როგორ ამართლებს იოანე რუსეთის მიერ ეკლესიების “გათეთრებას”

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

gadaReba ruseTma
1.1k
VIEWS

და ვინ აღადგინა რეალურად ტაძრები?

11 ნოემბერს ქუთაისი პოსტთან მიცემულ ინტერვიუში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ რუსეთზე საუბრისას განაცხადა, რომ აღა-მაჰმად-ხანის მიერ დანგრეული თბილისის ეკლესიები (ქვათახევი, ბეთანია, სიონი) რუსეთის აშენებულია და აღდგენილია. კრემლისტურ გამოცემა NewsFront-თან კი მიტროპოლიტი რუსეთის მიერ ტაძრების გათეთრების გამართლებასაც შეეცადა, როცა აღნიშნა, რომ საკულტო ნაგებობების გადაღებვაც ტაძრების აღდგენის მეთოდია.

მიტროპოლიტი იოანე: “რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველის ვიზიტის დროს, გზაზე, სადაც მას უნდა გაევლო და დაზიანებული მხატვრობა სადაც იყო ეკლესიაში, იქ გადაათეთრეს კედლები, რომ საყვედური არ მიეღოთ, რადგან როდესაც დაზიანებულია ფრესკები, ან უნდა აღდგეს, ან გადაიშალოს და თავიდან დაიხატოს.”

მიტროპოლიტი იოანე: “როდესაც რუსეთის იმპერიამ შემოიერთა საქართველო,  რა დღეში იყო ჩვენი ტაძარები, იცით?… ისევ რუსებმა აღადგინეს. აღმშენებლობა მიმდინარეობდა.”

მიტროპოლიტი იოანეს განცხადებები მანიპულაციურია და ის ისტორიულ უზუსტობებს შეიცავს.

მითი N1: რუსეთი ტაძრებს აღდგენის მიზნით ათეთრებდა

რეალობა N1: რუსეთი ტაძრებს ქართული კვალის წაშლის მიზნით ათეთრებდა

მას შემდეგ, რაც 1801 წელს რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო დაიქვემდებარა და შემდგომ უკვე მთლიანი საქართველოს ტერიტორიაც, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა აშკარა გახდა. ავტოკეფალიის გაუქმების გარდა რუსეთმა ქართული ეკლესიის განძი რუსეთში გაიტანა და ასევე წირვა-ლოცვის ენა ქართულიდან რუსულით შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ტაძრების შეთეთრება საკმაოდ პრობლემური საკითხია დღესაც და არა მარტო ნიკოლოზ პირველის დროს (1837), როგორც ამას მიტროპოლიტი იოანე აღნიშნავს. რუსეთის მიერ ქართული ფრესკების წაშლა შეთეთრების მეთოდით დღემდე მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

შეთეთრების შემდგომ ტაძრებში ძირითადად ხელახლა მოხატვა ხდება, თუმცა არა თავდაპირველი სახით, არამედ  ქართული კვალი მთლიანად იშლება. თავის დროზე ილორის შეთეთრების დროს ქართული ფრესკები და წარწერები მთლიანად განადგურდა. ასევე განადგურებულია აფხაზეთში ბედიის ტაძარში არსებული ბაგრატ მე-3-ის ერთადერთი ფრესკა.

"
ბედიის დაზიანებული ფრესკები

"
ილორი შეთეთრებამდე

"
ილორი შეთეთრების შემდეგ რუსული გუმბათით

საგულისხმოა ისიც, რომ რუსული ეკლესიები ზოგადად თეთრი ფერით გამოირჩევა და ტაძრების შეთეთრების მიზანი შემდგომი აღდგენა კი არა რუსულ სტილზე შეცვლა იყო. ეკლესიის შეთეთრების ტრადიცია რუსეთში XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი, ალავერდი, სწორედ ნიკოლოზ პირველის ვიზიტის შემდგომ (40-იან წლებში) შეათეთრეს და იქ ქართული ფრესკები მთლიანად გაანადგურეს.

თეოლოგი ლადო წითლიძე ნეთგაზეთთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს:

„რუსეთი ამას — ეკლესიების გადათეთრებას, წირვა-ლოცვის აკრძალვას, ყველაფერი პროქართულის დევნას — აკეთებდა მას შემდეგ, რაც 1811 წელს გააუქმა ჩვენი ავტოკეფალია. ტაძრების გადათეთრება, ქართული წირვა-ლოცვის დაუშვებლობა არის სწორედ რუსეთის იმპერიის და ეკლესიის ისტორიული სახე.”

მითი N2: ბეთანია და ქვათახევი რუსეთმა აღადგინა

რეალობა N2: ამ ორი ტაძრის აღდგენა ქართველების დამსახურებაა

მიტროპოლიტი იოანეს მტკიცება, რომ რუსებმა ქვათახევი და ბეთანია აღადგინეს რეალობას არ შეესაბამება. 20 ნოემბერს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკ სტატუსი გამოაქვეყნდა, სადაც სწორედ ამ ორი ტაძრის აღდგენის საკითხს შეეხო. დეკანოზმა აღნიშნა, რომ ქვათახევი არქიმანდრიტ ტარასი ალექსი-მესხიშვილის გარჯით და იოანე თარხან-მოურავის სახსრებით იქნა აღდგენილი, ხოლო ბეთანიის აღდგენაში წვლილი ორბელიანებმა და სხვა ქართველებმა შეიტანეს.

  • ბეთანიის მონასტერი

ბეთანიის მონასტერი XIX საუკუნემდე ნანგრევებს წარმოადგენდა. დანგრეული ტაძრის აღდგენის პირველი მცდელობა სწორედ მე-19 საუკუნეში დაიწყო და მასში წვლილი მღვდელმონაზონმა სპირიდონმა (კეთილაძე) შეიტანა. მან მოახერხა და ტაძარი მცირე საძმოსთვის საცხოვრებლად გამოსადეგი გახადა.

"
ბეთანიის ტაძარი მე-19 საუკუნეში

ბერებს ტაძრის აღდგენისთვის სახსრები არ ჰყოფნიდათ, ამიტომ გზაზე დიდი ყულაბა დადგეს ასეთი წარწერით: „შეეწიეთ მონასტერს!“. მღვდელმონაზონ სპირიდონს ტაძრის აღდგენაში 12 წლის გლეხი ვასილ მაისურაძე ეხმარებოდა, რომელიც შემდგომში არქიმანდრიტი იოანე გახდა და ბეთანიის მონასტერში დამკვიდრდა. მათი საშუალებით ბეთანიის მონასტერი აღდგა და თავისი ფუნქციები დაიბრუნა. მონასტრის მნიშვნელოვანი რესტავრაცია და განვითარება 1978 წელს ილია II-ის ინიციატივით დაიწყო.

  • ქვათახევიის მონასტერი

ქვათახევი  XII-XIII საუკუნეების ქართული მონასტერია, რომელიც ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეკლესიამ დიდი დაზიანება თემურ-ლენგის ლაშქრობების პერიოდში მიიღო.

"
ქვათახევის მონასტერი

მონასტერი კაპიტალურად სწორედ მე-19 საუკუნეში შეკეთდა, თუმცა ეს რუსეთს არ უკავშირდება. ტაძრის აღდგენაში დიდი წვლილი გიორგი XII-ის შვილიშვილმა იოანე თარხან-მოურავმა შეიტანა. ამ პერიოდში ტაძარში არქიმანდრიტად მოღვაწეობა ტარასი ალექსი მესხიშვილმა დაიწყო.

იოანე თარხან-მოურავი 1856 წელს გარდაიცვალა. ჟურნალ ცისკარში 1858 წელს მისი დაკრძალვის დროს წარმოთქმული სიტყვა გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია თარხან-მოურავის დიდი წვლილი ქვათახევის აღდგენაში.

“თითქმის უნდა შექმნილ იყო უკანასკნელ სრულებით მსხვერპლად დროებისა, ოდეს განგებამან ღვთისამან აღმოაჩინა თავადი. იოანე ლუარსაბისძე თარხან-მოურავი განმაახლებელად და განმაშუჱნიერებელად მონასტრისა ამისა. მან განაახლა წ. ტაძარი, განაშუჱნიერა, იყო ყოვლითა სამკაულითა და აწ, სასიხარულოდ ჩვენდა, ისმის უკვე მარადღე ქება და დიდება ღვთისა, პირთაგან მღვდელ-მონაზონთა, თუმცა ჯერეთ რიცხვით მცირეთა.”

"
ჟურნალი ცისკარი N11, 1858 წელი.

აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტი იოანე პრორუსული განცხადებებით ხშირად გამოირჩევა და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს უგულებელყოფს.

 

თემატიკა: ისტორია, რელიგია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist