სად გამოიგონეს “გამა სკალპელი” – რუსეთში თუ შვედეთში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

43
VIEWS

სოციალურ ქსელებში 2020 წელსაც ისევ აზიარებენ ფეისბუქ მომხმარებლის მალხაზ ხაბაზის 2019 წლის 20 იანვრის პოსტს, რომლის თანახმადაც, რუსეთში კიბოს სამკურნალო დანადგარი – ე.წ. “გამა სკალპელი” გამოიგონეს. პოსტის თანახმად, აღნიშნულ დანადგარს რამდენიმე წუთიანი უსისხლო ოპერაციის შედეგად კიბოსგან პაციენტის სრული განკურნება შეუძლია, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული აპარატით უნდა დაინტერესდეს და მის შეძენაზე იზრუნოს.

 პოსტს თან ახლავს ნაწყვეტი რუსული ტელევიზიის нтв-ს საინფორმაციო გამოშვებიდან, რომელიც რუსეთის რადიოლოგიური მედიცინის ეროვნულ ცენტრში სიმსივნის სამკურნალოდ განკუთვნილი პირველი აპარატის ინსტალაციას ეხება. სიუჟეტი ინოვაციურ ტექნოლოგიას აღწერს, რომელიც რადიაციული გამოსხივების საშუალებით ტვინში ლოკალიზებულ სიმსივნეს რამდენიმეწუთიანი, უსისხლო ოპერაციით კურნავს.

;

მალხაზ ხაბაზის პოსტი ნაწილობრივ მცდარია: ფაქტები ე.წ. “გამა სკალპელის” ეფექტიანობის შესახებ რეალურია, თუმცა მტკიცება, რომ აღნიშნული ტექნოლოგია რუსეთში გამოიგონეს, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი მტკიცება არც რუსული გადაცემის სიუჟეტში გვხვდება. სინამდვილეში, ტვინის უსისხლო ოპერაციებისათვის განკუთვნილი რადიაციული აპარატის პირველი პროტოტიპი 1960-იან წლებში შვედეთში შეიქმნა. დღესდღეობით “გამა სკალპელს” მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იყენებენ. 

  • ტვინის უსისხლო ოპერაციებისათვის განკუთვნილი აპარატი 1960-იან წლებში შვედმა ფიზიკოსმა და ნეიროქირურგმა გამოიგონა 

მცდარია მტკიცება, რომ სიმსივნის საწინააღმდეგო აპარატი “გამა სკალპელი” რუსეთში გამოიგონეს. რეალურად, ტვინის განსაკუთრებით რთული ოპერაციებისთვის განკუთვნილი რადიაციული გამოსხივების აპარატის პირველი მოდელი შვედმა მეცნიერმა ლარს ლეკსელმა კოლეგებთან ერთად 1967 წელს შექმნა. ლეკსელის მიერ აწყობილი პროტოტიპი შვედეთში 12 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. შვედეთის შემდეგ, აღნიშნული ტექნოლოგია დიდი ბრიტანეთის, არგენტინისა და ამერიკის სამედიცინო კვლევით ცენტრებში მალევე გამოჩნდა. “გამა სკალპელის” საშუალებით ჩატარებული ნეიროქირურგიული ოპერაციების რიცხვი განსაკუთრებით 1980-იან წლებში გაიზარდა. ამჟამად “გამა სკალპელები” შვედური მწარმოებლის “Elekta Group”-ის სავაჭრო ნიშნით მზადდება, რომელმაც გასულ წლებში ლეკსელის მიერ შექმნილი ტექნოლოგია რამდენჯერმე გააუმჯობესა.

  • რას ამბობს нтв-ს სიუჟეტი “გამა სკალპელის” შესახებ? 

მალხაზ ხაბაზის პოსტში თანდართულ нтв-ის სიუჟეტში არსადაა ნათქვამი, რომ რადიოლოგიური მედიცინის ეროვნულ ცენტრში დამონტაჟებული “გამა სკალპელი”  რუსეთში გამოგონებული ან წარმოებული ტექნოლოგიაა. ტელეკომპანია  нтв-ს საინფორმაციო გადაცემის აღნიშნული ნაწყვეტი  2018 წლის 2 თებერვალს რუსეთის “რადიოლოგიური მედიცინის ეროვნულ ცენტრის” მიერ პირველი “გამა სკალპელის” მიღებაზე მოგვითხრობს. ჟურნალისტი ტექნოლოგიაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ აპარატს რუსეთის გარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იყენებენ.

нтв-ს კორესპონდენტი: “ამგვარი სკალპელი მსოფლიოში 300 ცალია, ხოლო ერთ-ერთი რადიოლოგიური მედიცინის ეროვნულ ცენტრში დამონტაჟდა, რომლის ბაზაზეც ბირთვული მედიცინის ცენტრი ეწყობა…”

  •  “გამა სკაპელის” შესახებ

“გამა სკალპელი” რადიო-ქირურგიისთვის განკუთვნილი აპარატია, რომელიც თავის და ზურგის ტვინზე უსისხლო ოპერაციების ჩასატარებლად გამოიყენება. სახელის მიუხედავად, ტექნოლოგია სიმსივნურ უჯრედებს ან სხვა სახის პათოლოგიას ტრადიციული ქირურგიული ჩარევების გარეშე, მხოლოდ რადიაციული გამოსხივების საშუალებით უმკლავდება. აპარატი დიდი ენერგიის მქონე რადიაციული გამოსხივების მხოლოდ დაზიანებულ ქსოვილებზე ზუსტი ფოკუსირების შესაძლებლობას გვაძლევს, შედეგად სიმსივნური უჯრედების განადგურებისას რადიაცია მინიმალურად გავლენას ახდენს ჯანმრთელ ქსოვილზე. “გამა სკალპელით” ჩატარებული თერაპია რამდენიმე წუთიდან საათამდე გრძელდება, როგორც წესი, ოპერაციის შემდეგ პაციენტს კლინიკის დატოვება 24 საათში შეუძლია. თერაპიას არ ახლავს ტკივილი ან მძიმე გვერდითი ეფექტები, ხოლო მისი შედეგები ეტაპობრივად, რამდენიმე კვირაში ან თვეში დგება.

მიუხედავად ტექნოლოგიის მაღალი ეფექტიანობისა, “გამა სკალპელი” ექსკლუზიურად სიმსივნის თერაპიისთვის განკუთვნილი ტექნოლოგია არ არის და იგი ყველა სახის კიბოს ვერ უმკლავდება. “გამა სკალპელით” უსისხლო ოპერაციების ჩატარება ტვინის დაზიანებულ ქსოვილებში ხდება, მათ შორისაა სიმსივნური უჯრედებით დაზიანებული ქსოვილებიც. აპარატის გამოსხივება ტვინში არსებულ კიბოს უჯრედებს გამრავლების უნარს აკარგვინებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სიმსივნეს საერთოდ აქრობს. “გამა სკალპელი” ინკოლოგიურ მედიცინაში რადიაციული თერაპიის ერთ-ერთი სახეა.

გავრცელება

ამჟამად მალხაზ ხაბაზის პოსტს 77 ათასზე მეტი გაზიარება აქვს. აღსანიშნავია, რომ გარდა ინდივიდუალური მომხმარებლებისა, გასული ორი კვირის განმავლობაში პოსტი ოთხ საჯარო ჯგუფში გადააზიარეს: Ирландия для Всех, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !, Культурная Ассоциация “Русская Ирландия”. და Info Rustavi ინფო რუსთავი.

;


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist