როგორია კოვიდ ვაქცინების შემადგენლობა და რა კავშირი აქვს დალესს ჯანმოსთან და Вечный зов-თან?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

174
VIEWS

12 მარტს მამა ფილიპე აბაშიძემ პირად ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბარია ვაქცინის შემადგენლობაზე, თუმცა მწარმოებელი კომპანია დაკონკრეტებული არ არის. პოსტში ვკითხულობთ, რომ ვაქცინა აბორტირებული ემბრიონის ფილტვის უჯრედებს MRC-5-ს შეიცავს. გარდა ამისა, ფილიპე აბაშიძის თქმით, ის მსხვილფეხა საქონლის ნაყოფს და სიმსივნის წარმომქმნელ მაიმუნის ვირუსსაც შეიცავს.

ამასთან, პოსტის მიხედვით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია CIA- ყოფილმა დირექტორმა ალენ დალესმა შექმნა, მოყვანილია ასევე ციტატა, რომელსაც პოსტის ავტორი დალესს მიაწერს: ,,ყველას გავხრწნით ხორციელად და სულიერად. თქვენს შვილებს ჩავუნერგავთ ყველანაირ სიბილწეს, ვერსად დაგვემალებიან ისინი. ბაღებიდან დაწყებული ყველა სფეროში ჩვენ სიბილწეს დავნერგავთ”!

იდენტური ტექსტი მამა ფილიპე აბაშიძის ციტირებით ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორმა ხათუნა საგინაშვილმა და ანტივაქსერმა შორე შანიძემაც გამოაქვეყნეს.

;
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვაქცინები აბორტირებული ემბრიონის ფილტვის უჯრედებს, მსხვილფეხა საქონლის ნაყოფს და მაიმუნის სიმსივნურ ვირუსს შეიცავს, სიმართლეს არ შეესაბამება. ასტრაზენეკას, მოდერნასა და ფაიზერის ვაქცინების შემადგენლობა ცნობილია და ისინი არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ შეიცავენ. 

ინფორმაცია, თითქოს ჯანმო ძმებმა დალესებმა შექმნეს, მცდარია და თავდაპირველად რუსმა ფიზიკოსმა გაახმოვანა. რეალურად ჯანმო გაეროს წევრი სახელმწიფოების ინიციატივით 1948 წელს შეიქმნა.

ვაქცინის შემადგენლობა და მათი მოქმედების პრინციპი.

მამა ფილიპე აბაშიზე არ აკონკრეტებს, თუ რომელ ვაქცინაზე საუბრობს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ჯანმოს ან სხვა სანდო მარეგულირებლების, მაგალითად ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიერ ავტორიზებული და ფართოდ გამოყენებული კოვიდ19-ის საწინააღმდეგო 3 ვაქცინა გვაქვს, ასტრაზენეკა/ოქსფორდის, ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინების შემადგენლობებს განვიხილავთ.

AstraZeneca/Oxford

ასტრაზენეკას ვაქცინის შემადგენლობა საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვაქცინის ერთი დოზა შეიცავს:

  • L-ჰისტიდინი
  • L-ჰისტიდინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი
  • მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი
  • პოლისორბატ 80
  • ეთანოლი
  • საქაროზა
  • ნატრიუმის ქლორიდი
  • დინატრიუმის ედეტატი (დიჰიდრატი)
  • წყალი ინექციისთვის

შემადგენლობაში ასევე ვკითხულობთ, რომ ის გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს, გამოყენებულია შიმპანზეს ადენოვირუსი ChAdOx1-S, წარმოებულია ადამიანის ემბრიონის HEK 293 უჯრედებით და რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით.

;

ასტრაზენეკას შემადგენლობა არაერთხელ გამხდარა მანიპულაციის საგანი, რადგან შიმპანზეს ადენოვირუსისა და ემბრიონის უჯრედების გამოყენება მცდარი ინტერპრეტაციით ვრცელდება. რეალურად, ასტრაზენეკას ვაქცინის შესაქმნელად გამოყენებული შიმპანზეს ადენოვირუსის ტექნოლოგია, კარგად შესწავლილია და უკვე დიდი ხანია, რაც სხვადასხვა ვაქცინების შესაქმნელად გამოიყენება, მაგალითად, ებოლა, C ჰეპატიტი, და სხვა. ტყუილია, თითქოს ის სიმსივნის გამომწვევია. ეს ადენოვირუსი, დასუსტებული და უვნებელია, რომელიც შიმპანზეებში, როგორც წესი, მხოლოდ გაციებას იწვევს. ასტრეზენეკას ვაქცინა კი ვირუსულ ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინაა და ე. წ. „სპაიკ ცილის“ გამომუშავების ინსტრუქციებს ემყარება, რომლებიც ორჯაჭვიან დნმ-ში ინახება. ამ ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს და მისი უპირატესობა ისიცაა, რომ ტრანსპორტირება და შენახვა განსაკუთრებულ პირობებს და ძალიან დაბალ ტემპერატურას არ მოითხოვს. ამასთან ვექტორული ვირუსი მოკლებულია ისეთ გენებს, რომელთაც ადამიანისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ, ადენოვირუსი უჯრედში აღწევს, თუმცა გამრავლების საშუალება არ აქვს.

რაც შეეხება აბორტირებული ემბრიონის ფილტვის უჯრედებს, HEK-293-ის უჯრედების ხაზი არა მარტო ასტრაზენეკას, არამედ სხვა ვაქცინების შექმნის პროცესში ადრეც გამოიყენებოდა. მისი გამოყენების საჭიროება არსებობს პრე-კლინიკურ კვლევებში იმის დასადგენად, თუ რა გავლენა აქვს ვაქცინას ადამიანის უჯრედებზე. ადამიანის აბორტირებული ემბრიონის უჯრედების იზოლირება 1970-იან წლებში მოხდა, თუმცა აბორტი ნებაყოფლობითი იყო და კვლევის მიზნით არ მომხდარა. ამის შემდეგ ლაბორატორიულ პირობებში უჯრედები გაამრავლეს და მიმდინარე კვლევებიც გამრავლებულ უჯრედებს ეფუძნება, შესაბამისად კვლევები ახალ აბორტირებულ ემბრიონს არ საჭიროებს. ამასთანავე, თავად ასტრაზენეკას ვაქცინა და არც სხვა რომელიმე ვაქცინა ამ უჯრედებს არ შეიცავს, ის მხოლოდ წარმოების პროცესში გამოიყენება, შემდეგ კი ვაქცინები ყველანაირი ზედმეტი მინარევისგან იწმინდება.

Pfizer/Biontech და Moderna

ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინები ნუკლეინის მჟავების შემცველ ვაქცინებს მიეკუთვნება, კერძოდ კი ისინი რნმ ვაქცინებია, რომელშიც ვირუსის ანტიგენის წარმოქმნის ინსტრუქციაა კოდირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, არა დასუსტებული ვირუსის ან მისი უჯრედის, არამედ ინფორმაციული რნმ-ს შეყვანა ხდება, რომელიც უჯრედის ბირთვში არ შედის და როგორც კი ინფორმაციის გადაცემას დაასრულებს, ნადგურდება. რნმ ვაქცინები ჩვენს უჯრედებს ასწავლიან, როგორ გამოიმუშაონ ე. წ. „სპაიკ ცილა“ ან ცილის ფრაგმენტი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში იმუნურ რეაქციას გამოიწვევს.

ფაიზერისა და მოდერნას შემადგენლობა მსგავსია.

Pfizer:

  • ინფორმაციული რნმ
  • ლიპიდები ((4-hydroxybutyl)azanediyl)bis(hexane-6,1-diyl)bis(2-hexyldecanoate), 2 [(polyethylene glycol)-2000]-N,N-ditetradecylacetamide, 1,2-Distearoyl-sn-glycero-3- phosphocholine, cholesterol)
  • კალიუმის ქლორიდი
  • მონობაზისური კალიუმის ფოსფატი
  • ნატრიუმის ქლორიდი
  • დიბაზისური ნატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი
  • საქაროზა

;

ზემოთ ჩამოთვლილი ლიპიდები ინფორმაციულ რნმ-ს ცხიმოვან გარსში ათავსებს და ეხმარება, რომ უჯრედებში შეაღწიოს.

Moderna:

  • ინფორმაციული რნმ
  • ლიპიდები (SM-102, polyethylene glycol [PEG] 2000 dimyristoyl glycerol [DMG], cholesterol, and 1,2-distearoyl-sn-glycero-3-phosphocholine [DSPC])
  • ტრომეტამინი
  • ტრომეტამინი ჰიდროქლორიდი
  • ძმარმჟავა
  • ნატრიუმის აცეტატი
  • საქაროზა

;

როგორც სამივე ვაქცინის შემადგენლობიდან ჩანს, მამა ფილიპე აბაშიძის მტკიცება მსხვილფეხა საქონლის ნაყოფსა და მაიმუნის სიმსივნურ ვირუსზე, აბსურდულია.

ვრცლად ვაქცინების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ ადრე მომზადებული პუბლიკაციები:

ალენ დალესს ჯანმო არ შეუქმნია

ფილიპე აბაშიზე პოსტში ასევე ავითარებს კონსპირაციას, თითქოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადამიანების გახრწნას ემსახურება, ის ასევე წერს, რომ ჯანმო CIA-ს ყოფილმა დირექტორმა ალენ დალესმა შექმნა, რაც სიცრუეა და ამასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ძმები დალესებისა და ჯანმოს კავშირზე სასულიერო პირებიდან მცდარ ინფორმაციას დავით ისაკაძე და სპირიდონ აბულაძეც ავრცელებდნენ. ასეთი განცხადება რუსი ფიზიკოსის მიხეილ კოვალჩუკის გამოსვლიდან იღებს სათავეს, რომელმაც ამ თემაზე მოსკოვში საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმის ”არმია-2020-ის” ღონისძიებაზე უსაბრა.

რაც შეეხება შემდეგ ციტატას, ,,ყველას გავხრწნით ხორციელად და სულიერად. თქვენს შვილებს ჩავუნერგავთ ყველანაირ სიბილწეს, ვერსად დაგვემალებიან ისინი. ბაღებიდან დაწყებული ყველა სფეროში ჩვენ სიბილწეს დავნერგავთ”! მამა ფილიპე აბაშიძე წყაროს არ ასახელებს, ღია წყაროებში კი ალენ დალესის სახელით ასეთი ციტატა არ იძებნება.

მსგავსი ციტატა, სადაც ბავშვების გარყვნაზეა საუბარი ეკუთვნის საბჭოთა რომან „მარადიული ძახილის“ (Вечный зов) პერსონაჟს – ოფიცერ პოლიპოვს და ის უკვე წლებია დალესის დოქტრინის კონსპირაციის სახელითაა ცნობილი და ქართულ და რუსულ კონსპირაციულ წყაროებში ვრცელდება.


ფილიპე აბაშიძის პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist