ბოლო წლების განმავლობაში, ინფორმაციული ომი, ძირითადად სახელმწიფოთა მხრიდან მათი იარაღად გამოყენების გამო, სულ უფრო მეტად განხილვად გლობალურ საფრთხედ იქცა. მიიჩნევა, რომ ისეთი მეთოდები, როგორიცაა დეზინფორმაცია და პროპაგანდა, განსაკუთრებით პოლარიზებულ და გახლეჩილ საზოგადოებებში ყვავის.
ეს ხანგრძლივი კონფლიქტების მქონე ქვეყნებსა და რეგიონებს ამ მეთოდების უარყოფითი გავლენის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის. მთიან ყარაბაღში მომხდარმა ბოლოდროინდელმა ესკალაციამ ყველას და, მათ შორის, განსაკუთრებით, საქართველოს დაანახა, ემოციურ ფონზე დეზინფორმაციის ან არასწორი ინფორმაციის უკონტროლო ნაკადი თუ რამდენად სახიფათო შეიძლება გახდეს.
საქართველო, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ორი გაჭიანურებული კონფლიქტით, ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა ანტი-დასავლური დეზინფორმაციული კამპანიებთან გამკლავება და მსგავსი საფრთხეებისგან თავის დაცვა მის მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში.
გაჭიანურებული კონფლიქტებს გაუცხოებული, იზოლირებული საინფორმაციო გარემო ახასიათებს, რომელიც მოქიშპე ისტორიული ნარატივებითა და წინასწარგანწყობებით არის გაჯერებული. ამდენად, არაა გასაკვირი, რომ დეზინფორმაციულმა კამპანიებმა, რომლებსაც ხშირად რუსეთი აღვივებს, ასევე შეაღწია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომლებიც რუსეთის უკანონო სამხედრო წარმომადგენლობის და კონტროლის გამო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად არის ცნობილი.
კონფლიქტურ რეგიონებში საინფორმაციო ომის წარმოებამ, შესაძლოა, კიდევ მეტად გამოუთხაროს ძირი რაიმე სახის არსებულ ან სამომავლო სამშვიდობო მცდელობებს. თანაარსებობის გზების საპოვნელად, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფმა საზოგადოებებმა ამ გამოწვევასთან გამკლავების ახალ, კრეატიულ გზებს უნდა მიაგნონ.
შეთქმულებები, რომელთა სამიზნეც ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ზომებია
აფხაზური საზოგადოებისთვის ობიექტურ ინფორმაციაზე წვდომის გაზრდაზე მომუშავე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ხელმძღვანელი პაატა გაფრინდაშვილი ამ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე მესაუბრა. მისი თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის ფარგლებში, აფხაზეთში ჩვეულებრივი ანტი-დასავლური პროპაგანდა ანტი-ქართულ პროპაგანდასთან ერთიანდება, რაც მიზნად ანტი-ქართული შეხედულებების გაღვივებას, თბილისისგან მტრის ხატის შექმნას და აფხაზებსა და ქართველებს შორის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ყოველგვარი სენტიმენტებისთვის ძირის გამოთხრას ისახავს. Freedom House-ის ანგარიშებზე დაყრდნობით, გაფრინდაშვილმა ხაზი გაუსვა აფხაზური მედია გარემოს შეზღუდულობას და იმ ფაქტს, რომ ონლაინ, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლები ადგილობრივი მმართველების კონტროლქვეშაა, სხვა მხრივ კი – საინფორმაციო სივრცე რუსული მედია წყაროების მიერაა მიტაცებული.
დეზინფორმაციულ კამპანიებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გასული წლების განმავლობაში სხვადასხვა სამიზნეები ჰყავდა. სწორედ აქ შემოდის კრემლის მიერ ნაკარნახევი შეთქმულება რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის – აშშ-ს მიერ დაფინანსებული თბილისში მდებარე ბიოლოგიური ლაბორატორიის – შესახებ. დიდი რუსული დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, მოიცავს შეთქმულების თეორიებს „ლუგარის ლაბორატორიის“ შესახებ და მიზნად ბიოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით შიშების დათესვას ისახავს. ეს შეთქმულება კრემლმა უკვე მრავალ კონტექსტში გამოიყენა, მათ შორის საერთაშორისო სკანდალებში უიმედოდ თავის მართლებისას – მაგალითად, 2018 წელს სოლისბერიში მომხდარი მოწამლვის და 2020 წელს ალექსეი ნავალნიზე თავდასხმის შემთხვევებში ნერვული აგენტი „ნოვიჩოკის“ კვალის აღმოჩენის დროს.
ლუგარის შეთქმულების თემა აფხაზური ჯანდაცვის კონტექსტში 2017 წელს უკვე გაჩნდა. მაგალითად, სპუტნიკ-აფხაზეთის სტატია ციტირებდა რეგიონის „უსაფრთხოების საბჭოს მდივანს“, რომლის თანახმადაც 2013 წელს ბავშვთა მასობრივი მოწამლვა ტყვარჩელში და ღორის გრიპი ლუგარის ლაბორატორიასთან იყო დაკავშირებული.
ამ შეთქმულების გამოძახილი ცხინვალშიც გაისმა, როდესაც სამხრეთ ოსეთის კაგებემ განაცხადა, რომ გამყოფ ხაზთან უკანონოდ დატყვევებული პირი რეგიონში „ღამურათა შეგროვებას“ ცდილობდა და ხელი კვლავ ლუგარის ცენტრს დაადო. ეს ბრალდება, როგორც ჩანს, კოვიდ-19 პანდემიის შიშითაა ნაკარნახევი.
ამავე წელს, უფრო ადრე, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას (EUMM) მოუწია განმარტების გაკეთება ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რიგი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული მტკიცების გამო, რომლის მიხედვითაც მისიასთან ერთად გამყოფი ხაზის გასწვრივ მოძრავი სასწრაფო დახმარების მანქანები ადგილობრივებისგან ნაცხებს ლუგარის ცენტრისთვის აგროვებდნენ. EUMM-მა განაცხადა, რომ პატრულირებისას მათ სასწრაფო დახმარების მანქანები „სტანდარტული პრევენციული ზომების“ ფარგლებში ყოველთვის თან ახლავს.
სასიცოცხლო კონტაქტები, შესაძლოა, დაზარალდეს
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა წლების განმავლობაში კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ერთ-ერთ მთავარ შეხების წერტილს წარმოადგენდა. ორივე რეგიონიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წლების განმავლობაში უფასო მკურნალობისთვის ათასობით პაციენტი მოდიოდა. ამის მნიშვნელობას კავშირების შენარჩუნების გზაზე უკვე მრავალჯერ გაესვა ხაზი და რიგი მიმომხილველები სოხუმსა და თბილისს შორის ახალი კორონავირუსის პრობლემის ერთობლივი ძალისხმევით მოგვარების კონტექსტში მზარდი თანამშრომლობის და მისგან გამომდინარე ახალი შესაძლებლობების წარმოშობის იმედს გამოთქვამდნენ.
რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ცხინვალის მმართველობა ხსენებულ სამედიცინო პროგრამას ლუგარის კონტექსტის გარეშეც დაპირისპირებია. მაგალითად, ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ 2017 წელს, პაციენტებს, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ სამედიცინო მომსახურების მისაღებად, ქართული დაზვერვა დაუკავშირდა. თუმცა, ეს მითი ქართველმა ფაქტ-ჩეკერებმა გააქარწყლეს.
EUMM, რომელმაც საკუთარ თავზეც გამოსცადა ლუგართან დაკავშირებული შეთქმულება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თბილისსა და სოხუმს/ცხინვალს შორის კონტაქტების შენარჩუნების გზაზე, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელთა მზარდი იზოლაციის ფონზე. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული ინციდენტების და საგანგებო სიტუაციების შესახებ, განსაკუთრებით კი გამყოფი ზოლის გასწვრივ, აქტიური კომუნიკაცია EUMM-ის ცხელი ხაზის საშუალებით ხდება, რაც „მზარდი დაძაბულობის განმუხტვაში მრავალჯერ დაგვეხმარა“.
კონტაქტის ახალი გზების ძიება
კონფლიქტით გამოწვეული გაუცხოებისა და იზოლაციის ფონზე საინფორმაციო ომთან დასაპირისპირებლად საჭიროა ფაქტების გადამოწმების კლასიკური მეთოდების მიღმა გახედვა და კომუნიკაციის ახალი არხების ძიება. ამ კონტექსტში, ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებთან ფართომასშტაბიანი „საინფორმაციო დიალოგისთვის“ ახალი ვირტუალური პლატფორმების შექმნის საჭიროებას.
მართალია, ამგვარი ინიციატივები ჯერჯერობით ლოდინის რეჟიმში იმყოფება, მაგრამ GRASS-ის ხელმძღვანელმა ისაუბრა ძალისხმევებზე, რომლებმაც, მისი თქმით, უკვე შედეგები გამოიღო. გაფრინდაშვილს მიაჩნია, რომ ყალბი ახალი ამბების გაქარწყლების გარდა, პროპაგანდასთან დაპირისპირების ყველაზე ეფექტიანი მეთოდი მკითხველთათვის ობიექტური ინფორმაციის პროაქტიულად მიწოდებაა. GRASS-ისა და მისი მედია პარტნიორ Accent-ის ერთობლივი პროექტი აახლოებს აფხაზ და ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც წერენ მაღალი ხარისხის სტატიებს, მათ შორის რუსულად. სტატიები ემყარება ფაქტებსა და კვლევას და იწერება იდეების მიმოცვლისა და კომუნიკაციის ფონზე. გაფრინდაშვილის თანახმად, სტატიები შემდეგ ვრცელდება სოციალურ მედიაზე, რომელიც „გაცილებით უფრო თავისუფალი სივრცეა“ და იწვევს აქტიურ ჩართულობას და დისკუსიას აფხაზ მომხმარებელთა შორის.
მართალია, ზოგი ყალბი ახალი ამბავი მიზნად კონფლიქტით გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და კონტაქტების დაზიანებას ისახავს, განსხვავებული, უფრო ვირუსული საინფორმაციო საფრთხეების წინააღმდეგ მიმართული ერთობლივი ძალისხმევა, შესაძლოა, ახალი ხიდების აშენების საწინდარიც კი გახდეს. საქართველომ ბოლო დროს გამოსცადა კოვიდ-19-თან დაკავშირებული გლობალური დეზინფორმაციული „პანდემია“, რომელიც ვირუსთან ეფექტურად გამკლავებას უშლის ხელს და ამ მხრივ არც ორი იზოლირებული რეგიონია გამონაკლისი.
კონფლიქტის ხაზებს მიღმა კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მითების დეტექტორი, ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდის (MDF) ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა, აფხაზეთის მცხოვრებლებში მტკიცებულებებზე დამყარებულ მედია კონტენტს, მათ შორის სამეცნიერო და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბლოგებს ავრცელებს.
„მიზნად ვისახავთ რა გამყოფ ხაზს მიღმა ჯანდაცვასთან დაკავშირებული მითების გაქარწყლებას, მითების დეტექტორის ფაქტ-ჩეკერები კოვიდ-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის წყაროებისა და გზავნილების იდენტიფიცირებას ახდენენ და ამზადებენ ფაქტებზე დამყარებულ სტატიებს, რომელთაც ჩვენ შემდეგ ვთარგმნით რუსულად და ვავრცელებთ ისეთი აპლიკაციებით, როგორებიცაა ტელეგრამი და ვოთსაპი, რათა სათქმელი აფხაზეთში მცხოვრებ ხალხამდე მივიტანოთ“ – განაცხადა MDF-ის კომუნიკაციების მენეჯერმა მარიამ ახალკაცმა.
ასევე აღსანიშნავია, რომ როგორც MDF, ასევე GRASS, სოციალური მედიის გიგანტ ფეისბუქის ფაქტ-ჩეკინგ პარტნიორები გახდნენ. ამგვარ აქტივობებს შეუძლიათ მცდარი და მავნე შინაარსის გავრცელების პრევენციის გზაზე სამოქალაქო აქტორების როლის გაძლიერება ისეთ რეგიონებში, რომლებზეც არა-ვირტუალური წვდომა შეზღუდულია. ბევრ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთში სოციალური მედიის გამოყენების მზრდი ტენდენცია შეიმჩნევა.
ამ კუთხით, სოციალური მედიის პლატფორმებმა და ვირტუალური კომუნიკაციის საშუალებებმა, რომლებიც უწინ გამოგონილი ახალი ამბების სწრაფი გავრცელების მხრივ თავიანთი საზიანო ეფექტებით იყო ცნობილი, კონფლიქტით გაუცხოებული საზოგადოებებისთვის იშვიათი, საერთო საკომუნიკაციო სივრცის უზრუნველყოფით, შესაძლოა, საპირისპირო, უფრო დადებითი როლი შეიძინოს.
ნინო გაბრიჭიძე
Civil.ge-ის ჟურნალისტი სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”
სტატია გამოქვეყნდა #FIGHTFAKE პროექტის ფარგლებში, რომელიც MDF-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-ის მიერ ხორციელდება
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული