რუსული დეზინფორმაცია გერმანიის გაერთიანების და ნატოს გაფართოების შესახებ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

1k
VIEWS

24 მაისს ფეისბუქ გვერდზე Haylee Barajas გამოქვეყნდა რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებზეა საუბარი და ნათქვამია, რომ პუტინმა და ლავროვმა შოკისმომგვრელი სიმართლე გაასაჯაროვეს. ვიდეოში საუბარია გერმანიის გაერთიანებაზე და ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირმა გერმანიის ოკუპირებული სტატუსის შეწყვეტა ოფიციალურად გააფორმა, ხოლო აშშ-მ – არა და სწორედ ამის გამო რჩებიან დღემდე აშშ-ს ოკუპაციური ძალები გერმანიაში. ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ გერმანიის გაერთიანების სანაცვლოდ შედგა შეთანხმება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოებულიყო, რაც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაარღვია. იდენტური ვიდეო 23 მაისს გამოქვეყნდა იუთუბ არხზე ИНФОРМАЦИОННЫЙ СЛИВ.

Screenshot 9 2 რუსული დეზინფორმაცია გერმანიის გაერთიანების და ნატოს გაფართოების შესახებ

მტკიცებები, რომ აშშ-ს გერმანიის ოკუპაცია არ შეუწყვეტია და ნატომ საბჭოთა კავშირისათვის მიცემული პირობა აღმოსავლეთით არგაფართოების შესახებ დაარღვია, სიმართლეს არ შეესაბამება. აშშ-მ საბჭოთა კავშირთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად ხელი მოაწერა 2+4 შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც გერმანია გაერთიანდა. შეთანხმებაში საუბარი იყო გარკვეული დროით გერმანიის აღმოსავლეთით ნატოს ჯარების არგანთავსებაზე და არაფერი იყო ნათქვამი ზოგადად ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შესახებ.

დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანებას წინ უძღოდა 1990 წლის 2+4 შეთანხმება, რომელიც ცნობილია როგორც გერმანიის საკითხის გადაწყვეტაზე საბოლოო ხელშეკრულება. ხელშეკრულება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმდა. მას ხელი მოაწერეს ოთხივე სახელმწიფოს ლიდერებმა, რომელთა ქვეყნებსაც გერმანიის ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული. ხელშეკრულებით დადგინდა გერმანიის საზღვრები, ალიანსებში გაწევრიანების უფლება და განისაზღვრა სამხედრო ძალების და ბირთვული იარაღის დასაშვები რაოდენობა.

Screenshot 10 1 რუსული დეზინფორმაცია გერმანიის გაერთიანების და ნატოს გაფართოების შესახებ
წყარო: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივი

ხელშეკრულების მეოთხე მუხლით განისაზღვრა საბჭოთა სამხედრო ძალების გერმანიის ტერიტორიიდან განყვანის პირობები და ბოლო ვადად 1994 წელი დადგინდა. რამდენადაც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა 1955 წლიდან ნატოს წევრი იყო, ხელშეკრულების მეხუთე მუხლით განისაზღვრა, რომ საბჭოთა ჯარების გერმანიის ტერიტორიიდან სრულ გასვლამდე აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე განთავსდებოდნენ მხოლოდ გერმანიის ტერიტორიული დაცვის დანაყოფები, რომლებიც ჩრდილოატლანტიური ალიანსის სტრუქტურებში ინტეგრირებული არ იყვნენ. ამავე მუხლის მიხედვით, ამ პერიოდში აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების ძალები არ განთავსდებოდნენ და სამხედრო აქტივობებს არ განახორციელებდნენ. გაერთიანებული გერმანიის და ხელშეკრულების წევრი სხვა ქვეყნების მოთხოვნით გერმანიის ტერიტორიიდან საბჭოთა ჯარების გასვლამდე ბერლინში დარჩებოდნენ საფრანგეთის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ძალები. ამავე მუხლის მიხედვით, საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე, ისევე როგორც გერმანიის სხვა მიწებზე, შესაძლებელი გახდებოდა გერმანიის შეიარაღებული ძალების იმ დანაყოფების განთავსებაც, რომლებიც ალიანსის სტრუქტურებში იყვნენ ინტეგრირებული. გამონაკლისს შეადგენდა ბირთვული იარაღის და უცხოური დანაყოფების განთავსება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საარქივო დოკუმენტების მიხედვით, 2+4 შეთანხმების პროცესში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კითხვას სწორედ გაერთიანებული გერმანიის ნატოს წევრობა წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მიხაილ გორბაჩოვი თავდაპირველად ამის წინააღმდეგი იყო, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ გერმანიის გაერთიანება გარდაუვალი ხდებოდა, ის დათანხმდა კომპრომისებს, რომელთა მიხედვითაც ერთიანი გერმანია ნატოს წევრი იქნებოდა, თუმცა მისი სამხედრო ძალები მკვეთრად შემცირდებოდა და ისინი აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნებისგან თავს შეიკავებდნენ.

2+4 ხელშეკრულებაში საუბარი არ არის ნატოს შემდგომ გაფართოებაზე და დოკუმენტი არც რაიმე პირობას შეიცავს იმის შესახებ, რომ ალიანსის აღმოსავლეთით არასდროს გაფართოვდებოდა. რუსეთი აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს აშშ საბჭოთა კავშირს დაჰპირდა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა და ეს პირობა დაარღვია. რეალურად, არ არსებობს მსგავსი დაპირების ამსახველი დოკუმენტი. თავად მიხაილ გორბაჩოვმა 2014 წლის ინტერვიუში თქვა, რომ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებისას ნატოს გაფართოების საკითხი არ განუხილავთ და მხოლოდ საუბარი იყო გერმანიის გაერთიანების შემდგომ აღმოსავლეთ გერმანიაში დამატებითი ძალების განთავსებაზე. მისივე თქმით, სწორედ ამ კონტექსში გააკეთა აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს ბეიკერმა კომენტარი, რომელიც კრემლის პროპაგანდას აშშ-ს მიერ დადებული პირობის მტკიცებულებად მოჰყავს. საუბარია 1990 წელს ბეიკერსა და გორბაჩობს შორის საუბრის ჩანაწერზე, რომელშიც ბეიკერი ამბობს, რომ თუ გერმანია ნატოში დარჩება, ნატოს იურისდიქცია აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. ბეიკერი აღმოსავლეთ გერმანიაზე საუბრობდა, რამდენადაც საუბარი გერმანიის გაერთიანებას და მის ალიანსის წევრობას შეეხებოდა და არა ზოგადად აღმოსავლეთ ევროპას. ამას თავად გორბაჩოვიც ადასტურებს და ეს ჩანს 2+4 საბლოო შეთანხმებიდან, სადაც სწორედ აღმოსავლეთ გერმანიაში ნატოს ძალების განთავსება არის შეზღუდული გარკვეული პერიოდით.

აღსანიშნავია, რომ 1997 წლის ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტის მიხედვით, ნატო და რუსეთი აღიარებდნენ და პატივს სცემდნენ ყველა ქვეყნის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და მათ განუყოფელ უფლებას, აერჩიათ საკუთარი უსაფრთხოების, საზღვრების ურღვევობის და ხალხის თვითგამორკვევის უფლების უზრუნველყოფის სასურველი გზა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ მსგავსი დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია:

ვიდეოში გაჟღერებული სხვა კრემლისტური პროპაგნადისტული ნარატივები

ვიდეოში სხვა პროპაგანდისტული მტკიცებებიც გვხვდება, რომლებიც კრემლის ნარატივებს იმეორებს. ვიდეოს მიხედვით, პუტინს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარები არ გაჰყავს არა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ენდობა, არამედ იმიტომ, რომ ნატოს მიერ “დარღვეული” პირობის შემდეგ დასავლეთს არ ენდობა, დასავლეთი კი საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვს. ვიდეოში ნათქვამია, რომ დასავლეთის ნდობა არ შეიძლება, რადგან მათ ბოდიში არ მოუხდიათ იმის გამო, რომ საქართველო ნატოში არ მიიღეს და “მოტყუებით აიძულეს ერაყსა და ავღანეთში ომი”, ასევე იმის გამო, რომ საქართველოს, რომელმაც “სააკაშვილის ნაცისტური რეჟიმი მოიშორა,” არ მისცეს კანდიდატის სტატუსი მაშინ, როდესაც ის მიცეს უკრაინას, რომელსაც “ზელენსკის ნაცისტური რეჟიმი მართავს”. ვიდეოში სააკაშვილი მოხსენიებულია ვაშინგტონის მარიონეტად, რომლის გამო საქართველოს აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგა. დასავლეთის მიმართ უნდობლობის კიდევ ერთ მიზეზად შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი “600 მილიონი დოლარის მითვისებაა” დასახელებული. ვიდეოს მიხედვით ამის მიზეზი ისაა, რომ “საქართველოს რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა არ სურს”. ვიდეოში ასევე ნახსენებია კარასინისა და აბაშიძის საუბრის ჩანაწერი და ნათქვამია, რომ შესაძლოა ის  აშშ-ს საელჩოს მიერაა გაკეთებული. ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლების ცვლილებიდან 11 წლის შემდეგაც საქართველოში “საიდუმლო და ტოტალიტარული მიყურადების საშუალებები წინა ხელისუფლების ხელში რჩება”.

ვიდეოში ასევე ნახსენებია ლავროვის კომენტარი საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე, როდესაც მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთს ბათუმიდან და ახალქალაქიდან სამხედრო ბაზების გაყვანის სანაცვლოდ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას დაჰპირდა, თუმცა მოატყუა ისინი. აღსანიშნავია, რომ ლავროვის ამ განცხადებას 2020 წელს სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა, რომელიც იმჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. მან თქვა, რომ საუბარი იყო არა ქართულ-რუსულ ანტიტერორისტულ ცენტრზე, არამედ ფორმატზე, რომელშიც ნატო, საქართველო და რუსეთი მიიღებდნენ მონაწილეობას.

წყაროს შესახებ

ფეისბუქ გვერდი Haylee Brajas 2023 წლის 11 თებერვალს არის შექმნილი და ინდონეზიიდან იმართება. ის აქტიურად ავრცელებს რუსეთის და ბელარუსის ლიდერების განცხადებებს და კრემლისტური ნარატივების შემცველ ვიდეოებს. გვერდზე ხშირად ვრცელდება იუთუბ არხზე ИНФОРМАЦИОННЫЙ СЛИВ გამოქვეყნებული ვიდეოები.

Screenshot 11 1 რუსული დეზინფორმაცია გერმანიის გაერთიანების და ნატოს გაფართოების შესახებScreenshot 12 2 რუსული დეზინფორმაცია გერმანიის გაერთიანების და ნატოს გაფართოების შესახებ

რაც შეეხება იუთუბ არხს ИНФОРМАЦИОННЫЙ СЛИВ, ის 2022 წლის 17 აპრილსაა რეგისტრირებული და აქტიურად აქვეყნებს ანტიდასავლური, კრემლისტური ნარატივების შემცველ ვიდეოებს.

Screenshot 13 3 რუსული დეზინფორმაცია გერმანიის გაერთიანების და ნატოს გაფართოების შესახებ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist