2018 წლის 7 თებერვალს ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “მაპატიე, მუსტაფა!”, რომელშიც ნათქვამია, თითქოს ევროპელი ქალები ფლეშმობით #sorry მათზე მოძალადე მიგრანტებს მიტევებას სთხოვენ. Geworld-ი ციტირებს ბრიტა ბორგს, რომელიც გამოცემის ვერსიით, აქციის ორგანიზატორია. მასალას ასევე თან ახლავს ქალის ფოტო, რომელსაც ხელში უჭირავს ბანერი წარწერით “Sorry Mustafa.”
Geworld.ge: “ევროკავშირის ქვეყნებში პოპულარობას იხვეჭს ფლეშმობი #Sorry, რომელიც 30 იანვარს სოციალურ ქსელებში გაავრცელეს გერმანელმა, შვედმა, დანიელმა და სხვა ქვეყნების ქალებმა. აქციის მიზანია ევროპელი ქალების მონანიება ლტოლვილების წინაშე გარყვნილი საქციელისა და სამოსის გამო, რომლებმაც უბიძგეს მიგრანტებს ქალებზე სექსუალური ძალადობისკენ.”
“საქართველო და მსოფლიოს” მიერ გამოქვეყნებული ფოტო მანიპულაციურია, რადგან ორიგინალ ფოტოზე უკრაინელი ქალია ასახული, წარწერით “გცივა? იფიქრე მათზე, ვინც სანგრებში სძინავს” და არა “მაპატიე, მუსტაფა!” ფლეშმობი #sorry კი სოციალურ ქსელებში არ იძებნება.
- ფეისბუქში, ტვიტერსა და ინსტაგრამზე ჰეშთეგით Sorry მსგავსი შინაარსის ფლეშმობი არ იძებნება
2. ბრიტა ბორგი შვედი მომღერალია, რომელიც 2010 წელს გარდაიცვალა
ბრიტა ბორგი, რომელსაც Geworld-ი ფლეშმობის ორგანიზატორობას მიაწერს, სინამდვილეში შვედი მომღერალია, რომელიც 2010 წელს გარდაიცვალა. ბრიტა ბორგის პიროვნება Stopfake.org-მაც გადაამოწმა, რომელმაც დაადგინა, რომ ბირტა ბორგის მიერ რაიმე ტიპის ფლეშმობის ორგანიზება არსად იძებნება.
3. ფოტო 2014 წელს უკრაინაში უკრაინელი სამხედროების შესახებ კამპანიის ფარგლებშია გადაღებული
ფოტოზე გამოსახული ქალის იდენტობა tvrain-მა findface.ru-ს მეშვეობით გადაამოწმა, რომელიც სახეებისა და პიროვნებების იდენტიფიცირებას რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით ახდებს. Tvrain-ის ინფორმაციით, ფოტო უკრაინაში 2014 წელს არის გადაღებული, ხოლო მასზე გამოსახული ქალი უკრაინელია, რომელიც უკრაინელი სამხედროების მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში მონაწილეობს. ორიგინალ ფოტოზე კი ბანერზე შემდეგი წარწერაა: “გცივა? იფიქრე მათზე, ვიც სანგრებში ზის.” კამპანიის მონაწილეები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის თბილ ტანსაცმელს აგროვებდნენ.
4. ფლეშმობი #sorry რუსული მედიის მოგონილია
ინფორმაცია ევროპელი ქალების აქცია #sorry-ს შესახებ რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში 2018 წლის 1 თებერვლიდან გამოჩნდა. ყალბი ინფორმაცია ფოტომანიპულაციით ისეთმა რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს, როგორიცაა 360tv.ru, Новые Известия, panorama.pub,e-news.su და სხვა. გამოცემა e-news.su-ს სლოგანი კი შემდეგი სლოგანი აქვს: “გადავარჩინოთ დონბასელი ხალხი კიევის ნაცისტური არმიისგან”-აა.