საბჭოთა პროპაგანდის მითი ჯეიმს ფორესტალის რუსოფობიის შესახებ ქართულმა მედიამ გააცოცხლა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

728
VIEWS

1 ივლისს, ინტერნეტ პორტალ „Politicano”-ს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „აშშ-ს პირველი თავდაცვის მინისტრი რუსოფობიამ გააგიჟა და თავი მოიკლა”. სტატიის მტკიცებით, აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ჯეიმს ფორესტალი შეპყრობილი იყო რუსების სიძულვილით და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, როდესაც ფსიქიატრიული საავადმყოფოს 16-ე სართულიდან ყვირილით „რუსები მომდევენ” გადმოხტა. ანალოგიური მასალები, რომლებიც საბჭოთა პერიოდის პროპაგანდის დეზინფორმაციას იმეორებს, 2016 წელს “საქართველო და მსოფლიომ”, ასევე  tb24.ge – მ გამოაქვეყნეს.

საბჭოთა და რუსული წყაროები

1

სიტყვებს – „რუსები მოდიან, რუსები მოდიან, ისინი ყველგან არიან, მე დავინახე რუსი ჯარისკაცები” – ჯეიმს ფორესტალს ჯერ კიდევ საბჭოთა პროპაგანდა მიაწერდა. თვითმკვლელობიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ცენტრალურ გამოცემა „პრავდა”-ში დაიბეჭდა კარიკატურა, რომელზეც „რუსოფობიით” შეპყრობილი აშშ-ს თავდაცვის მდივანია აღბეჭდილი. ავტორები ცნობილი საბჭოთა პროპაგანდისტული კარიკატურისტების ჯგუფი “კუკრინიკსები” იყვნენ.

რუსულენოვან წყაროებში ეს მითი დღემდე აქტუალურია. მაგალითად, 2015 წლის მაისში, ერთ-ერთ მსხვილ ყოველკვირეულ გამოცემაში „Аргументы и Факты” დაიბეჭდა სტატია „რუსები მოდიან. როგორ მიიყვანა რუსოფობიამ აშშ-ს თავდაცვის მინისტრი თვითმკვლელობამდე” («Русские идут». Как русофобия довела до самоубийства министра обороны США). „Аргументы и Факты” -ს სტატიაშიც ანალოგიური ნარატივია განვითარებული, თითქოს ფორესტალი რუსების მიმართ სიძულვილმა გააგიჟა და ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის დროს „ყოველწუთს იმეორებდა: მე ვნახე რუსი ჯარისკაცები, რუსები მოდიან, ისინი უკვე აქ არიან”.

ქართული წყაროები

ჯეიმს ფორესტალის რუსოფობიის შესახებ მცდარი ინფორმაცია 2016 წლის იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში გავრცელდა შემდეგი ქართულენოვანი ვებ-პორტალების მიერ.

2

ფაქტების გადამოწმება

1949 წლის 22 მაისს ჯეიმს ფორესტალი აშშ-ს ეროვნული საზღვაო სამედიცინო ცენტრის მესამე სართულზე იპოვეს.

პოლიტიკანოს სტატიის მიხედვით: „აშშ-ს პირველმა თავდაცვის მინისტრმა, პენტაგონის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ჯეიმს ფორესტოლმა 1949 წლის 22 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ფსიქიატრიულის მე-16 სართულიდან გადმოხტა ”რუსები მომდევენ”-ს ძახილით.”

ჯეიმს ფორესტალის სიკვდილის მიზეზები და გარემოებები შეისწავლა სამხედრო საგამოძიებო საბჭომ, რომელიც 1949 წლის 23 მაისს შეიკრიბა აშშ-ს ფლოტის სამედიცინო კორპუსის ადმირალის მორტონ უილკატსის ხელმძღვანელობით. 13 ივლისს საბჭომ დაამტკიცა საბოლოო ანგარიში, რომელიც ცნობილია „უილკატსის ანგარიშის” (The Willcutts Report) სახელით. ანგარიში 2004 წელს გასაჯაროვდა და მასში აღნიშნულია, რომ თავდაცვის მდივნის სიკვდილის მიზეზი გახდა მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები, რაც 16-სართულიდან გადმოვარდნამ გამოიწვია. „უილკატსის ანგარიშში” მოცემულია ჯეიმს ფორესტალის ექიმის, ჯორჯ რეინსის, საავადმყოფოს პერსონალის და სხვა მოწმეების ჩვენებები. ისინი დეტალურად აღწერენ პაციენტის მდგომარეობას მკურნალობის დაწყების დღიდან მოყოლებული სიკვდილამდე.

პირველი მოწმე, რომელმაც საავადმყოფოს პერსონალიდან ფორესტალი თვითმკვლელობის შემდეგ აღმოაჩინა, ანგარიშის მიხედვით, უილიამ ელიადესია. ელიადესის ჩვენების მიხედვით, ის თვითმკვლელობის ღამეს ბაქტერიოლოგიის დეპარტამენტის მახლობლად მდებარე სამორიგეო ოთახში კითხულობდა ჟურნალს, როდესაც მძიმე საგნის დავარდნის ხმა მოესმა. მან დაახლოებით 01:50 წთ-ზე პირველმა აღმოაჩინა ფორესტალის გვამი და ამის შესახებ საავადმყოფოს დანარჩენ პერსონალს აცნობა.

  • ფაქტი #1: არცერთი მოწმე არ აღნიშნავს, რომ ჯეიმს ფორესტალი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის დროს ახსენებდა „რუსებს”.
  • ფაქტი #2: არცერთ მოწმეს არ აღუნიშნავს, რომ ფორესტალის თვითმკვლელობის მომენტს შეესწრო ან დაინახა, როგორ ხტებოდა ფანჯრიდან ყვირილით „რუსები მომდევენ”. ელიადესის ჩვენებიდან ჩანს, რომ ფორესტალის ფანჯრიდან გადმოხტომას არავინ შესწრებია.
  • ფაქტი #3: ანგარიშის არცერთ ნაწილში არაა ნახსენები, რომ ვინმემ გაიგონა ყვირილი „რუსები მომდევენ”.

აშშ-ს საზღვაო ძალების სამედიცინო კორპუსის კაპიტნის, ჯორჯ რეინსის ჩვენების მიხედვით, რომელიც ფორესტალს მკურნალობდა – პაციენტი უკიდურესი დეპრესიით იტანჯებოდა. რეინსის ჩვენებაში არსად არაა ნახსენები ფორესტალის მიერ რუსებისადმი პარანოიდული შიშის ფაქტი.

შესაბამისად, სტატიაში მოყვანილი მტკიცება, თითქოს აშშ-ს პირველი თავდაცვის მინისტრი 16 სართულიდან ყვირილით „რუსები მომდევენ” გადმოხტა – სიცრუეა.

დაუსაბუთებელი მტკიცება

პოლიტიკანოს სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ:

„თვითმხილველები იხსენებენ ვაშინგტონში სახანძრო მანქანის დანახვისას ჯეიმს ფორესტოლი როგორც შეხტა და დაწყო ყვირილი – ”რუსები გვიტევენ”.

დაუსაბუთებელი მტკიცება ეკუთვნის ჯეიმს ფორესტალის ოპონენტს, ცნობილ ამერიკელ მიმომხილველ დრიუ პიარსონს, რომლის თქმით, აშშ-ს თავდაცვის მდივანი სახანძრო მანქანის სირენის ხმის გაგონებისას ყვიროდა: რუსები გვიტევენ. დრიუ პიარსონის გარდა ამ ამბავს სხვა წყაროები არ ადასტურებენ.

აღნიშნული ეპიზოდი განხილულია თაუნზენდ ჰუპსისა და დუგლას ბრინკლის 1992 წელს გამოცემულ ჯეიმს ფორესტალის ცხოვრების ამსახველ ბიოგრაფიულ წიგნში: Driven Patriot: The Life and Times of James Forrestal. წიგნმა 1992 წელს რუზველტის სახელობის საზღვაო ისტორიის პრიზი მოიგო და დღესდღეობით მიჩნეულია ერთ-ერთ ავტორიტეტულ ნაშრომად.

ავტორები აღნიშნავენ, რომ დრიუ პიარსონმა ფორესტალი უსაფუძვლოდ დაადანაშაულა. წყაროდ მოყვანილია ფორესტალის ექიმი – ფსიქიატრი ჯორჯ რეინსი – რომლის განცხადებით პიარსონის მტკიცებები სიცრუეა.

აშშ-ს პირველი თავდაცვის მდივანი

ჯეიმს ფორესტალი აშშ-ს პირველი თავდაცვის მდივანი იყო და მან ეს პოსტი 1947 წელს დაიკავა და არა 1944 წელს, როგორც”პოლიტიკანოს” სტატიაშია აღნიშნული. მანამდე ის აშშ-ს საზღვაო ფლოტის მდივანი იყო და მას ვაშინგტონში როგორც მაღალკვალიფიციურ ადმინისტრატორსა და მენეჯერსიცნობდნენ. ფორესტალის მთავარ მიზანს წარმოადგენდა აშშ-ს უსაფრთხოების სისტემის იმგვარი რესტრუქტურიზაცია, რაც მას ცივი ომის პირობებში უფრო ეფექტიანს გახდიდა. იგი მართლაც გამოირჩეოდა საბჭოთა კავშირისა და მისი საგარეო პოლიტიკისადმი უნდობლობით, რადგან ამ პერიოდში სსრკ აღმოსავლეთ ევროპაში სატელიტი ქვეყნების ქსელის შექმნას იწყებდა, ხოლო ჩინეთში მმართველობის სათავეშიკომუნისტები მოდიოდნენ. ცივი ომის გამოწვევებისა და საბჭოთა კავშირისგან მომდინარე საფრთხის პირობებში ფორესტალი მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო აშშ-ს თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია. ის ძალიან ბევრს მუშაობდა თავდაცვის სტრუქტურული გაუმჯობესებისათვის. ფორესტალსა და პრეზიდენტ ჰარი ტრუმანს შორის არსებობდა გარკვეული შეუთანხმებლობა, ძირითადად საბიუჯეტო საკითხებზე, რადგან თავდაცვის მდივანი თავდაცვითი ხარჯების გაზრდას უჭერდა მხარს. 1949 წლის 28 მარტს, ფსიქიკური პრობლემების გამო ჯეიმს ფორესტალი გადადგა და ფსიქიატრიულ კლინიკაში დაიწყო მკურნალობა.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist