როგორ იქცა პენტაგონის პირობითი მოწინააღმდეგე ზომბი “წმინდა ვიაჩესლავის სასწაულების” კონსპირაციის წყაროდ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

905
VIEWS

18 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა ლელა ჭარხალაშვილმა რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს აღწერაში მითითებულია, რომ ენტონი პატჩმა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს იწინასწარმეტყველა, 2011 წლიდან კი პენტაგონი ზომბი აპოკალიფსისთვის ემზადება. ენტონი პაჩი 2014 წელს ჩაწერილ ინტერვიუში ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელება ვაქცინებზე მოთხოვნას გაზრდის, ვაქცინების საშუალებით კი ადამიანის დნმ-ში ცვლილებებს შეიტანენ, ეს კი ზომბების აპოკალიფსთან დაგვაახლოვებს.   ენტონი პაჩის ინტერვიუს გარდა, ვიდეოს ავტორის საუბარი პენტაგონისა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმ გეგმებს ეხება, რომლებშიც ზომბების შემოსევის საწინააღმდეგო მზადება ფიგურირებს.

 

;

ლელა ჭარხალაშვილის ვიდეო დეზინფორმაციაა. პენტაგონი და CDC ზომბების შემოსევის შესახებ შექმნილ სიმულაციურ გეგმებს სასწავლო რესურსებად იყენებენ, რა დროსაც ზომბი პირობითი მოწინააღმდეგეა. სხვადასხვა ტიპის კორონავირუსი 2014 წელსაც არსებობდა, ხოლო კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გენეტიკის მოდიფიკაციას არ იწვევს. ვიდეოს პირველწყარო კონსპირაციების გამავრცელებელი რუსული  იუთუბ არხი “წმინდა ვიაჩესლავის სასწაულებია.”

  • რეალურად რას წარმოადგენს პენტაგონისა და CDC-ს გეგმები ზომბების შემოსევების შესახებ?

2011 წელს პენტაგონმა ზომბების შემოსევის შესახებ გეგმა სახელწოდებით “CONPLAN 8888-11” მართლაც გამოაქვეყნა. დოკუმენტის შესავალში განმარტებულია ისიც, რომ გეგმა ხუმრობას არ წარმოადგენს. თუმცა ამ გეგმის შემუშავების მოტივებიც ნათლადაა ახსნილი და მითითებულია ისიც, რომ ეს სასწავლო რესურსია, რომელშიც სამხედრო პირების პირობით მოწინააღმდეგეებს ზომბები წარმოადგენენ. პენტაგონის მიხედვით, გეგმა თავდაცვის დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვისა და აღსრულების ერთობლივი სისტემის (JOPES) ახალგაზრდა ოფიცრების წვრთნებისთვის შეიქმნა, რათა მათ ექსტრემალურ სიტუაციაში თავიანთი მოვალეობის შესრულების ტექნიკები საინტერესო და განსხვავებული გზით ესწავლათ. განმარტებაში მოცემულია ისიც, რომ სასწავლო პროგრამისთვის გამოგონილი სცენარის შექმნამ რეალური ქვეყნებისა და ეთნიკური ჯგუფების სამიზნეებად გამოყენების და ამის გამო წარმოშობილი დიპლომატიური გაუგებრობების თავიდან აცილება შესაძლებელი გახადა.

გეგმა სამ ნაწილად იყოფა, თავდაპირველად სასწავლო წვრთნაში მონაწილეებმა ზომბების საწინააღმდეგო თავდაცვითი გეგმა უნდა შეიმუშავონ, შემდეგ ზომბებთან დაკავშირებული საფრთხეები შეამცირონ, ბოლოს კი კანონის უზენაესობა და ეკონომიკური კეთილდღეობა უნდა აღადგინონ. სხვადასხვა შეფასების მიხედვით, გეგმამ წვრთნების პროცესი უფრო საინტერესო და შემოქმედებითი გახადა, რაც დიდწილად სწორედ გამოგონილი სცენარის დამსახურებაა.

ლელა ჭარხალაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ზომბების შემოსევის შესახებ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC)  გეგმაც არის ნახსენები. პენტაგონის მსგავსად, ამ შინაარსის გეგმას CDC-ც სასწავლო რესურსად იყენებს. გეგმა CDC-ის შემადგენლობაში შემავალმა მზადყოფნისა და რეაგირების ცენტრმა შეიმუშავა.  საიტზე ვკითხულობთ, რომ ამ ტიპის გასართობი და გამოგონილი სცენარები აუდიტორიის დასაინტერესებლად და ინფორმაციის გადასაცემად ეფექტური საშუალებაა.

მზადყოფნისა და რეაგირების ცენტრი განმარტავს იმასაც, რომ საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესებისა და ტექნიკების შესახებ სწავლა ზომბების შემოსევის სცენარის მაგალითზე სხვადასხვა ტიპის აუდიტორიის უფრო აქტიური ჩართულობით გამოირჩევა. CDC-ს ამ მიმრთულებით სახალისო და საგანმანათლებლო გრაფიკული ნოველა და მასწავლებლებისთვის სპეციალური გზამკვლევი აქვს მომზადებული.

;

  • SARS-CoV-2 2014 წლამდე არ არსებობდა

ლელა ჭარხალაშვილის გავრცელებულ ვიდეოში სხვადასხვა წიგნის ავტორი და რეპორტიორი ენტონი პაჩი ვაქცინების შესახებ საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს, პაჩი სხვადასხვა ვირუსის ჩამოთვლისას ასახელებს კორონავირუსის რესპირატორულ ინფექციას, რომლის გავრცელებაც, მისივე თქმით, ვაქცინებზე მოთხოვნას გაზრდის, ხოლო ვაქცინებით ადამიანის გენეტიკური მონაცემების შეცვლა იქნება შესაძლებელი. პაჩის ეს განცხადება 2014 წელსაა ჩაწერილი.

პაჩის ეს ინტერვიუ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შემდეგ აქტიურად გავრცელდა, როგორც 2014 წელს გაკეთებული წინასწარმეტყველება, თუმცა, რეალურად, კორონავირუსები 2019 წლამდეც არსებობდა და მათ სამ სახეობად ყოფენ, ესენია: MERS-CoV, SARS-CoV და SARS-CoV-2. რეალურად პაჩი MERs-Cov-ის ტიპის კორონავირუსზე საუბროს, რომელიც 2012 წელს აღმოაჩინეს. ხოლო 2019 წლის ბოლოს ვუჰანიდან SARS-CoV-2-ის ახალი ტიპის Covid-19-ის გავრცელება დაიწყო. შესაბამისად, პაჩის განცხადება წინასწარმეტყველური არ არის.

  • კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანის დნმ-ს არ ცვლის 

რაც შეეხება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების მიერ გენეტიკის შეცვლას, დეზინფორმაცია ვაქცინაციისას დნმ-ისა და რნმ-ის ცვლილების შესახებ სხვა დროსაც ვრცელდებოდა, რეალურად ვაქცინაციისას განსხვავებული რნმ-ის ან დნმ-ის ადამიანის გენომში ინტეგრირება და გენეტიკის დონეზე რაიმე ცვლილების გამოწვევა შეუძლებელია. დეტალურად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
რნმ-ზე თუ დნმ-ზე დამყარებული ვაქცინა?

  • საქართველოში გავრცელებული ვიდეოს პირველწყაროს შესახებ

ლელა ჭარხალაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო თავდაპირველად იუთუბ არხმა “წმინდა ვიაჩესლავის სასწაულები” გამოაქვეყნა, თუმცა  აღნიშნულ არხი იუთუბის პოლიტიკის დარღვევის  გამო ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის. არხის წაშლის შემდეგ მფლობელმა ორი ახალი არხი შექმნა, მისივე განმარტებით, იუთუბმა ის კონსპირაციების გავრცელებაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა, რის გამოც ერთი აქტიური, მეორე კი სარეზერვო ახალი არხი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ “ზომბების შემოსევის” შესახებ ჩაწერილი ვიდეო ახალ არხებზე ვეღარ მოხვდა, ის ავტორის კიდევ ერთ სოციალურ ქსელ  Brightheon-ზე 5 თვის წინ აიტვირთა და ჯერ კიდევ იძებნება.

;

ქართულ სოციალურ ქსელში იუთუბ არხის “წმინდა ვიაჩესლავის სასწაულები” მიერ მსოფლიო ბანკის 2025 წლის სტრატეგიის შესახებ გავრცელებული კონსპირაცია 2020 წლის სექტემბერშიც მოხვდა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist