RT, ალტ-ინფო და პატრიოტთა ალიანსი ამტკიცებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ჰუმანიტარულ დერეფნებს უზრუნველყოფს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

907
VIEWS

7 მარტს ალტ-ინფოს წამყვანმა, შოთა მარტინენკომ გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა” უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ  უკრაინის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და მათ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით მხოლოდ იმიტომ არ უშვებს, რომ თავი დაიცვას. 

შოთა მარტინენკო: “უბრალოდ ცოცხალ ფარად იყენებენ იქ მოსალხეობას და ეგ არი მათი თავდაცვის ერთადერთი რეალური ტაქტიკა იმიტომ, რომ მაგალითად მარიუპოლში რომ არ იყოს მშვიდობიანი მოსახლეობა, იქ მყოფ უკრაინულ ძალებს საარტილერიო დამუშავებით ძაან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდნენ.”

ამავე დღეს ობიექტივის ეთერში პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ირმა ცხორაგაულმა აღნიშნა, რომ უკრაინა სამშვიდობო კორიდორებზე უარს აცხადებს და მარიუპოლთან მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებს.  ამ თემაზე 7 მარტს ფეისბუკ მომხმარებელმა ლელა პრაგა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ უკრაინის მთავრობას მარიუპოლში,  ხერსონში, ხარკოვში  ქალები და ბავშვები მძევლად ჰყავს აყვანილი და მათ რუსეთის მიერ შეთავაზებულ რაიონებში წასვლის საშუალებას არ აძლევს.


9 მარტს საინფორმაციო სააგენტომ RT на русском გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ხარკოვში ხელისუფლება მოსახლეობას წერს, რომ ჰუმანიტარული დერეფანი არ არსებობს, სინამდვილეში კი, რუსეთი რამდენიმე დღეა ზედიზედ 10:00 საათზე წყვეტს ცეცხლს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს საომარი მოქმედებების ზონიდან.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინა მოსახელეობას ფარად იყენებს და კონფლიქტური ზონიდან არ უშვებს, სიმართლეს არ შეესაბამება. 6 მარტს რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება დაარღვია, რის გამოც უკრაინამ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა გადაავადა.

მარტის პირველივე დღეებიდან უკრაინამ საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გაეროსა და  წითელ ჯვარს სამჯერ მიმართა თხოვნით, რათა  „მწვანე დერეფნები“ ამოქმედებულიყო. ჯერ კიდევ 3 მარტს, რუსულ მხარესთან მოლაპარაკების მეორე რაუნდის დროს, უკრაინა და რუსეთი საომარი მოქმედებების დროებით შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე შეთანხმდნენ. 3 მარტს რუსეთსა და უკრაინას შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან  გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ. 6 მარტს ევაკუაციის პროცესის გამოცხადებიდან 3 საათში  რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა გადაავადეს, რამდენადაც  ცეცხლის შეწყვეტის გარეშე მოსახლეობა ტერიტორიას მშვიდობიანად ვერ დატოვებდა. 

უკრაინული მედიის თანახმად, ქალაქ ვოლნოვახადან, საიდანაც, მარიუპოლის მსგავსად, მოქალაქეები უნდა გაეყვანათ, მხოლოდ და მხოლოდ 400 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, რამდენადაც რუსეთის ჯარებმა ვოლნოვახის დაბომბვაც განაახლეს. ევაკუაციის დაწყებისთანავე რუსი სამხედროების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო მოსახლეობის ევაკუაცია ხემეორედ მეორე დღეს, 6 მარტს დაინიშნა. 6 მარტს მარიუპოლში, აზოვის პოლკში განაცხადეს, რომ საღამოს მარიუპოლის მაცხოვრებლებისთვის “მწვანე დერეფნის” მოწყობის მეორე მცდელობაც ჩაიშალა, რადგან რუსეთმა ცეცხლი კვლავ გახსნა.

7 მარტს, რუსეთმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ დერეფნებს კიევის, ხარკოვის, სუმისა და მარიუპოლისთვის გახსნიდა. რუსეთი კიევის ოლქის მცხოვრებლებს ჯერ ბელარუსში, იქიდან კი რუსეთში გამგზავრებას სთავაზობდა, მარიუპოლიდან, ხარკოვიდან და სუმიდან კი მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის ქალაქებში – ტაგანროგსა და ბელგოროდში უნდა ევაკუირებულიყო. უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ამ მარშრუტებზე უარი თქვა და სხვა მარშუტების (კიევის ოლქიდან ლვოვის უჟგოროდისა და ივანო-ფანკოვსკის მიმართულებით, მარიუპოლი-ზაპოროჟიე, ვოლნოვახა-პერკოვსკი, სუმი – პოლტავა, იზიუმიდან (ხარკოვის ოლქი) ლოზოვაიაში, ბალაკლეიდან (ხარკოვის ოლქი) პერმოვაისკიში და ხარკოვიდან ლვოვში, უჟგორიდსა და ივანო ფრანკოვსკში)  გახსნა მოითხოვა.

8 მარტს, უკრაინის, რუსეთისა და წითელი ჯვრის შეთანხმებით,  პირველი ევაკუაციის კორიდორი სუმში გაიხსნა. თავდაპირველად, სუმიდან ევაკუაცია მხოლოდ 1 მარშრუტით, პოლტავას მიმართულებით იყო შესაძლებელი. შეთანხმების მიხედვით, კორიდორი საღამოს 9 საათამდე იფუნქციონირებდა. ასევე 8 მარტს ვიცე-პრემიერმა და რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული კორიდორი მარიუპოლი-ზაპოროჟიე, ენერგოდარი – ზაპოროჟიე, ვოლნოვახა – პოკროვსკი, იზიუმი – ლოზოვა  გაიხსნებოდა.

ამავე დროს რუსული მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ხარკოვისა და სუმის მაცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე უარს ამბობდა

მიხაილ მიზინცევი, რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი:  „კიევის რადიკალები, ნაცვლად იმისა, რომ დაეხმარონ მოქალაქეების გაყვანას საომარი მოქმედებების ზონებიდან, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილებში“. 

უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრის მარინა ლაზებნას თქმით, ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას ადგილზე მყოფი რუსი სამხედროები უშლიდნენ ხელს და  სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობდნენ. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად ქმნიდა ჰუმანიტარულ კრიზისს დაპყრობილ ქალაქებში, ბლოკავდა უკრაინულ „მწვანე დერეფნებს“ და ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთის ფედერაციაში წასვლას აიძულებდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist