სად იწერება ზელენსკის ვიდეო მიმართვები და რას ამტკიცებენ კრემლის აქტორები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

430
VIEWS

12 ოქტომბერს “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერებმა (1, 2, 3, 4) ფეისბუქ პოსტები უკრაინის პრეზიდენტის ვიდეო მიმართვების შესახებ გამოაქვეყნეს. პოსტის ავტორთა მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვები არა კიევის ქუჩებში, არამედ  სტუდიაში იწერება. პოსტებს თან ერთვის ვიდეო, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის ჩაწერაა ნაჩვენები, პარალელურად კი სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ახალი, ინოვაციური  ტექნოლოგიის შესახებ საუბრობენ.

იდენტური კადრები 12 ოქტომბერს რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში იმის საილუსტრაციოდ აჩვენეს, რომ  უკრაინის პრეზიდენტი “ფეიკების” შექმნის სპეციალისტია, რაშიც მას ჰოლივუდის ტექნოლოგები ეხმარებიან. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ზელენსკის ვიდეოები chroma key ტექნოლოგიის გამოყენებითაა დაამზადებული.

გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზელენსკის ვიდეო მიმართვები “კიევის ქუჩების” ნაცვლად სტუდიაში იწერება, მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რეალურად, ვიდეო  ზელენსკის ჰოლოგრამის მომზადების პროცესს ასახავს, რომელიც 2022 წლის 17 ივნისს ევროპის ოთხ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე გამოჩნდა.

ვიდეო, რომელიც ფეისბუკზე ვრცელდება, 2022 წლის 24 ივნისს ბრიტანული კომპანიის Talesmith  იუთუბის არხზე გამოქვეყნდა. ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ მიმდინარეობდა მზადება 2022 წლის ივნისში ევროპაში გამართული ტექნოლოგიური კონფერენციებისთვის, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჰოლოგრამის სახით ჩაერთო.

სქრინშოთი: Talesmith

2022 წლის 15 ივნისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ოთხ ტექნიკურ კონფერენციაზე, რომლებიც ერთდროულად იმართებოდა – ჰოლოგრამის სახით ჩაერთო.  Vivatech-ში პარიზში, Brilliant Minds-ში სტოკჰოლმში, TNW კონფერენციაზე ამსტერდამში და დამფუძნებლების ფორუმზე ლონდონში  ზელენსკის ჰოლოგრამა ორი მეტრის სიმაღლის სენსორული ეკრანის საშუალებით იყო წარმოდგენილი.

ჰოლოგრამა სამგანზომილებიანი ვიზუალური პროექციაა, რომელიც რაიმე სახის ობიექტს ან ინფორმაციას ასახავს. მოცულობითი გამოსახულების მიღება  სხეულის მიერ არეკლილი ტალღის საზღვრის მიღებასა და შემდგომ აღდგენას ეფუძნება. რაც შეეხება chroma key ტექნოლოგიას, რაზეც ამტკიცებენ, რომ ის ზელენსკის ვიდეოების შესაქმნელად იყო გამოყენებული, ჰოლოგრამისგან განსხვავდება, chroma key-ს საშუალებით ნებისმიერი ფონისა და პარამეტრის შექმნაა შესაძლებელი. აღნიშნული ტექნოლოგია ხშირად გამოიყენება, მაგალითად, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმების შექმნისას, როდესაც მსახიობები მწვანე ეკრანის წინ მოძრაობენ, შემდეგ კი ფონის სხვა გამოსახულებით ჩანაცვლება ხდება. უსაფუძვლოა მტკიცება, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიდეომიმართვები ამ გზითაა ჩაწერილი. ზელენსკის კიევში ყოფნა არაერთმა საერთაშორისო მედიამ და პირისპირ ინტერვიუებმა, ასევე სხვა ქვეყნის ლიდერებთან მისმა შეხვედრებმა დაადასტურა.

კონფერენციისთვის შექმნილი ჰოლოგრამის შესახებ ვიდეო Talesmith-ის იუთუბ არხზე გამოქვეყნდა. ვიდეოს ხანგრძლივობა 2 წუთი და 34 წამია და მას ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეო 1:04-დან 1:50-მდე მონაკვეთში ემთხვევა.  პროექტის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ვიდეოში ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, მუსიკოსები, დიზაინერები ახალი ტექნოლოგიის შესახებ საუბრობენ, პარალელურად კი უკრაინის პრეზიდენტის გადაღების პროცესია ნაჩვენები.

სქრინშოთი: Talesmith

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტექნოლოგიურ კონფერენციებზე მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ტექნიკურ და კრეატიულ აღმასრულებელ დირექტორებს უკრაინის ციფრულ ტრანსფორმაციაში ინვესტიციების ჩადების თხოვნით მიმართა და ევროპისა ტექნოლოგიურ საზოგადოებებს თანამშრომლობის გაგრძელება სთხოვა.  ზელენსკის თქმით, ტექნიკურმა კომპანიებმა, მიუხედავად უკრაინაში არსებული საომარი ვითარებისა, ქვეყანასთან თანამშრომლობა უნდა განაგრძონ.

აღსანიშნავია,  რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ,  პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ დასდეს ბრალი ქვეყნიდან ან დედაქალაქიდან გაქცევაში. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ვიდეო მიმართვებითა და გამოსვლებით გამოჩნდა, რომ იგი კიევში იმყოფებოდა. 10 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რუსულენოვან და ქართულენოვან წყაროებში კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკი კიევიდან გაიქცა. რეალურად,  10 ოქტომბერს გამოქვეყნებული ზელენსკის ამსახველი ვიდეოები, ასევე მისი შეხვედრა კიევში მყოფ აშშ-ის ელჩთან ამტკიცებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ნამდვილად კიევში იმყოფებებოდა. ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზელენსკის მიერ 10 ოქტომბერს კიევის პრეზიდენტის ოფისის მიმდებარედ ჩაწერილი ვიდეო ყალბი და დამონტაჟებულია, მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist