17 დეკემბერს, რუსეთის პირველი არხის გადაცემაში “ადამიანი და კანონი” 2013-2014 წლებში უკრაინაში განვითარებულ მაიდნის მოვლენებზე ისაუბრეს. სიუჟეტის ერთ-ერთ ნაწილში აღნიშნულია, რომ 2014 წლის თებერვლის ბოლოს კიევში ქართველი სნაიპერები გამოჩნდნენ, რომლებიც უკრაინის ოპოზიციის ლიდერებთან ერთად ხალხს სახურავებიდან ესროდნენ. სიუჟეტში ქართველი სნაიპერების – ალექსანდრე რევაზიშვილისა და გიორგი ბეჟიტაშვილის კომენტარებია მოცემული, რომლებიც ამბობენ, რომ ბრძანების მიხედვით, მომიტინგეებისთვის უნდა ესროლათ და ქაოსი გამოეწვიათ. რევაზიშვილი ამბობს, რომ ბრძანებებს პოზიციების დაკავებაზე უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი სერჰი პაშინსკი გასცემდა, გეგმა კი ხელისუფლების გადატრიალება იყო.
მტკიცებას, თითქოს ევრომაიდანზე ცეცხლი მომიტინგეებს ქართველმა სნაიპერებმა გაუხსნეს, კრემლის პროპაგანდისტული მედია და მასთან დაკავშირებული სხვა აქტორები წლებია ავრცელებენ. მათ მიერ გავრცელებული იდენტური ვერსია რამდენიმე ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს და წინააღმდეგობაშია როგორც ოფიციალური უწყებების მონაცემებთან, ასევე სხვა რესპონდენტების ვერსიებთან.
1. დასახელებული “ქართველი სნაიპერები” 2014 წლის თებერვლის მოვლენების დროს უკრაინაში არ იმყოფებოდნენ
კრემლის პროპაგანდა წლებია ამტკიცებს, რომ 2014 წლის უკრაინის მაიდნის მოვლენებზე, მომიტინგეებს ცეცხლი ქართველმა სნაიპერებმა გაუხსნეს. რუსეთის პირველ არხზე 17 დეკემბერს გასული სიუჟეტის ქართველი რესპონდენტები ამ ინფორმაციის მოწმეებად წარსულშიც გამოიყენეს. სხვადასხვა დროს ფილმებსა თუ სიუჟეტებში რუსული მედია ეყრდნობოდა ზალოგი კვარაცხელიას, კობა ნერგაძისა და ალექსანდრე რევაზიშვილის კომენტარებს. უკრაინის პროკურატურის მიერ 2018 წელს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ადამიანებს, მათ შორის რუსეთის პირველი არხის რესპონდენტს – ალექსანდრე რევაზიშვილს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავთ და 2014 წლის თებერვლის მოვლენების დროს უკრაინაში არ იმყოფებოდნენ.
2017 წლის 21 ნოემბერს აღნიშნულ საკითხზე განცხადება უკრაინის გენერალური პროკურატურის ფეისბუკ-გვერდზეც დაიდო.
გარდა ამისა, 2018 წელს, უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეციალური გამოძიების ხელმძღვანელმა, სერგეი გორბატიუკმა, უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ, ე.წ. “ქართველი სნაიპერების” ჩვენებებს სასამართლო, სამედიცინო თუ ბალისტიკური ექსპერტიზა, ასევე 20 თებერვალს დაჭრილთა დაკითხვის შედეგები არ ადასტურებს. მისი თქმით, არ არსებობს მონაცემები, რომლებიც დაადასტურებს, რომ 2014 წლის 20 თებერვალს მომიტინგეებს სასტუმრო “უკრაინიდან” ესროდნენ. გარბატიუკის თქმით, ექსპერტიზის და გამოძიების შედეგების თანახმად, სროლა ხდებოდა იმ ადგილიდან, სადაც განთავსებული იყო ბერკუტის ე.წ. “შავი დანაყოფი”.
2. ალექსანდრე რევაზიშვილის დეზინფორმაცია იტალიურ ფილმში
ალექსანდრე რევაზიშვილი ასევე ფიგურირებს იტალიურ ფილმში, სახელად „უკრაინა: დამალული ჭეშმარიტება“. იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველი სნაიპერები მაიდანზე მშვიდობიან დემონსტრანტებს ესროდნენ, რევაზიშვილი მაიდნის ძველ კადრებზე უთითებს. მისი თქმით, კადრში ასახული სამი პირიდან, ერთ-ერთი თავად არის.
BBC Monitoring-მა აღნიშნული კადრების პირველწყაროს მიაკვლია, რომელიც რუსულ ტელეკომპანია Life-ს ეკუთვნის. Life-მა ეს კადრები სტატიასთან ერთად 2016 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა (კადრები ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის). კადრებში რევაზიშვილის სახელი ნახსენები საერთოდ არ არის. პირი, რომელზეც რევაზიშვილი აცხადებს, რომ თავად არის, Life-ის ინფორმაციით აფხაზეთის ომის ვეტერანი გიორგი სვარიძეა.
ალექსანდრე რევაზიშვილი გიორგი სვარიძე
3. ინფორმაციას, თითქოს გიორგი ბეჟიტაშვილი სნაიპერულ წვრთნებს მამუკა მამულაშვილის ხელმძღვანელობით გადიდოდა, თავად მამულაშვილი უარყოფს
გარდა ალექსანდრე რევაზიშვილისა, რუსეთის პირველი არხი სიუჟეტში გიორგი ბეჟიტაშვილის კომენტარსაც იყენებს, რომელიც აღნიშნავს, რომ მშვიდობიან მოსახლეობასაც ესროდნენ და მიზანი ხელისუფლების გადატრიალება იყო. აღნიშნული კომენტარი ფრაგმენტია ანა სტეფანის ფილმიდან – «Площадь разбитых надежд» Кто виноват в расстрелах на майдане . ფილმში ბეჟიტაშვილი ასევე ამბობს, რომ უკრაინაში მამუკა მამულაშვილს შეხვდა და სნაიპერულ წვთნებს მისი ხელმძღვანელობით გადიოდა.
“მითების დეტექტორი” უკრაინაში ქართული ლეგიონი მეთაურს მამუკა მამულაშვილს დაუკავშირდა. იგი ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში უკრაინაში არ იმყოფებოდა. უკრაინაში იგი 2014 წლის აპრილში ჩავიდა. მამულაშვილის თქმით, მის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის თარიღის დადასტურება, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის შესაბამის უწყებებშია შესაძლებელი.
4. ამერიკელი სამხედრო, რომელიც ბეჟიტაშვილის თქმით, მაიდნის მოვლენების თანამონაწილე იყო, უკრაინაში 2015 წელს ჩავიდა
გიორგი ბეჟიტაშვილი ასევე ერთ-ერთი რესპონდენტია ამერიკული ულტრამემარჯვენე ტელეკომპანია OAN-ის დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით “The Ukraine Hoax: Impeachment, Biden Cash, Mass Murder” (“უკრაინული თაღლითობა, იმპიჩმენტი, ბაიდენის ნაღდი ფული, მასობრივი მკვლელობა”). ფილმში ერთ-ერთი მთავარი თემა 2014 წელს კიევის მაიდანზე განვითარებული მოვლენებია. ფილმი რამდენიმე ქართველი მოწმის ინტერვიუს გვთავაზობს. გიორგი ბეჟიტაშვილი, ცეზარ ბაჯალაძე და ზურაბ ინაშვილი აცხადებენ, რომ მაიდანზე სნაიპერებად იდგნენ და დირექტივებს მიხეილ სააკაშვილისა და „ქართული ლეგიონის“ ლიდერის მამუკა მამულაშვილსგან იღებდნენ. ბეჟიტაშვილი ფილმში აცხადებს, რომ ერთხელ საქართველოს ექს-პრეზიდენტს შეხვედრაზე ამერიკელი ჯარისკაცი ბრაიან კრისტოფერ ბოინგერი ახლდა. ფილმის ავტორმა კაპუტომ ინტერვიუ ბოინგერთანაც ჩაწერა, რომელშიც მან კაპუტოს თავისი პასპორტი წარუდგინა. პასპორტი ადასტურებს, რომ ბოინგერი უკრაინაში მაიდნის მოვლენებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ 2015 წელს ჩავიდა და უკრაინელ მოხალისეებს წვრთნიდა. “ქართულ ლეგიონს” კი 2016 წლის 24 თებერვალს შეუერთდა და მათთან ერთად დონბასში საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. მაიდნის მოვლენები, რომლის შესახებაც ე.წ. “ქართველი სნაიპერები” საუბრობენ, 2014 წლის 20 თებერვალს მოხდა, შესაბამისად ბრაიან კრისტოფერ ბოინგერი ამ დროს ქართველ სნაიპერებს ვერ გაწვრთნიდა; ბოინგერის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ქვითრები ასევე მიუთითებენ, რომ კიევში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას ის ჩრდილოეთ კაროლინაში მუშაობდა. მიუხედავად ამისა, კაპუტო მაინც სპეკტიკურადაა განწყობილი და ქართველ სნაიპერებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ისინი ყალბ პასპორტებს იყენებდნენ.
5. რესპონდენტების პასუხებში რიცხვებში შეუსაბამობა იკვეთება
ამავე თემაზე, 2018 წლის 14 თებერვალს РИА Новости-მ სპუტნიკ საქართველოს რედაქციასთან პარტნიორობით გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ესროლეთ ყველას მაიდანზე: ქართველი სნაიპერები დამკვეთების შესახებ ყვებიან” («Стрелять по всем на Майдане» Грузинские снайперы рассказали о заказчиках), რომელიც ტრისტან წითელაშვილის, კობა ნერგაძისა და ალექსანდრე რევაზიშვილის ინტერვიუებს ეყრდნობოდა. ნერგაძე და რევაზიშვილი კიევში ჩასვლის, ასევე მათთვის იარაღისა და დავალებების მიცემის დეტალებს იხსენებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ სასტუმრო “უკრაინისა” და კონსერვატორიის შენობიდან მომიტინგეებს მიხეილ სააკაშვილის, მამუკა მამულაშვილის, ასევე ამჟამად უმაღლესი რადას სპიკერის, ანდრეი პარუბისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სერგეი პაშინკსის, დავალებით ცეცხლი გაუხსნეს.
РИА Новости ნერგაძესთან ინტერვიუზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ე.წ. “სნაიპერებს” კიევში ჩასვლისა და მაიდნის მოვლენებში მონაწილეობის მისაღებად 50 000 $-ს შეჰპირდნენ. ეს რიცხვი შეუსაბამობაში მოდის კიდევ ერთი რესპონდენტის, ზალოგი კვარაცხელიას ინფორმაციასთან, რომელიც 2017 წლის ნოემბერში გავრცელებულ იტალიურ დოკუმენტურ ფილმში აღნიშნავს, რომ უკრაინაში ჩასვლის საფასური 5 000 $ იყო, რაც ნეგრაძის ნათქვამზე 10-ჯერ ნაკლებია.
2014 წლის 20 თებერვალს მაიდნის მოვლენებში ე.წ. “ქართველი სნაიპერების” მონაწილეობის შესახებ იტალიელი ჟურნალისტის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი 2017 წლის ნოემბერში სილვიო ბერლუსკონის ოჯახის მფლობელობაში არსებულმა ტელეკომპანია Matrix-მა გააშუქა.
6. კობა ნერგაძის ქართულ უშიშროებასთან თანამშრომლობის „დამადასტურებელ“ საიდენტიფიკაციო ბარათი გრამატიკული შეცდომებითაა შედგენილი
იტალიური დოკუმენტური ფილმის „უკრაინა: დამალული ჭეშმარიტება“ ერთ-ერთი რესპონდენტი – კობა ნერგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქართული უშიშროების თანამშრომელი იყო. ამის დასადასტურებლად ფილმში ნაჩვენებია დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზე, გრამატიკული ხარვეზებით. დოკუმენტზე, რომელზეც ინფორმაციის ამოკითხვა საკმაოდ რთულია, ინგლისურად მითითებულია წარწერა Security Service of Defend (დაცვის უსაფრთხოების სამსახური) – რაც ინგლისური ენისთვის არასწორი გრამატიკული კონსტრუქციაა. ამასთან, დოკუმენტის სახელწოდებად მითითებულია Certifikate, ნაცვლად სწორი ფორმისა – Certificate.
ანალიტიკურ პორტალ The Insider Russia-ს თანახმად, დოკუმენტური ფილმი ყალბია, რადგან „სნაიპერების“ მიერ მოთხრობილი ამბები უზუსტობებს და მანიპულაციებს შეიცავს.
ქართველი სნაიპერები კომენტარში აცხადებენ, რომ ბრძანებებს მაიდნის დემონსტრანტების დასარბევად, რადას ყოფილი დეპუტატი – სერჰი პაშინსკი გასცემდა. პაშინსკი ამ საკითხს საკუთარ Facebook-ზე გამოეხმაურა. იგი აცხადებს, რომ მაიდნის წინააღმდეგ კამპანია ФСБ-ს დადგმულია და კრემლის მიერ სნაიპერებად გამოყვანილი რეპონდენტები მაშინ კიევში არ იმყოფებოდნენ.
სერგეი პაშინსკი 2012-2014 წლებში უკრაინის რადას დეპუტატი იყო. 2014 წლის მარტიდან ივნისამდე კი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
პროპაგანდისტული ფილმები მაიდნის თემაზე და მისი ავტორები
2013-2014 წელს, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და მაიდნის საპროტესტო აქციებზე რამდენიმე პროპაგანდისტული ფილმი გადიაღეს. ერთ-ერთია იტალიური დოკუმენტური ფილმი: „უკრაინა: დამალული ჭეშმარიტება“, ავტორი კი სამხედრო ჟურნალისტი ჯან მიკალესიანია. მისი სტატიები ქვეყნდება ვებ-გვერდებზე „Русская весна“, inopressa.ru. გასული საუკუნის 70 -იან წლებში ჯან მიკალესინი იტალიური ულტრამემარჯვენე დაჯგუფება Trieste Youth Front-ის მებრძოლი იყო. დოკუმენტური ფილმი 2017 წლის ნოემბერში სილვიო ბერლუსკონის ოჯახის მფლობელობაში არსებულმა ტელეკომპანია Matrix-მა გააშუქა. Matrix ბერლუსკონის ოჯახის მფლობელობაში მყოფ მედია-ჰოლდინგ Mediaset-ს ეკუთვნის. 2015 წლის სექტემბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სილვიო ბერლუსკონის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა სამი წლით აუკრძალა, რადგან იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2015 წლის სექტემბერში რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
მაიდნის მოვლენებში დაქირავებული ქართველი სნაიპერებისა და მონაწილეობის შესახებ დოკუმენტურ ფილმში ასევე ფუგურირებს საქართველოში რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებული გენერალი ტრისტან წითელაშვილი, რომელიც მაიდნის მოვლენებში ბრალს “დასავლეთის რეზიდენტებს” და მიხეილ სააკაშვილს სდებდა.
მეორე ფილმი, რომელსაც რუსული პროპაგანდიტული მედია-საშუალებები მაიდნის რუსული ვერსიის გასამყარებლად იყენებენ არის – “The Ukraine Hoax: Impeachment, Biden Cash, Mass Murder” (“უკრაინული თაღლითობა, იმპიჩმენტი, ბაიდენის ნაღდი ფული, მასობრივი მკვლელობა”). ფილმზე ტელეკომპანია One America News (OAN) ლოგოა და მისი პრემიერაც ამავე არხზე შედგა. ფილმის ავტორი და მთხრობელი ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი მაიკლ კაპუტოა, რომლის კავშირსაც კრემლის ინფორმაციული ზეგავლენის ოპერაციებთან ე.წ. მიულერის კომისია სწავლობდა. ამ ფილმში მაიკლ კაპუტოს ერთ-ერთი რესპონდენტი სწორედ ტრისტან წითელაშვილია.
მიულერის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 2016 წელს კაპუტომ ნაცნობისგან შეიტყო, რომ რუს ბიზნესმენს ჰენრი ოკნიანსკის ჰილარი კლინტონის მადისკრედიტირებელი მასალები ჰქონდა. ინფორმაციის მისაღებად კაპუტომ ტრამპის მრჩეველს როჯერ სტოუნსა და ოკნიანსკის შორის კომუნიკაციას შეუწყო ხელი. შეხვედრა სტოუნსა და რუს ბიზნესმენს შორის 2016 წლის მაისში შედგა. მართალია კომისიამ ვერ მოიპოვა მტკიცბულებები, რომლებიც ხსენებულ შეხვედრასა და რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევენებზე გავლენის მოხდენას შორის კავშირს დაადგენა, თუმცა, აღნიშნა, რომ ოკნიანსკის და კაპუტოს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო.
One America News (OAN)-ის შესახებ
One America News ამერიკული ტელეკომპანიაა, რომელიც სხვა ამერიკული გამოცემები ულტრაკონსერვატიულსა და ულტრამემარჯვენეს უწოდებენ. ტელეკომპანია არაერთხელ ამხილეს ყალბი ამბებისა და კონსპირაციის თეორიების გავრცლებაში.
მაგალითად, 2018 წლის აპრილში OAN-ის კორსეპონდენტმა სირიის ქალაქ დუმას მონახულების შემდეგ ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ ქიმიური თავდასხმის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა.
კონსერვატიული ამერიკული ჟურნალი Washington Examiner-ის ანალიტიკოსი ტომ როგანი წერს, რომ სირიასთან დაკავშირებულ საკითხებზე OAN და კრემლის “სპუტნიკი” იდენტურ ყალბ ამბებს ავრცელებენ, რითაც კრემლის ინტერესებს ემსახურებიან.
ჯორჯ სოროსის შესახებ მითები ტელეკომპანიას ადრეც გაუვრცელებია. მაგალითად, მისი ერთ-ერთი კორესპონდენტი, რომელიც პარალელურად “სპუტნიკშიც” მუშაობს, აცხადებდა, რომ 14 წლის ჯორჯ სოროსი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა.
ქართველი სნაიპერების თემაზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი პუბლიკაციები:
- ქართველი სნაიპერების შესახებ გაყალბებულ ფილმს ტრისტან წითელაშვილი ამყარებს
- გაყალბებული დოკუმენტური ფილმი მაიდნის მოვლენებში დაქირავებული ქართველი სნაიპერების მონაწილეობის შესახებ
- 4 უზუსტობა დეზინფორმაციაში, თითქოს მაიდანზე მომიტინგეებს ცეცხლი ქართველმა სნაიპერებმა გაუხსნეს
- ვინ ავრცელებს კონსპირაციულ ფილმს სოროსზე, ქართველ სნაიპერებზე და ამერიკელ სამხედროზე?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.