რუსული მედიის და პოლიტიკოსების კონსპირაციები სკრიპალის მოწამვლის შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

sputnik12345
234
VIEWS

2018 წლის 4 მარტს რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალეპტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, აღნიშნული ნივთირება რუსეთში დაამზადეს, რის შემდეგაც მან რუსეთთან მაღალ პოლიტიკურ დონეზე დიალოგი შეწყვიტა, ასევე გააუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ბრიტანეთში მოწვევა.  პარალელურად კრემლისტურ მედიაში სკრიპალის მოწამვლის შესახებ შეთქმულების თეორიები გამოჩნდა, რომლებიც სკრიპალის მოწამვლაში ბრალს დასავლეთს სდებს.

1. სკრიპალი ბრიტანეთმა რუსეთის დისკრედიტაციის მიზნით მოწამლა

რუსულ და კრემლისტურ მედიაში ყველაზე გავრცელებული გზავნილი იყო, თითქოს სკრიპალი თავად ბრიტანეთის უშიშროების სამსახურმა მოწამლა. მაგალითად, 8 მარტს საერთაშორისო სპუტნიკმა გამაოქვეყნა მასალა სათაურით “ვინ იგებს ბრიტანეთში რუსეთიდან გადასახლებაში მყოფის მოწამვლით?” სპუტნიკის სტატია ავრცელებს გზავნილს, თითქოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პუტინის დისკრედიტაციისთვის სკრიპალის მოწამვლა მხოლოდ ბრიტანეთის ინტერესებში შედიოდა.

"

სპუტნიკი: “ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ამ თვეში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. რა არის იმაზე უკეთესი გზა, ჩირქი მოსცხოს ვლადიმირ პუტინის მოსალოდნელ გამარჯვებას, ვიდრე ბრიტანეთის მიწაზე რუსეთის აგენტის მოწამვლაში კრემლის დადანაშაულება?”

იმავე სტატიაში სპუტნიკი ლიტვნიკენკოს მოწამვლის საკითხსაც ეხება და აღნიშნავს, რომ “შესაძლოა ლიტვინენკო შემთხვევით მოიწამლა, ორგანიზებულ დანაშაულთან და პოლონიუმით საერთაშორისო თაღლითობასთან კავშირის შედეგად.”

სკრიპალის შესახებ აღნიშნული გზავნილი სპტუნიკის საერთაშორისო ბიურომ კიდევ არაერთ პუბლიკაციაში გაიმეორა.

""

ბრიტანეთის დადანაშაულებაში სპუტნიკს არც RT ჩამორჩება. რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული RT-ც სკრიპალის მოწამვლაში ბრიტანეთის თანამონაწილეობასა და ინტერესებზე წერს. 15 მარტის პუბლიკაციაში RT ФСБ-ს ყოფილი აგენტის ვლადიმირ მიხაილოვის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ბრიტანეთის დაზვერვამ რუსული ნერვული ნივთიერების ფორმულის მოდიფიცირება მოახდინა და ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.

"

2. ნერვული ნივთიერების წარმომავლობა. “რატომ მხოლოდ რუსეთი?”

აშშ, საქართველო, უკრაინა – ეს ის ქვეყნებია, რომლებიც, კრემლისტური მედიისა და რუსი პოლიტიკოსების აზრით, შესაძლოა, ნერვული ნივთიერების მწარმოებელი ქვეყნები იყვნენ. საქართველო და უკრაინა ამ სიაში იმ ნიშნით მოხვდა, რომ აქ საზოგადოებრივი კვლევითი ცენტრები ფუნქციონირებენ. საქართველოში მოქმედი რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრი რუსული შავი პროპაგანდის სამიზნე არაერთხელ გამხდარა.

ამჯერად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ტელეარხ Zvezda-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელთან ფრანც კლინცევიჩთან, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ბრიტანეთში მომწამლავი ნივთიერება საქართველოდან ან უკრაინიდან მოხვდა.

"

თუმცა რუსული პროპაგანდა მხოლოდ საქართვლოსა და უკრაინაში მდებარე ლაბორატორიებს არ ადანაშაულებს. სპუტნიკ საქართველოს რუსულ-ენოვან ვებ-გვერდზე 16 მარტს გამოქვეყნდა სტატია სათაურით “სკრიპალის იდუმალი მოწამვლა: რას მალავს ბრიტანული ლაბორატორია Porton Down,” რომელშიც სპუტნიკი ქალაქ სოლსბერისთან არსებულ ლაბორატორიას დაავადებების გავრცელებასა და ადამიანებზე ექსპერიმენტებში სდებს ბრალს.

"

სკრიპალის მოწამვლაში აშშ-ის როლზე არაპირდაპირ მიუთითებს სპუტნიკის 15 მარტის პუბლიკაცია სათაურით “აშშ-ის 1999 წლიდან ჰქონდა წვდომა იმ ნივთიერებასთან, რომელიც სავარაუდოდ სკრიპალის მოწამვლისთვის გამოიყენეს”, ხოლო აშშ-ს ბრალს პირდაპირ სდებს მოსკოვში დაფუძნებული ორგანიზაციის “პოლიტიკური კვლევების ცენტრი” ხელმძღვანელი სერგეი მაკროვი ალ-ჯაზირასთან ინტერვიუში.

მაკროვი: ნოვიჩოკი [მომწამვლელი ნივთიერება] საბჭოთა დროს უზბეკეთში იწარმოებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც ვიცით, ქარხანასთან წვდომა აშშ-ის დაზვერვის სამსახურს ჰქონდა. ამერიკული და ბრიტანული დაზვერვა ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მე 100 %-ით დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანელებმა ნოვიჩოკის ნერვული ნივთიერება მათგან [ამერიკელებისგან] ამ პროვოკაციისთვის მიიღეს.”

"

3. “რუსოფობია” და “ანტი-რუსული პროპაგანდა”

რუსულ მედიაში სკრიპალის საქმის განხილვას “რუსოფობიის” გარეშე არ ჩაუვლია. “რუსოფობია” და “რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულება” კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი ნარატივია. მაგალითად, Rossia 24-ის ეთერში, გადაცემა “60 წუთში” რუსეთის დუმის დეპუტატმა ვიაჩესლავ ნიკოლოვმა სკრიპალის მოწამვლა სწორედ “რუსოფობიად” შეაფასა.

ნიკოლოვი: “ეს რუსოფობია კოცონია, რომელსაც ყოველთვის რაღაც უნდა შეუნთო, რაღაც ფაქტები. ამერიკაში, ბრიტანეთში ახალი ამბები ხომ დიდ ხანს ვერ ცოცხლობს. ცოცხლობს მხოლოდ ის ამბები, რომლებიც ნელ სიკვდილს უკავშირდება. აი მაგალითად, ლიტვინენკო მოწამლეს, ნელი მოქმედების შხამით. ამ ამხანაგსაც [სკრიპალი] წამლავენ ნელი მოქმედების შხამით, რათა სურათი დიდ ხანს შენარჩუნდეს.”

ამ კამპანიაში Rossia 24-ს სპუტნიკიც შეუერთდა და სკრიპალის მოწამვლა ანტი-რუსულ პროპაგანდად შეაფასა. სპუტნიკი განსაკუთრებით აღაშფოთა ბრიტანულ მედიაში სკრიპალისა და ლიტვინენკოს საქმეების შედარებამ.

სპუტნიკი: “სერგეი სკრიპალისა და ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმეებს შორის რეალური მსგავსება არის ის ცინიკური მეთოდი, რომლითაც ამ საკითხს ბრიტანეთის ხელისუფლება ანტი-რუსული პროპაგანდისთვის იყენებს.”

4. დასავლეთს სანქციების “გამართლება” სურს

კიდევ ერთი კონსპირაცია, რომელიც რუსული მედიის ეთერით გაჟღერდა იყო ის, თითქოს დასავლეთს სკრიპალის მოწამვლა “სანქციების” გამართლებისთვის სჭირდებოდა. ამ გზავნილს რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან რუსეთის დუმის დეპუტატი და ლიტვინენკოს მოწამვლაში მთავარი ეჭვმიტანილი ანდრეი ლუგავოი ავრცელებს.

ლუგავოი: “”ყველა ეს პროვოკაცია შიდა მოხმარებისთვისაა. ისინი ვალდებულები არიან, საკუთარ მოქალაქეებს აუხსნან თუ რატომ აწესებენ სანქციებს, რატომ გამოჰყავთ რუსები სულელებად, და საერთოდ, ეს ვაკჰანალია რატომ გრძელდება მასმედიის ყველა სივრცეში.”

სკრიპალის მოწამვლის საკითხის გაშუქება Sputnik საქართველოს მიერ

როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, სპუტნიკის საერთაშორისო ბიურო სკრიპალის მოწამვლის შესახებ შეთქმულების თეორიების გავრცელების ავანგარდში იდგა, თუმცა Sputnik საქართველო ამ თემის შესახებ დუმს. Sputnik საქართველოს ქართულენოვან ვებ-გვერდზე სკრიპალის შესახებ არცერთი ჩანაწერი იძებნება. მისი მოწამვლის შესახებ ინფორმაციის ამოკითხვა შესაძლებელია ერთადერთ პუბლიკაციაში, რომელიც ბერეზოვსკის კომპანიონის მკვლელობას ეხება. ისიც მხოლოდ შემდეგი ფორმულირებით:

სპუტნიკ საქართველო: სახელმწიფო ღალატში მსჯავრდებული რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ექს-პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს უგონო მდგომარეობაში სოლსბერიში იპოვეს. ბრიტანული მთავრობის მონაცემებით, ისინი თითქოსდა რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

"

თუმცა რადიკალურად განსხვავებული სურათია სპუტნიკ საქართველოს რუსულენოვან ვებ-გვერდზე, სადაც სკრიპალის მოწამვლის შესახებ 17 ჩანაწერი იძებნება. მათგან უმეტესობის სათაური პროპაგანდისტულია. სათაურებსა და თავად ტექსტებში ვხვდებით ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “აშშ-ის კარნახი”, “რუსეთის შეშინების მცდელობა”, “მესამე მსოფლიო ომი”, “იდუმალებით მოცული მოწამვლა”, “სერიოზული პროვოკაცია”.

"


სტატიაში გამოყენებულია DFR LAB-ისა და EU vs. Disinfo-ს მასალები

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist