რომელი საკულტო ნაგებობების რესტავრაციაში დაეხმარა ამერიკა საქართველოს?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

199
VIEWS

2 აგვისტოს ტელეკომპანია სეზონი ტვ-ის გადაცემაში “დღის შეჯამება” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ ამერიკული დახმარებები საკულტო ნაგებობზე არ არის მიმართული და გელათის რესტავრაცია მხოლოდ ერთეული გამონაკლისია.

ნიკოლოზ მჟავანაძე:…[ამერიკელებმა] 6 მილიარდი რომ დახარჯეს, 6 მილიარდიდან 1 ეკლესიის აშენების ფული თუ დახარჯულა თქვენი მხრიდან, მაინტერესებს? რაღაცა გელათის რესტავრაციისთვის ფული გამოვყავითო და ის რესტავრაციაც როგორ წავიდა, ჩვენ დავინახეთ აგერ, თავი წაგვჭამეს ამ იმითი, მეტი რა დახმარება გაგვიწიეს?!.. მერე უკვირთ ანტიამერიკული განწყობილებები რატომ არის ქვეყანაშიო… თქვენი რომ არავის არაფერი არ ახსოვს”. 

ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცება მცდარია, რადგან ამერიკის მთავრობის, ასევე კერძო ამერიკული ფონდების დახმარებით არა მხოლოდ გელათის, არამედ არაერთი საკულტო ნაგებობისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლის გადარჩენა და რესტრავრაცია მოხერხდა. ამ სამუშაოებს შორისაა მცხეთის ჯვრის კონსერვაცია, დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ თეთრი უდაბნოს სალოცავის კედლის მხატვრობის დაცვა, სვანეთის მუზეუმის ხატების რესტავრაცია და სხვა.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით განხორციელებულ პროექტთა დიდმა ნაწილმა მხარდაჭერა მიიღო საერთაშორისო, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ფონდებისგან. ამერიკული კერძო თუ სამთავრობო ფონდების მიერ საქართველოს გამოეყო მრავალი გრანტი, რომელთა მიზანი იყო როგორც უძრავი, ისევე მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და კულტურული ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა.

კერძო ფონდები

  • მსოფლიო ძეგლების ფონდი (WMF) კერძო ამერიკული ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების დაცვა წარმოადგენს. ფონდის მხარდაჭერით საქართველოში არაერთი პროექტი დაფინანსდა, მათ შორის –  1996 წელს ჩატარდა ფიტარეთის  მონასტრის საგანგებო დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები, ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საერთაშორისო გრანტი კულტურის სფეროში, რასაც მოჰყვა მონასტრის სამრეკლოს რესტავრაცია 1998 წელს. ფონდის მიერ მხარდაჭერილი აქტივობები შეეხო სხვა ეკლესია-მონასტრებსაც, ამ პროექტებს შორის არის ტიმოთესუბნის ეკლესიის და მისი ფრესკების დაცვა 2000-2006 წლებში, იკორთის ტაძრის (2003 წელს) და ჯვრის მონასტრის კონსერვაცია (2006 წელს). 
Screenshot 7 2 რომელი საკულტო ნაგებობების რესტავრაციაში დაეხმარა ამერიკა საქართველოს?
ტიმოთესუბნის მონასტერი

რამდენიმე დაფინანსებული პროექტი გულისხმობდა დედაქალაქის არქიტექტურული ძეგლების დაცვას, მათ შორის – ბეთლემის უბნის დოკუმენტაცია 2000 წელს, და იმავე უბნისთვის თბილისის 2002 წლის მიწისძვრის შემდგომ საგანგებო სტაბილიზაციის გეგმის შედგენა ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნულ კომიტეტთან (ICOMOS) ერთად, ასევე თბილისის სინაგოგის რესტავრაცია 2002-2004 წლებში.

  • გეთის ფონდი (Getty Foundation) არის კულტურული და ფილანტროპული ამერიკული კერძო ორგანიზაცია. ფონდმა დააფინანსა ოთხი მასშტაბური პროექტი საქართველოში, მათ შორისაა: ჩაჟაშის (ზემო სვანეთი) ძეგლების კონსერვაციის მოსამზადებელი სამუშაოები, განხორციელებული ICOMOS საქართველოს მიერ 1999 წელს  (ბიუჯეტი $59,400); მარტვილის ტაძრის და მოგვიანებით ტაძრის მოხატულობის კონსერვაცია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით 2003-2008 წლებში (ჯამში დაახლოებით $200,000); 
Screenshot 8 2 რომელი საკულტო ნაგებობების რესტავრაციაში დაეხმარა ამერიკა საქართველოს?
ჩაჟაში

2018 წელს კი დაფინანსება მოიპოვა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პროექტმა ‘მოდერნისტული არქიტექტურის კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება საქართველოში’ ($134,000), რაც გულისხმობდა თბილისის ჭადრაკის სასახლის და ალპური კლუბის კონსერვაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას. 

  • საქართველოს ამერიკელი მეგობრები (American Friends of Georgia) არის 1994 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობით აქტიურად მონაწილეობდა დარეჯან დედოფლის სასახლის რესტავრაციაში 2014-2019 წლებში. ისინი ასევე ახორციელებენ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებს, როგორიცაა ნიქოზის ხელოვნების საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა, ანიმაციურ ფილმთა ფესტივალი და სხვა.

სამთავრობო ფონდები

რაც შეეხება ამერიკის სამთავრობო სტრუქტურებს, ამერიკის საელჩო ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით შექმნილ პროექტებს. 2001 წელს აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) დაარსებიდან დღემდე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების საერთო ღირებულებამ 2 000 000 ამერიკული დოლარი შეადგინა. 

ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებული პროექტები გულისხმობდა: ეკლესია მონასტრების, მათ შორის: გელათის მონასტრის და მისი კედლის მხატვრობის (ხუთი ცალკეული პროექტი 2003, 2012, 2013, 2014 და 2016 წლებში), ატენის სიონის (2004 წ. ბიუჯეტი – $29,929), მცხეთის ჯვრის მონასტრის (2019 წ. და 2020 წ. დაახლოებით $600,000), არბოს წმ. გიორგისა და ტირძნისის სამების ეკლესიების კონსერვაციას (2009 წ. $49,500); 

Screenshot 9 1 რომელი საკულტო ნაგებობების რესტავრაციაში დაეხმარა ამერიკა საქართველოს?
ატენის სიონი

ისტორიული ქალაქებისა და არქეოლოგიური ძეგლების დაცვას – უფლისციხის (2018 წ. $100,000), ხოვლეს რომაული დასახლების (2008 წ. $18,887) და არმაზის არქეოლოგიური ძეგლის (2010 წ. $42,846) კონსერვაციას; კედლის მხატვრობის დაცვას – რაც განხორციელდა დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ თეთრი უდაბნოს სალოცავში (2007წ. $13,665). ამას გარდა, პროექტთა დიდი რაოდენობა მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების შესწავლასა და რესტავრაციას, მათ შორისაა სვანეთის მუზეუმში დაცული ხატები და ხელნაწერები,  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული სახარებების მოჭედილი ყდები, ქართული ტექსტილი და ნაქარგობა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან და სხვა. რაც შეეხება არამატერიალურ მემკვიდრეობას – საელჩოს მიერ დაფინანსებული პირველი ქართული პროექტი გულისხმობდა ქართული ხალხური სიმღერების უკეთ დაცვას ჩანაწერების კონსერვაციის გზით.

Screenshot 10 1 რომელი საკულტო ნაგებობების რესტავრაციაში დაეხმარა ამერიკა საქართველოს?
თეთრი უდაბნოს ფრესკა რესტავრაცია
Screenshot 11 1 რომელი საკულტო ნაგებობების რესტავრაციაში დაეხმარა ამერიკა საქართველოს?
სვანეთის მუზეუმი

საქართველოში ასევე განხორციელდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთ წლიანი პროექტი ‘ზრდა,’ რომლის მიზანი იყო ქვეყანაში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. პროექტი ასევე შეეხო კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუციებს, კერძოდ 2019-2021 წლებში USAID/Zrda-მ 500,000 ლარის ფინანსური მხარდაჭერა გაუწია 15 რეგიონულ მუზეუმს შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და თუშეთის მუნიციპალიტეტებში.

ამავე თემაზე იხილეთ:


თამარ სოფრომაძე
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist