როგორ მანიპულირებს POSTV “კომპასის” და “კომპასიტოს” სახელმძღვანელოების შინაარსით?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

46
VIEWS

11 ივნისს POSTV-ის გადაცემაში “ლიბერალიზმის ანატომია”  2004 და 2009 წლებში გამოცემული სახელმძღვანელოების “კომპასისა” და “კომპასიტოს” შესახებ იყო საუბარი. ჟურნალისტის თანახმად, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს  ბავშვების სამოქალაქო განათლებისთვის ქართულად ითარგმნა “ლგბტ პროპაგანდისტული” სახელმძღვანელოები ,,კომპასი” და ,,კომპასიტო”, სადაც წარმოდგენილი იყო შემდეგი ტიპის დავალებები – ვისაუბროთ სექსზე, ,,გაიგე პიტერი გეი ყოფილა”, ხოლო 7-დან 13 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი დავალება ზღაპრის გმირებისთვის სქესის შეცვლას და ასეთი ფორმით მოყოლას მოიცავდა, რაც უნდა დახმარებოდა ბავშვებს იმის აღქმაში, რომ ქალსა და კაცს შორის არანაირი გენდერული სხვაობა არ არსებობს.

“კომპასისა” და “კომპასიტოს” POSTV-ისეული გაშუქება ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები მხოლოდ ლგბტქ+ უფლებებზეა ორიენტირებული, შესაბამისად, ხელს უწყობს ლგბტქ+ პროპაგანდის გავრცელებას.

Screenshot 2024 06 20 at 3.22.33 PM როგორ მანიპულირებს POSTV “კომპასის” და “კომპასიტოს” სახელმძღვანელოების შინაარსით?

სახელმძღვანელოები „კომპასი“ და „კომპასიტო“ ორიენტირებულია ადამიანის უფლებების სწავლებაზე  და მიზნად ისახავს,  გააღრმავოს ახალგაზრდების ცოდნა მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე დისკუსიებს, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ახალგაზრდებისა და ბავშვების წახალისებას, რომ გახდნენ ინფორმირებული, პასუხისმგებელი და აქტიური მოქალაქეები. POSTV სახელმძღვანელოებზე ინფორმაციას მანიპულაციურად აშუქებს და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ისინი გენდერის შეცვლას და არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას ახალისებს. ჩანაწერი, სადაც ზღაპრის გმირისთვის სქესის შეცვლა ხდება, ემსახურება გენდერული როლებისა და სტერეოტიპების გაანალიზებას და არა სქესის შეცვლის პროპაგანდას.

კომპასი (სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით) და „კომპასიტო“ – სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისთვის  საგანმანათლებლო რესურსებია, რომელიც შემუშავებულია ევროპის საბჭოს მიერ ადამიანის უფლებათა განათლების ხელშეწყობის მიზნით და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებსა და საგანმანათლებლო კონტექსტზე არის გათვლილი.  “კომპასი” ქართულად 2004 “კომპასიტო” კი 2009 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრის” მიერ ითარგმნა. ეს სახელმძღვანელოები შექმნილია იმისათვის, რომ მასწავლებლებს, ლიდერებსა და ადამიანის უფლებების სწავლების კუთხით დაინტერესებულ აქტივისტებს მიაწოდოს პრაქტიკული ინსტრუმენტები, გაუზიაროს მეთოდები, იმისათვის, რომ  ბავშვებმა და ახალგაზრდებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში  საკუთარი ჩართულობითა და სხვა  ეფექტიანი  გზების დახმარებით მეტი ინფორმაცია მიიღონ ადამიანის უფლებების შესახებ.

“კომპასი” გათვლილია 13 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდებზე. ის გვთავაზობს ადამიანის უფლებათა სწავლების დეტალურ ჩარჩოს, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობასთან. სახელმძღვანელო მოიცავს ადამიანის უფლებათა თემების ფართო სპექტრს, როგორიცაა დისკრიმინაცია, თანასწორობა, სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური სამართლიანობა, გარემოსდაცვითი უფლებები. “კომპასის” თითოეული აქტივობაში წარმოდგენილია  აქტივობის მიზნები, საჭირო მასალები, ინსტრუქციები და შემაჯამებელ კითხვები რეფლექსიისა და დისკუსიისთვის. გარდა ამისა, სახელმძღვანელოში მოცემულია ვრცელი ინფორმაცია და საცნობარო მასალები ადამიანის უფლებების საკითხებზე, მაგალითად, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

“კომპასიტო” მორგებულია 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებზე. მისი მიზანია ამ ასაკობრივ კატეგორიას გააცნოს ადამიანის უფლებების კონცეფციები ასაკის შესაბამისი ფორმით. “კომპასიტო” მოიცავს ადამიანის უფლებების ძირითად საკითხებს, მათ შორის, მრავალფეროვნებას, იდენტობას, სამოქალაქო მონაწილეობას, მშვიდობასა და დემოკრატიას. “კომპასიტო” მიზნად ისახავს დაეხმაროს ბავშვებს გააცნობიერონ თავიანთი უფლებები და ისწავლონ სხვისი უფლებების პატივისცემა. ასევე სახელმძღვანელო ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების,  თანაგრძნობის განვითარებას. “კომპასიტოში” თითოეული აქტივობა სტრუქტურირებულია იმისათვის, რომ იყოს განვითარებისთვის შესაბამისი, ჰქონდეს მკაფიო ინსტრუქციები და სადისკუსიო კითხვები. სახელმძღვანელო ასევე შეიცავს დამატებით ინფორმაციას და ისეთ საცნობარო მასალებს, როგორიცაა მაგალითად,  ბავშვის უფლებათა კონვენცია, ლექსიკონები და  სხვა დამატებითი რესურსები. 

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ როგორც ფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში, ასევე არაფორმალურ სივრცეებში, როგორიცაა მაგალითად,  ახალგაზრდული კლუბები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. “კომპასი” 31, “კომპასიტო კი 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი, რაც მათ ღირებულებასა და მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.  სახელმძღვანელოები მიზნად ისახავს,  გააღრმავოს ახალგაზრდების ცოდნა მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების კულტურის განვითარებას და წაახალისოს ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გარდა ამისა, ამ სახელმძღვანელოებში შეტანილი აქტივობები მოქნილი და ადაპტირებადია, რაც საშუალებას აძლევს პედაგოგებს შეცვალონ ისინი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსისა და კულტურული კონტექსტის მიხედვით.

“კომპასის” შემქმნელები აღნიშნავენ, რომ საკითხები, რომლებიც სახელმძღვანელოშია ჩართული,  ნამდვილად აქტუალურია და პირდაპირი დაინტერესების საგანს წარმოადგენს ყველა ადამიანისათვის მათი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიუხედავად, თუმცა შესაძლოა ზოგიერთი საკითხი და სავარჯიშოების განვითარება ნაკლებად შეესატყვისებოდეს გარკვეულ ჯგუფებს. ასეთ შემთხვევაში,  ჯგუფის ლიდერების ან ხელმძღვანელების ამოცანა არის არა ინსტრუქციების ბრმად შესრულება, არამედ განსაზღვრა, თუ რა საჭიროებს გაუმჯობესებას, ადაპტირებას, ან განახლებას სპეციფიკური კონტექსტების გათვალისწინებით.

რა აქტივობები გვხვდება “კომპასსა” და “კომპასიტოში”?

“კომპასში” წარმოდგენილი ერთ-ერთი აქტივობა სახელწოდებით  “სად დგახართ?” ადამიანის ღირსებისთვის საჭირო ბაზისურ ელემენტებს განიხილავს და სამოქალაქო და პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებების შედარებითი მნიშვნელობის განხილვას მოიაზრებს. ამავე აქტივობაში ნაჩვენებია მთავრობის ვალდებულებები სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებით. აქტივობის მიზანს დისკუსიისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს.

კიდევ ერთი აქტივობა სახელწოდებით “ითამაშე” არის ბანქოს თამაშზე აგებული სიტუაცია, რომელშიც ყველა მოთამაშე არ იქცევა “პატიოსნად”, სავარჯიშოში კი განიხილება კონფლიქტური სიტუაციები და მათი მოგვარების გზები. ამ სავარჯიშოს მიზანს პრობლემების ამოცნობის სწავლა და მათი წარმოშობის კერის პოვნა, კონფლიქტების დარეგულირების უნარ-ჩვევების განვითარება, მონაწილეობის, თანამშრომლობის და სხვების პატივისცემის მნიშვნელობის თვალსაჩინოება წარმოადგენს.

თამაში “ენობრივი ბარიერი”  არის თავშესაფრის მოთხოვნის პროცესში ლტოლვილების წინაშე არსებული პრობლემების ინსცენირება. წამოჭრილი პრობლემები მოიცავს ლტოლვილთა გამოუვალ სიტუაციას და ემოციურ მდგომარეობას, ენობრივი ბარიერის გადალახვას, განაცხადის შეტანის დროს განცდილ დისკრიმინაციას. ამ აქტივობის მიზანს  წარმოადგენს: საიმიგრაციო ორგანოების მიერ თავშესაფრისმაძიებელთა დისკრიმინაციის შემთხვევების შესახებ ინფორმირება, ლინგვისტური და კულტურათაშორისი განათლების მნიშვნელობის დემონსტრირება, თანაგრძნობის გაჩენა თავშესაფრის მოთხოვნის პროცესში ლტოლვილთა მიერ განცდილი იმდეგაცრუების და გულისტკივილის გაგების გზით.

რაც შეეხება “კომპასიტოს” მასშიც არანაკლებ მნიშვნელოვანი აქტივობები არის წარმოდგენილი. მაგალითად, აქტივობაში “გადადგი ნაბიჯი წინ”  ბავშვებმა უნდა წარმოიდგინონ თავიანთი თავი სხვის ადგილას და იფიქრონ იმაზე, რომ დისკრიმინაციის და გარიყულობის სათავე არის უთანასწორობა. ამ აქტივობის მიზანია: განსხვავებული ადამიანების მიმართ თანაგრძნობის კულტივაცია, საზოგადოების წევრებს შორის არათანაბარ შესაძლებლობებში გარკვევა და იმის შეცნობა, თუ რა შედეგი მოაქვს უმცირესობის ჯგუფის შესაძლო წევრობას. აქტივობის ზოგიერთი მონაწილე განზრახ გამორიცხულია ჯგუფური აქტივობიდან. თამაშის შემდეგ, ისინი განიხილავენ, თუ როგორ გრძნობდა თავს გარიყულობისას და უკავშირებენ ამას რეალურ ცხოვრებაში გამორიყვისა და ჩართულობის სიტუაციებს.

კიდევ ერთი თამაშია “ზღაპარს თოჯინები ყვებიან”.  აქტივობაში ბავშვები თოჯინების სპექტაკლს დგამენ ცნობილი ზღაპრის მიხედვით, რომელშიც ადამიანის უფლებები ირღვევა, ამ აქტივობის მიზნებია: ადამიანის უფლებების თემების ამოცნობა ცნობილ ზღაპრებში და ადამიანის უფლებების დარღვევების მოგვარების გზების პოვნა.

რაც შეეხება სავარჯიშოებს, რომლებსაც POSTV-ის გადაცემაში განიხილავენ, იდენტობასა და გენდერული სტერეოტიპების გააზრების საკითხებთანაა დაკავშირებული და მათი წარმოჩენა გადაცემაში ლგბტქ+ ღირებულებების პროპაგანდის კონტექსტში, მანიპულაციურად ხდება. 

“კომპასიტოს”  დავალება “იყო და არა იყო რა… ნახე რა ხდება, როდესაც ცნობილი ზღაპრების პერსონაჟებს სქესს შეუცვლი”  გენდერული სტერეოტიპების გააზრებას ეხება. ამ დავალების მიზანს სხვადასხვა ამბავსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში სტერეოტიპული გენდერული ფუნქციების და დამახასიათებელი თვისებების ამოცნობა, ტრადიციული და არატრადიციული გენდერული ფუნქციების განხილვა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს სავარჯიშო არ უგულვებელყოფს ბიოლოგიურ სხვაობას ქალსა და კაცს შორის, არამედ ბავშვებს ეხმარება მათ  შესახებ არსებული სტერეოტიპული წარმოდგენების და შეხედულებების განსაზღვრაში. ამ სავარჯიშოს მიზანია ბავშვებმა კრიტიკულად შეხედონ თავიანთ და სხვათა წარმოდგენებს გენდერულ როლებზე და გაიაზრონ რომ მოლოდინები კაცებისა და ქალების ქცევის მიმართ შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების, საზოგადოებების და ოჯახების მიხედვითაც კი. სავარჯიშოში აღნიშნულია ისიც, რომ თანასწორობა აუცილებლად არ ნიშნავს “ისეთივეს”. 

Screenshot 2024 06 20 at 3.25.00 PM როგორ მანიპულირებს POSTV “კომპასის” და “კომპასიტოს” სახელმძღვანელოების შინაარსით?
ამონარიდი “კომპასიტოს” სავარჯიშოდან

დავალება “ვისაუბროთ სექსზე”, რომელიც მეორე სახელმძღვანელოში – “კომპასშია” წარმოდგენილი,  შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ახალგაზრდებს სექსუალობისა და გენდერის სირთულეების შესწავლასა და გაგებაში. აქტივობაში მონაწილეები განიხილავენ თავიანთ აზრებს და გრძნობებს სექსუალობისა და გენდერული როლების შესახებ და ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ეს საკითხები ადამიანის უფლებებს. ეს აქტივობა მნიშვნალოვანია იმდენად, რამდენადაც სექსი და სექსუალობა ხშირად ტაბუირებული თემაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. სქესის და გენდერის შესახებ გავრცელებული სტერეოტიპების განხილვით მონაწილეებს შეუძლიათ ამ საკითხებს ჩაუღრმავდნენ და პატივისცემით მოეკიდონ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს. გარდა ამისა, აქტივობა ხაზს უსვამს კავშირს სექსუალობას, გენდერსა და ადამიანის უფლებებს შორის, ეხმარება მონაწილეებს გააცნობიერონ თითოეული ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დაცვის მნიშვნელობა. დისკუსიისა და რეფლექსიის საშუალებით მონაწილეებს შეუძლიათ განავითარონ მეტი თანაგრძნობა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ. 

ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის თანახმად, ადამიანის უფლებები ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა, თანასწორობა, ადამიანის ღირსება, მშვიდობიანი თანაცხოვრება, სოციალური ინკლუზია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1948 წელს მიღებული დეკლარაცია ასახავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც საყოველთაოდ უნდა იყოს დაცული. თუ უფლებები შერჩევითად არის დაცული, ადამიანის უფლებების უნივერსალურობა ირღვევა. უფლებების შერჩევითი დაცვა ნიშნავს, რომ ზოგიერთი ინდივიდი ან ჯგუფი ნაკლებად იმსახურებს დაცვას, რაც სისტემურ უთანასწორობას წარმოქმნის და ასუსტებს ადამიანის უფლებათა საერთო ჩარჩოს. შესაბამისად,  ყველა უფლება არის ერთნაირად ღირებული და საზოგადოებაში ყველა ჯგუფის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული.  არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების სწავლების და სწავლის  პროცესი, რასაც სწორედ  აღნიშნული სახელმძღვანელოები უწყობენ ხელს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist