როგორ გაშუქდა რუსულ მედიაში პუტინის გადაწყვეტილება საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

1.6k
VIEWS

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რითაც საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის 2019 წლის გადაწყვეტილება გააუქმა და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციაში 90 დღით უვიზოდ შესვლა დაუშვა. გადაწყვეტილება აქტიურად გაშუქდა რუსულ მედიაში. კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ტურისტული სფეროს წარმომადგენლები პუტინის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ. რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა კი “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელ პეტრე მამრაძესა და “რადიო იმედის” წამყვან ლალი მოროშკინაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ პუტინის გადაწყვეტილებას ქართველებიც მიესალმებიან. 

ფრენების აღდგენას მიესალმნენ კრემლის პროპაგანდისტები ვლადიმირ სოლოვიოვი და მარგარიტა სიმონიანიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამ ფაქტის გამო დასავლეთი საქართველოს სანქციებით ემუქრება და ცდილობს მეორე ფრონტის გახსნა აიძულოს. ზოგიერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო საქართველოს და ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან და ბელარუსთან სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანების შესაძლებლობაზეც ალაპარაკდა. რუსულ მედიაში ასევე აღნიშნეს, რომ საქართველომ “გაკვეთილი ისწავლა” და დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა, რითაც კონფლიქტი თავიდან აირიდა.

რუსი პროპაგანდისტების მუქარანარევი მოწოდება მეგობრულად ცხოვრებისკენ

11 მაისს გადაცემაში “საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან”, რომლის სათურიც იყო “დასავლეთმა დიდი სისხლისღვრა გადაწყვიტა”, წამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი საქართველოსთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე შესაძლო სანქციების შესახებ კომენტარი გააკეთა:

ვლადიმირ სოლოვიოვი: “აშშ ცდილობს ნებისმიერი გზით გახსნას ჩვენს წინააღმდეგ მეორე ფრონტი. უკრაინა არ ჰყოფნით, ვაშინგტონი სანქციებით საქართველოს ემუქრება არათუ რუსეთთან დაახლოების, არამედ ნორმალური ურთიერთობების აღდგენის ნებისმიერი მცდელობისთვისაც, მაგალითად ავიამიმოსვლის”

გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი იყო Russia Today-ს რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, რომელმაც თქვა, რომ ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს და პუტინის გადაწყვეტილებამ ისინი აღაფრთოვანა. მეორე ფრონტზე ისაუბრა სიმონიანმაც:

მარგარიტა სიმონიანი: “რა თქმა უნდა, ცდილობენ გაგვიხსნან მეორე ფრონტი. უფრო მეტად კი ცდილობენ საქართველოს გაუხსნან. საქართველოს პირდაპირ თირკმლებში ურტყამენ რომ მეორე ფრონტი გახსნას აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და იქ გადაქაჩოს ჩვენი ძალები და ნერვები, რომელიც ისედაც დაძაბულია უკვე მეორე წელია.”

სიმონიანის თქმით, საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანას, ესმის რუსეთთან მეგობრული თანაცხოვრების მნიშვნელობა და ამის გამო არც სანქციები დააწესა და არც ომში ჩაერთო:

მარგარიტა სიმონიანი: “ჩემი აზრით, საქართველოს, რამდენადაც არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა და ახსოვს როგორია ჩვენთან ერთად ცხოვრება, მშვენივრად ესმის დიდებული რუსული მულტფილმის სიტყვები “ბიჭებო, მოდი ვიცხოვროთ მეგობრულად”. ვიცხოვროთ მეგობრულად როგორც ახლა, როცა საქართველოს არ დაუწესებია სანქციები, არ დაჰყვა ზეწოლას მეორე ფროტნის გახსნაზე და არანაირი სახით არ მონაწილეობს ომში უკრაინის მხარეს. არავის და არაფერს გზავნის იქ”.

გარდა ამისა, სიმონიანმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მუქარა საქართველოს მისამართით, რომ ომის შემთხევაში რუსეთი საქართველოს უკრაინის მსგავსად “რბილად” არ მოეპყრობა და ყველაფერი ძალიან სწრაფად და ცუდად დასრულდება რადგან რუსეთს არ ექნება შემაკავებელი ფაქტორები:

მარგარიტა სიმონიანი: ვფიქრობ, მათ კარგად ესმით, მათ რომ გაეხსნათ მეორე ფრონტი, ასე რბილად, როგორც უკრაინაშია, არ იქნებოდა. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას, ამაში ეჭვი არავის ეპარება, აქვს შეგრძნება, რომ ეს ერთი ერია, რომ რაც ხდება მძიმე და სამწუხაროა, და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება, მათ შორის სამხედრო, აქედან გამომდინარეობს. მაგრამ თბილისში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კიევ-პეჩერის ლავრა არ არის. ამ გადმოსახედიდან, ასეთი ძლიერი ემოციური შემაკავებელი, ასე ვთქვათ, ღვედი, რომლითაც საკუთარ თავს აკავებ, არ არსებობს საქართველოს შემთხვევაში და ეს ყველაფერი დამთავრდებოდა ძალიან სწრაფად და ცუდად”.

სიმონიანმა პუტინის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კომენტარი Twitter-ზეც გააკეთა, სადაც წერს, რომ საქართველო კარგად იქცეოდა და ამის გამო იმსახურებდა ფრენების აღდგენას:

მარგარიტა სიმონიანი: “პრეზიდენტი, რომელიც თავს დაესხა ჩვენს სამშვიდობოებს თავად დააკავეს, სანქციებს არ უერთდებიან, მეორე ფრონტს არ ხსნიან მიუხედავად იმისა, რომ აიძულებენ. იქნებ მომავალ წელს 9 მაისსაც ჩამოვიდნენ

სიმონიანი წერს, რომ მან არაერთი შეტყონობინება მიიღო გახარებული ქართველებისგან და მოსკოვში ქართული რესტორნები სავსე იქნება, სადაც მოსკოველი ქართველები ამ გადაწყვეტილების მიმღების ჯანმრთელობის სადღეგრძელოს დალევენ

ვის ეყრდნობიან რუსული მედიები, როდესაც წარმოაჩენენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს პუტინის გადაწყვეტილება უხარიათ?

რუსულმა გამოცემა взгляд-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “თბილისში წინასწარმეტყველებენ “უკრაინის ხელისუფლების პროტესტს” პუტინის გადაწყვეტილების გამო საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე”. სტატიის მიხედვით, უკრაინის ხელისუფლების უკმაყოფილებას ქართველი ექსპერტი პეტრე მამრაძე წინასწარმეტყველებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი და ყოფილი დეპუტატი, პეტრე მამრაძე взгляд-თან ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს პუტინის გადაწყვეტილების მიმართ ნორმალური დამოკიდებულება ექნებათ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ნეგატიური რეაქციაა მოსალოდნელი.

პეტრე მამრაძე: “რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს ასობით ათასი ქართველი, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას ადეკვატურად მიიღებენ. იმ ქართველებისთვის, რომლებსაც ნათესავები და ახლობლები ჰყავთ რუსეთში, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ეს ძალიან კარგია.”

მამრაძემ взгляд-თან ასევე განაცხადა, რომ რუსული ბაზარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ხოლო საქართველო რუსებისთვის პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. მამრაძის თქმით “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნის საფრთხეზე აყვირდება” რადიკალური ოპოზიცია და მათი “ევროპარლამენტარი ლობისტები”, თუმცა “რაციონალური დასავლელი ლიდერები” ამ გადაწყვეტილებას “განსაკუთრებული ემოციების გარეშე” მიიღებენ.

საქართველოს რიგითი მოქალაქეების პუტინის გადაწყვეტილებით კმაყოფილებაზე კიდევ ერთი რუსული მედია ren.tv, ლალი მოროშკინაზე დაყრდნობით წერს. სტატიის მიხედვით, საქართველოს რიგითი მოქალაქეები არ იზიარებენ მათი ქვეყნის ფორმალური ხელისუფლის, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას და რუსეთში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობა ახარებთ.

“საჭიროა, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს ვნახულობდეთ. რუსეთში, მე მაგალითად, დედა მყავს – სოჭიდან, ჩვენ ვერ შევძელით ჩემი ბიძის და დეიდის დაკრძალვაზე ჩასვლა, ეს საშინელება იყო. საჭიროა, რომ შენარჩუნდეს ნორმალური ადამიანური ურთიერთობები”, – ამბობს თბილისის მაცხოვრებელი ლალი მოროშკინა” – ვკითხულობთ ren.tv-ის სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ ლალი მოროშკინა რუსულ მედიაში რესპონდენტად ადრეც გამოჩენილა, ის კრემლისტურ გზავნილებსა და დეზინფორმაციას, ასევე კონსპირაციულ მტკიცებებს, ხშირად ავრცელებს.

pravda.ru საქართველოს და ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან და ბელარუსთან ერთად სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანების მოლოდინში

რუსეთთან უვიზო რეჟიმით საქართველოს მოქალაქეების კმაყოფილებაზე წერს Pravda.ru-ც, სადაც გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ქართველები მიესალმებიან რუსეთთან უვიზო მიმოსვლას, ჰორიზონტზე სამოკავშირეო სახელმწიფოა”. სტატია საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების საჩვენებლად გამოცემა Ambebi.ge-ს კომენტარების სექციას ეყრდნობა, საიდანაც მხოლოდ ის კომენტარებია მოყვანილი, რომელთა ავტორებიც უვიზო რეჟიმს და ავიამიმოსვლის აღდგენას დადებითად აფასებენ.

სტატიაში ნახსენებია, რომ უვიზო მიმოსვლისა და ფრენების აღდგენის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისათვის საფრთხის შექმნას უკავშირდება. სტატიის ავტორები სვამენ კითხვას “სჭირდება კი საქართველოს ევროკავშირი წევრობა, თუ რუსეთი მისი მშპ-ს 7-10%-იან ზრდას უზრუნველყოფს”. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პუტინმა საქართველოს 9 მაისი მიულოცა, რაც უკრაინის შემთხვევაში არ გაუკეთებია.

სტატიის მიხედვით, პუტინის გადაწყვეტილება მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” პოზიციამ განაპირობა, რადგან მათ არ გადასცეს უკრაინას “ბუკები”, ხოლო ბოლო ნაბიჯი ნატოს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარი იყო.

“თუ სომხეთი, რომელიც “კუხოს” წევრია, იღებს ამ წვრთნებში მონაწილეობას, მაშინ ქვეყანა, რომელიც უარს ამბობს, აპრიორი უნდა იყოს ამოღებული არამეგობრული ქვეყნების სიიდან” – ნათქვამია სტატიაში.

pravda.ru-ს მტკიცებით ოფიციალური თბილისის ანტიდასავლური პოზიცია რუსეთთან საქართველოს ახალ ომში ჩათრევის მცდელობებით და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით აიხსნება, რაც “უცხოეთის აგენტების კანონის” მიღებისას გამოჩნდა. “ევროკავშირმა და აშშ-მა ეს პირად შეურაცხყოფად მიიღეს და ამით დაადასტურეს საკუთარი კოლონიალისტური მისწრაფებები” – ვკითხულობთ სტატიაში.

“მომავალში არ არის გამორიცხული, რომ მალე შესაძლებელი გახდება საუბარი საქართველოს, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გაერთიანებაზე რუსეთთან და ბელარუსთან ერთად სამოკავშირეო სახელმწიფოში, წევრების სუვერენიტეტის შენარჩუნებით” – ნათქვამია სტატიაში.

“ქვეყანა, რომელმაც გაკვეთილი ისწავლა”

ამ სათაურით სტატია Sputnik-ზე РИА Новостиის ავტორის, დავით ნარმანიას, სახელით გამოქვეყნდა. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო “დამოუკიდებელ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს” საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, რაც სიჯიუტის მაგალითია. სტატიის მიხედვით, საქართველომ ამ მიწებისთვის სამი ომი წააგო, ბოლოს კი 2008-წელს, როცა “ქართული არმია უფრო სწრაფად ჩამოიშალა”.

“როგორც აღმოჩნდა, რუსეთის ჩარევა საკმარისი იყო ამ კონფლიქტების დასასრულებლად, რომლებიც ორი ათწლეული გრძელდებოდა” – ვკითხულობთ სტატიაში. ავტორის მიხედვით, სწორედ ეს გახდა გაკვეთილი ქართული საზოგადოებითვის, რომ რუსეთთან დაპირისპირება არ ღირს, ზოგისთვის კი “იქცა ტრავმად რომელიც მათ აიძულებთ წავიდნენ სიკვდილზე უკრაინაში”.

სტატიის მიხედვით დასავლეთისგან ზეწოლის მიუხედავად ქვეყნის ხელისუფლება ახერხებს აირიდოს კატასტროფა და არ ჩაებას ომში რუსეთთან.

“საქართველოს კუთვნილი უნდა მივაგოთ. ქვეყანა, რომელიც 15 წლის წინ იმის მაგალითი იყო, თუ რისი გაკეთება არ ღირს, იკავებს საკმაოდ ჯანსაღ და გასაკვირად სუვერენულ პოზიციას: აშენებს ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებს მოსკოვთან და თავს იკავებს სანქციების დაწესებისგანაც კი, რომელსაც ითხოვენ პრეზიდენტის სავარძელში მჯდომი ფრანგი ქალბატონის კურატორები. ეს, რა თქმა უნდა, აშშ-ს და მისი მოკავშირეების ყელში გაჩხერილი ძვალია. რუსეთს იზოლაციას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვაშინგტონის გუშინდელი ვასალებიც ხედავენ მოსკოვთან თუნდაც შეზღუდული თანამშრომლობის სარგებელს”. – წერს ნარმანია.

რას ეყრდნობა RT როცა ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკას მოსახლეობის 81% უჭერს მხარს?

ფრენების აღდგენაზე წერს Russia Today-ც. გამოცემამ 11 მაისს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე უარის შესახებ. სტატიის მიხედვით, საქართველომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე უარი თქვა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი არ აპირებს გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. სტატიის მიხედვით, გამოკითხვები აჩვენებს რომ საქართველოს მთავრობის ამგვარ პოლიტიკას მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა და გამოკითხულთა 81% მხარს უჭერს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას არ ჩაერიოს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში. გამოკითხვა, რომელიც Russia Today-ს მოჰყავს, GORBI-ს მიერ 2022 წლის ნოემბერშია ჩატარებული. შედეგები ტელეკომპანია იმედმა გასული წლის 19 დეკემბერს გამოაქვეყნა და კითხვათა ნაწილი “ქართული ოცნების” ნარატივს იმეორებდა, მათ შორის კითხვა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ:

“ემხრობით თუ არა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთი-უკრაინას შორის მიმდინარე ომში” – ამ კითხვაზე “იმედის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის რესპონდენტთა 81%-მა დადებითი პასუხი გასცა, 16%-მა კი უარყოფითი.

სტატიაში რუსი ექსპერტები საქართველოს მთავრობას ურჩევენ გაითვალისწინონ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიკტორ ორბანის, მაგალითი და არ გადაუხვიონ პრინციპებს.

არქივის ბმულები:

მარგარიტა სიმონიანის პოსტები (1, 2, 3, 4)
взгляд
pravda
Sputnik
Russia Today
ren.tv

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist