როდის და როგორ შეცვალა ,,ქართულმა ოცნებამ” ე.წ. აგენტების კანონი?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

288
VIEWS

17 მაისს ანტიდასავლური საპარლამენტო პარტია ,,ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც ის ფიზიკურ პირებსაც შეეხებათ, არც პირველი, მეორე და მესამე მოსმენით არ შესულა. მაჭარაშვილის მტკიცებით, ,,კანონს უკუღმა კითხულობენ”. 

გურამ მაჭარაშვილი: ,,ჯერ არ კითხულობდნენ და არ გვაინტერესებს, რა წერია კანონშიო და ახლა, თურმე, რაღაც წაუკითხავთ კანონი და ისიც უკუღმა წაიკითხეს. არავითარი ცვლილება მესამე მოსმენაზე არ შესულა და ვერც შევიდოდა, იმიტომ, რომ რედაქციულია მესამე მოსმენა და მით უმეტეს, არც პირველი მოსმენის დროს და არც მეორე მოსმენის დროს არავის შეუტანია ცვლილება ფიზიკურ პირებზე ამ კანონის გავრცელებასთან დაკავშირებით. ეს არის, პრაქტიკულად, გამარჯვება ქართველი ხალხისა, როდესაც აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე კანონის კითხვა დაიწყო და თან გაუკუღმართებულად.”

პარლამენტის წევრის აღნიშნული განცხადება პროსამთავრობო საინფორმაციო სააგენტოებმა ,,მარშალ პრესმა”, Ipress.ge-მ, ,,კვირამ” და ,,რეპორტიორმა” გაავრცელეს. მედიები სტატიებში აღნიშნავენ, რომ მაჭარშვილმა განცხადება ‘ოპოზიციის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე კომენტირებისას’ გააკეთა.

Screenshot 2024 05 27 at 4.29.14 PM როდის და როგორ შეცვალა ,,ქართულმა ოცნებამ” ე.წ. აგენტების კანონი? Screenshot 2024 05 27 at 4.29.24 PM როდის და როგორ შეცვალა ,,ქართულმა ოცნებამ” ე.წ. აგენტების კანონი?

დეზინფორმაციულია მტკიცება, რომ კანონპროექტში ცვლილება ფიზიკურ პირებზე არ შესულა. ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პირველ და მეორე მოსმენებზე წარდგენილ ვერსიებში ფიზიკურ პირებზე საუბარი არ ყოფილა. მესამე მოსმენაზე, რომელიც მხოლოდ რედაქციული ხასიათისაა, იურიდიულ კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრებს წარედგინათ შეცვლილი ვერსია, რომლის მეოთხე მუხლი ფიზიკურ პირებსაც ეხება და მათგან პირადი სახის ინფორმაციის მოთხოვნას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ მეორე მოსმენისას გათვალისწინებულ შენიშვნების ფურცელში მე-4 მუხლის ცვლილება არ ასახულა, მუხლის ცვლილებას მესამე მოსმენის შენიშვნების ფურცელში ვხვდებით.

საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით განიხილა და მიიღო კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. კანონპროექტის განხილვა 14 მაისს დასრულდა და ის ახლა ვეტოს დასაძლევად კენჭისყრის მოლოდინშია. 

კანონის მიღების შემდეგ გაირკვა, რომ მასში ცვლილება შევიდა. კერძოდ, მიღებული კანონის მეოთხე მუხლის ამავე პუნქტში, რომელიც ,,სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას” გულისხმობს, გაჩნდა ახალი ჩანაწერი: ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია განაცხადის სააგენტოსთვის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს განაცხადი. ამ მიზნით ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.” მეოთხე მუხლით გაწერილი პირობის შეუსრულებლობა ფიზიკური პირისთვის ფინანსური სანქციის დაწესების წინაპირობაცაა. მე-9 მუხლის მიხედვით, ის 5 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. 

Screenshot 2024 05 27 at 4.29.38 PM როდის და როგორ შეცვალა ,,ქართულმა ოცნებამ” ე.წ. აგენტების კანონი?
წყარო: საქართველოს პარლამენტი

ე.წ. ,,აგენტების კანონში” ახალი ჩანაწერი ორგანიზაციებსა და მათ შორის ფიზიკურ პირებს, პირადი სახის ინფორმაციის წარდგენას ავალდებულებს. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, ,,ბ” პუნქტი ,,განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს” შემდეგნაირად განმარტავს: ,,მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას…”, სწორედ ამ მუხლს დაეყრდნობა იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ორგანიზაციებისა და კერძო პირებისათვის ინფორმაციის მოთხოვნისას. 

როდის დაემატა ,,აგენტების კანონს” ახალი ჩანაწერი? 

არც ,,ქართული ოცნების” მიერ თავდაპირველად ინიცირებულ, ასევე არც პირველი და მეორე მოსმენისას მხარდაჭერილ დოკუმენტში მსგავსი ჩანაწერი არ არის.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 110-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კანონპროექტის ,,ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით” მეორე მოსმენის დროს განიხილავენ. მას შემდეგ, რაც პარლამენტი კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარს დაუჭერს, წამყვანი კომიტეტი ამავე მოსმენაზე გათვალისწინებულ შენიშვნებს კანონპროექტში ასახავს და მას მესამე მოსმენისთვის მოამზადებს. ხოლო კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.

Screenshot 2024 05 27 at 4.30.17 PM როდის და როგორ შეცვალა ,,ქართულმა ოცნებამ” ე.წ. აგენტების კანონი?
წყარო: საქართველოს პარლამენტი / პარლამეტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული შენიშვნების ფურცლიდან ვიგებთ, რომ კანონში ცვლილება II პლენარული მოსმენის ფარგლებში შევიდა. თუმცა ეს დოკუმენტი მესამე მოსმენის შესაბამის ფაილებთან ერთადაა გამოქვეყნებული, ხოლო მეორე მოსმენისას გათვალისწინებულ შენიშვნების ფურცელში მე-4 მუხლის ცვლილება არაა ასახული. პარლამენტმა კანონის მე-4 მუხლი პლენარულ მოსმენაზე 1-ელ მაისს განიხილა. დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ ამავე მუხლზე მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა თქვა:

,,დაზუსტებულია მეოთხე მუხლის მეოთხე პუნქტში, რომ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია”, – ნაცვლად სააგენტოსი, აქ იქნება სამინისტრო, და – ,,სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენის 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს განაცხადი, რისთვისაც ამ პირს უფლება აქვს კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის,” – და იყო შეკითხვები დაკონკრეტებულიყო პერსონალური ინფორმაციის საკითხი და ამიტომ კონკრეტდება, – ,,მათ შორის, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული (სახელმწიფო საიდუმლოების გარდა ნებისმიერი) სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციას წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია”. 

მანამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, თანამომხსენებელმა გივი მიქანაძემ პერსონალურ მონაცემებთან წვდომასთან დაკავშირებით თქვა, რომ ყველაფერი კანონით გაწერილი ვერ იქნება, შეიძლება პროცესში რაღაც ინფორმაციის მოძიების საჭიროება დადგეს, რაც კანონის არეალს მიღმაა. თანამომხსენებელმა მე-4 მუხლის განხილვისას ასევე აღნიშნა, რომ კანონი ფიზიკურ პირებს არ ეხება, თუმცა ,,დაფინანსება სად წავიდა ხალხმა უნდა იცოდეს”. კანონპროექტის მე-4 მუხლი მეორე მოსმენაზეა შეცვლილი და მესამე მოსმენისათვის მომზადებულ ტექსტშია ასახული. 

კანონში ცვლილების განხილვის შესაძლებლობას მესამე მოსმენა აღარ იძლეოდა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მესამე საკომიტეტო მოსმენა რედაქციული ხასიათისაა და კომიტეტის წევრები შინაარსობრივ, მუხლობრივ განხილვაში აღარ შედიან. ისიც აღსანიშნავია, რომ III საკომიტეტო მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ორ წუთზე ნაკლებ დროში დაასრულა. ამ დროს დარბაზში მხოლოდ მმართველი ძალის დეპუტატები იმყოფებოდნენ. ოპოზიციონერების თქმით, ისინი პოლიციამ შეაყოვნა და მოსმენაზე შესვლა ვერ მოასწრეს. 

ე.წ. ,,აგენტების კანონის” მე-4 მუხლი რომ თავდაპირველად ინიცირებულისგან განსხვავებულია, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც აღიარებს.

მე-4 მუხლი I და II მოსმენისას ,,სააგენტო ვალდებულია, მისთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს განაცხადი, რისთვისაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი”. 
მე-4 მუხლი III მოსმენისას ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია განაცხადის სააგენტოსთვის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს განაცხადი. ამ მიზნით ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული მონეცემი, სხვა პერონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.”

ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით და განსაკუთრებით მიმდინარე პროტესტის წინააღმდეგ აქტიურად ვრცელდება შეცდომაში შემყვანი ცნობები. არაერთი მათგანი აქამდეც გამოავლინა ,,მითების დეტექტორმა”: 

არქივი: 1, 2, 3, 4.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist