რუსეთის შესახებ დასავლელი პოლიტიკოსების სახელით გაყალბებული ციტატები ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

536
VIEWS

23 ოქტომბერს “საქართველო და მსოფლიოს” საიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ბრიტანელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისა და საზოგადო პირების რამდენიმე ფრაზა გვხვდება. როგორც “საქართველო და მსოფლიო” წერს სტატია რუსი პოლიტოლოგის, სერგეი მიხეევის, “რადიო ვესტის” ეთერში გააჟღერებულს განცხადებებს ეყრდნობა. 

სტატია ფეისბუქ ჯგუფში ბიძინა ივანიშვილის მეგობრები “ფეისბუქზე” და მომხმარებელი Константин Чиквиладзе-ს პირად გვერდზეც გავრცელდა. 

Screenshot 1 7 რუსეთის შესახებ დასავლელი პოლიტიკოსების სახელით გაყალბებული ციტატები ვრცელდება

“საქართველო და მსოფლიოს” მიერ გავრცელებული 6 ციტატა, რომლებიც ბილ კლინტონს, მარგარეტ ტეტჩერს, ჯონ მეიჯორს, ზბიგნევ ბჟეჟინსკის, ჯორჯ სოროსს და ჯორჯ ბუშს მიეწერება, გაყალბებულია. გაყალბებული ციტატები წარმოაჩენს, თითქოს დასავლეთს რუსეთისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ მტრული ზრახვები ამოძრავებდა. ციტატები რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მიხეევმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გასამართლებლად გამოიყენა. 

რუსმა პოლიტოლოგმა და კრემლის პროპაგანდისტმა სერგეი მიხეევმა გავრცელებული ფრაზები “რადიო ვესტის” ეთერში გააჟღერა. გადაცემის ეს მონაკვეთი განსაკუთრებით აქტიურად ივლისში გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ის რუსმა რეჟისორმა, მსახიობმა და პროპაგანდისტმა ნიკიტა მიხალკოვმა საკუთარ საავტორო გადაცემაში Бесогон ТВ გამოიყენა. მიხალკოვის მიხედვით, დასავლური ქვეყნების მიზანი რუსეთის ბუნებრივ რესურსებამდე მიღწევაა და მათთვის უკრაინა ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ინსტრუმენტია. ამის მიუხედავად, რუსეთის ზოგიერთ ხელისუფლებას დასავლელი ლიდერების ხელოვნური ღიმილის მაინც სჯეროდა. იმის საილუსტრაციოდ, თუ რას ფიქრობენ რეალურად ეს ლიდერები რუსეთსა და უკრაინაზე, მიხალკოვი მიხეევის გადაცემის ნაწყვეტს აჩვენებს

26 ოქტომბრის მონაცემებით, მიხალკოვის გადაცემას მხოლოდ იუთუბ არხზე 1.3 მილიონი ნახვა აქვს. გადაცემა Delfi-ს ფაქტების ანალიტიკოსებმა შეისწავლეს და მასში რამდენიმე გაყალბებული ციტატა აღმოაჩინეს. 

Screenshot 2 6 რუსეთის შესახებ დასავლელი პოლიტიკოსების სახელით გაყალბებული ციტატები ვრცელდება

“საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში მიხეევის მიერ გაჟღერებული 6 საჯარო პირის ციტატაა მოყვანილი. სტატიის ავტორის განმარტებით, აღნიშნული ციტატები მიხეევმა დასავლეთის “აშკარად მტრული მიდგომების, ქმედებებისა და ზრახვების” შესახებ საუბრისას მოიყვანა, რომელთა გამოც რუსეთი იძულებული გახდა უკრაინაში სპეცოპერაცია დაეწყო.  

პირველი ციტატა ამერიკის შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტს ბილ კლინტონს ეკუთვნის. სტატიის მიხედვით, 1997 წელს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ საუბრისას კლინტონმა რუსეთში დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების სათავეში ბორის ელცინის მოსაყვანად შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე მილიარდი დოლარი დახარჯა, თუმცა რუსეთის, როგორც კონკურენტის ჩამოშორებით და ქვეყნიდან სხვადასხვა ბუნებრივი წიაღისეულის უმნიშვნელო ფასად გატანით, აშშ-მა 5000%-იანი მოგება ნახა. მიხეევი აკონკრეტებს, რომ აღნიშნული ფრაზა კლინტონმა 7 თებერვალს გააჟღერა. 

1997 წლის თებერვალში (4 და არა 7 თებერვალს) ბილ კლინტონს პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვაში ბორის ელცინის ხელისუფლებაში მოყვანის შესახებ არ უსაუბრია. მას ასევე, არ უხსენებია აშშ-ის ჩადებული თანხები რუსეთში. გამოსვლის მანძილზე პრეზიდენტმა კლინტონმა რუსეთი სულ ორჯერ ახსენა და ორივე შემთხვევაში დადებით კონტექსტში: კლინტონმა აღნიშნა, რომ საჭიროა აშშ-მა ნატოსთან და დემოკრატიულ რუსეთთან სტაბილური პარტნიორობა ააშენოს და რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან ერთად ბირთვული არსენალი მნიშვნელოვნად შეამცირა

შემდეგი ორი ფრაზა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს მარგარეტ ტეტჩერს და ჯონ მეიჯორს ეკუთვნით. მიხეევის მტკიცებით, ტეტჩერმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ეკონომიკურად 15 მილიონი ადამიანის ცხოვრებაა გამართლებული, რომლებიც ჭაბურღილებსა და მაღაროებს მოემსახურებიან.

აღნიშნული ციტატის ნამდვილობა გამოცემა Настоящее Время-მ ჯერ კიდევ 2018 წელს გადაამოწმა. გამოცემის მიხედვით, ციტატა პირველად 1997 წელს რუსი პუბლიცისტის ანდრეი პარშევის წიგნში გამოჩნდა, სადაც ფრაზის ავტორი დასახელებული არ იყო. გავრცელებული ციტატის ნამდვილობა Настоящее Время-სთან კომენტარში “მარგარეტ ტეტჩერის ფონდის” წარმომადგენელმაც უარყო. აღსანიშნავია, რომ ტეტჩერის სახელით გავრცელებული ყალბი ფრაზა თითქმის იდენტური ფორმით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამაც გააჟღერა. 

სერგეი მიხეევი ჯონ მეიჯორს შემდეგ ფრაზას მიაწერს: “ცივ ომში დამარცხების შემდეგ რუსეთის ამოცანაა წარმატებული ქვეყნების უზრუნველყოფა რესურსებით, მაგრამ ამისთვის მათ სჭირდებათ მხოლოდ 50-60 მლნ ადამიანი.”

Delfi-ს მიხედვით, ციტატის ყველაზე ადრეული წყარო რუსული გაზეთის “Знание-власть” (ცოდნა ძალაა) 31-ე ნომერია, რომელიც 1998 წელს გამოვიდა. აღნიშნული გაზეთი 1997-2014 წლებში გამოდიოდა და საბჭოთა კავშირის მხარდამჭერი და ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩეოდა. იმის გათვალისწინებით, რომ გაზეთში არაა დაკონკრეტებული როდის, ან სად გააჟღერა მეიჯორმა გავრცელებული ციტატა, ამასთან ის არც სანდო ღია წყაროებში იძებნება, ციტატა, დიდი ალბათობით, გაყალბებულია. 

შემდეგი ციტატის ავტორად, სერგეი მიხეევმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი  ზბიგნევ ბჟეჟინსკი დაასახელა. ციტატის მიხედვით, რაც უფრო ნაკლები ადამიანი იქნება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, დასავლეთის მიერ მისი ათვისება მით უფრო მარტივად მოხდება. რაც შეეხება სლავებს (კერძოდ კი რუსებს, ბელარუსებსა და უკრაინელებს), ისინი დაუმორჩილებელი ხალხია, ამიტომ საჭიროა მათი განადგურება. დამატებით, მიხეევმა აღნიშნა, რომ ბჟეჟინსკიმ ჰიტლერი სულელ ბიჭად მოიხსენია, რომელიც ღიად მოქმედებდა და თქვა, რომ ისინი კვალს არ დატოვებენ. 

ზბიგნევ ბჟეჟისნსკის ეს ციტატა ოდნავ განსხავვებული ფორმით პირველად რუსულენოვან წყაროებში ადრეც ვრცელდებოდა და ის ანტი-სემიტური კონსპირაციის გავრცელებას ემსახურებოდა. Delfi-ს მიხედვით, მსგავსი შინაარსის განცხადება ბჟეჟინსკის არ გაუკეთებია.

კიდევ ერთი ციტატა, რომელიც მიხეევმა გააჟღერა, ფილანტროპ ჯორჯ სოროსს მიეწერება. ციტატა ზუსტი სახით ასეთია: “ჩვენ უკრაინა ტორპედოდ გვჭირდება რუსეთთან ომში. ამ ქვეყნის მოქალაქეების ბედი ჩვენ საერთოდ არ გვადარდებს”.

ციტატა უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Vox Ukraine-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ არც სოროსის ინტერვიუებში და არც მის განცხადებებში მსგავსი ფრაზა არ გვხვდება. 

ფრაზის მეორე ნახევარი, სადაც სოროსი ამბობს, რომ უკრაინელების ბედი არ ადარდებს, “მითების დეტექტორმა” ადრეც შეამოწმა. ის არა სოროსს, არამედ კრემლისტური მედიის მიმომხილველს ალექსანდრ ზაპოლსკისს ეკუთვნის. ვრცლად იხილეთ მასალაში: 

ბოლო ფრაზა, რომელიც “საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში გვხვდება აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უფროსს მიეწერება. ფრაზის მიხედვით, ბუშს ურჩევნია რუსეთში ქაოსი და სამოქალაქო ომი იყოს და არ გაჩნდეს მისი გაერთიანებულ, მტკიცე და ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ტენდენციები. აღსანიშნავია, რომ ეს ფრაზა ნიკიტა მიხალკოვის გადაცემაში გასულ მონაკვეთში არ ჩანს. 

ჯორჯ ბუშის მსგავსი ფრაზა ღია წყაროებში არ იძებნება. ასევე, მისი შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის სხვადასხვა ცნობებთან, რომლებშიც ბუშის რუსეთისადმი დამოკიდებულებაა აღწერილი.   

ნიკოლას ბერნსი,  პრეზიდენტ ბუშის მრჩეველი საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, იხსენებს, რომ ბუშის ადმინისტრაცია საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ არეულობას საფრთხედ აღიქვამდა, რადგან ამ პროცესში შესაძლოა ქვეყნის მდიდარი ბირთვული არსენალი და ბირთვული მასალები პირების ან სულაც კრიმინალური ქსელის ხელში აღმოჩენილიყო. 

ასევე, ბერნსი ბუშის მნიშვნელოვან მიღწევად თვლის როგორც გორბაჩოვთან, ასევე ელცინთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რაც იმით გამტკიცდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ცივი ომის ბოლო რამდენიმე თვეში საბჭოთა კავშირში შექმნილი დაძაბულობა სათავისოდ არ გამოიყენა.

2018 წელს, ბუშის გარდაცვალების შემდეგ, მისი განსაკუთრებული წვლილი ცივი ომის დამთავრებაში მიხეილ გორბაჩოვმაც აღნიშნა

წყაროს შესახებ

სერგეი მიხეევი, რომელიც რუსულ მედიასაშუალებებში პოლიტოლოგად მოიხსენიება, “კასპიის თანამშრომლობის ინსტიტუტის” გენერალური დირექტორია. 2020 წელს ის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა “დოსიეს” გამოძიებაში მოხვდა, რომელმაც რუსეთის მხრიდან 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ გამოძიება გამოაქვეყნა

გამოძიების მიხედვით, არჩევნების წინ “პატრიოტთა ალიანსმა” რუსეთიდან მიღებული დაფინანსებით პარტიის პოპულარიზაციის მიზნით სერგეი მიხეევი და კომპანია POLITSECRETS დაიქირავა და მათთან რამდენიმემილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.  თავად მიხეევის ზედამხედველები კი, გენერალ ჩერნოვთან დაკავშირებული პირები – რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თანაშრომელი ვალერი მაქსიმოვი და რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) ოფიცერი ვალერი ჩერნიშევი იყვნენ. 

ამჟამად მიხეევს საკუთარი რადიო გადაცემა “რკინის ლოგიკა” აქვს, რომელშიც მსოფლიო პოლიტიკის სიახლეებს მიმოიხილავს. ის ასევე ხშირად ჩნდება რუსულ პროპაგანდისტულ გადაცემებში, მათ შორის გადაცემაში “საღამო სოლოვიოვთან ერთად”.  


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist