27 დეკემბერს ფეისბუკ ანგარიშმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, CORONA სინამდვილეში სიტყვის RACOON ანაგრამაა, რაც აპოკალიპტურ ფილმში “ბოროტების სავანე” გვხვდება. პოსტის ავტორის მტკიცებით, ფილმში საიდუმლო ელიტარული ორგანიზაცია “ამბრელას კორპორაცია” კაცობრიობის მოსპობას ცდილობს. პოსტს თან ახლავს ფოტოკოლაჟი, რომლის მარცხენა მხარეს “ამბრელას კორპორაციის”, მარჯვნივ კი ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანიის ერთმანეთის მსგავსი ლოგოებია გამოსახული.
სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი დეზინფორმაციულია: “ბოროტების სავანე” 2002 წელს გამოვიდა, კორონავირუსი კი დეტალურად 1960-იან წლებში აღწერეს და ვირუსს სახელი გვირგვინის მსგავსი ცილების გამო ეწოდა. ამასთანავე, Corona Racoon-ის ანაგრამა ვერ იქნება, რამდენადაც სინამდვილეში ფილმში სახელი Raccoon (Raccoon City) გვხვდება, რომელიც 6-ის ნაცვლად 7 ასოსგან შედგება. ამასთან, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ჩინურ კომპანია RLSW-ს რაიმე კავშირი აქვს ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან.
საშინელებათა ჟანრის ფილმი “ბოროტების სავანე” 2002 წელს, კორონავირუსის აღმოჩენიდან ათწლეულებით გვიან გამოვიდა. კორონავირუსები ვირუსების ოჯახია, რომელშიც ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში დაავადებების გამომწვევი შტამებია გაერთიანებული. კორონავირუსი დეტალურად 1960-იან წლებში შეისწავლეს და მას სახელი გვირგვინის მსგავსი ცილების გამო უწოდეს, რომელიც ვირუსულ ნაწილს აკრავს გარს. გვირგვინის ლათინური სახელწოდება Corona არის, შესაბამისად, ვირუსსაც კორონა ამიტომ დაერქვა.
კორონავირუსების შტამებიდან ადამიანის ინფიცირება შვიდს შეუძლია, მათ შორის ოთხი სეზონურია და მსუბუქ სიმპტომებს იწვევს. ახალი კორონავირუსის სახელით ცნობილი SARS-CoV-2, რომელიც პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უჰანში დაფიქსირდა, კორონავირუსების ოჯახიდანაა, მის სახელწოდებაში “SARS” (Severe Acute Respiratory Syndrome), მწვავე რესპირატორულ სინდრომს, ხოლო CoV2 2003 წელს გუანდონგის პროვინციაში აღწერილი კორონავირუსის სახელს წარმოადგენს, რომელიც ადამიანებში მწვავე რესპირატორულ სინდრომს იწვევდა.
ამასთანავე, განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ანაგრამა არის სიტყვა ან სიტყვათშეთანხმება, რომელიც სხვა სიტყვის ან შესიტყვების ასოების გადაადგილებით წარმოიქმნება; ანაგრამა გამოიყენება გამოცანებში, თამაშებში და ასევე წარმოადგენს ლექსების შექმნის ხერხს, რომელშიც ლექსის საწყისი სიტყვის ცალკეული ფონემები სხვა სიტყვებში მეორდება. ანაგრამის მაგალითებია: მხალი – ხმალი, ტახი – ხატი, მოლი-ლომი. აქედან გამომდინარე, მცდარია ის მტკიცებაც, თითქოს Corona Racoon-ის ანაგრამა იყოს, რომელიც სინამდვილეში არა 6 არამედ 7 ასოსგან შედგება და Raccoon იწერება. Raccoon-ის ანაგრამა შესაძლოა ყოფილიყო CCorona, თუმცა ამ დასახელებით ვირუსი არ გვხვდება.
აღსანიშნავია, ისიც, რომ პოსტს თან ერთვის ფოტოკოლაჟი,რომლის მარცხენა მხარეს გამოგონილი კომპანიის, Umbrella Corporation-ის, მარჯვნივ კი ჩინური კომპანიის RLSW Shanghai Ruilan Biological ლოგოებია გამოსახული. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანიის ლოგოები მსგავსია, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ კომპანიას კოროვირუსის გავრცელებასთან რაიმე კავშირი აქვს. ჩინური კომპანია ქვეყნის აღმოსავლეთით, უჰანიდან 840 კილომეტრში, ქალაქ შანხაიში მდებარეობს. ახალი კორონავირუსი კი 2019 წლის ბოლოს პირველად უჰანში დაფიქსირდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.