27-28 ივლისს ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4) ჭოკით მხტომელი პირის ფოტო გაავრცელეს, რომელზეც წერენ, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზეა გადაღებული. ფოტოს თან ერთვის ფრანგულენოვანი წარწერა: “ამ წლის ოლიმპიური თამაშები”. პოსტებში აღნიშნულია, რომ ფოტოზე გამოსახული პირი საფრანგეთში ქალთა ნაკრების წარმომადგენელია.
გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ფოტო 2013 წლის მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზეა გადაღებული და მასზე გამოსახული პირი რუსი ჭოკით მხტომელი ელენა ისინბაევაა.
ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოზე სპორტსმენის ფორმა ხელოვნურადაა დამუშავებული და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მას მამაკაცის სასქესო ორგანოები აქვს. პოსტების ავტორები სწორედ იმ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ ქალთა ოლიმპიურ ნაკრებში მამაკაცია.
რეალურად, ავთენტიკურ ფოტოზე რუსი ჭოკით მხტომელი ელენა ისინბაევაა გამოსახული (1,2). ფოტო მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზეა გადაღებული, რომელიც 2013 წლის აგვისტოში მოსკოვში გაიმართა.
იმას, რომ ფოტო გაყალბებულია, ამავე მომენტში ოდნავ სხვა რაკურსით გადაღებული ფოტოც ადასტურებს.
ისინბაევა ჭოკით ხტომაში ორგზის ოლიმპიური და სამგზის მსოფლიო ჩემპიონია და ის ასევე პირველი ქალია, რომელმაც ხუთმეტრიანი ბარიერის დაძლევა მოახერხა. მას შემდეგ, რაც რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის სისტემატური მოხმარების შესახებ გახდა ცნობილი, ისინბაევა, ისევე როგორც რუს მძლეოსანთა მთლიანი ნაკრები, 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებში არ დაუშვეს. ამავე წლის აგვისტოში ელენა ისინბაევამ აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა.
წყაროების შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელი Levan Tavdishvili ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს, მაშ შორის ყალბ ინფორმაციას, რეგულარულად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.