Eu vs. Disinfo-ს და Polygraph Info-ს მიხედვით
კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვის საკითხების შესახებ დასავლურ პოლიტიკურ სივრცეში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს, პრორუსული მედია კი ცდილობს ეს დისკუსია დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული კონსპირაციების შესაქმნელად გამოიყენოს.
კონსპირაცია N1: გარემოს დაცვის საკითხებს დასავლეთი კონკურენტების ჩამოსაშორებლად იყენებს
Sputnik Abkhazia, Uzbekistan Sputnik და Ria.ru ამ კონსპირაციას 2019 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ ერთსა და იმავე შინაარსის სტატიებში ავითარებენ, სადაც ამტკიცებენ, რომ დასავლეთი პოპულარულ ეკოლოგიურ საპროტესტო მოძრაობებსა და ცნობილ სახეებს პოლიტიკური პროპაგანდისა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად იყენებს, შემდეგ კი გარემოს დაცვის საბაბით მკაცრი რეგულაციების შემოღებას ითხოვს, რათა მის მეტოქეებს განვითარებაში ხელი შეუშალოს. გამოცემების მიხედვით, თავად დასავლეთმა განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე გაიარა, ახლა კი გარემოს დაცვის თემატიკის მომიზეზებით ცდილობს სხვა ქვეყნებს განვითარების ანალოგიური გზის გავლაში დაბრკოლებები შეუქმნას.
კონსპირაცია N2: კლიმატის ცვლილების საკითხის გამოყენებით დასავლეთი რუსეთისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას ცდილობს
Stoletie.ru 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ სტატიაში ავითარებს თეორიას, რომ დასავლეთში ტერმინ “გლობალურ დათბობას” უფრო ნაკლებად იყენებენ და უპირატესობას “კლიმატი ცვლილებას” ანიჭებენ. გამოცემის მტკიცებით, ამ გზით ქვეყნებს უფრო იოლად დაითანხმებენ, რომ გარემოს დაცვის სტანდარტების განმსაზღვრელ ხელშეკრულებებს, კიოტოს პროტოკოლსა და პარიზის შეთანხმებას შეუერთდნენ. ამ პოლიტიკის საბოლოო სამიზნე კი რუსეთია, რომელსაც დიდი თანხის გადახდა მოუწევს და ამგვარად დასავლეთი მის ფინანსურ და ეკონომიკურ გაკონტროლებას შეძლებს. ამის მსგავსად, TvZvezda.ru 2019 წლის ნოემბერში მომზადებულ გადაცემაში ამტკიცებს, რომ დასავლეთი პროპაგანდის იარაღად იყენებს გრეტა თუნბერგს და მის საპროტესტო მოძრაობას, რათა რუსეთს ეკონომიკურ განვითარებაში ხელი შეუშალოს.
კონსპირაცია 3: გლობალური დათბობის თეორია ბანკირმა დევიდ როკფელერმა შეთხზა, რადგან დასავლეთს და მის მოკავშირეებს ნავთობის ბაზარზე სრული კონტროლი არ ჰქონდათ და მისი ელექტროენერგიით ჩანაცვლება გადაწყვიტეს
2019 წლის აგვისტოში რუსეთში ბაზირებული Oriental Review-ს სტატიაში მასშტაბური კონსპირაციაა განვითარებული. ავტორის მტკიცებით, ებრაული წარმოშობის ბანკირების ოჯახს, როტშილდებს, ახლო აღმოსავლეთში ებრაული სახელმწიფოს დაარსება აქ არსებული ნავთობის საბადოების ხელში ჩასაგდებად სურდათ. 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნამ მათი გეგმის პირველი ნაწილი სისრულეში მოიყვანა. თუმცა, 1973 წელს ნავთობის ბაზარზე კრიზისმა ფასების რადიკალური ზრდა გამოიწვია, რის შემდეგაც აშშ-მა, მისმა მოკავშირე ქვეყნებმა და ბანკირებმა გააცნობიერეს, რომ ნავთობის ბაზრის სრულად გაკონტროლებას ვერ შეძლებდნენ, ამიტომ მის ალტერნატივად ელექტროენერგიის ქცევა გადაწყვიტეს. სწორედ ამ მიზნით ბანკირმა დევიდ როკფელერმა შეთხზა გლობალური დათბობის თეორია, რომელსაც თითქოს ნავთობის წვის შედეგად გამოყოფილი CO2-ის ატმოსფეროში დაგროვება იწვევდა.
კონსპირაციებს არა მარტო მედია საშუალებები, არამედ კრემლის ოფიციალური წარმომადგენლებიც ავრცელებენ
რუსმა პარლამენტარმა ალექსეი ჟურავლიოვმა 2019 წლის ზაფხულთან დაკავშირებით გადაცემა “60 წუთის” ეთერში განაცხადა, რომ მაღალი ტემპერატურა მეტისმეტად უცნაური და წარმოუდგენელი იყო და შესაძლებელია აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ კლიმატური იარაღის გამოყენების შედეგი ყოფილიყო, რადგანაც აშშ-მა არ იცის, როგორ მოერიოს რუსეთის სამხედრო უპირატესობებს.