რუსული დიპლომატიის გადარჩენილი ბილი სიქსი ბათუმში ცარიელ საავადმყოფოებს ეძებს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

50
VIEWS

21 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Koba Kuprashvili გაავრცელა ვიდეო, სადაც გერმანულ ენაზე მოსაუბრე მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გადაადგილდება, ცარიელ დერეფნებსა და პალატებს იღებს, რის შემდეგაც ასკვნის, რომ საქართველოში პანდემია დასრულდა და კოვიდინფიცირებული პაციენტები აღარ არიან, ხოლო ევროპაში უარყოფილი “ასტრაზენეკას” ვაქცინა საქართველოში შემოიტანეს. Koba Kuprashvili-ის აღწერით ვიდეოში “გერმანელი ბლოგერი” საუბრობს, თუმცა მისი ვინაობა მითითებული არ არის.

;

ვიდეოს ავტორის მტკიცება იმის შესახებ, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ცარიელია, რაც ნიშნავს, რომ კოვიდ პაციენტები არ არიან, დეზინფორმაციაა. რეალურად კადრები გადაღებულია არა კოვიდ კლინიკაში, არამედ დიალიზის განყოფილებაში, სადაც პაციენტები ამჟამად არ მკურნალობენ. ვიდეოში მოსაუბრე მამაკაცი გერმანელი ბლოგერი ბილი სიქსია, რომელმაც იდენტური შინაარსის მანიპულაციური ვიდეო გერმანიაშიც გადაიღო. 

“მითების დეტექტორი” ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაუკავშირდა, საავადმყოფოში დაადასტურეს, რომ ვიდეო მართლაც მათ შენობაშია გადაღებული, თუმცა აღნიშნეს, რომ კადრები კლინიკის მეხუთე სართულიდან, კონკრეტულად კი დიალიზის განყოფილებიდანაა,  სადაც ამჟამად პაციენტები არ არიან. ხოლო კოვიდ კლინიკის თერაპიული განყოფილება მეოთხე სართულზე 167 პაციენტისთვის ფუნქციონირებს. კოვიდინფიცირებული რეანიმაციული საჭიროებების მქონე პაციენტებისთვის კი მეორე სართულის ნაწილია გამოყოფილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ კადრებში დიალიზის აპარატები და ძირითადად დიალიზის მიმღები პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლები მკაფიოდ ჩანს.

;

;

ვიდეოში მოსაუბრე მამაკაცი გერმენელი ჟურნალისტი ბილი სიქსია, ბათუმში გადაღებული ეს ვიდეო მან თავისი ფეისბუქის, რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-სა და რადიკალი მემარჯვენე წევრებითა და კონსპირაციების გავრცელებით ცნობილ BigChute-ს ანგარიშებზე 17 მარტს განათავსა. ყველა სოციალურ ქსელში ვიდეოს თან იდენტური ტექსტი ახლავს: “ექსკლუზიური ამბავი: “ასტრაზენეკას” სავარაუდოდ უსარგებლო ვაქცინებით ახლა ღარიბ საქართველოში იცრებიან – მიუხედავად ამისა, კორონა საავადმყოფოები თითქმის ცარიელია!” 18 მარტს ვიდეო ბილი სიქსის  თვითერის ანგარიშზე ოდნავ განსხვავებული ტექსტით გამოჩნდა: “ასტრაზენეკამ” თავისი ვაქცინები საქართველოში წინა შაბათ-კვირას გამოაგზავნა, ამ დროს კი საავადმყოფოები თითქმის ცარიელია.”

;

;

ვიდეოს დასაანონსებლად ბილი სიქსმა ბათუმის შესახებ კიდევ ერთი პოსტი ფეისბუქზევკონტაქტესა და თვითერზე განათავსა. ფეისბუქისა და ვკონტაქტეს პოსტს თან ერთვის შემდეგი კომენტარი: “მოგესალმებით ყველას, რამდენიმე წუთში ქართული ქალაქი ბათუმის შესახებ კიდევ ერთ ჩანაწერს  წარმოგიდგენთ. წნეხის შედეგად ხელისუფლებამ უსარგებლო ლოქდაუნი დაასრულა, თუმცა მედიას “საგანგებო სიტუაციის” გაგრძელება სურს”. ტვიტერზე კი შემდეგი ტექსტი გვხვდება: “დიდი კორონა კლინიკა საქართველოში თითქმის ცარიელია, 200-დან მხოლოდ 20 საწოლია გამოყენებულია, არავინაა ინტუბირებული.”

;

;

ავტორის მიხედვით, ვიდეო 15 მარტს ბათუმშია გადაღებული, თუმცა ვიდეოს ერთ-ერთ კადრში, სადაც ბილი სიქსი ჯანმრთელი ადამიანების ტესტირებას აპროტესტებს, გადაღების დროდ 2021 წლის  11 იანვარია მითითებული.

;

ბილი სიქსის ფეისბუქ გვერდზე განთავსებული უახლესი ვიდეოს მიხედვით, ის უკვე გერმანიაში დაბრუნდა და კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ პროტესტში ჩაერთო. 

2020 წელს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან დღემდე სიქსი აქტიურ ანტივაქსარულ კამპანიას ეწევა. ბათუმში გადაღებული ვიდეოს მსგავი შინაარსის კადრები სიქსმა 2020 წლის მარტში გერმანული კლინიკიდან გაავრცელა, ვიდეოში ავტორი ირწმუნებოდა, რომ ის Charité-ის კორონავირუსის ცენტრში მივიდა, შენობა კი ცარიელი იყო, რაც ნიშავდა, რომ საგანგებო სიტუაცია გამოგონილი და დადგმული იყო. გერმანულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა correctiv-მა გაარკვია, რომ სიქსი რეალურად Virchow-Klinikum-ის საუნივერსიტეტო კამპუსში იმყოფებოდა, ის კი კორონავირუსის ცენტრიდან მოშორებით იდგა და დამოუკიდებელ შენობას წარმოადგენდა.

ცარიელი საავადმყოფოების შესახებ ვიდეომანიპულაციები, რომლის მიზანია იმის დემონსტრირება, რომ პანდემია გაზვიადებულია, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში “მითების დეტექტორმა ადრეც გადაამოწმა:

ვინ არის ბილი სიქსი?

ბილი სიქსი გერმანელი ულტრამემარჯვენე ჟურნალისტია. 2012 წლის აგვისტოდან ის რადიკალურად კონსერვატიული გამოცემისთვის JUNGE FREIHEIT სირიის სამოქალქო ომს აშუქებდა. 2012 წლის ბოლოს სირიის მთავრობამ სიქსი Billy Six – JUNGE FREIHEIT ტერორიზმისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა. 3 თვის შემდეგ სიქსი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ფაიზალ მაკდედის განცხადებით, გათავისფულებული ჟურნალისტი დამასკოში რუსეთის ელჩს გადააბარეს.

;
ფოტოზე: რუსეთის ელჩი სირიაში აზმატულა კულმოჰამედოვი, ბილი სიქსი და სირიის საგარე საქმეთა მინისტრი ფაიზალ მაკდედი. ფოტო: Spiegel Politics/2013 წელი

სიქსის გათავისუფლების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე JUNGE FREIHEIT-ის რედაქტორმა გერმანიის წარმომადგენლების გარდა, გაწეული ძალისხმევისთვის რუსეთის ხელისუფლებასაც დიდი მადლობა გადაუხადა.

2018 წლის დეკემბერში ბილი სიქსი კიდევ ერთხელ, ამჯერად ვენესუელაში შპიონაჟისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ზონების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. სიქსს სამხედრო აღლუმებისა და პრეზიდენტ მადუროს გამოსვლების დროს არმიის შემადგენლობისთვის ფოტოების გადაღებას, ასევე კოლუმბიის შეიარაღებულ რევოლუციურ  ძალებთან (FARC) კავშირს ედავებოდნენ. ვენესუელის კანონმდებლობის მიხედვით, სიქსს 28 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. JUNGE FREIHEIT-ის ორგანიზებით კამპანია სახელწოდებით “Free Billy Six” დაიწყო.  თუმცა სიქსის გათავისუფლებაში დიდი როლი კვლავ რუსულმა დიპლომატიამ შეასრულა. 2019 წლის მარტში ბილი სიქსი გათავისუფლდა და გერმანიაში დაბრუნდა. თავის პირველ განცხადებაში სიქსმა აღნიშნა, რომ გერმანიის საელჩომ მის დასახმარებლად არაფერი გააკეთა, ხოლო მამამისმა მადლობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გადაუხადა. უფროსი სიქსის თქმით, ჟურნალისტი სწრაფად სწორედ ლავროვის დახმარებით გაათავისუფლეს.

ბილი სიქსი მონაწილეობს Russia Today-ს დოკუმენტურ ფილმში “MH17: ‘No one deserves to die that way (MH17: არავინ იმსახურებს ასე სიკვდილს).” ფილმი 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებულ მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფინავს (MH17) ეხება. ფილმის განმავლობაში ბილი სიქსი იმეორებს რუსულ ნარატივივს იმის შესახებ, რომ დასავლურ მედიაში ამ საკითხის შესახებ რუსეთის საწინააღმდეგოდ დეზინფორმაციები ვრცელდება, თითქოს თვითმფრინავის ჩამომგდები რაკეტა უკრაინის მახლობლად რუსეთი ტერიტორიიდან გაისროლეს. სიქსი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც თავად ეწვია ამ ადგილებს, აღმოაჩინა, რომ გასროლისას წარმოქმნილი კვამლი არც ერთ ადგილობრივს არ უნახავს,  შესაბამისად, თვითმხილველები არ არსებობენ.

ფილმში ჩანს, რომ  ბილი სიქსი RT-ს ჟურნალისტთან ერთად ერთ-ერთ ადგილობრივს ეკითხება, დაინახა თუ არა საზენიტო სარაკეტო სისტემა BUK-ის რაკეტის კვამლი, ადგილობრივი პასუხობს, რომ მას მსგავსი რამ არც ერთი კუთხიდან არ უნახავს.

;

ამის შემდეგ სიქსი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ვერ შეხვდა ადამიანს, რომელიც მსგავს მოვლენას დაადასტურებდა, აღნიშნულს RT-ის ჟურნალისტიც თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე უდასტურებს.

რეალურად ჟურნალისტთა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat-მა ისევე, როგორც ავსტრალიის, ბელგიის, მალაიზიის, ნიდერლანდებისა და უკრაინისაგან შემდგარმა ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა (JIT), დაადგინეს, რომ ფატალური გასროლა რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის 53-ე არმიის კუთვნილი სარაკეტო სისტემიდან მოხდა.

საინტერესოა, რომ RT-ის ფილმის გამოსვლიდან 1 თვეში Bellingcat-მა ბილი სიქსთან ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუ  2014 წლის 18 ივლისს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ იმ რამდენიმე წამიან ვიდეოს ეხებოდა, რომელშიც სარაკეტო სისტემა BUK-ის გადაადგილება იყო ასახული.  უკრაინის შსს-ს მიხედვით, ვიდეო ლუგანსკში ტრაგედიის დილით იყო გადაღებული, ლუგანსკს უკვე სეპარატისტები აკონტროლებდნენ, ხოლო სარაკეტო სისტემა რუსეთის საზღვრის მიმართულებით გადაჰქონდათ. სამინისტრო გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მალაიზიური თვითმფრინავი სწორედ ვიდეოზე ასახული სარაკეტო სისტემის გამოყენებით ჩამოვარდა.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინსტრომ მას ფაბრიკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ის უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის საზღვისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით გადაიღეს.  თუმცა ბილი სიქსმა გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მითითებული ადგილი არასწორი იყო, მისივე თქმით, Bellingcat-ის მასალების გაცნობის შემდეგ ზუსტად მიაგნო იმ ადგილს, სადაც ვიდეო გადაიღეს და მის ავტორ ქალსაც შეხვდა. სიქსმა Bellingcat-თან დაადასტურა, რომ ვიდეო მართლაც ლუგანსკში იყო გადაღებული.  მისივე დასახელებული თარიღის მიხედვით (2015 წლის 30 იანვარი), მან ეს აღმოჩენა RT-ის დოკუმენტურ ფილმამდე 9 თვით ადრე გააკეთა, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს განცხადების მცდარობის შესახებ კრემლისტურ მედიაში არაფერი უხსენებია. Bellingcat-მა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ბილი სიქსამდეც დაადასტურა, რომ BUK-ის სისტემის გადაადგილების ვიდეო მართლაც ლუგანსკში 2014 წლის 17 ივლისის დილით არის გადაღებული.

2016 წელს BBC TWO-ს დოკუმენტურ ფილმში Who Shot Down MH17? (ვინ ჩამოაგდო MH17), რომელიც მოვლენასთან დაკავშირებულ კონსპირაციის თეორიებს მიეძღვნა. ბილი სიქსმა თვითმფრინავის ჩამოგდებაში უკრაინელი მებრძოლების მონაწილეობის შესახებ ერთ-ერთი რუსული ნარატივი გამიმეორა. მსგავსი ინფორმაცია რუსულმა მხარემაც გააჟღერა,  რუსი ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ბოინგი უკრაინულმა სუ-25-მა ჩამოაგდო.


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist