როგორ კრძალავს უკრაინა საბჭოთა და ნაცისტურ სიმბოლიკას და რით მანიპულირებს Politicano?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

321
VIEWS

10 თებერვალს ფეისბუქ გვერდმა Politicano • პოლიტიკანო უკრაინის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.  პოლიტიკანოს მიხედვით, უკრაინის “ნეო-ნაცისტური ხელისუფლება” სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას აგრძელებს. ტექსტში ნათქვამია, რომ გასულ წელს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 3 პოპულარული არხი დახურა. ამჯერად კი, ხერსონის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქეს ვლადიმიერ ლენინის ერთი ციტატის გამოქვეყნების გამო 2 წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. საბჭოთა ლიდერის აღნიშნული ციტატა პოსტშიცაა გამოყენებული. აღწერაში ნათქვამია ისიც, რომ გასულ თვეში უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში საბჭოთა გერბის გამოსახულების მქონე ფოტოს “ლაიქის” გამო კონსიტიტუციური წყობილების დამოხობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს და დააჯარიმეს. 

პოლიტიკანოს პოსტი შეცდომაში შემყვანია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინის ხელისუფლება მხოლოდ კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენებას სჯის და იგივე მიდგომა ნაცისტურ სიმბოლიკაზე არ ვრცელდება. რეალურად, უკრაინაში მოქმედი კანონმდებლობით ორივე სიმბოლიკის გამოყენება დასჯადია. “პოლიტიკანოს” პოსტში არ არის მითითებული, რომ ხსენებული საქმეები ერთ შემთხვევაში საბჭოთა სიმბოლიკის სისტემატიურ გავრცელებას, მეორე შემთხვევაში კი უკრაინის ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას შეეხებოდა. ტელევიზიების – “Newsone,” “ZIK” და “122 უკრაინის”-ის დახურვა კი რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში მათი მფლობელის, პრორუსული პარტია  “პოლიტიკური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” წევრის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს  უკავშირდება.

“პოლიტიკანოს” პოსტი უკრაინის ხელისუფლებას “ნეო-ნაცისტურადაც” აფასებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება მხოლოდ საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ სიმბოლიკას ებრძვის. კანონით დადგენილი პრაქტიკა ნაცისტურ სიმბოლიკაზეც ვრცელდება. მაგალითად, 2018 წელს ამ კანონით 2018 წლის ივლისში დნეპროპეტროვსკის რეგიონის სასამართლოში გაიხსნა საქმე ორგანიზებული ჯგუფის წინააღმდეგ, რომელთაც ბრალად ნაცისტური სიმბოლიკის დამზადება და დისტრიბუცია ედებოდათ. 

უკრაინის რადამ აღნიშნული კანონი, რომელიც როგორც ნაცისტურ, ისე კომუნისტურ სიმბოლიკას კრძალავს, 2015 წლის აპრილში მიიღო. კანონი 2015 წლის მაისში ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ კანონთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა საერთო შეფასება 2015 წლის დეკემბერში გამოაქვეყნეს.

სამართლის ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ მართალია, კანონი ლეგიტიმურ მიზანს ატარებდა, თუმცა ძალიან ფართო იყო და შესაძლოა მისი გამოყენებით გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდათ. 

რაც შეეხება პოსტში მოყვანილ ცალკეულ მაგალითებს, კერძოდ, ქალაქ სუმის სასამართლოს მიერ “ლაიქის” გამო მოქალაქის დაჯარიმებას, “პოლიტიკანოს” მიხედვით, ბენზინგასამართი სადგურის რიგითმა ოპერატორმა “ოდნოკლასნიკში” საბჭოთა კავშირის ლოგოს გამოსახულებით ფოტო დაალაიქა, რაშიც სასამართლომ კონსიტუციური “წყობილების დამხობის საფრთხე დაინახა.”

რეალურად, ფოტო, რომელიც აღნიშნულ პირს ჰქონდა მოწონებული, უკრაინის ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას შეიცავდა. ფოტოზე დატანილია რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის დროშები საბჭოთა სიმბოლიკასთან ერთად და ასევე წარწერა: “დავამხოთ კიევში მოქმედი რეჟიმი! მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ გავერთიანდეთ რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის შემადგენლობაში სამების პრინციპით. ვინც ეთანხება, მოიწონეთ და გააზიარეთ. ჩვენი ძალა ერთობაშია”.

ფოტო: ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორის მიერ რუსულ სოციალურ ქსელში მოწონებული ფოტო, წყარო: ok.ru

სწორედ კიევში არსებული რეჟიმის დამხობისაკენ მოწოდების გაზიარება მიიჩნია სუმის რეგიონის რომენსკის საოლქო სასამართლომ 109-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევად, რაც კონსტიტუციური წყობის იძულებით შეცვლისკენ, დამხობისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ მიმართული საჯარო განცხადებების გაკეთების ან ამ მიზნით მასალების გავრცელების დასჯას გულისხმობს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში საბჭოთა კავშირის გერბი ან მასთან დაკავშირებული სიმბოლიკა ნახსენები არ ყოფილა.

მეორე შემთხვევა ხერსონის ოლქის ჩაპლინსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის  გადაწყვეტილებას ეხება. სასამართლო პროცესზე ხერსონის რეგიონის მკვიდრი დამნაშავედ  “უკრაინაში კომუნისტური და ნაციონალ-სოციალისტური (ნაცისტური) ტოტალიტარული რეჟიმების დაგმობისა და მათი სიმბოლოების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ” კანონის დარღევის გამო სცნო. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოქალაქე 3 წლის განმავლობაში რუსული სოციალური ქსელის, ოდნოკლასნიკის საკუთარ ანგარიშზე საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ სიმბოლოებს, სსრკ-ს ხელმძღვანელების ფოტოებსა და ციტატებს სისტემატურად აქვეყნებდა. მოქალაქემ დანაშაული აღიარა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ ამ ტიპის აქტივობა აკრძალული იყო.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან უკრაინაში რუსული სოციალური ქსელები და საიტები, მათ შორის ოდნოკლასნიკი, ვკონტაქტე, Yandex და Mail.ru, დაბლოკილია. 2017 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ამ საიტებზე წვდომა 3 წლით შეიზღუდა. უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული შეზუღდვა 2023 წლამდე გააგრძელა. უკრაინიდან აღნიშნულ საიტებზე წვდომა აკრძალულია, თუმცა შეზღუდვა მათ დასჯას არ ითვალიწინებს, ვინც საიტებზე ანონიმურად ან VPN სერვისების გამოყენებით უკრაინის ტერიტორიიდან შედის. 

უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დამცველმა საერთასორისო ორგანიზაციამ Article 19 გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა. 

  • ტელევიზიების დახურვის შესახებ

რაც შეეხება უკრაინაში ტელევიზიების “Newsone,” “ZIK” და “122 უკრაინის” დახურვას, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, ტელევიზიების მფლობელის, ტარას კოზაკის წინააღმდეგ სანქციები 2021 წლის თებერვალში დაწესდა, რამაც მისი კუთვნილი ტელევიზიების მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერება გამოიწვია. პრეზიდენტის სპიკერმა განმარტა, რომ ტელევიზიები ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეიზღუდა.

იულია მენდელი, პრეზიდენტის პრესსპიკერი: “ეს მედიები უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთ იარაღად იქცა, ისინი ეროვნული უსაფრთხოების გამო დაიხურა.”

ტელევიზიების მფლობელი უკრაინის პრორუსული პარტიის “პოლიტიკური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” წევრი და რადას დეპუტატი ტარას კოზაკია. ორგანიზაცია “ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის ანგარიშების პროექტის (OCCRP)” მიერ გამოქვეყნებული გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, კოზაკი ერთ-ერთია იმ უკრაინელ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს შორის, რომლებიც შემოსავალს რუსული ნავთობის გაყიდვით იღებენ. დოკუმენტების მიხედვით, კოზაკი ერთ-ერთ არქტიკულ ნავთობის საბადოს ოფშორული კომპანიის გავლით ფლობს.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება ტელევიზიების დახურვის შესახებ უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიამ გააკრიტიკა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო შეშფოთება გამოთქვა. მათი განცხადებით, სახელმწიფო დეზინფორმაციას უნდა ებძოდეს, თუმცა საამისოდ დაბალანსებული მიდგომა უნდა გამოიყენონ, რათა გამოხატვის თავისუფლების უსამართლოდ შეზღუდვა არ მოხდეს.

საგულისხმოა, რომ მაგალითისათვის კრემლის პროპაგანდისტულ მედიებს მაუწყებლობა ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაშიც აქვს შეჩერებული. მაგალითისათვის, მიმდინარე წლის 2 თებერვალს გერმანიამ გერმანულენოვანი Russia Today-ს მაუწყებლობა აკრძალა. არხს მაუწყებლობა 2020 წელს შეუჩერეს ლიეტუვამ და ლატვიამაც. 2020 წელს კრემლისტური მედია Sputnik-ის ოფისი დაიხურა ესტონეთშიც. ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ კრემლის პროპაგანდისტული მედიებისათვის სანქციების დაწესება ევროკავშირის მიერ მათი ხელმძღვანელის, დიმიტრი კისელიოვისათვის ყირიმის ანექსიის გამო სანქციების დაწესებას უკავშირდებოდა. ლიეტუვისა და ლატვიის გადაწყვეტილება გააკრიტიკა ორგანიზაციამ “ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე”. უკრაინაში Russia Today 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ აიკრძალა

აღსანიშნავია, რომ “პოლიტიკანოს” წარსულშიც გაუვრცელებია მანიპულაციური ინფორმაცია, რომლითაც უკრაინის ნაციზმის მხარდამჭერს სახელმწიფოდ წარმოჩენას ცდილობდა. რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზაციის დაწყების შემდეგ “პოლიტიკანომ” უკრაინის დისკრეტიდაციის მიზნით არაერთი პოსტი გამოაქვეყნა და დაასპონსორა. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:

წყაროს შესახებ

ფეისბუქ გვერდი “პოლიტიკანო” ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. თავის მხრივ, პრიმაკოვის ცენტრი კი გორჩაკოვის ფონდმა დააარსა, რომელიც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებით  საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მხარდამჭერით შეიქმნა.

პოლიტიკანო მემარცხენე გამოცემად პოზიციონირებს. ის ევროატლანტიკურ სკეპტიციზმს აღვივებს,  ევროპის კოლონიალურ წარსულს, დღევანდელობად წარმოაჩენს, ხოლო რუსეთის ოკუპაციას და საბჭოთა ოკუპაციას უარყოფს. 

პოლიტიკანო ასევე უარყოფს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში რუსეთის პასუხისმგებლობას. გვერდი ხშირად ავრცელებს ანტიდასავლურ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის გარდა საქართველოს ტერიტორიები სხვა ქვეყნების მიერაც არის ოკუპირებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist