როგორ წარიმართა აშშ-ის ავღანეთიდან გასვლის პროცესი და რა მანიპულაცია ვრცელდება ალტ-ინფოს ეთერში

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

128
VIEWS

11 სექტემბერს ალტ-ინფოს ფეისბუქ გვერდზე “ალტერინფო” გამოქვეყნდა გადაცემა “ალტერნატიული ხედვის” ჩანაწერი, რომელშიც ყოფილი პარლამენტარი გიორგი ახვლედიანი აშშ-ის ავღანეთიდან გამოსვლაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, 2 დღეში მოხდა და აშშ-მა ყველა ავღანელი მოკავშირე გაწირა:

გიორგი ახვლედიანი: “20 წლიანი იქ ყოფნის შემდეგ ასე სამარცხვინოდ გამოქცეული ზესახელმწიფოს არმია ქაბულიდან არ ვიცი საერთოდ როგორ დაუშვეს, აქამდე როგორ მიიყვანეს. თან ეს ყველაფერი 2 დღეში მოხდა, უცებ გავიგეთ, რომ ამერიკელები გარბიან ავღანეთიდან, არც წინაპირობა იყო, არც ინფორმაციები, რომ იქ რაღაცა შეფერხებებია, რაღაცა პრობლემებია, იქიდან უნდა წამოვიდნენ. არა, უცებ გავიგეთ, რომ თვითმფრინავში ჩასხდა სუყველა და გამოიქცნენ ავღანეთიდან, დატოვეს მთელი ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში მათზე მუშაობდნენ, ალბათ, დასახვრეტად და ციხეში ჩასალპობად.”

მტკიცება, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები ავღანეთიდან წინაპირობების გარეშე, 2 დღეში გამოვიდნენ და ყველა ავღანელი მოკავშირე დატოვეს, მანიპულაციურია. რეალურად, აშშ-ის ავღანეთიდან გამოსვლა 2020 წელს თალიბანთან ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ ქვეყანას შეიარაღებული ძალების ნაწილები ეტაპობრივად ტოვებდნენ. რაც შეეხება ავღანეთის საბოლოო დატოვებას, საბოლოო ვადად 31 აგვისტო პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის ივლისში დააანონსა, დაჩქარებული ტემპი კი თალიბანის მოულოდნელმა წინსვლამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ვერ მოახერხა ავღანელ მოკავშირეთა ნაწილის ქვეყნიდან გაყვანა, 2021 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, მათ ქვეყნიდან 123 000 ადამიანის გაყვანა შესძლეს და დარჩენილი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშაობას ამ დრომდე აგრძელებენ.

აშშ-სა და ნატოს სამხედრო ძალების ავღანეთიდან ეტაპობრივი გაყვანა ჯერ კიდევ 2014 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს დაიწყო. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, 2020 წლის 29 თებერვალს, კატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-სა და დაჯგუფება თალიბანის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტა და აშშ-ის მიერ ქვეყნის ეტაპობრივად დატოვების ვადების განსაზღვრა იყო. შეთანხმების მიხედვით, ხელმოწერიდან 135 დღის განმავლობაში აშშ ავღანეთში საკუთარ სამხედრო ძალებს 13 000-დან 8 600-მდე შეამცირებდა და ასევე ნატოს კოალიციის ძალების შემცირებაზე იმუშავებდა. გარდა ამისა, შეთანხმებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ხელმოწერიდან 14 თვის განმავლობაში კოალიცია ავღანეთის ტერიტორიიდან საკუთარ ძალებს სრულად გაიყვანდა.

2021 წლის 8 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდებოდა. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების პერიოდში ავღანეთში მხოლოდ 2 500 ამერიკელი სამხედრო რჩებოდა. აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებას თალიბანის გააქტიურება მოჰყვა და 2021 წლის მაისში მათ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში ტერიტორიების დაკავება დაიწყეს.

2021 წლის აგვისტოში ავღანეთში აეროპორტისა და საელჩოს დასაცავად 650 ამერიკელი ჯარისკაცი რჩებოდა. აშშ-ს დაზვერვის პროგნოზით, ქაბული ამერიკის ჯარების გასვლიდან რამდენიმე კვირაში დაეცემოდა, თუმცა ავღანეთის არმიის წინააღმდეგობის ჩამოშლამ სიტუაციის გაუარესება გამოიწვია. 12 აგვისტოს თალიბანს 34 პროვინციის დედაქალაქიდან 18 დაკავებული ჰქონდა, რის გამოც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საკუთარი მოქალაქეების და მოკავშირეების ევაკუაციისათვის დამატებითი ძალები გაგზავნეს. ჯამში, ევაკუაციის ხელშეწყობისათვის აშშ-მა 7 000-მდე სამხედრო გაგზავნა. პროცესი 30 აგვისტოს დასრულდა, როდესაც ჰამიდ კარზაის აეროპორტი უკანასკნელმა ამერიკულმა თვითმფრინავმა დატოვა.

14 ივლისიდან 30 აგვისტომდე მიმდინარეობდა ოპერაცია “თავშესაფარი მოკავშირეებისათვის”, რომლის ფარგლებშიც ავღანეთიდან 123 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. მათ შორის იყვნენ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები და ავღანელი მოკავშირეები, რომლებსაც სპეციალური ვიზები ჰქონდათ მიღებული. ავღანელი მოკავშირეების ევაკუაციაში მონაწილეობდნენ ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც, მათ შორის გერმანია, იტალია და ესპანეთი. მაგალითისათვის, 30 ივლისს ვირჯინიაში 221 ავღანელი თარჯიმანი ჩავიდა, 17 აგვისტოს კი კიდევ 2 000 ავღანელი თარჯიმნის ევაკუაცია მოხდა. 21 აგვისტოსთვის ავღანეთიდან 17 000 ადამიანი იყო გაყვანილი, მათგან 2 500 ამერიკელი. 25 აგვისტოსთვის ეს რიცხვი 82 300-მდე გაიზარდა.

აშშ-ის ავღანეთიდან გამოსვლის ოპერაცია მკაცრად გააკრიტიკეს როგორც აშშ-ის შიგნით, ასევე ქვეყნის მოკავშირეებმა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ომის მოკავშირეების ასოციაციის” ანგარიშის მიხედვით, ავღანეთში 78 000-მდე ადამიანი დარჩა, ვისაც აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობის გამო საფრთხე ემუქრებოდა. ორგანიზაცია აგრძელებს მათ დახმარებას სპეციალური ვიზების მისაღებად. აშშ-ის მთავრობაში კი განაცხადეს, რომ ავღანეთში დარჩენილებს შორის იყვნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდათ ვიზები, თუმცა ქვეყნის დატოვებაზე თავდაპირველად უარი თქვეს და რომ ისინი ავღანეთიდან მოკავშირეების ეტაპობრივ გამოყვანას აგრძელებენ.

მიუხედავად ამისა, მტკიცება, რომ აშშ-ს გამოსვლა ავღანეთიდან 2 დღეში მოხდა და პროცესში მათ ყველა მოკავშირე მიატოვეს მანიპულაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება. აშშ-ის მიერ ავღანეთის დატოვების თემაზე დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა, როდესაც ამტკიცებდნენ, თითქოს აშშ-მა თალიბანს 85 მიალიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა დაუტოვა. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავღანეთი, აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist