საბჭოთა პროპაგანდა ებრაელების წინააღმდეგ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

330
VIEWS

ანტისემიტურ პროპაგანდასა და პოლიტიკას რუსეთის ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული ებრაელები დევნის სხვადასხვა ფორმას განიცდიდნენ: მათ სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ტერიტორიებზე ასახლებდნენ და იმპერიის ფარგლებში კონკრეტულ მიწაზე თავიანთი სურვილით დასახლებას უკრძალავდნენ. ამ პერიოდში ისევე როგორც შემდგომ, ებრაელებს სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემის გამოწვევას აბრალებდნენ. ისინი “თურქეთის სულთნის მხარდაჭერებად” მოიაზრებოდნენ და რიგი პირები საზოგადოებაში მათგან მტრის ხატს ქმნიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა უფლებების მხრივ ებრაელებს მეტი შესაძლებლობა მიანიჭა (გაუქმდა სპეციალური დასახლებები, როგორც სხვა უმცირესობებმა მიიღეს თანაბარი უფლებები, სახელმწიფო თანამდებობებზე დაინიშნა რამდენიმე ებრაელი, მათ შორის, ლევ ტროცკი, გრიგორი ზინოვიევი, ლევ კამენევი, იაკობ სვერდლოვი), ანტისემიტური პროპაგანდა და პოლიტიკა კვლავ დღის წესრიგში იდგა და განსაკუთრებით იოსებ სტალინის პერიოდში გაძლიერდა.

რუსეთში ანტიებრაული პროპაგანდის ყველაზე ნათელ გამოვლინებას სპეციალურად შექმნილი წიგნი “სიონის უხუცესთა პროტოკოლები” წარმოადგენს.

;
წიგნი – სიონის უხუცესთა პროტოკოლები

  • სიონის უხუცესთა პროტოკოლები

ეს პროპაგანდისტული წიგნი ებრაელი ლიდერების საბჭოს შესახებ მოგვითხრობს. საბჭოს წევრები სხვადასხვა გეგმას ამზადებენ, რის შედეგადაც ებრაელები სამყაროზე ბატონობას შეძლებენ. ის რუსეთის იმპერიის საიდუმლო პოლიციის (ოხრანკა) მეშვეობით მომზადდა და მიზნად ისახავდა, რომ ყველა ეკონომიკური და სოციალური პრობლემა ებრაელებს დაბრალებოდათ. წიგნი დეზინფორმაციის ორმა ექსპერტმა მაჩიე გოლოვინსკიმ და პიოტრ რაჟკოვსკიმ შექმნეს. მათმა ნაშრომმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, მათ შორის ნაცისტურ გერმანიაში და აქტიურად გამოიყენებოდა ებრაელების დევნის ხელშესაწყობად.

საგულისხმოა, რომ ეს პროპაგანდისტული და კონსპირაციული ნაშრომი ასევე აქტიურად გამოიყენებოდა შემდგომში, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) მიერ. საბჭოთა კავშირი თავის იმ ნაწილში, სადაც ძირითად მოსახლეობას მუსლიმები შეადგენდნენ, წიგნს ანტიდასავლური და ანტიებრაული დამოკიდებულებების გასამყარებლად იყენებდა. ასევე საბჭოთა კავშირი აღნიშნული წიგნის არაბულ თარგმანებს ისლამურ სახელმწიფოებში აქტიურად ავრცელებდა.

  • ანტისემიტური პროპაგანდა საბჭოთა კავშირში

ჰარვარდის უნივერსიტეტმა 1950-1953 წლებში რუსეთის სოციალურ სისტემაზე ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 693 ინტერვიუ საბჭოთა კავშირიდან წამოსულ ადამიანებს (ყოფილ საბჭოთა მოქალაქეებს) ჩამოართვეს. კვლევის შედეგად სხვა საკითხებთან ერთად გამოიკვეთა ისიც, თუ როგორი დამოკიდებულებები და განწყობები არსებობდა ზოგადად ებრაელთა მიმართ იმ კონკრეტულ საზოგადოებაში.

;
ამონარიდი ჰარვარდის კვლევის ერთ-ერთი ინტერვიუდან, სადაც ებრაელებზე საუბრობს რესპონდენტი

აღნიშნულმა კვლევამ გამოავლინა ის ძირითადი სტერეოტიპები, რომლებიც საბჭოთა კავშირში მისი გავრცელების დღიდანვე არსებობდა და ხშირ შემთხვევაში ამ სტერეოტიპებს სახელმწიფოს პოლიტიკაც უფრო ამყარებდა. სტერეოტიპებს შორის გამოირჩეოდა შემდგომი განზოგადებული წარმოდგენები:

  • ებრაელები აგრესიულები არიან;
  • ებრაელებმა წაგვართვეს მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოზიციები;
  • ებრაელების ინტერესი ძირითადად ბიზნესი და ფულია;
  • ებრაელებმა იციან ადამიანებით მანიპულირება და იციან, როგორ გამოიყენონ სიტუაცია.

ამასთანავე კვლევის ერთ-ერთ ინტერვიუში რესპონდენტი აღნიშნავდა, რომ “ებრაელები ფესახის ყოველ დღესასწაულზე ერთ ბავშვს კლავენ… და შემდგომ მის სისხლს სვამენ”.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ხელისუფლება არა თუ ებრძოდა ანტისემიტიზმს, პირიქით, ის კიდევ უფრო ამყარებდა საზოგადოებაში ანტიებრაულ დამოკიდებულებებს პროპაგანდის სხვადასხვა მეთოდით. ამის პირველი დიდი გამოვლინება სტალინსა და ებრაული წარმოშობის ლევ ტროცკის შორის დაპირისპირებას უკავშირდება, რის შემდეგაც სახელმწიფო პროპაგანდისტულმა მანქანამ ანტისემიტური გზავნილები გააძლიერა.

“ებრაელი ტროცკისტია, ტროცკისტი ებრაელია”

ამასთანავე ტროცკი ანტიებრაული პროპაგანდის იარაღად თეთრი არმიის მიერ მანამდეც გამოიყენებოდა, რაც რუსეთში ანტისემიტიზმის ღრმა პრობლემას კიდევ ერთხელ აჩვენებს.

;
ტროცკის კარიკატურა

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტები ებრაელების და სიონისტების აღნიშვნისთვის კოდურ სიტყვას “ვირთხას” იყენებდნენ, ანტისემიტური პროპაგანდა შეწყდა. სსრკ-ს სურდა, დასავლეთისთვის მისი პოზიტიური იმიჯი ეჩვენებინა.

შემდგომ, ისევ სტალინის პერიოდში ებრაელთა წინააღმდეგ პროპაგანდა მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რასაც ე. წ. ექიმთა საქმე ადასტურებს. 

  • ექიმების საქმე (1951-1953)

ექიმების საქმე უკავშირდება კონსპირაციულ ბრალდებას, თითქოს საბჭოთა ექიმებს (ძირითადად ებრაული წარმოშობის) მიზნად ჰქონდათ დასახული, რომ საბჭოთა კავშირის ლიდერები მოეკლათ. აღნიშნული ბრალდებით იოსებ სტალინი ებრაელების მასობრივი დევნის წამოწყებას გეგმავდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ბრალდება გახდა წყარო იმ პროპაგანდისტული ანტისემიტური კამპანიის, რაც საბჭოთა კავშირში ამ პერიოდში სხვადასხვა გზით განხორციელდა.

ამ პერიოდში საბჭოთა ხელისუფლებამ მედიის საშუალებით სხვადასხვა ანტიებრაული გზავნილები გამოაქვეყნა. სხვადასხვა გაზეთი სიონიზმთან და ზოგადად ებრაელებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე წერდა. სახელმწიფო ავრცელებდა პამფლეტებს სხვადასხვა ანტისემიტური გზავნილით. ერთ-ერთი პამფლეტი, რომლის 1 მილიონი ეგზემპლარი გავრცელდა, შემდგომ გზავნილს შეიცავდა:

”რატომ უნდა გადასახლდნენ ებრაელები ქვეყნის ინდუსტრიული რეგიონებიდან”

;
გაზეთ “კროკოდილში” დაბეჭდილი კარიკატურა ექიმების საქმესთან დაკავშირებით.

  • ანტისემიტური პროპაგანდა სტალინის შემდგომ ეპოქაში

60-იან წლებში საბჭოთა კავშირში ანტიებრაული პროპაგანდა კვლავ ძლიერი იყო. ამის გამომწვევი მიზეზი ცივი ომი და ებრაულ-არაბული დაპირისპირება იყო, სადაც სსრკ არაბულ ქვეყნებს უჭერდა მხარს. ამასთანავე, ბრეჟნევის პერიოდში ანტისაბჭოთა მოძრაობაში ბევრი ებრაელი იყო ჩართული, რაც კიდევ უფრო ააქტიურებდა მათ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.

ამ პერიოდის პროპაგანდა ძირითადად ანტისიონისტური ხასიათის იყო (სიონიზმი: ებრაელი ერის განთავისუფლებისა და ებრაული სახელმწიფოს დაარსების მოძრაობა). 60-იანი წლების დასასრულს და ისრაელ-არაბების 6 დღიანი ომის შემდგომ საბჭოთა კავშირმა მიზნად დაისახა, რომ საზოგადოებისთვის სიონისტები რასისტებად წარმოეჩინა. მედია ებრაელების დემონიზებას ახდენდა და ნაციზმისა და სიონიზმს შორის ტოლობის ნიშანს სვამდა. პროპაგანდა სიონიზმს ისეთ ტერმინებს უკავშირდება, როგორებიცაა: “გენოციდი”, “იმპერიალიზმი”, “რასიზმი”, “აპართეიდი”, “მილიტარიზმი” და “კოლონიალიზმი”.

;
სიონიზმი – იმპერიალიზმის იარაღი

იხილეთ 60-70-იანი წლების საბჭოთა ანტიებრაული კარიკატურები

ანტისემიტური გავნილები რუსეთის პოლიტიკაში დღემდე აქტუალურია. მართალია, რუსული პროპაგანდა ცდილობს, დამალოს რუსეთის თანამედროვეობასა და ისტორიაში ანტიებრაული გამოვლინებები, თუმცა ყველა შემთხვევაში ეს არ ხერხდება. აღსანიშნავია პრეზიდენტ პუტინის დამოკიდებულება ოლიგარქებთან მიმართებით, სადაც ის ხშირად იყენებდა ანტიებრაულ გზავნილებს და ხაზს უსვამდა რამდენიმე ოლიგარქის ებრაულ წარმოშობას (ბორის ბერეზოვსკი და მიხაილ ხოდორკოვსკი) როგორც ეს საბჭოთა კავშირში ინდივიდთა დაკნინების მიზნით ხდებოდა.

თემატიკა: ისტორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist