რუსული პროპაგანდა NATO-სა და “ტყის ძმების” წინააღმდეგ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

216
VIEWS

2017 წლის 11 ივლისს NATO-მ გაავრცელა ვიდეო სახელწოდებით “ტყის ძმები: ბრძოლა ბალტიისთვის.” ვიდეო ეხება ბალტიის ქვეყნებში არარეგულარულ შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945-1953 წლებში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ვიდეოს გარშემო რუსეთში პროპაგანდის ტალღა აგორდა. (easyagentpro.com) რუსული ტელევიზიები და რუსი პოლიტიკოსები NATO-ს ნაციზმის მხარდაჭერასა და ისტორიის გაყალბებაში ადანაშაულებენ.

გამოხმაურებები რუსეთში

NATO-ს ვიდეოს Facebook გვერდზე რუსეთის საგარემო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა. ზახაროვა ამტკიცებდა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა ბალტიის ქვეყნებში ფაშიზმზე იყო დაფუძნებული, რომელიც გერმანიის ოკუპაციურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. ზახაროვას თქმით, ტყის ძმების უკან დასავლური ქვეყნების დაზვერვა იდგა.

ვიდეოს ტვიტერზე გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე დმიტრი როგოზინიც.

"

დიმიტრი როგოზინი: “NATO-ს ვიდეო “ტყის ძმების” შესახებ, რომლებიც ჩვენს ჯარისკაცებს ხოცავდნენ, ამტკიცებს, რომ NATO-ს სახით ჩვენ საქმე გვაქვს ჰიტლერის გადმონაშთების მემკვიდრეებთან.”

კლიპის შესახებ კრემლის ნარატივი თითქმის ყველა მსხვილმა რუსულმა ტელევიზიამ და გამოცემებმა გაიმეორეს. მათ შორის რუსეთის პირველმა არხმადა Россия 1-მა ამ თემას რამდენიმე საინფორმაციო გამოშვება მიუძღვნეს.

მედიები, რომლებაც “ტყის ძმების” შესახებ კრემლის პროპაგანდა გაავრცელეს

"

წყარო:Atlantic Council’s Digital Forensic Research Lab

საბჭოთა კავშირის და ნაცისტური გერმანიის თანამშრომლობა

ის პოლიტიკოსები და მედიები, რომლებიც NATO-ს ფაშიზმის მხარდაჭერაში სდებენ ბრალს, ხოლო საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიის ქვეყნების ოკუპაციას ბალტიის ქვეყნების ფაშიზმისგან გათავისუფლებად წარმოაჩენენ, არ ახსენებენ, რომ ნაცისტური გერმანიის მთავარი მოკავშირე სწორედ საბჭოთა კავშირი იყო, ხოლო “ტყის ძმები” ბალტიის ქვეყნებს საბჭოთა აგრესიისგან იცავდნენ. პროპაგანდის საპასუხოდ, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფოგრაფიკა გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთს ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს ახსენებს.

1939 წელს ჰიტლერის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ გერმანიასა და სსრკ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რაც იმავე წლის 23 აგვისტოს მათ შორის თავდაუსხმელობის შეთანხმებით დაგვირგვინდა, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელითაა ცნობილი. შეთანხმება მოიცავდა საიდუმლო ნაწილსაც, რომლითაც ჰიტლერი და სტალინი აღმსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე გავლენის სფეროებს ინაწილებდნენ. სწორედ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი იყო მთავარი მექანიზმი, რამაც ახალი მსოფლიო ომი გამოიწვია.

საბჭოთა კავშირი, როგორც ნაცისტური გერმანიის მოკავშირე, მეორე მსოფლიო ომში 1939 წლის 17 სექტემბერს ჩაერთო, როდესაც პირველად გახსნა ცეცხლი აღმოსავლეთ პოლონეთში. წითელმა არმიამ პოლონეთის ის ტერიტორია დაიკავა, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით საბჭოთა გავლენის სფეროს მიეკუთვნებოდა. პოლონეთში შეჭრის შემდეგ, 1939 წლის 22 სექტემბერს ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ბრესტ-ლიტოვსკში ოფიციალური საერთო სამხედრო აღლუმიც გამართეს. თანამედროვე რუსეთში, იმ ფაქტის საჯაროდ აღნიშვნა, რომ სსრკ და ნაცისტური გერმანია პოლონეთში ერთობლივად შეიჭრნენ, დანაშაულია.

სამხედრო კამპანიას მიეკუთვნებოთა აგრეთვე ბალტიის ქვეყნებისა და რუმინეთის ბესარაბიის ოკუპაცია, რაც აბათლიებს საბჭოთა მითს, თითქოს საბჭოთა კავშირისთვის მეორე მსოფლიო ომი 1941 წელს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ დაიწყო. სტალინი თავად იყო დაინტერესებული გერმანიასთან თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებით, რადგანაც ის აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის გაფართოების საუკეთესო მექანიზმად წარმოედგინა. საბჭოთა კავშირი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო შეთანხმებას 1980-იანი წლების ბოლომდე მალავდა.

"

მარცხნიდან მარჯვნივ: გენერალლიტენანტი მაურიც ფონ ვიქტორინი (გერმანია),
გენერალი ჰაინც გუდერიანი (გერმანია), ბრიგადის მეთაური გენერალი სიმიონ კრივოშეინი (სსრკ) 1939 წლის 22 სექტემბერს ბრესტ ლიტოვსკიში საერთო აღლუმზე. წყარო: ბუნდესარქივი

"

1939 წლის 22 სექტემბერი, ბრესტ ლიტოვსკიში ნაცისტური გერმანიისა და სსრკ-ს საერთო აღლუმი. წყარო: ბუნდესარქივი

“ტყის ძმების” შესახებ

ბალტიის ქვეყნებში საბჭოთა კავშირი 1940 წელს შევიდა, თუმცა 1941 წელს სსრკ-ს ადგილი ნაცისტურმა გერმანიამ დაიკავა. 1944-45 წლებში ლიტვა, ლატვია და ესტონეთი კვლავ საბჭოთა ძალებმა დაიკავეს. საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბალტიის ქვეყნების მოსახლეობამ პარტიზანული ბრძოლები დაიწყო. “ტყის ძმები” ბალტიის სამივე ქვეყანაში ეროვნულ გმირებად არიან მიჩნეულები, თუმცა საბჭოთა და რუსულ პროპაგანდაში ისინი ნაცისტების მოკავშირეებად, ბანდიტებად და კრიმინალებად არიან წარმოდგენილები.

1940 წელს საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ბალტიის მოსახლეობას გერმანიის სახით განმათავისუფლებელს ხედავდა – მოსახლეობას იმედი ჰქონდა, რომ ბალტიის ქვეყნები დამოუკიდებლობას აღიდგენდა და მოქალაქეები საბჭოთა დროს ჩამორთმეულ ქონებას დაიბრუნებდნენ. თუმცა გერმანიამ ბალტიის ქვეყნები და ბელარუსი ახალ ტერიტორიულ ერთეულად, ოსტლენდად ჩამოაყალიბა, რის შემდეგაც გერმანიის მიმართ მხარდაჭერა შესუსტდა. ესტონეთსა და ლატვიაში დაფუძნდა გერმანიის სამხედრო ორგანიზაცია Waffen SS. 1944 წელს SS ლიტვაშიც ჩამოყალიბდა, თუმცა გერმანელებმა ის მალევე გააუქმეს, რადგან ლიტველები SS-ს ნაციონალისტური მიზნებისთვის იყენებდნენ, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა ლიტვაში გერმანიის ოკუპაციურ ძალას.

აშშ-ის დევნილთა კომისიამ, რომელმაც ბალტიის ქვეყნებში Waffen SS-ის საქმიანობა შეისწავლა, 1950 წლის 1 სექტემბერს გამოსცა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ბალტიის ქვეყნების SS გერმანიის SS-სგან განცალკევებით უნდა იყოს განხილული.

აშშ-ის დევნილთა კომისია: “ბალტიის Waffen SS-ი თავისი მიზნებით, იდეოლოგიით, აქტივობებითა და წევრობის კვალიფიკაციის მიხედვით გერმანიის SS-ისგან განცალკევებით და განსხვავებულად უნდა განვიხილოთ, შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ ისინი ამერიკის ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველ მოძრაობას არ წარმოადგენენ.”

"

წყარო: ლატვიის ეროვნული არქივი

1946 წელს ნიურნბერგის ტრიბუნალმა Waffen SS დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოაცხადა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეეხოთ მათ, ვინც ამ სამხედრო ორგანიზაციაში იძულებით გაწევრიანდნენ. გამონაკლისის ეს წესი სწორედ ლატვიისა და ესტონეთის ლეგიონის წევრებს შეეხოთ, რომლებიც ნიურნბერგის პროცესში ნაცისტ პატიმრებს დაჯარობდნენ, ასევე ბერლინის ბლოკადის დროს მოკავშირეების ობიექტებს იცავდნენ.

"

ბალტიელი მცველები პატრულირების დროს ნიურნბერგის ციხეში.
წყარო: DigitalCommons @ LSU Law Center

Eu vs. Disinformation-ის შეფასებით “ტყის ძმების” კლიპის წინააღმდეგ რუსული ტელევიზიებისა და პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული პროპაგანდა დეზინფორმაციის “4D”-ს კონცეფციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. რუსმა აქტორები არ ახსენებენ (dismiss) იმ ფაქტს, რომ საბჭოთა კავშირმა ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია მოახდინა, ამახინჯებენ (distort) ტყის ძმების ისტორიული სახე, ყურადღება გადააქვთ (distract) იმ ფაქტიდან, რომ NATO თავდაცვითი ალიანსია, რომლის ბალტიის ქვეყნებშიც წარმოდგენა სწორედ რუსული აგრესიის პირდაპირი შედეგია და შიშს თესავენ (dismay) მოწინააღმდეგისთვის ნაცისტობის დაბრალებით.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist