რუსული პირველი არხის მანიპულაცია უკრაინისათვის გადაცემულ სამხედრო დახმარებაზე

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

386
VIEWS

26 აგვისტოს რუსული პირველი არხის ფეისბუქ გვერდზე Новости Первого канала გამოქვეყნდა სიუჟეტი, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ს მიერ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი ადრესატამდე არ აღწევს. წყაროდ დასახელებულია პენტაგონის მოქმედი გენერალური ინსპექტორი შონ ო’დონელი და მის მიერ ამერიკული გამოცემა Bloomberg-ისთვის მიცემული ინტერვიუ. რუსული მედიის მიხედვით, ინტერვიუში ო’დონელმა აღიარა, რომ 100%-ით დარწმუნებით არ შეუძლიათ იმის თქმა, თუ სად ხვდება მათ მიერ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი, მათ შორის არც უკრაინელებს. სიუჟეტში მოყვანილია ნაწყვეტი ინტერვიუდან სადაც ო’დონელი ამბობს, რომ ნატოს ოფიციალური პირები თავდაჯერებულები არიან იმაში, რომ იარაღის გადაცემის დროს უსაფრთხოება საკმარისად იყო დაცული და რამდენადაც ამის თქმა შესაძლებელია, ყველაფერი, რისი გასროლა და აფეთქებაც უნდა მომხდარიყო გამოყენებაშია, თუმცა იქვე დაამატა, რომ ეს უნდა გადამოწმდეს აუდიტის მეშვეობით. სიუჟეტში მოყვანილ კიდევ ერთ ფრაგმენტში ო’დონელი ამბობს, რომ უკრაინის ოფიციალური პირები იარაღის მიღებას ხელით შედგენილ ფურცლებზე აფიქსირებენ და ეს ყველაფერი ქაღალდზეა, თუმცა არ მიაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც იარაღი უკრაინაში ჩადის, მათ იციან, საბოლოოდ სად ხვდება ის. სიუჟეტის მიხედვით, პენტაგონში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ საჭიროა შეისწავლონ იარაღის შავ ბაზარზე მოხვედრის ალბათობა. სიუჟეტში ნახსენებია ამ თემაზე ამერიკელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული დოკუმენტური მასალა, რომელიც, რუსული პირველი არხის მიხედვით, CBS-ის ეთერში აგვისტოში გავიდა და ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ აშშ-სა და ევროპის მიერ გამოყოფილი იარაღის დაახლოებით 70% უკრაინის შეიარაღებულ ძალებამდე არ მიდის და თითქოს შავ ხვრელში ქრება. სიუჟეტი რუსული პირველი არხის ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა.

Screenshot 1 5 რუსული პირველი არხის მანიპულაცია უკრაინისათვის გადაცემულ სამხედრო დახმარებაზე

რუსეთის პირველი არხის მიერ აშშ-ს მიერ უკრაინისათვის გაწეულ დახმარებაზე მომზადებული სიუჟეტი მანიპულაციურია. მასში მანიპულაციურად არის მოყვანილი შონ ო’დონელთან Bloomberg-ის ინტერვიუს მხოლოდ ის ნაწილები, სადაც შესაძლო დარღვევებზეა საუბარი და არაფერია ნახსენები ამავე სტატიაში ჩამოთვლილ პენტაგონის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე და გაუმჯობესებულ კონტროლის მექანიზმებზე. CBS-ის გამოძიება კი, რომელსაც სიუჟეტი ეყრდნობა, გამოქვეყნების შემდეგ შესწორდა. რესპონდენტმა, რომელიც დოკუმენტურ ფილმში უკრანის არმიისათვის იარაღის მიწოდების ეფექტიანობაზე საუბრობს, საკუთარი კომენტარი განმარტა და თქვა, რომ ის არმიის სხვადასხვა დანაყოფებს შორის დისტრიბუციის პრობლემებზე საუბრობდა და არა იარაღის მოპარვის ან დაკარგვის ფაქტებზე.

  • რა თქვა რეალურად პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმა?

Bloomberg-ის მიერ 25 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ პენტაგონის მთავარი ინსპექტორი შეისწავლის თაღლითობის, მარაგების შევსებისას დანაკარგების ან შავ ბაზარზე იარაღის მოხვედრის შესაძლო შემთხვევებს. ინტერვიუში პენტაგონის მოქმედი გენერალური ინსპექტორი შონ ოდონელი ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით 2.2 მილიარდ აშშ დოლარამდე ღირებულების 7 800 კონტრაქტი დაიდო ჯერ კიდევ მანამდე, სანამ აშშ უკრაინისთვის ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების გადაცემას დაიწყებდა, როგორიც HIMARS-ის რაკეტებია.

მისი გამოძიება ფოკუსირდება გასულ წლის შემდეგ აშშ-ს კონგრესის მიერ უკრაინისათვის გამოყოფილი 26.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარებაზე და შეისწავლის არა მხოლოდ პენტაგონის მიერ უკრაინისათვის გაწეული დახმარების აღრიცხვის სისტემის ეფექტიანობას, არამედ აშშ-ს და ნატოს მოკავშირეებს შორის ინფორმაციის გაზიარების, უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნის ეფექტიანობას და იარაღის შავ ბაზარზე მოხვედრის შესაძლო შემთხვევებსაც.

რუსული პირველი არხის მიერ მოყვანილი ციტატების გარდა სტატიაში აღნიშნულია, რომ იარაღის მონიტორინგისათვის პენტაგონს დეტალური ზომები აქვს გაწერილი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ თავად პენტაგონს, არამედ აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპულ სარდლობას და კიევში თავდაცვის ახალი ატაშეს ოფისს. როგორც Bloomberg-ის მასალაშია აღნიშნული, ო’დონელის გუნდი გერმანიაში ივნისში იმყოფებოდა და ეს საკითხი ევროპული სარდლობის ოფიციალურ პირებთან განიხილა.

ო’დონელის თქმით, კოვიდ პანდემიამ აჩვენა, რომ როდესაც თავდაცვის დეპარტამენტში ხარჯების სიჩქარე იზრდება, ასევე იზრდება თაღლითობის ალბათობა და როგორც ავღანეთსა და ერაყში ჩატარებულმა გამოძიებებმა აჩვენა, აუცილებელია ეფექტიანი აღრიცხვის განხორიცელება. მისი თქმით, ახლა მონაცემების ანალიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც აუდიტორებთან და გამომძიებლებთან ერთად მუშაობენ, უფრო მდიდარ მონაცემებს აგროვებენ და უფრო ღრმად იძიებენ კონტრაქტის დადების პროცესისას თაღლითობის ან სხვა კანონდარღვევის შესაძლო ნიშნებს.

Bloomberg-ის ინტერვიუს ის ნაწილები, სადაც ო’დონელი კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებაზე საუბრობს რუსული პირველი არხის სიუჟეტში ვერ მოხვდა და მასში მანიპულაციურად არის ამოღებული მხოლოდ ის ნაწილები, სადაც მთავარი ინსპექტორი შესაძლო დარღვევებზე საუბრობს.

  • რა შესწორება შევიდა CBS-ის მასალაში?

CBS-ის გამოძიება, რომელსაც რუსული პირველი არხი ეყრდნობა, 4 აგვისტოს გამოქვეყნდა. მასში სხვადასხვა ექსპერტზე და უკრაინისათვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაში ჩართული ორგანიზაციებისა თუ კომპანიების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ნათქვამი იყო, რომ სავარაუდოდ  ქვეყნისათვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ნაწილი შესაძლოა ადრესატამდე ვერ აღწევდეს. თუმცა, რუსულ სიუჟეტში ნათქვამი არ არის, რომ 7 აგვისტოს მასალაში შესწორება შევიდა. რედაქტორის შენიშვნის მიხედვით, სტატიაში შესწორება შევიდა, რათა ასახულიყო ცვლილება, რაც აპრილში CBS-ის მიერ დოკუმენტური ფილმის გადაღების შემდეგ მოხდა. ერთ-ერთი რესპოდენტი, ჯონას ოჰმანი, რომელიც ლიეტუვური ორგანიზაცია Blue-Yellow-ს დამაარსებელია და უკრაინის არმიის არა-ლეტალური სამხედრო დახმარებით მომარაგებაში მონაწილეობს, აპრილში ვარაუდობდა, რომ საზღვარზე გადატანილი მარაგის მხოლოდ 30-40% აღწევდა საბოლოო დანიშნულების ადგილამდე. ცვლილების მიხედვით, ოჰმანი ამბობს, რომ მას შემდეგ სიტუაცია გაცილებით გაუმჯობესდა და ახლა ბევრად უფრო დიდი რაოდენობის მარაგი აღწევს დანიშნულების ადგილამდე.

ოჰმანმა დოკუმენტურ ფილმში მის განცხადებებზე განმარტება გააკეთა Euromaidanpress-თანაც. ოჰმანის თქმით, მისი განცხადება, რომ დანიშნულების ადგილს სამხედრო დახმარების მხოლოდ 30% აღწევდა არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი ნაწილი ქრებოდა.

ჯონას ოჰმანი: “მე არასდროს მიგულისხმია, რომ დახმარების ნაწილი მოიპარეს ან დაიკარგა. ეს სიტყვები კონტექსტიდანაა ამოღებული. ეს არ მითქვამს და არ მიგულისხმია. მე ვთქვი, რომ ომის მეორე თვეს, აპრილში, მხარდაჭერის ეფექტიანობა დაახლოებით 30-40% იყო, ჩემი შეფასებით. შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითი. ვიცი ბევრი შემთხვევა, როდესაც იარაღი მიეწოდათ არა ფრონტის ხაზზე მყოფ ადამიანებს, არამედ სხვა დანაყოფებს. დისტრიბუციის პრობლემა იყო. რა თქმა უნდა, ის ყველს სჭირდება, მაგრამ ვინ უნდა მიიღოს პირველმა?”

გარდა ამისა, შესწორებაში ასახულია ის ფაქტიც, რომ აგვისტოდან კიევში მუშაობდა დაიწყო აშშ-ს თავდაცვის ატაშემ, ბრიგადის გენერალმა გარიკ ჰარმონმა, რომელიც იარაღის კონტროლსა და მონიტორინგზე იქნება პასუხისმგებელი. რედაქტორის შენიშვნაში ნათქვამია, რომ ეს შესწორებები დოკუმენტურ ფილმშიც აისახება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, რომელმაც CBS-ის ფილმი გამოსვლის შემდეგ მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო გააკრიტიკა, აღნიშნა, რომ შესწორება მისასალმებელი პირველი ნაბიჯია, თუმცა საკმარისი არაა, რადგან უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელებით გამოცემა აზიანებს ნდობას სამხედრო დახმარების მიწოდების კუთხით იმ ქვეყნისათვის, რომელიც ებრძვის აგრესიას და გენოციდს. კულებას თქმით, საჭიროა ჩატარდეს შიდა გამოძიება, რათა გაირკვეს ვინ დაუშვა მსგავსი რამ და რატომ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ შავ ბაზარზე იარაღის გავრცელების შესახებ ბრალდებები რუსული პროპაგანდის ნაწილია და მისი მიზანია შემცირდეს უკრაინის მხარდაჭერა. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულება ომის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში არ არსებობს.

Ukrinform-თან საუბარში იარაღის კონტრაბანდის შესახებ სპეკულაციას რუსული დეზინფორმაცია უწოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მთავარმა სპიკერმა პიტერ სტანომაც.

პიტერ სტანო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სპიკერი: “ევროკავშირის გადმოსახედიდან, რუსულ პროპაგანდას რეგულარულად აქვს მსგავსი მცდელობები. ყველა ინფორმაცია, რაც კრემლიდან ან რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან მოდის, მხოლოდ მასობრივი პროპაგანდა და ტყუილებია. უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის პარალელურად, რუსეთი ინტენსიური დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს როგორც უკრაინის, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგ და ცდილობს გაამართლოს საკუთარი დანაშაულებრივი თავდასხმა უკრაინაზე, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება მთელ მსოფლიოში და ფაქტებით იმანიპულიროს”.

მისივე თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებს არ აქვთ არანაირი მიზეზი არ ენდონ უკრაინის მთავრობას.

პიტერ სტანო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სპიკერი: “ჩვენ შევქმენით მონიტორინგის და კონტროლის მექანიზმები, რათა უზრუნველვყოთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებული აღჭურვილობა შესაბამისად იქნება გამოყენებული. ჩვენი დახმარება გადის მკაცრ კონტროლს და დაცვით მექანიზმებს, მათ შორის მაშინაც, როდესაც ის უკვე გადაცემული ადრესატისთვის. ეს გულისხმობს ამ აღჭურვილობის გამოყენების მონიტორინგს, რა დროსაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ნორმები და ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კანონების დაცვა, ასევე რეგულარულად შემოწმება და ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია ტექნიკა, როდესაც პირობები ამის საშუალებას იძლევა”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist