სად მიაკვლიეს საბავშვო ატრაქციონებზე “ბრიტვის” კვალს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

15
VIEWS

2021 წლის 10 აპრილს  Facebook ჯგუფში – „ჩვენი დროა …!“, ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა გააზიარა ვებ-პორტალი wnews-ის სტატია, რომელიც იმავე დღესაა ატვირთული. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ – „ფრთხილად! – სკვერში საბავშვო ატრაქციონებზე დამაგრებული „ბრიტვით“ ბავშვმა დაზიანება მიიღო“. სტატიაში აღნიშნულია, რომ ფეისბუქზე ფოტოები სოციალური ქსელის მომხმარებელმა გამოაქვეყნა, თუმცა მისი ვინაობა მითითებული არ არის. wnews ასევე არ უთითებს, თუ სად არის ფოტოები გადაღებული.

;

ფეისბუქ ჯგუფში გამოქვეყნებული მასალა მანიპულაციურია და მკითხველს შთაბეჭდილებას უქმნის, რომ მსგავსი შემთხვევა საქართველოში მოხდა. შემთხვევის ადგილის გარდა დაკონკრეტებული არ არის დროც. რეალურად, ფოტოები საქართველოში არ არის გადაღებული.

ფოტოს საძიებო ინსტრუმენტის reverse image search-ის დახმარებით ირკვევა, რომ მსგავსი შინაარსის სტატიები, სადაც ნათქვამია, რომ ბავშთა გასართობ სივრცეებში დამალული სამართებლებია განთავსებული, თავიდან უკრაინულ მედიაში ვრცელდებოდა და ძირითადი „სამიზნე“ კიევი და ოდესა იყო, თუმცა ასეთი ფაქტის არსებობას ადგილობრივი მედია უარყოფს.

ფოტოები გავრცელდა რუმინულ მედიაშიც, სადაც მათ წყაროდ რუსეთია მითითებული.

  ;

რაც შეეხება რუსეთს, ამ შინაარსის შემცველი პოსტები უკვე წლებია ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება. Ქართულ ვერსიაში გამოყენებული ფოტო, სავარაუდოდ 2014 წელს მოსკოვის ერთ-ერთ საბავშვო მოედანზეა გადაღებული. ფოტოს ვებ-გვერდები სხვა მსგავსი შინაარსის ვიზუალთან ერთად აზიარებენ, რომლებიც თითქმის ყველა სტატიაში იდენტურია. იცვლება მხოლოდ თარიღი და ქალაქები ან რეგიონები – მურმანსკი, კიშინიოვი და სხვა. Რუსი ფაქტჩეკერები ასეთი ფაქტების არსებობას თითქმის ყველა  ქალაქში, გარდა მოსკოვისა, უარყოფენ.

   ;

რუსულ ვერსიებში გვხვდება ფოტოებიც, რომელთა პირველწყარო აშშ-ა. ფოტოს საძიებო ინსტრუმენტის reverse image search-ით, ერთ-ერთი ფოტოს გადამოწმებისას გვხვდება CNN-ის მიერ 2014 წლის 25 მარტს გამოქვეყნებული  სიუჟეტი. მას თან ერთვის ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის შტატ ილინოისში, ერთ-ერთმა მშობელმა სათამაშო მოედანზე აღმოაჩინა სხვადასხვა ადგილას წებოთი მიმაგრებული სამართებელი, რის შემდეგაც ის ადგილობრივ სამართალდამცველებს დაუკავშირდა და ადგილზე მათ ათამდე მსგავსი სამართებელი იპოვეს. იგივე ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია ასევე ABC – ის მასალაში. სიუჟეტში ფიგურირებს ბავშვის გაჭრილი ხელის ფოტოც, რომელიც რუსულ ვერსიებში სხვა ფოტოებთან ერთად გავრცელდა. ინფორმაცია Snopes-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ სიმართლეს შეესაბამება.  2017 წელს მსგავსი შემთხვევა უკვე ალაბამას შტატში ფიქსირდება. BBC-ის ცნობით, ბასრი ნივთები სათამაშო მოედანზე ასევე ბრიტანეთში, იორკშირის რეგიონში, 2018 წელს იპოვეს. 2020 წელს კი ინციდენტი ამერიკაში, ამჯერად მიჩიგანის  შტატში განმეორდა.

წყაროს შესახებ

აღსანიშნავია, რომ სტატია გამოქვეყნებიდან ზუსტად 1 წუთში Facebook ჯგუფში – „ჩვენი დროა …!“  გაზიარდა.  ვებ-გვერდი „WNEWS“ 2019 წლიდან ფუნქციონირებს და კლასიკური clickbait საიტის მახასიათებლები აქვს.

;

რაც შეეხება Facebook ჯგუფს – „ჩვენი დროა …!“, ის 2015 წელს შეიქმნა, თუმცა არსებული სახელით 2017 წლიდან ფუნქციონირებს. 14 აპრილის მონაცემებით, ჯგუფში 151 ათასზე მეტი მომხმარებელია გაწევრიანებული, „ჩვენს შესახებ“ სექციაში კი ვკითხულობთ, რომ ეს საინფორმაციო ჯგუფია, სადაც ყოველდღიური სიახლეების გაგება არის შესაძლებელი.

;

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორი  – Sandro Kemularia, ძირითადად WNEWS-ზე გამოქვეყნებულ სტატიებს აზიარებს.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist