. რილსებს (Reels). აღნიშნულ გვერდზე ვხვდებით პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის კარიკატურულ ფოტოს, რომელიც დაფინანსებულია, თუმცა გვერდი არღვევს პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს, რადგან არ აფიქსირებს ინფორმაციას რეკლამის განმთავსებლის შესახებ.