28 ივლისს ფეისბუქ-მომხმარებელმა თიკო თურმანიძემ spnews.io-ზე (სივრცეები) განთავსებული სიახლის სქრინშოტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ ორჯერ აცრილი პირებისთვის ციფრული კოდის შემოღება იგეგმება. როგორც სქრინშოტზე ჩანს, მასალა 11 საათის წინაა გამოქვეყნებული.
ფეისბუქ-პოსტი შეცდომაში შემყვანია და ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ჩხაიძემ ციფრულ კოდებთან დაკავშირებული განცხადება ახლახან გააკეთა. რეალურად, ჩხაიძემ აღნიშნული განცხადება 2021 წლის 14 მაისს გააკეთა და ის კორონავირუსის წინააღმდეგ ორჯერადად ვაქცინირებულთათვის ე.წ მწვანე პასპორტების შემოღებაზე საუბრობდა.
თიკო თურმანიძის პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ივანე ჩხაიძემ ორჯერადად ვაქცინირებულებისთვის ციფრული კოდის მინიჭებაზე განცხადება ბოლო პერიოდში გააკეთა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამ შთაბეჭდილებას ერთი მხრივ სქრინშოტზე მითითებული დრო – 11 საათის წინ, მეორე მხრივ კი, პოსტის ავტორის ტექსტი, რომ აცრილებს “ყველგან მიაგნებენ” აყალიბებს.
რეალურად, ივანე ჩხაიძემ ეს განცხადება 2021 წლის 14 მაისს გააკეთა. ჩხაიძე კორონავირუსის წინააღმდეგ ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის ე.წ მწვანე პასპორტის შემოღებაზე საუბრობდა, ის ამბობდა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ვაქცინირებულებისთვის ციფრული კოდის მინიჭებისა და მისი წარდგენის შემდეგ სხვადასხვა სერვისით სარგებლობის პრაქტიკა უკვე დანერგეს და საკითხი უკვე საქართველოს მთავრობასაც წარუდგინეს.
დიდი ალბათობით, ფეისბუქ-პოსტში გამოქვეყნებული სქრინშოტი ძველი გაკეთებულია, რადგან, მართალია, ეს მასალა spnews.io-ის ვებ-გვერდზე ამ ეტაპზე აღარ იძებნება, თუმცა “სივრცეების” ფეისბუქ-გვერდზე მათივე ვებ-გვერდიდან ჩხაიძის ამ განცხადებაზე მომზადებული მასალა 2021 წლის 15 მაისსაა გაზიარებული.
საქართველოში “მწვანე პასპორტი” 2021 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდა და 2 თვის შემდეგ გაუქმდა, 2022 წლის 1 თებერვლიდან მწვანე პასპორტი სავალდებულო აღარ არის.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.