2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო კრემლის გავლენის მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადი გახდა, რასაც შიდა პრობლემების კომბინაციამ – უკიდურესად პოლარიზებულმა გარემომ, მყიფე დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა ორაზროვანმა საგარეო პოლიტიკამ შეუწყო ხელი.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, მიერ 8 ოქტომბერს გაკეთებულმა განცხადებამ, რომ თბილისისთვის «ძალიან რთული» იქნება რეგიონული თანამშრომლობის ე.წ ‘3+3 პლატფორმის’ წევრობა (რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო), თუმცა ქვეყანა რეგიონულ პროცესებს არ უნდა ჩამორჩეს,” საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების შესაძლებლობაზე გააჩინა ეჭვები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მედია ზალკალიანის სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა (სამინისტრომ მიუთითა ზალკანიანის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ხაზგასმულია, რომ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა წითელ ხაზებს წარმოადგენს), საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გაკეთებული მისი თავდაპირველი კომენტარი ცხადყოფს, რომ „ძირითად გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ფორმატებში“ საქართველოს ჩართულობაზე მინისტრის სიტყვებმა მოსახლეობაში ნიადაგის მოსასინჯად საფუძველი შექმნა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს ერთი დღით უსწრებდა მისი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის რეკომენდაცია, რომ საქართველომ რეგიონული თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს. ირანელი დიპლომატის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მოსკოვში ვიზიტისას, ლავროვმა დაადასტურა რუსეთის სურვილი, რომ საქართველომ „მიუხედავად არსებული პრობლემებისა, დაინახოს საკუთარი ფუნდამენტური ინტერესი კონსულტაციების მექანიზმში ჩართვასთან დაკავშირებით და მიიღოს გადაწყვეტილება ამ რეგიონის დაჩქარებული განვითარებისთვის, რაც მიმდინარე კონფლიქტების გამო დიდი ხნის განმავლობაში იყო შეჩერებული.“ 3+3 ფორმატი, რომელიც თავდაპირველად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა 2020 წელს მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული ექვსკვირიანი ომის დასრულების შემდეგ გააჟღერა, რეგიონულ ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. მოცემულ პლატფორმას მისი ანტიდასავლური ხასიათის გამო მკაცრად აკრიტიკებენ. გარდა იმისა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გამო, ‘3+3 ინიციატივა’ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ოკუპანტთან თანამშრომლობის ნებისმიერი ფორმა ძირს უთხრის საქართველოს პოზიციას, საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი დაიცვას.
ფორმულას – ჯერ დეოკუპაცია და შემდეგ დიალოგი – მტკიცედ ეწინააღმდეგებიან კრემლის ქართველი სატელიტები (პოლიტიკური პარტიები: პატრიოტთა ალიანსი, ერი, კონსერვატიული მოძრაობა; მედია: ალტ-ინფო, ტვ ობიექტივი; და პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი), რადგან ისინი რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს ემხრობიან და ეწინააღმდეგებიან ჟენევის საერთაშორისო ფორმატს, სადაც მედიატორებად საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები გვევლინებიან. საერთაშორისო პარტნიორების გარეშე აგრესორ სახელმწიფოსთან პირისპირ დარჩენა ზრდის იმის რისკს, რომ კრემლმა საკუთარი თავი კონფლიქტის მხარეებს (ქართველები, აფხაზები და ოსები) შორის შუამავლად წარმოაჩინოს და ტერიტოირიების ოკუპაციაზე პასუხისმგებლობა კვლავ თავიდან აირიდოს.
2020 წელს მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განახლების ფონზე, კრემლის მხარდამჭერი მედია, ერთი მხრივ, ხაზს უსვამდა რუსეთის განსაკუთრებულ როლს კონფლიქტის დარეგულირებაში და, მეორე მხრივ, რეგიონში თურქეთის გაძლიერებული გავლენის პრობლემატურობაზე მიანიშნებდა. კრემლის ქართველი სატელიტები ასევე ამტკიცებდნენ, რომ თურქეთის შეკავება და საქართველოს თურქული ექსპანსიისგან დაცვა მხოლოდ რუსეთს შეუძლია.
‘3+3’ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის გარდა, საქართველოს მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მიღებული რიგი გადაწყვეტილებების გამოც გააკრიტიკეს, კერძოდ: ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს (KGB) შორის დადებული პრობლემური შეთანხმება, მაშინ, როდესაც 2020 წლის აგვისტოს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები მოქმედებს. ბ) მმართველი გუნდის გამოსვლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან, რომელიც ოქტომბრის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის არჩევნებამდე გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ისახავდა მიზნად. გ) თბილისის უარი ევროკავშირის 75 მილიონი ევროს პირობითი სესხის აღებაზე სასამართლო რეფორმების შეუსრულებლობის საპასუხოდ ევროკავშირის მიერ ფინანსური დახმარების შეწყვეტის საფრთხის საპასუხოდ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა კრემლისტურმა და ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა პრემიერ-მინისტრის მზარდი დამოუკიდებლობის დემონსტრირებად აღქივეს, რაც დასავლეთის ზეწოლაზე წინააღმდეგობის გაწევის უნარში გამოიხატებოდა. პრემიერ-მინისტრის მტკიცე პოზიციამ თურქული ინვესტიციებით ნამახვანჰესის მშენებლობის შეწყვეტის თაობაზე, ასევე განცხადებამ, რომ „ღირსების მარში“ „არამიზანშეწონილი“ იყო და მოსახლეობის უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება, რადიკალ და კრემლისტურ ჯგუფებში ქსენოფობიური და ჰომოფობიური დისკურსები კიდე უფრო წაახალისა.
Tbilisi Pride-ის საწინააღმდეგო აქციამ, რასაც შედეგად 53 ჟურნალისტის, ოპერატორის და ფოტოგრაფის დაშავება და მათი ჟურნალისტური საქმიანობის შეფერხების მიზნით აღჭურვილობის განზრახ დაზიანება მოჰყვა, ულტრამემარჯვენე ჯგუფებისთვის და კრემლის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა. ლევან ვასაძე, რომელმაც 2021 წლის მაისში პოლიტიკური პარტია „ერთობა, რაობა, იმედი“ (ერი) დააფუძნა და მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ოჯახთა მსოფლიო კონგრესთან (WCF) და ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელთან, ულტრამემარჯვენე ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინთან, “Tbilisi Pride”-ის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორთა შორის იყვნენ ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ წამყვანები, რომლებიც ასევე დაკავშირებული არიან ვასაძესა და მის პარტიასთან და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სიძულვილის გაღვივებასა და აგრესიის, როგორც პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის სტანდარტის კულტივირებაში.
“ალტ-ინფოს” წამყვანები, რომლებიც მოქალაქეებს დასავლური სიმბოლოების დაზიანებისკენ და ევროკავშირის დროშების დაწვისკენ მოუწოდებდნენ, ღიად საუბრობდნენ საკუთარ განზრახვაზე, რომ მათი მიზანი ევროინტეგრაციის პარალიზება და „დასავლელი კოლონიზატორების“ წინააღმდეგ პროტესტის პოლიტიკურ მოძრაობად გადაქცევა იყო. ალექსანდრ დუგინის მიერ მხარდაჭერილი ეს ჯგუფი, ღიად აცხადებდა, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და ლიბერალიზმის ქრისტიან-კონსერვატიზმით ჩანაცვლებას გულისხმობდა, რაც სახელმწიფოს „დედა ეკლესიასთან“ ერთად მართვას მოიაზრებდა. საკუთარი მიზნების მისაღწევად ეს აქტორები ხაზს უსვამენ, რომ საინფორმაციო ველის იმ მედია საშუალებებისგან გაწმენდის აუცილებლობას, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევიან.
აღსანიშნავია, რომ 20 ნოემბერს “ალტ-ინფომ” ახალი პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ჩამოაყალიბა. ახლადშექმნილმა პარტიამ მკაფიოდ ანტილიბერალური დღის წესრიგი შეიმუშავა, რაც ისეთი პოლიტიკური ძალის შექმნას გულისხმობს, რომელიც ქართველი ხალხის და მართლმადიდებლური «დედა ეკლესიის» ინტერესებს გაატარებს და უყოყმანოდ დაიწყებს პირდაპირ დიალოგს რუსეთის ფედერაციასთან.
ამასთან, 2021 წელს “ალტ-ინფოს” ყოფილი წამყვანი და კონსერვატიული მოძრაობის მოქმედი გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა, მოსკოვში იმყოფებოდა. ეს არ იყო რუსეთში ქარდავას სტუმრობის პირველი შემთხვევა. 2021 წლის სექტემბერში ქარდავა, როგორც პოლიტიკური მოძრაობა „ალტერნატივა საქართველოსთვის“ მაშინდელი აღმასრულებელი თავმჯდომარე, საქმიანი ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა, რათა მისი ორგანიზაციის წევრებსა და რუს მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრები გაემართა.
ახლადდაარსებული პარტია „ერის” გარდა, კრემლის მხარდამჭერი კიდევ ერთი პარტია – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – გასული წლების მსგავსად, რუსეთისთვის ხელსაყრელი საკითხების წამოწევით იყო დაკავებული, კერძოდ, ეს მოიცავდა: საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტს; ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატის უგულებელყოფას და კონფლიქტების რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გზით დასავლეთის ჩარევის გარეშე მოგვარებას; გამოიკვეთა მიზანმიმართული კამპანია აშშ-ის კვლევითი ინსტიტუტების წინააღმდეგ, თანმხვედრი გზავნილებით, რომლებიც ამკვიდრებდნენ მოსაზრებას, რომ აშშ-ში განვითარებული შიდა მოვლენებისა და პრეზიდენტ ტრამპის არჩევნებში დამარცხების გამო, ამერიკას სხვა ქვეყნებისთვის ჭკუის სწავლების მორალური უფლება არ ჰქონდა.
რომ შევაჯამოთ, საქართველოში რუსული პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. კერძოდ, შეთავაზებულ „3+3“ თანამშრომლობის ფორმატზე საქართველოს ხელისუფლების ორაზროვანმა პოზიციამ საბაბი მისცა ადგილობრივი კრემლის მხარდამჭერ აქტორებს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობიაზე ადვოკატირება განეახლებინათ. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ გაძლიერებულმა თურქულმა გავლენამ ახალ პოლიტიკურ ნარატივებს დაუდო სათავე, რომლებიც რუსეთს “თურქული ექსპანსიონიზმის” წინააღმდეგ ერთადერთ მნიშვნელოვან ძალად წარმოაჩენდნენ. გარდა ამისა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა საეჭვო პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა, კერძოდ, ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარმა, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლამ და ბელარუსის ხელისუფლებასთან თანამშრომლობამ, კიდევ უფრო შეუწყო ხელი რუსეთის ფედერაციის ინტერესების გატარებას, რომ აღარაფერი ვთქვათ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე, რომლსაც ღიად პრორუსული ჯგუფები საზოგადოებაში ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად და პოლიტიკურ მოძრაობებად ტრანსფორმაციისთვის ეფექტიანად იყენებდნენ.
კვლევა “რუსული და ჩინური გავლენები საქართველოში – 2021 წლის განახლება”, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორიასთან (DFRLab), სამოქალაქო იდეასთან (CI) და საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან (GRASS) ერთად მოამზადა ხელმისაწვდომია აქ.
ანგარიში მომზადდა ორწლიანი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პრაღაში დაფუძნებული უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრი (EVC) საქართველოში.