როგორ აისახა სანქციები რუსეთზე და რისი არ სჯერა “ალტ-ინფოს”?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

როგორ აისახა სანქციები რუსეთზე და რისი არ სჯერა “ალტ-ინფოს”?
413
VIEWS

2022 წლის 15 მარტს ალტინფოს გადაცემა ალტერნატიულ ხედვაში “ალტ-ინფოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ მიუხედავად უკრაინაში შეჭრით გამოწვეული სანქციებისა, რუსეთის ექსპორტი რაზეც დგას, ამ საკითხებში მას საერთოდ არ შექმნია პრობლემები. მისივე თქმით, რუსეთს თავისუფლად შეუძლია ჩაანაცვლოს იმ კომპანიათა პროდუქცია, რომლებმაც რუსული ბაზარი დატოვეს. 

შოთა მარტინენკო: “რაზეც დგას ექსპორტი, მანდ არაფერში პრობლემა არა აქვს რუსეთს. რუსეთს რაში შეექმნა ეხლა პრობლემები, რომ გავიგოთ, აი, მაკდონალდსი, რაღაც ნაგავს ყიდიან გარედან და ფული გააქვთ ამერიკაში… მაგის მაგივრად შეიცვლება ის, რომ ხალხი ხაჭაპურს შეჭამს და რაღაც მწვადს, ქართულ რესტორანში წავა ან იგივესაც გააკეთებს.”

მარტინენკოს განცხადება რეალობას არ შეესაბამება. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაწესებულმა სანქციებმა და დასავლური კომპანიების მიერ რუსეთის დატოვებამ ქვეყანას სხვადასხვა ეკონომიკური პრობლემა შეუქმნა, დაწყებული ინფლაციის ზრდით დამთავრებული გაზრდილი უმუშევრობით და აღნიშული პრობლემის გადაჭრა მხოლოდ გარკვეულ პროდუქციის ჩაანაცვლებით ვერ მოხერხდება.

  • რომელმა კომპანიებმა დატოვეს რუსეთი და რა საფრთხეებს შეიცავს ეს რუსეთის ეკონომიკისთვის?

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა, 400-ზე მეტმა დასავლურმა კომპანიამ რუსეთს ბოიკოტი გამოუცხადა და მისი ბაზარი დატოვა. ბოიკოტში მყოფები სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ. მათ შორის არიან ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა: ამაზონი, კოკაკოლა მაკდონალდსი, ფორდი, ბოინგი, ეარბასი, სტარბაქსი, ვიზა, მასტერქარდი, ნაიკი და სხვა.

კომპანიათა ნაწილი, რომლებმაც დატოვეს რუსეთი

კომპანიები რომლებმაც დატოვეს ან შეამცირეს ბიზნეს აქტივობა და პროექტები რუსეთში ან შეზღუდეს რუსეთში თავიანთი პროდუქციის გადაზიდვა:

ავტომწარმოებლები: ვოლვო, ჯენერალ მოტორსი, მიცუბიში მოტორსი, ფორდი, იაგუარი, ასტონ მარტინი, მერსედესი, ჰონდა და სხვა.

ტექნოლოგიები: ეფლი, გუგლი, მაიკროსოფტი, დელი და სხვა.

კინო და ტელევიზია: დისნეი, უორნერ ბრაზერსი, სონი ფიქჩერსი, ნეტფლიქსი და სხვა

ავიაცია: AerCap Holdings, ბოინგი, ეარბასი.

ბანკები და ფინანსური სერვისები : HSBC, Nordea, Paypal, Visa, Mastercard, American Express და სხვა.

ენერგია: BP, ექსონ მობილი, TotalEnergies, Equinor და სხვა.

შესაძლებელია, გარკვეულ პერიოდში რუსეთმა მოახდინოს იმ პროდუქტების ჩანაცვლება, რომელთა შემქმნელმა კომპანიებმაც მისი ბაზარი დატოვეს, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ დასავლური კომპანიების ბოიკოტს რუსეთისთვის სხვადასხვა ეკონომიკური პრობლემა მოაქვს.

მიუხედავად ირაკლი მარტინენკოს მცდელობისა, კომპანიების ბოიკოტი იქამდე დაიყვანოს, რომ თითქოს რუსეთს პრობლემა არ ექნება, რადგან მაგალითად მაკდონალდის ბურგერს მარტივად ჩაანაცვლებს ხაჭაპურით, ეს ასე არ არის, რადგან კომპანიების ბოიკოტის უკან არა მხოლოდ დაკარგული პროდუქციაა, არამედ უმუშევრობისა და ინფლაციის ზრდა და ასევე შეჩერებული ინვესტიციები.

საგულისხმოა, რომ უკვე არსებულმა დასავლურმა სანქციებმა და კომპანიების ბოიკოტმა ერთობლივად რუსეთში 1 კვირის პერიოდში ინფლაცია 24 წლიან მაქსიმუმზე აიყვანა (2.22%). 11 მარტის მონაცემებით კი წლიურმა ინფლაციამ 12.54% შეადგინა, რაც 2015 წლის შემდგომ ყველაზე მაღალია

ამგვარმა ინფლაციამ რუსეთში სხვადასხვა პროდუქციის ფასი საგრძნობლად გაზარდა. მაგალითისთვის, ადგილობრივი მანქანების ფასმა იმატა 17.1%-ით, იმპორტირებულის – 15.2 პროცენტით. 9.6 პროცენტით გაიზარდა სმარტფონების ფასი. ასევე გაიზარდა მედიკამენტების ფასიც. სარატოვის რეგიონში წამლების ფასის ზრდამ 2.3-6.7% იყო, რაზეც ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამგვარ “ფატალურ” ზრდას არ მოელოდნენ. ასევე ადგილობრივები მოელიან, რომ გაიზრდება ტურიზმის და მოგზაურობის ხარჯებიც და რუსეთს აღარ ექნება ისეთი ზაფხული და დასასვენებელი სეზონი, როგორიც აქამდე ჰქონდა

სხვადასხვა პროდუქციაზე ფასების ზრდა რუსეთში.

შესაძლებელია რუსეთის მოქალაქეებმა მარტივად და სწრაფად მოახერხონ ისეთი პროდუქციის ჩანაცვლება, როგორებიცაა საკვები და ტანსაცმელი, თუმცა ვიზის, მასტერქარდის, ამერიკან ექსპრესისა და სხვადასხვა ნავთობკომპანიების ბოიკოტს რუსეთი მარტივად ვერ მოაგვარებს და ეს პროცესი მისთვის გრძელვადიან ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის. მაგალითად, მყიდველებს კვლავ შეეძლებათ ბარათების გამოყენება რუსეთში შესყიდვებისთვის იქამდე, სანამ ბარათებს ვადა აქვს, თუმცა საზღვარგარეთ გაცემული Visa, Mastercard ან American Express ბარათები რუსეთის მაღაზიებსა და ბანკომატებში აღარ იმუშავებს. კლიენტები ასევე ვეღარ შეძლებენ გამოიყენონ რუსული ბარათები საზღვარგარეთ ან საერთაშორისო გადახდებისთვის ონლაინ.

საფინანსო სფეროს გარდა, რუსეთს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა ტექნოლოგიების კუთხით, რადგან დიდწილად ის ყოველთვის იმპორტიორი იყო მოწინავე ტექნოლოგიების და ამ დანაკლისს, განსაკუთრებით კი სამხედრო აღჭურვილობაში, რუსეთი ადგილობრივი წარმოებით ვერ შეავსებს. ამასთანავე, როგორც უკვე აღინიშნა, ბოიკოტს შეუერთდა ეარბასი, რომელიც რუსეთის თვითმფრინავების 40 პროცენტს შეადგენს და მგზავრთა 41 პროცენტი გადაჰყავს.

ასევე, ტექნოლოგიების მხრივ მიკროელექტრონული საშუალებების იმპორტზე სანქციების გამო რუსეთს გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანი ზარალი ექნება.  აღნიშნული მიკროსქემები გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტის შექმნაში, მათ შორის, მატარებლებში, სარეცხი მანქანებში, ტანკებში, თანამგზავრებში, ელექტროქვაბებში და სხვა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი მიკროელექტრონული საშუალებების ჩანაცვლებას ჩინეთის დახმარებით ვერ შეძლებს, რადგან ჩინეთსაც ამ მხრივ პრობლემები აქვს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროდუქციის წარმოების ერთ-ერთი დიდი წილი ტაივანზე მოდის, რომელიც ასევე შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებს. როგორც GLobalData ანალიტიკოსი მაიკლ ორმი აცხადებს, რუსეთი შეძლებს დაბალი დონის ჩიპების მიღებას ჩინეთისგან, თუმცა იმ ჩიპების იმპორტს, რომელიც საჭიროა მაღალი დონის სმარტფონებისთვის ან მოწინავე ტექნიკისთვის, რუსეთი ვერ მოახერხებს. 

რუსეთში ნაწილების არარსებობის გამო უკვე ვეღარ ხერხდება ტანკების წარმოება. იქ არსებულმა ერთადერთმა ტანკების შემქმნელმა კომპანიამ “ურალვაგონზავოდმა” მუშაობა ნაწილების არარსებობის გამო შეაჩერა.

ასევე დროებით შეჩერდა ავტობაზის ბრენდ ლადას ავტომანქანების წარმოებაც. მიზეზი აქაც ნაწილების დეფიციტია. როგორც ავტოვაზის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, თუ “გაჩერდება ვაჭრობა, გაჩერდება ავტოვაზიც”.

რუსეთში ასევე პრობლემები შეიქმნა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით, რასაც რუსული პროკრემლინური გამოცემა “კომსომოლსკაია პრავდაც” აღიარებს. სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების შედეგად მაღაზიები უარს ამბობენ საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის განვადებით გაყიდვაზე, ასევე იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ პროდუქციაზე და ასევე ფასებიც. 

“კომსომოლსკაია პრავდას” ინფორმაციით კონკრეტულ პროდუქციაზე ფასები და მოთხოვნა შემდეგი რაოდენობით გაიზარდა:

პროდუქტი ფასის ზრდა (%-ში) მოთხოვნის ზრდა (%-ში)
სარეცხი მანქანა 50 254.3 
კონდიციონერი 52 239.5
მიკროტალღული ღუმელი 44 175.2
პლანშეტი 23 125.8
ლეპტოპი 54 117.4
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 48 108.3

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 400-ზე მეტი კომპანიის ბოიკოტი გამოიწვევს გაზრდილ უმუშევრობას, რაც კიდევ უფრო საზიანოა რუსეთის ეკონომიკისთვის. შესაძლებელია, მაკდონალდსი კვლავ განაგრძობს რუსეთში დასაქმებულებისთვის ხელფასის გადახდას, თუმცა მსგავსი განაცხადი ხელფასებთან დაკავშირებით ბევრ სხვა კომპანიას არ გაუკეთებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

წყარო

ალტ-ინფო
ალტ-ინფო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist