2020 წლის 12 თებერვალს, Sputnik Georgia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ლატვია ნატოს ერთ დიდ პოლიგონად გადაიქცა”. სტატია ლატვიაში ნატოს სამხედრო პოლიგონის გაფართოების საკითხს ეხება და თან ერთვის ვიდეო, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ნატოს ბაზები დასახლებულ პუნქტთან იმდენად ახლოს არის განთავსებული, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას სერიოზული პრობლემები ექმნება.
Sputnik Georgia: „ლატვიის მაცხოვრებლები თავიანთი სახლების ფანჯრებთან ნატოს პოლიგონების განთავსებას ეწინააღმდეგებიან… თუმცა, ბალტიის ქვეყნების მაცხოვრებლები შეჩვეულები არიან სამხედროებთან მეზობლობას. ხან ბრმა ნაღმი შევარდება ბოსტანში, ხან გზის პირას დაკარგულ საბრძოლო მასალას პოულობენ. ნატოს ჯარისკაცები კი ბალტიის ქვეყნებში სრულ იგნორირებას უწევენ ადგილობრივ კანონებს: ჩხუბი, დებოში და ვანდალიზმი – ანტირუსული სწავლებების მუდმივი „გვერდითი ეფექტია.””
Sputnik Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა მანიპულაციურია: 1) გამოყენებულია ფოტოები, რომლებსაც არავითარი კავშირი ქვს დაუგავპილსთან მდებარე ნატოს სამხედრო ბაზასთან; 2) 2016 წლის კადრები მიმდინარე მოვლენებად არის წარმოჩენილი; 3) გავრცელებულია დაუდასტურებელი ინფორმაცია ნატოს პოლიგონის გაფართოების შესახებ.
ვიდეომანიპულაცია 1: ლატვიის მოქალაქეები გზებზე საბრძოლო მასალას პოულობენ
Sputnik-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში გამოყენებულია კადრები, სადაც ჩანს Facebook-ის მომხმარებლის, ოქსანა ბონდარენკოს 2019 წლის 14 დეკემბერს გამოქვეყნებული პოსტი. ოქსანა ბონდარენკოს ამჟამად სახელი შეცვლილი აქვს და სოციალურ ქსელში ლატვიური დასახელებით – Laimīgās Stundas იძებნება, რაც google translate-ის თარგმანში ბედნიერ საათებს ნიშნავს. სავარაუდოდ პოსტი ყალბი ანგარიშიდან ვრცელდება, რომლის ფეისბუქის პროფილის url მისამართში თავდაპირველი სახელის – Oksana Bondarenko-ს იდენტიფიცირება ახლაც არის შესაძლებელი, ხოლო ფოტოების განყოფილებაში არსებულ ერთ-ერთ ფოტოზე რუსეთის დროშაა განთავსებული. უცვლელია პროფილის სურათიც, რომელზეც თოვლის პეიზაჟია ასახული.
ბონდარენკოს პოსტის ფოტოებზე გზაზე დადებული სამხედრო იარაღი ჩანს. Sputnik-ის ვიდეოს ვერსიით, მოსახლეობა სავალ გზებზე ნატოს სამხედრო იარაღებს პოულობს, სინამდვილეში კი მომხმარებელს პოსტის აღწერაში მოხსენიებული ჰყავს ადგილობრივი პოლიციისა და ლატვიის სამხედრო არმიის ოფიციალური გვერდები.
გარდა ამისა, პოსტის ავტორს ლოკაციად მითითებული აქვს Tīnūžu pagasts-ი, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე იკშკილეს მუნიციპალიტეტშია და 200 კილომეტრით არის დაშორებული დაუგავპილსიდან, სადაც ნატოს სამხედრო პოლიგონი მდებარეობს.
- ვიდეომანიპულაცია 2: ადგილობრივები სახლის ფანჯრებთან ნატოს ბაზის განთავსებას ეწინააღმდეგებიან
კიდევ ერთი კადრი, რომელიც ვიდეოში გვხვდება და სპუტნიკის ინფორმაციით, ლატვიაში ამჟამად მიმდინარე პროტესტს ასახავს სინამდვილეში 2016 წლით თარიღდება. ამ წლის 6 ივნისს, ქალაქ დაუგავპილსში აშშ-ს არმიის მე -2 საკავალერიო პოლკის სამხედრო ტექნიკა ჩამოვიდა და მიმდინარეობდა სასწავლო სვლა ,,«Dragoon Ride”. გზის გასწვრივ, ერთ-ერთ სარეკლამო ბანერზე გაკეთებული წარწერა ეროვნული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა და პოლიციამ სწორედ 2016 წელს მოხსნა. აღიძრა ადმინისტრაციული საქმე პლაკატის უნებართვო ინსტალაციასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს ინდივიდუალური შემთხვევა იყო და არ ასახავდა ლატვიელების ზოგად განწყობას.
ფოტო: 6 ივნისი, 2016. mixnews.lv
- გადაკვეთს თუ არა ნატოს სამხედრო პოლიგონი დასახლებულ პუნქტს?
პოლიგონის გაფართოების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივმა დუმამ ოფიციალურად 24 თებერვლამდე გადაავადა . თუმცა Sputnik-ის ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ პოლიგონის გაფართოება უკვე დაწყებულია და ტერიტორიაზე ტყე უკვე გაჩეხეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ლატვიის ხელისუფლების წარმმადგენლები იუწყებიან, რომ ხის ჭრა არ არის დაკავშირებული სამხედრო ბაზის მშენებლობასთან, რომლის გეგმაც ჯერ დადასტურებული არ არის. ისინი არ უარყოფენ ხეების ჭრის ფაქტს, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ჭრა დაბალი ინტენსივობით მიმდინარეობს და მიღებულ მასალას კომერციული დანიშნულება აქვს.
FOREST MACKEVICI-ის სამხედრო სივრცის დაგეგმარებაში კი, აღნიშნულია, რომ ტერიტორია ლატვიის სახელმწიფო ტყეებსა და აგროკულტურულ მდელოებს უჭირავს. გეგმა ითვალისწინებს ადგილობრივი ტყეების სადრენაჟო სისტემის განახლებას, გზების რეკონსტრუქციასა და ხიდის მშენებლობას მდინარე ლიკსნაზე, რომლითაც ადგილობრივებსაც შეეძლებათ სარგებლობა.
იდენტური მასალა რუსულ წყაროებში
სპუტნიკის იდენტური ვიდეო ლატვიაში ნატოს პოლიგონის შესახებ ასევე გამოაქვეყნეს რუსულენოვანმა მედიებმა sputnik.by, lv.sputniknews.ru, nurtz.kz, webtid.ru.