როგორ შეაღწია დახურულ სსრკ-ში “ექიმმა ჟივაგომ”?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

10
VIEWS

ცივი ომის პერიოდში და მანამდეც საბჭოთა კავშირისთვის დასავლეთიდან შემოსული ინფორმაცია საფრთხეს წარმოადგენდა. ევროპული და ამერიკული სახელმწიფოებიდან მომდინარე ცოდნა შეარყევდა იმ ინფორმაციასა და წარმოდგენებს, რომლებიც სსრკ-ის ძალისხმევით მისი მოსახლეობის უმრავლესობას ჰქონდა. საბჭოთა კავშირი ამ საფრთხის თავიდან არიდებისთვის სხვადასხვა კონტროლის მექანიზმს იყენებდა, მათ შორის, ინფორმაციის დახშობას (რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის), მედიის კონტროლს, მკაცრი ცენზურასა და სხვა მეთოდებს.

ამის საპასუხოდ ხშირ შემთხვევაში დასავლეთი საბჭოთა კავშირში გარკვეული ინფორმაციის და რეალური ამბების გავრცელებას მაინც ახდენდა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური რადიოები დახშული იყო, მოსახლეობის მცირე ნაწილს მათზე სხვადასხვა გზით წვდომა მაინც ჰქონდათ. დასავლური სახელმწიფოები სსრკ-ში ასევე აქტიურად იყენებდნენ ლიტერატურის გავრცელების მეთოდს, რათა საბჭოთა მოქალაქეებს გაეგოთ ხშირ შემთხვევაში, თუ რა იყო რეალობა და შეკითხვები გასჩენოდათ მათ დიქტატორულ სახელმწიფოზე.

“ამ წიგნს შესანიშნავი პროპაგანდისტული ღირებულება აქვს,” – ასე ეწერა იმ დოკუმენტში, რომელიც დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) გაუგზავნა. ბრიტანელები ამერიკელებს ატყობინებდნენ, რომ რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის რომანს, “ექიმ ჟივაგოს” შესაძლებლობა ჰქონდა, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის მნიშვნელოვანი იარაღი გამხდარიყო.

1
CIA-ის გასაიდუმლოებული დოკუმენტი, სადაც ჩანს ამ სამსახურის ჩართულობა “ექიმი ჟივაგოს” ეგზემპლარების დაბეჭდვის საქმეში

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აშშ-მა მართლაც გამოიყენა პასტერნაკის რომანი ანტისაბჭოთა პროპაგანდაში, რის შედეგადაც წიგნმა საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტ სახელმწიფოებში შეაღწია. 

  • ბორის პასტერნაკის “ექიმი ჟივაგო”

“ექიმი ჟივაგო” ბორის პასტერნაკის 1957 წელს გამოცემული ნოველაა, რომელიც ანტისაბჭოთა ხასიათს ატარებს. ნაწარმოები 1905 წლიდან რუსეთში და შემდგომ საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიო ომამდე მიმდინარე მოვლენებს ფარავს და სასტიკ რეალობას ადამიანთა ცხოვრების, განცდებისა და ბედის წარმოჩენით ასახავს.

“ექიმი ჟივაგო” ხელოვანი და ექიმია, რომლის ცხოვრებაც რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე წარიმართება. მისი ცხოვრება და არტისტული ნიჭი მას ბოლშევიკებისთვის საფრთხისშემცველ და მოწყვლად პიროვნებად აქცევს. მისივე იდენტობის და გარემო პირობების გამო ექიმ ჟივაგოს არ შეუძლია საკუთარი ცხოვრება და ბედი თავადვე განსაზღვროს და საკუთარი სურვილისამებრ იცხოვროს. ის არ მისდევს მარქსიზმის იდეებს და საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებული ღირებულებებით ცხოვრობს. ჟივაგო საბოლოოდ უკიდურეს სიღარიბეში კვდება.

2
იტალიაში გამოცემული “ექიმი ჟივაგოს” გარეკანი

რა თქმა უნდა, აღნიშნული წიგნი საბჭოთა კავშირისთვის მისაღები არ იქნებოდა. შესაბამისად, როგორც ნოველა ისე ბორის პასტერნაკი სსრკ-ის დევნის მსხვერპლები გახდნენ. კომუნისტებმა საკუთარ თანამოქალეებს არ მისცეს შესაძლებლობა, წაეკითხათ ის, რაც თავადვე იხილეს – ანუ ამბავი იმ მოვლენების შესახებ, რაც საბჭოთა კავშირის დამყარების შემდგომ ბურჟუაზიულმა კლასმა საკუთარ თავზე იწვნია.

აღნიშნული წიგნი საბჭოთა კავშირში აიკრძალა და ის 1987 წლამდე არც გამოიცა. ნოველის შესახებ იტალიელმა გამომცემელმა ჯანიაკომო ფელტრინელმა შეიტყო და იგრძნო პასუხისმგებლობა, რომ აღნიშნული წიგნი მას აუცილებლად უნდა გამოეცა. ფელტრინელმა სხვადასხვა გზებით მოიპოვა ნოველის სრული ტექსტი და პირველად “ექიმი ჟივაგო” იტალიაში 1957 წელს გამოიცა. წიგნმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა. 1958 წელს ბორის ბასტერნაკმა ნობელის პრემიაც კი მიიღო მისი ნაწარმოებისთვის, თუმცა საბჭოთა კავშირმა მას პრემიის მიღებაზე უარის თქმა აიძულა.

შემდგომში 1967 წელს “ექიმ ჟივაგოზე” ფილმიც კი გადაიღეს, რომელიც ასევე მალევე გახდა პოპულარული და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი და ის დღემდე ინარჩუნებს ადგილს გამორჩეულ ფილმებს შორის.

3
ბორის პასტერნაკი ჟურნალ TIME-ის გარეკანზე, 1958 წელი

  • “ექიმი ჟივაგო” და CIA-ის პროპაგანდა

მიუხედავად იმისა, რომ “ექიმი ჟივაგო” საბჭოთა კავშირმა აკრძალა, ცივი ომის პერიოდში დასავლეთმა მასში დიდი ანტისაბჭოთა იარაღი დაინახა, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებდა.

CIA-ის გასაიდუმლოებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ წიგნის გავრცელებით ამერიკა ცდილობდა საბჭოთა მოქალაქეებში აღეძრა შეკითხვები იმის შესახებ, თუ რატომ დევნიდა მათი სახელმწიფო ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ და შესანიშნავ მწერალსა და პოეტს ბორის პასტერნაკს.

როგორც CIA-ის მემოში ვკითხულობთ ბორის პასტერნაკის “ექიმ ჟივაგოს” ღირებულება არა მხოლოდ ანტისაბჭოთა ხასიათისა და შინაარსის გამო ჰქონდა, არამედ იმის მხრივაც, თუ რა გარემოებებში დაიბეჭდა ის. CIA აპირებდა საბჭოთა მოქალაქეებს გაეგოთ, თუ რატომ არ დაბეჭდა მათმა სახელმწიფომ მათივე მწერლის “ბესტსელერი” წიგნი.

”ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა საბჭოთა მოქალაქეებს გავუჩინოთ შეკითხვა, თუ რატომ გადაწყვიტა მათმა მთავრობამ, რომ მშვენიერი ლიტერატურული ნაწარმოები, შექმნილი იმ ადამიანის მიერ, რომელიც აღიარებულია როგორც უდიდესი ცოცხალი რუსი მწერალი, საკუთარ ქვეყანაში მისივე ენაზე საკუთარი ხალხისთვის არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი.”

სწორედ ამ მიზნით ამერიკის შეერთებულმა გადაწყვიტა წიგნის რუსული ვერსიები მომზადებულიყო და ის აქტიურად გაევრცელებინათ საბჭოთა მოქალაქეებში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რთულ მისიას წარმოადგენდა, რადგან საბჭოთა კავშირი ღია სახელმწიფო არ იყო, თუმცა ამერიკამ სხვადასხვა გზით მაინც მოახერხა, რომ “ექიმ ჟივაგოს” საბჭოთა საზღვრები გადაელახა და ის იქაურ მკითხველამდე მისულიყო.

4
1958 წელს გამოცემული “ექიმი ჟივაგოს” რუსული ვარიანტი

”პასტერნაკის ჰუმანისტური გზავნილი – რომ თითოეულ ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების უფლება და იმსახურებს პატივისცემას, როგორც ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური ერთგულებისა თუ სახელმწიფოში შეტანილი წვლილისა – წარმოადგენს არსებით გამოწვევას საბჭოთა ეთიკისთვის, რომელიც კომუნისტური სისტემისთვის მსხვერპლშეწირვაზე დგას” – ჯონ მორი, CIA-ს საბჭოთა რუსეთის სამმართველოს უფროსი.

ცივი ომის პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევით, წიგნის 10 000 ეგზემპლარი დაიბეჭდა და საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტ სახელმწიფოებში გავრცელდა. უმეტეს შემთხვევაში ცენტრალური სადაზვერვო სამსახური წიგნის პირდაპირ სსრკ-ში გაგზავნას ვერ ახერხებდა, ამიტომ ისინი “ექიმ ჟივაგოს” ევროპაში გამართულ იმ შეხვედრებზე არიგებდნენ, სადაც საბჭოთა მოქალაქეებიც იყვნენ წარმოდგენილები.

ამგვარი შეხვედრებიდან შესაძლებელია გამოიყოს ერთ-ერთი, სადაც CIA-ს დოკუმენტების მიხედვით ნამდვილად მოხდა ბორის პასტერნაკის ნოველის გავრცელება. 1958 წელს აშშ-მა წიგნის რუსული ვერსიები ვატიკანის პავილიონის დახმარებით გაავრცელა, რომელიც ბრიუსელის უნივერსალურ და საერთაშორისო გამოფენაზე იყო მოწყობილი. ეს ადგილი და ღონისძიება იმიტომ შეირჩა, რომ მას 16 000 საბჭოთა მოქალაქე დაესწრებოდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წიგნის მინიატურული რუსული ვერსიაც დაბეჭდა, რათა ის უფრო ადვილად გავრცელებულიყო საბჭოთა კავშირსა და რკინის ფარდის მიღმა დარჩენილ სხვა სახელმწიფოებში. მინიატურული ვერსია გასაიდუმლოებული დოკუმენტების მიხედვით ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ ადვილად დაშლილიყო ნაწილებად და ადვილად ჩატეულიყო შარვლის ჯიბეში.

5
“ექიმი ჟივაგოს” მინიატურული ვერსია – 1959 წელი

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ წიგნებს ამერიკის შეერთებული შტატები ბეჭდავდა, ის მაინც არ მზადდებოდა ამერიკულ სტამბებში, რადგან აშშ-ის არ სურდა ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გამხდარიყო. ამის დასაფარავად აშშ წიგნებს ერთ-ერთ ჰოლანდიურ სტამბაში ბეჭდავდა, რითიც საკუთარ მონაწილებას ამ პროცესში ფარავდა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ შემდგომში მინიატურული ვერსია ამერიკულ სტამბაში დაიბეჭდა, რადგან იყო შიში, რომ სხვა არ ჩარეულიყო ამ პროცესში.

წიგნების დაბეჭდვასთან ერთად CIA-მა გამოსცა სპეციალური გზამკვლევები ამერიკელი ტურისტებისთვის, თუ როგორ დაეწყოთ მათ საუბარი საბჭოთა მოქალაქეებთან “ექიმ ჟივაგოს” შესახებ.

ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ:

”მოგზაურები მზად უნდა იყვნენ, რომ თავიანთ საბჭოთა კონტაქტებთან ერთად განიხილონ არა მხოლოდ წიგნის ძირითადი თემა – ინდივიდუალური თავისუფლებისა და ღირსების განადგურება, არამედ კომუნისტურ საზოგადოებაში პიროვნების მდგომარეობა.”

“აიღეთ, წაიკითხეთ, თუმცა არანაირი მეთოდით არ ცადოთ, რომ საბჭოთა კავშირში წაიღოთ,” – ხშირად გაისმოდა ასეთი ფრაზები იმ ევროპულ ღონისძიებებზე, სადაც “ექიმი ჟივაგოს” ეგზემპლარები რიგდებოდა.

საგულისხმოა, რომ CIA-ის დოკუმენტებს ერთად თავი პიტერ ფინმა და პეტრა კუვემ მოუყარეს. მათ გამოსცეს წიგნი სახელწოდებით “ჟივაგოს საქმე”, სადაც აღწერილია ყველა ის ქმედება, რომლითაც დაზვერვის სამსახური რკინის ფარდის მიღმა წიგნის პოპულარიზებას ახდენდა.

6
პიტერ ფინისა და პეტრა კუვეს წიგნი “ჟივაგოს საქმე”

წიგნმა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. CIA-ის დოკუმენტების მიხედვით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბოლოო ჯამში “ექიმი ჟივაგოს” საბჭოთა მკითხველთათვის გაცნობა მოახერხა.

  • CIA და ლიტერატურა

აღსანიშნავია, რომ “ექიმი ჟივაგოს” დაბეჭდვა და გავრცელება არ იყო ლიტერატურული პროპაგანდის ერთადერთი გამოვლინება. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) ანტისაბჭოთა პროპაგანდაში აქტიურად იყენებდა სხვა წიგნებსაც. ცივი ომის პერიოდში ბორის პასტერნაკის შემოქმედებასთან ერთად გამოყენებული იყო ჯორჯ ორუელის, ვლადიმერ ნაბოკოვის, ერნესტ ჰემინგუეისა და ჯეიმს ჯოისის ნაწარმოებები.

ამ შემთხვევებშიც ქმედებები თითქმის იდენტური იყო. CIA თარგმნიდა წიგნებს რუსულ ენაზე, ამზადებდა ადაპტირებულ ვერსიებს და აქტიურად ავრცელებდა საბჭოთა კავშირისა და მისი სატელიტი სახელმწიფოების მოსახლეობაში.

როგორც “ჟივაგოს საქმის” ავტორი პიტერ ფინი აღნიშნავს, ამ პროცესებში აშშ-ის მხრიდან მილიონობით დოლარი იხარჯებოდა.

”მათ [CIA] ეგონათ, რომ ლიტერატურას გავლენა ექნებოდა და ისინი მზად იყვნენ წელიწადში მილიონობით დოლარის ინვესტიცია ჩაედოთ. ცივი ომის განმავლობაში, სავარაუდოდ, მათ [CIA] დაბეჭდეს 10 მილიონი წიგნი და ჟურნალი, რომლებიც მთელ აღმოსავლეთ ბლოკის სახელმწიფოებში გავრცელდა”

 

თემატიკა: ისტორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist