რადიკალიზაცია რელიგიის სახელით და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ - ვინ რისთვის იყენებს ღირსების მარშს?

;

Tbilisi Pride-ის განცხადებას, რომ ორგანიზაცია 1-5 ივლისს ლგბტ უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიებებს, მათ შორის 5 ივლის რუსთაველის გამზირზე ღირსების მარშს გამართავდა, სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ჰომოფობიური შინაარისის და ძალადობრივი, ასევე ანტიდასავლური განცხადებები მოჰყვა. 

წინამდებარე ანგარიში ორი ნაწილისგან შედგება და ერთი მხრივ, თბილისი პრაიდის დიკრედიტაციის კამპანიასთან დაკავშირებულ გზავნილებს და მეორე მხრივ სოციალურ მედიაში ჰომოფობიურ კამპანიებს მიმოიხილავს.

მედიის განვითარების ფონდი 1 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ტრადიციულ და სოციალურ მედიას აკვირდებოდა და ის ძირითადი გზავნილები და აქტორები გამოავლინა, რომელიც პრაიდის საწინააღმდეგო კამპანიაში იყვნენ ჩართული. რაოდენობრივი მონაცემები სწორედ ამ პერიოდს ასახავს, ხოლო თვისებრივ ნაწილში შემდგომი პერიოდის მაგალითებიც არის მოყვანილი.

კვლევის მიგნებები
გზავნილები

გარდა გზავნილებისა, რომლებიც მთელი თვის განმავლობაში კულტივირებდა, უშუალოდ დაგეგმილი პრაიდის წინა დღეს, 4 ივლისს და 5 ივლისს 2 საყურადღებო განცხადება გაკეთდა, ერთი მხრივ, კრემლისტური პარტია “პატრიოოტთა ალიანსის” მხრიდან, მეორე მხრივ, მმართველი პარტიის სახელით, რამაც ვითარების რადიკალიზაცია კიდევ უფრო წაახალისა:

  1. პატრიოტთა ალიანსის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა პრაიდის გამართვა ბაიდენის ადმინისტრაციის, ასევე USAID-ს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ასევე ამერიკის და ევროკავშირის ფსევდოლიბერალურ ორგანიზაციებს დაუკავშირა (იხ. ქვემოთ).
  2. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მარშის ჩატარება ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილს დაუკავშირა, და ეს პროცესი სამოქალაქო არეულობის მცდელობად შეაფასა, რომელსაც ხელისუფლება არ დაუშვებდა.

როგორც ქვემოთმოცემულ დიაგრამაზე ჩანს, გამოიკვეთა 10 ძირითადი გზავნილი:

  1. დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას/გეი რევოლუციებს გეგმავს;
  2. ჰომოსექსუალობა ცოდვა/ ავადმყოფობა/ გარყვნილი ცხოვრების წესია;
  3. პრაიდი გარყვნილების პროპაგანდა/უმრავლესობის უფლებების ხელყოფაა;
  4. პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის;
  5. ლგბტქ პირების მიმართ ძალადობა გამართლებულია;
  6. პრაიდის აღკვეთა=ეკლესიის და მართლმადიდებლობის დაცვას;
  7. პოლიტიკური პარტიები დაკავშირებული არიან ლგბტქ თემთან;  
  8. რუსეთი იცავს ტრადიციულ იდენტობას;
  9. პრაიდი = აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვას;
  10. ლგბტქ თემი აგრესიულია / რადიკალები არიან.

კამპანია სოციალურ მედიაში

მითების დეტექტორის მონიტორინგის შედეგად 28 ფეისბუკ გვერდი და 23 ფეისბუკ ჯგუფი, ასევე ინდივიდულური პროფილები გამოავლინდა, რომელთა საშუალებითაც  ულტრა-ნაციონალისტური, კონსერვატიული, კრემლთან დაკავშირებული და რელიგიური აქტორები სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებს ავრცელებდნენ და პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეების მობილიზაციას ახდენდნენ. 

  • გამოვლინდა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული 6 ახალი ფეისბუკ გვერდი, რომელთაგანაც ხუთი 2021 წლის ივნისში, ერთი კი ივლისშია შექმნილი;
  • სოციალურ ქსელში სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ჰომოფობიური, ძალადობრივი და ანტიდასავლური გზავნილები  არანაკლებ 28 ფეისბუკ გვერდის, 23 ჯგუფისა და ინდივიდუალური ანგარიშების საშუალებით ვრცელდებოდა;
  • ულტრა-ნაციონალისტური და კრემლისტური ჯგუფების მასალებს ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი და ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსი, ალექსანდრ დუგინი ფეისბუკის პირად გვერდზე აზიარებდა;
  • გამოვლინდა ანტიდასავლური დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ჰომოსექსუალობას დასავლეთის მიერ თავსხმოხვეულად წარმოაჩენდა. აღნინული კამპანია მათ შორის ამერიკის ელჩის კელი დეგნანის წინააღმდეგ იყო  მიმართული.
  • სოციალურ ქსელში პრაიდის დაკავშირება პოლიტიკურ პარტიებთან, ზოგ შემთხვევაში მმართველ პარტიასთან, ზოგ შემთხვევაში კი ოპოზიციასთან დისკრედიტაციის მიზნით ხდებოდა;
  • სიძულვილის ჯგუფები თბილისი პრაიდის სოლიდარობის გამო სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო უწყებებს არცხვენდნენ;
  • გამოვლინდა დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევებიც, რომელთა ნაწილი სხვა ქვეყნებში გამართულ ლგბტ პრაიდებს ეხებოდა.

ნაწილი I. ჰომოფობიური და პრაიდის საწინააღმდეგო გზავნილები
1.1. წყაროები

კვლევის ფარგლებში 238 კომენტარი გაანალიზდა, რომლის წყარო მეტწილად მედია (84), საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები (48), პოლიტიკოსები (45) და სასულიერო პირები (35) იყვნენ.

დიაგრამა 1. ჰომოფობიური და პრაიდის საწინააღმდეგო გზავნილების წყაროები

;
პრაიდთან დაკავშირებული გზავნილების წყარო მეიდებიდან ყველაზე ხშირად ლევან ვასაძის კრემლისტური ტელე არხი “ალტ-ინფო” (59) იყო, რომელსაც ასევე პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის “საქართველო და მსოფლიო” (11), პარიოტთა ალიანსის ტვ “ობიექტივი” (6) და ულტრანაციონალისტური “ასავალ-დასავალი” (3) მოსდევენ. პარტიებიდან კრემლისტური პატრიტთა ალიანსი (11) ლიდერობს, რომელსაც აქციის ჩატარების მიუღებლობის შესახებ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” (9) კომენტარები მოსდევს, შემდეგ ადგილზე ლევან ვასაძის “ერთობა, რაობა, იმედი” (7), ქართული იდეა” (6) და ქართული მარში (5) არიან.

დიაგრამა 2. ჰომოფობიური და პრაიდის საწინააღმდეგო გზავნილების წყაროები მედიების და პარტიების მიხედვით

;
სასულიერო პირებიდან ყველაზე მეტად სპირიდონ ცქიფურიშვილი, შალვა კეკელია და გიორგი რაზმაძე აქტიურობდნენ.

სასულიერო პირები

#

სპირიდონ ცქიფურიშვილი, დეკანოზი

7

შალვა კეკელია, დეკანოზი

6

გიორგი რაზმაძე, დეკანოზი

4

საპატრიარქო

4

ვლადიმერ ვახტანგაძე, დეკანოზი

2

გიორგი ჯამდელიანი, ეპისკოპოსი

2

მეუფე სტეფანე, ჭყონდიდის მიტროპოლიტი

2

მეუფე ილარიონი, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი

2

სხვადასხვა

6

არასამთავრობო ორგანიზაციებიდან კი ყველაზე აქტიური პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებირვი ცენტრი და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება იყო.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები

#

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი

8

ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

8

ქართული მისია

4

საქართველოს განვითარების ლაბორატორია

4

სხვა

2

1.2. გზავნილები

ანტიდასავლური გზავნილები. როგორც გზავნილების დიაგრამაზე ჩანს, ყველაზე მეტი კომენტარი ანტიდასავლური შინაარსის იყო (62), რა დროსაც, ერთი მხრივ, ჰომოსექსუალობა დასავლეთის მიერ თავსხმოხვეულად იყო წარმოჩენილი, მეორე მხრივ, ხდებოდა ინდივიდუალური თავდასხმები და მუქარები ევროპარლამენტარებსა და დიპლომატიურ კორპუსზე, მათ შორის ამერიკის ელჩზე, რომლის განცხადებები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად იყო წარმოჩენილი.

დიაგრამა 3. ჰომოფობიური და პრაიდის საწინააღმდეგო გზავნილების ტიპოლოგია

;

  1. დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას 

ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: "გეიაღლუმი იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოში მყარდება ლგბტ დიქტატურა და ქვეყანა განაგრძობს ცხოვრებას ცისფერი კომისრების მიერ ნაკარნახევი დღის წესრიგით...ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებამ ბიძგი მისცა ლგბტ მოძრაობების გააქტიურებას. ეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაზეც აისახა."

ზურა მახარაძე, “ალტ-ინფოს” წამყვანი: “ჩვენ ნატოში შევალთ ანალური აღლუმი რო უნდა ჩაატარონ მაგით, რუსთაველზე რო გაივლის ეგ გარყვნილების აღლუმი, შემოჰყვება ნატო.” 

ბონდო მძინარაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი:  „აბა, რა 30 ევროპარლამენტარის საქმეა საქართველოში აქცია გაიმართება არ გაიმართება? ის პარლამენტარები რომ იტყვიან, რომ არ გაუწიოთ წინააღმდეგობა, არ ჩაუშალოთ ეს პრაიდი თუ რაღაცა, აქ ხალხი იტყვის რომ უუფ, აი 30-მა ევროპარლამენტარმა ეს თქვა, როგორ არ გავუწიოთ ანგარიში?!.”

  1. მოწოდებები და მუქარა ელჩების მიმართ

საქართველოს საპატრიარქო: “ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა.”

ლევან ვასაძე, “ერთობა, რაობა, იმედი”: “ამას ემატება უტიფარი, შეუვალი, უსირცხვილო საქციელი დასავლური დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, რომელსაც რამდენჯერმე უთხრა მთელმა ერმა, დედაეკლესიამ, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია და ისინი უტიფრად აგრძელებენ საკუთარი თავის ვნებას იმიტომ, რომ ავნებენ საკუთარი ქვეყნების იმიჯს საქართველოში”.

ლევან ვასაძე, “ერთობა, რაობა, იმედი”: “მოვუწოდებ უცხოური ქვეყნების ელჩებს, განსაკუთრებით კი დასავლური ქვეყნების ელჩებს, რომლებმაც ტრადიციად გახადეს ქართული ტრადიციების დაცინვა და ხელყოფა, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს, მის ეკლესიას, დარჩით თქვენს საელჩოებში და ნუ გაერევით ამ პროვოკაციაში, სიბინძურეში”. (ალია, 28 ივნისი - 4 ივლისი)

ზურა მახარაძე, “ალტ-ინფოს” წამყვანი: “იქნება უპრეცედენტო ერთობა ქართველი ერის და მთელ ამ დიპლომატიურ კორპუსს, გარედან აქ ჩამოსულ მეფისნაცვლებს, იმათ ტრადიციებს რომ აგრძელებენ კოლონიალურ ადმინისტრაციას და მაგათ შნირებს აქ გინდა პოზიციაში, გინდა ოპოზიციაში, ჩვენ ხომ მაგას ვაჩვენებთ და მერე მაგას კი არ მოვკლავთ, ამ ერთ დღეს კი არ მორჩება კონსერვატიული  მუხტი, ეგ ყველაფერი დაკონვერტირდება მერე პოლიტიკურ მოძრაობაში."

შოთა მარტინენკო, “ალტ-ინფოს” წამყვანი: “ყველანაირი სხვა ეს პროდასავლელობა არის პიდარასტობის მხარდაჭერა და თუ გინდათ, რომ პატრიოტობა ჩაწერადი იყოს პროდასავლურ პოზიციაში, მაშინ გამოათრიეთ ეს თქვენი ელჩები და ათქმევინეთ, რომ ქართველების გადასაწყვეტია აქ როგორ კულტურულ პოლიტიკას გაატარებენ, რომ მათ ინტერესი აქვთ მხოლოდ გეოპოლიტიკური პარტნიორობის პატნიორობის და როგორ კულტურულ პოზიციას გავატარებთ და აქ პიდარასტების პარადს ჩავატარებინებთ, თუ არ ჩავატარებინებთ, ეგ არის ქართველების სუვერენული გადასაწყვეტი!”

  1. გზავნილები აშშ-ს ელჩის წინააღმდეგ

გურამ ფალავანდიშვილი, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება „უკვე მრავალი წელია, რაც აშშ მისი საელჩოს მეშვეობით ეწევა დამოუკიდებელი საქართველოს ზნეობრივ ოკუპაციას... თქვენ პირადად ხართ ჩართული წლევანდელი ბოროტი რიტუალის ორგანიზებაში, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის წაბილწვა. ჩვენ ვითხოვთ გაძევებულები იყვნენ საქართველოდან ქვეყნის ზნეობრივი მტრები და ოკუპანტები".

გიორგი რაზმაძე, დეკანოზი: "ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ის, რასაც 5 ივლისს აპირებენ თქვენს მიერ [აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის] მხარდაჭერილი ლგბტ–ები, არ მიგვიყვანს ძალიან დიდ საზოგადოებრივ აფეთქებამდე?! ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ამას არ მოჰყვება მძიმე შედეგები, რომელთა მსგავსიც ამ ამორალური მოძრაობების შედეგად არა ერთი და ორი მომხდარა მსოფლიოში."

ლაშა ამირეჯიბი, სახალხო კრება: "ქალბატონო ელჩო! უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ერევით უხეშად ჩვენი ქვეყნის შინაურ საქმეებში... აგრეთვე, გთხოვთ, ნუ ებრძვით ჩვენს დედა-ეკლესიას."

სიძულვილის ენა. ანტიდასავლურ კომენტარებს მოსდევს სიძულვილის ენის შემცველი ისეთი გზავნილები, რომლებიც ჰომოსექსუალობას ავადმყოფობად, გადახრად, გარყვნილებად წარმოაჩენს, პედოფილიას და მკვლელობას უკავშირებს (56).

  1. ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა, გადახრა და გარყვნილებაა

საქართველოს საპატრიარქო: “... მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია.”

ლევან ვასაძე, ერთობა, რაობა, იმედი: “ყველა ტრადიციული ადამიანის მოვალეობაა, რომ არ გაატეხინოს ხერხემალში საქართველოს ზნეობრივი კოდი, ამ მტრებს”.

ვაჟა ოთარაშვილი, პარტიოტთა ალიანსი: “თქვენ ვერ გრძნობთ, რომ ეს არის ანომალია? ეს არი იმხელა ცოდვა, ეს არი სულიწმინდის გმობა!.. ბოროტს რატო უწევ აგიტაცია-პროპაგანდას, კაცო?!”

ბონდო მძინარაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი: „ადამიანი იბადება, ან გოგოა ან ბიჭია. მე მესმის, რომ შემდგომ ფსიქიკაში ხდება ეს და მიბაძვით და ესე ეს არ ხდება, ფსიქიკური ვთქვათ, ასე თვითონ არ თვლიან მაგრამ, ფსიქიკური გადახრა ან აღრევაა რაღაცა ეს.”

კონსტანტინე მორგოშია, ალტ-ინფოს დამფუძნებელი: „მთელმა საქართველომ უნდა გავიგოთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და არ არის ამ ვიღაცა პერვერტების და ამ რაღაცა კოლგოტკიანი ბიჭების და რაღაცა გაურკვეველი გენდერების და იმის!“

  1. ჰომოსექსუალობის პედოფილიასთან და მკვლელობასთან გათანაბრება

მალხაზ თოფურია, პატრიოტთა ალიანსი: „ცალკე პედოფილებმა, რომ მოაწყონ, რა? რითი არიან ნაკლები გადახრილები, თუ რა?... თუ, გაცალეთ ყველაფერი შეიძლება და ბოლოს მართლა გამაუპატიურებლები და ჩვეულებრივ სადისტებად ჩამოყალიბდებით.“

გიორგი ვაშალომიძე, დეკანოზი: “... მკვლელს უნდოდა და მოკლა, გამოხატა თავისი სუვერენული უფლება - რატომ ვსჯით მაშინ მას? მე მაგალითდ მყავს 7 წლის ბავშვი... ის რომ ხედავს ამ ყველაფერს, ვთქვათ, ქუჩაში გაივლის შეხედავს, ან ტელევიზიაში ხედავს, ის ხომ ფსიქოლოგიურად ითრგუნება? ეს არ არის დანაშაული, ვთქვათ ჩემს წინაშე?“

შოთა მარტინენკო, “ალტ-ინფოს” წამყვანი: „მაგალითად, დაუშვებელია ნუდისტებმა... ან ნეკროფილებმა... ან ინცესტის მოყვარულებმა, ან რავიცი პედოფილებმა ჩაიარონ ... . გარკვეული სექსსუალური პათოლოგიების დემონსტრაცია, როგორც ნორმის, ამ კონსტიტუციის პირობებშიც აკრძალვადია.“

გიორგი ქარდავა, “ალტ-ინფოს” წამყვანი: „ყველა ერში, ყველა ცივილიზაციაში, ასეთი ადამიანები იბადებიან... როგორც ყაჩაღი იბადება, როგორც პედოფილი იბადება, როგორც სხვა მენტალური პათოლოგიების მქონე ადამიანები, მაგრამ თქვენ მეტი მოინდომეთ.“

ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლება გარყვნილების პროპაგანდად და უმრავლესობის უფლებების ხელყოფადა იყო წარმოჩენილი (31):

სპირიდონ ცქიფურიშვილი, დეკანოზი: "მიზანმიმართულად ცდილობენ დაამკვიდრონ უმძიმესი ცოდვის პროპაგანდა ე.წ სოდომისტობა, მარშებით ჩაიარონ ე.წ პრაიდებით დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ უნდათ სოდომისტობის ცოდვის დაკანონება."

პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. მსგავსი შინაარსის განცხადებები (31), რომლებიც ზოგჯერ პოლიტიკური კონიუნქტურით იყო განპირობებული, როგორც ძალადობრივი ჯგუფების, ასევე მთავრობის და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ისმოდა, კერძოდ:

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი: “მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. შესაბაისად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე”.

კახა კალაძე, თბილისის მერი: “პრაიდის კვირეულის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომელთაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან.“

ალეკო ელისაშვილი, პარტია “მოქალაქეების” დეპუტატი: “რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც სიძულვილის, ზიზღის ტალღის აგორების და პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა არაფერი შედეგი არ აქვს, ამას ვერ ვხვდები უბრალოდ … თავს თუ შეიკავაბენ ხოლმე, იქნება ძალიან კარგი”.

გამოიკვეთა გზავნილები, რომელთა ავტორები მანიპულაციურად აპელირებდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლზე და ამტკიცებდნენ, რომ ამ მუხლის მიხედვით ხელისუფლებას უფლება ჰქონდა, პრაიდის ჩატარება არ დაეშვა.

ერთობა, რაობა, იმედი”: “აღნიშნული კვირეულის გაუქმების საფუძველი „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-10 და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტებია".

ძალადობისაკენ მოწოდება და მუქარა. ძალადობის წამახალისებელ კომენტარებს (21) როგორც ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ტელევიზია “ალტ-ინფოს” წამყვანები, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარიშვილი და რამდენიმე სასულიერო პირი ახმოვანებდნენ.

ბონდო მძინარაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი: „მე ვამბობ, რომ არავისი მოკვლა არ შეიძლება, ძალადობა არავისზე არ შეიძლება. ეხლა ვიღაცა რომ მოვიდეს და გაღიზიანებს და გიჩიჩხინებს და გიტიკინებს რაღაცას, იმას რომ პასუხს გასცემ, იმისი პასუხისმგებლობაც ხომ არის, რატომ გიჩიჩხინა ამდენი?! სანამ არ გაგაგიჟა და თავში რაღაცა არ ჩაარტყი, ხომ?!“

კონსტანტინე მორგოშია, ალტ-ინფოს დამფუძნებელი: „ალტერნატივა საქართველოსთვის“ და ალტ-ინფო თავისთავად, ცხადია, ხალხის მობილიზებას დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ვიქნებით და ეგენი ვერ ჩაივლიან კი არა, აზრადაც ვერ გაივლებენ, რომ იქ შეიძლება ეგეთი რამე მოხდეს. ვერავინ მათ ვერ დაიცავს პირდაპირ გეუბნებით!“

ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: "ისინი ჩვენ მოძალადეებს გვეძახიან, დიახ, მე  ვარ მოძალადე! მე შემიძლია და ვაპირებ საკუთარი ღირებულებების, მათ შორის ძალით დაცვას.” “Ჩვენ არანაირ ძალადობას არ ვემიჯნებით, თუ ამ ძალადობით ჩვენი სამშობლო და ღირებულებებია დასაცავი.”

სპირიდონ ცქიფურიშვილი, დეკანოზი: “ჩვენ 5-ში რუსთაველზე უნდა გადავტეხოთ სოდომის მომხრეები, დავამტვრიოთ, დავლეწოთ”... “გადაიმტვრევიან ხერხემალში ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თუკი იარაღს მოკიდებენ ხელს ჩვენ წინააღმდეგ, დაილეწებიან და ეს იქნება გარდაუვალი".

ბასილ იაშაღაშვილი, დეკანოზი: “გარყვნილების პლაკატი რომ უკავია ადამიანს, ვიღაც მივა და წაართმევს ისე, რომ არ სცემს და დაარტყამს, ვფიქრობ, ეს ძალადობა არაა”.

პრაიდის აღკვეთა=ეკლესიის და მართლმადიდებლობის დაცვას. რელიგიის ინსტრუმენტალიზაციას და ღირსების მარშის ეკლესიასთან და მართლმადიდებლობასთან ბრძოლად წარმოჩენას მეტწილად პატრიოტთა ალიანსი, ქართული მარში და ის ჯგუფები ახდენენ, ვინც იდენტობასთან დაკავშირებული საკითხებით წლებია პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობს (17).

დავით-თარხან მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვის ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ფსევდოლიბერალური ორგანიზაციები. აქ არსებული ოფიციალური ორგანიზაციები, როგორებიცაა USAID, რომელიც ასევე მონაწილეობს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვის დღეს არსებული პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უშაულოდ და სახელმწიფო დეპარტამენტი.

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ეკლესიას და სამღვდელოებას რომ დაუსრულებლად ლანძღავენ, ამას ვფიქრობ, ყველა ვხედავთ...მიზანი ერთადერთია, ეკლესიამ ფარ-ხმალი დაყაროს, დანებდეს, შეშინებულმა სამღვდელოებამ ყველაფერზე უარი თქვას, ჩვენც უნდა შეგვეშინდეს და ჩვენი შვილები და შვილიშვილები ურწუნოებად, ლგბტ-ს მოყვარულებად უნდა გავზარდოთ.“

სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: „ეს პრობლემა ხელოვნურად შეიქმნა იმ მოვლენისთვის, რომელი მოვლენაც ქალბატონ ლომჯარიას, ამ ლიბერასტულ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ დადგეგმილი უახლოეს ხანებში. ეკლესია უნდა ყოფილიყო წნეხის ქვეშ, ეკლესია უნდა ყოფილიყო თავდაცვით მდგომარეობაში და როგორც კი, როგორც შეძლებდნენ, ისე უნდა მომხდარიყო ეკლესიის დისკრედიტაცია და მისთვის სახელის გაფუჭება და ეს უნდა მოხდეს ყველაფერი 5 ივლისამდე და რატო 5 ივლისამდე? 5 ივლისს ზუსტად იგივე ჯგუფებს, რომლებმაც პანსიონის წინააღმდეგ, აი, ეს ხელოვნური სკანდალი შექმნეს, დაგეგმილი აქვთ მათთვის გადამწყვეტი ბრძოლა, მე დიდი იმედი მაქვს მათი ვატერლოო იქნება ეს, ეს არის გეიაღლუმი”.

ვატო შაქარიშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი: "ეს არის სახელმწიფოსა და ეკლესიის დასუსტების მიზანმიმართული პროცესის და კამპანიის ერთი ეპიზოდი და ერთი ნაწილი“.

შოთა მარტინენკო, “ალტ-ინფოს” წამყვანი: „გეი ფერებში უნდა შეღებონ საქართველოს დროშა, ზოგადად ჯვარიც და შეტევა იქნება ეკლესიაზე, რასაც ვხედავთ, გაძლიერდება უფრო მეტად და ესენი გაჩერებას ნამდვილად არ აპირებენ.“

რუსეთი ტრადიციულ ღირებულებებს იცავს. იმ ფონზე, როცა დასავლეთის ეკლესიასთან და ტრადიციებთან მებრძოლად წარმოჩენა ხდებოდა, ისმოდა ცალკეული განცხადებები რუსეთში ჰომოსექსუალობის კანონმდებლობით აკრძალვის შესახებ:

ვლადიმერ ხომერიკი, “რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტი: „პუტინმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სექსუალურ უმცირესობებს არ დევნის, მაგრამ მსგავს აღლუმებს და უზნეობის პროპაგანდა-დემონსტრაციებს რუსეთის ქალაქებში არ დაუშვებს! იმედი მაქვს, არც საქართველოს ხელისუფლება მისცემს ნებას”. (ასავალ-დასავალი, 28 ივნისი - 4 ივლისი).

დავით მხეიძე, საქართველო და მსოფლიო: „მიიღონ ისე კანონი, აი რომელიც მაგალითად რუსეთშია, ჩვენ ოკუპანტ ქვეყანაშია, სადაც კანონმდებლობით არის აკრძალული არასწრულწლოვანებში გეი პროპაგანდა. ეს რას ნიშნავს, რომ პარადს ვერ ჩაატარებ, იმიტომ რომ არასრულწლოვანებიც ხომ დაინახავენ იმ პარადს...“

პრაიდის გამართვასა და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვას შორის ტოლობის ნიშანს კრემლთან დაახლოებული ლევან ვასაძე და მისი სატელიტი ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” წამყვანი სვამდნენ:

ლევან ვასაძე, ერთობა, რაობა, იმედი: "პრაიდი უქმნის საფრთხეს ჩვენს რეინტეგრაციას აფხაზებთან და ოსებთან, უცხოეთის ელჩებო, ნუ გაერევით ამ პრაიდში, დარჩით საელჩოებში."

ზურა მახარაძე, “ალტ-ინფოს” წამყვანი: “თუ ისინი [ლგბტ თემი] გაიმარჯვებენ, ჩვენ დავკარგავთ მიზერულ შანსსაც კი, რომ ვესაუბროთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს საერთო სახელმწიფოს იდეაზე, რადგან ეს არის კავკასია და კავკასიაში ასეთ სახელმწიფოს, რომლის მთავარ პროსპექტზეც გარყვნილების ნორმალიზების აღლუმია, არავინ ელაპარაკება.”

ბექა ვარდოსანიძე, ერთობა, რაობა, იმედის მხარდამჭერი: “კავკასიის სულის ნაწილში პრაიდები რომ ჩავატარებინოთ, რა უნდა ველაპარაკოთ მერე ჩვენს აფხაზებს და ოსებს და სეპარატისტებს?”

პოლიტიკური პარტიის თემთან დაკავშირება

სასულიერო პირების და საზოგადოების სხვა წარმომადგენელების მხრიდან ხდებოდა თბილის პრაიდის პოლიტიკურ პარტიებთან, ზოგ შემთხვევაში მმართველ პარტიასთან, ზოგ შემთხვევაში კი ოპოზიციასთან დაკავშირება.

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი: “სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები, კერძოდ რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილი მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და სწორედ მათი მიზანი არის დღეს ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა”.

ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე: “ფაქტია, რომ პრაიდის რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. მინდა შევახსენო ყველას, რომ ის რაც დღეს ხდება თბილისში არის მხოლოდ და მხოლოდ პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში”.

ლევან ვასაძე, “ერთობა, რაობა, იმედი”: “მე ვხედავ ღალატს ქართველი ერისა, ქართული ტრადიციისა, სამწუხაროდ სრული პოლიტიკური ე.წ. ჩვენი სპექტრიდან, “ქართული ოცნების” მხრიდან, ვინც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, 15 ოპოზიციური პარტიი მხრიდან, ვინც ამ ე.წ. ლგბტ მანიფესტს მოაწერა ხელი, გახარიას ახალი პარტიიდან, რომლის მოადგილემ, ქალბატონმა მეზვრიშვილმა თქვა, რომ ე.წ. პრაიდი უნდა ჩატარდეს”.

მეუფე სტეფანე, ჭყონდიდის მიტროპოლიტი: “20 ივნისს ვინ იძალადა, იმ ხალხმა, ვინც სოდომურ ცოდვას აპროტესტებდა მაშინ, თუ პირიქით, სოდომისტებმა, რომ დაიწყეს შტურმი პარლამენტზე. აბა „ნაციონალური მოძრაობაში“ სოდომისტები არ არიან?“ 

არნო ხიდირბეგიშვილი, “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი: საქართველოში პედოფილიის მკვეთრად გაზრდილი შემთხვევები პირდაპირ კავშირშია სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, გვარამია-გაბუნიას ტელეკომპანია „მთავარი არხის“, თამარ კინწურაშვილის „მედიის განვითარების ფონდის“, დეპუტატების კორძაიას, სამნიძისა და მათი თანამოაზრეების მიერ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის გააქტიურებასთან! ასე რომ, აირჩიეთ ქართველებო: ან გეი–აღლუმი და „ნაცმოძრაობა“, ან ეკლესია და „ქართული ოცნება“.


ნაწილი II.ჰომოფობიური კამპანია სოციალურ მედიაში

Tbilisi Pride-ის ჩატარების შესახებ განცხადბას ჰომოფობიური შინაარისის გზავნილები და მუქარა სოციალურ მედიაშიც მოჰყვა.

ალტ-ინფოს ახალი ანგარიშები

28 ფეისბუკ გვერდიდან 6 ახლადშექმნილია და ეს გვერდები ძირითადად ალტ-ინფოსა და ლევან ვასაძის პარტიის  “ერთობა, რაობა, იმედი” მასალებს ავრცელებდნენ. ეს ანგარიშები ვასაძის პარტიის ტელეარხ ალტ-ინფოს ახალ გვერდს Alt ინფორმაციას უკავშირდება :

ფეისბუკ ანგარიში

რეგისტრაციის თარიღი

Alt ინფორმაცია 
;

2 ივლისი, 2021

სარკრაზმელები
;

29 ივნისი, 2021

ეროვნული იდეოლოგია-უალტერნატივოა
;

16 ივნისი, 2021

ტრადიციონალისტური პლატფორმა
;

14 ივნისი, 2021

‼️მნიშვნელოვანი‼️
;

30 ივნისი, 2021

კონსერვატორი
;

7 ივნისი, 2021


ახლადშექმნილი გვერდების აქტივობა

ფეისბუკ გვერდი სარკრაზმელების პირველი პოსტი ალტ-ინფოს ვიდეოა, რომელშიც ულტრანაციონალისტური აქტორები მოსახლეობას 5 ივლისს პრაიდის საწინააღმდეგო გამოსვლისაკენ მოუწოდებენ.
;
ვიდეო 13 საჯარო ჯგუფში(ჩვენ გვიყვარს საქართველო ❤️, ლუსტრაცია, გარყვნილების წინააღმდეგ!!!, საქართველოსთვის შეფიცულნი, ბიძინა ივანიშვილის მეგობრები "ფეისბუქზე", «მართლმადიდებლობა», ქართველი მართლმადიდებლები❤, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები, ,,სიმართლის გზა", გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!, ლევან ვასაძის მხარდამჭერები levan vasadze, ლევან ვასაძის და ეროვნული ფლანგის, მსოფლიო ქართველთა მხარდამჭერები🇬🇪❗❗❗🇬🇪✝სამშობლოს არვის დავუთმობთ!!!....✝🇬🇪   გავრცელდა.
 

 


ფეისბუკ გვერდს ‼️მნიშვნელოვანი‼️ სავარაუდოდ, პარტიის  “ერთობა, რაობა, იმედი” და ალტ-ინფოს მხარდამჭერი, არსენ ფოფხაძე მართავს, რომელიც 5 ივლისს პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა.

;

 

;
გვერდზე სიძულვილის ენისა და ძალადობისკენ მოწოდების შემცველი ალტ-ინფოს ვიდეოები ზიარდება.
;

ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდი ტრადიციონალისტური პლატფორმა, რომელიც 2021 წლის 14 ივნისს არის შექმნილი, დასპონსორებული პოსტით ფეისბუკ მომხმარებლებს 5 ივლისს ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე გამოსვლისაკენ მოუწოდებდა.  3 ივლისს გვერდზე მეორე პოსტიც დასპონსორდა, რომელზეც ასევე 5 ივლისის შეკრება არის დაანონსებული.

;

მასალა, რომელიც “ტრადიციონალისტურ პლატფორმასა” და ალტ-ინფოს ახლადშექმნილ გვერდზე ვრცელდება, ერთი და იგივე შინაარსისაა, რაც ამ გვერდების ერთმანეთთან კავშირზე მეტყველებს.

ალტ-ინფოს მთავარი ფეისბუკ გვერდის წაშლის მეორე დღესვე (ორ ივლისს) ახალი გვერდი Alt ინფორმაცია შეიქმნა, რომელზე გამოქვეყნებული პირველივე პოსტის იდენტური პოსტი ზემოთ ხსენებულმა  “ტრადიციონალისტურმა პლატფორმამ”  დაასპონსორა.
;
ფეისბუკ გვერდი ეროვნული იდეოლოგია-უალტერნატივოა, სხვა ახლადშექმნილი გვერდების მსგავსად, ალტ-ინფოს მასალას ავრცელებს.

;
2021 ივნისს შეიქმნა კიდევ ერთი ახალი ფეისბუკ გვერდი კონსერვატორი, რომელსაც პროფილის სურათად მეუფე სპირიდონის ფოტო უყენია, ხოლო ჩვენს შესახებ გაყოფილებაში უწერია, რომ  “ლიბერალიზმი უნდა დასრულდეს”. გვერდზე “ალტ-ინფოს” და ლევან ვასაძის ვიდეოები ზიარდება. გვერდმა 17 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” მიღებულ გადაწყვეტილებაზე დეზინფორმაცია გაავრცელა.

;
პირველ ივლისამდე ულტრანაციონალისტური დაჯგუფების მოწოდებები ალტ-ინფოს მთავარი გვერდის გარდა სხვადასხვა ნაციონალისტური ფეისბუკ გვერდის ( ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოება,დედამიწის ანგელოზებიდადუმებული ქართველობა, Fაქტები,ქართული გვერდი / Georgian Page, პატრიოტული გვერდი, საქართველო უპირველეს ყოვლისა) საშუალებით ვრცელდებოდა. ამ გვერდებზე ალტ-ინფოს ფეისბუკ-გვერდის წაშლისთანავე მათ მიერ გაზიარებული ყველა პოსტი წაიშალა.

 

ძალადობრივი ჯგუფები რუსეთის ფოკუსში

ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი და ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსის ალექსანდრ დუგინი ფეისბუკზე აქტიურად აზიარებდა ლევან ვასაძის და ალტ-ინფოს პოსტებს პრაიდის თემაზე.
;

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ პარლამენტის წინ გამართულ აქციას Russia Today პირდაპირ ეთერში ერთი საათის განმავლობაში აშუქებდა.
;

სხვა პრორუსი აქტორები

Patrioti TV-ის დამფუძნებელი გიორგი ირემაძე, რომელიც აქტიურად არის ჩართული ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კამპანიაში და თანამშრომლობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ “ზვეზდასთან”,  პირველ ივლისს, ალტ-ინფოს წამყვანის, ზურაბ მახარაძის ლაივს აზიარებდა და მოსახლეობას პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე გასვლისკენ, ხოლო “პიდარასტების დამცველ მთავრობას” Patrioti TV-ის საშუალებით პრაიდის გაუქმებისკენ მოუწოდებდა:

;

30 ივნისს, ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრის დამფუძნებელმა შოთა აფხაიძემ, რომელიც ნიუსფრონტის 2020 წლის თებერვლის მასალაში ამ გამოცემის რედაქტორად არის მოხსენიებული, ფეისბუკის პირად ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ საქართველოს ოსმელეთის სულთნის ფაშების გარდა, ლგბტ თემი მართავს.
;

სიძულვილის ენა

ამავე დროს სხვადასხვა ფეისბუკ გვერდებსა (საქართველოს ფსიქიატრიული რესპუბლიკა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოება, ეროვნული იდეოლოგია -უალტერნატივოა, მოძრაობა ძლევაი საკვირველი, ტრადიციონალისტური პლატფორმა) და ჯგუფებში (კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერტიმენტო ქვეყანა, "!!!დედათა ლაშქარი!!!"", Ნაძალადევის მაჟორიტარი კანდიდატი გია ყრუაშვილის მხარდამჭერები, ლევან ვასაძის და ეროვნული ფლანგის, მსოფლიო ქართველთა მხარდამჭერები🇬🇪❗❗❗, 🔴✅🇬🇪ერთობა🇬🇪✅🔴, ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი, ჩვენ გვიყვარს საქართველო ❤️) არაერთი ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილი გავრცელდა, რომელიც ლგბტ თემს ავადმყოფობას, გადაგვარებასა და გარყვნილებას უკავშირდებდა და სატანიზმსა და  პედოფილიასთან აიგივებდა.
 

 


ანტიდასავლური გზავნილები
სოციალურ ქსელში გამოიკვეთა ანტიდასავლური გზავნილებიც, რომელთა მიხედვითაც ჰომოსექსუალობა დასავლეთის მიერ არის თავს მოხვეული და ევროპული ფესევდოღირებულებების გავრცელება ქართველი ლიბერ-ეშმაკების მიერ იძულებით მიმდინარეობს.
;

ფეისბუკ ანგარიში სუვერენული სახელმწიფო, რომელმაც სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია არაერთხელ გაავრცელა, პრაიდს ქრისტიანულ ღირებულებებთან დასავლეთის ბრძოლად წარმოაჩენდა და ამტკიცებდა, რომ გლობალისტები ლგბტ თემს თავიანთი მიზნებისთვის:ერების ფუნდამენტური ღირებულებების შესაცვლელად, შობადობის შესამცირებლად,ერის დასასუტებლად იყენებდნენ.

;
ანტიდასავლური გზავნილებში გამოიკვეთა მოწოდებები და მუქარა დასავლელი ელჩების, განსაკუთრებით კელი დეგნანის მისამართით. 29 ივნისს თბილისი პრაიდის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა, რომელმაც ევროპარლამენტის ლგბტქ+  საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და  საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და წახალისებისაგან.

პირველ ივლის სოციალურ ქსელში ასევე გავარცელდა “მამების მიმართვა ერს და ბერს”, რომელშიც სასულიერო პირები ელჩებს მოუწოდებენ, არ წაახალისონ “მამათმავლობის ცოდვა”.

სასულიერო პირები: “მინდა მივმართო არა იმ საბრალო, საცოდავ ადამიანებს, რომლებიც გამოდიან სიტყვით და ალბათ იძულებული ხდებიან რომ გამოვიდნენ და ასევე მათ მხარდამჭერ ვაი ზოგიერთ არასამტავრობო ორგანიზაციას, არამედ მათ ვინც მათ უკან დგას, ჩემო კარგო მეგობრებო, დასავლეთელებო, ელჩი რომ ლგბტ დროშებით ხელში ახალისებთ ამ ცოდვას. ჩვენ გვინდა თქვენთან მეგობრობა, მაგრამ  არა ამ სახით, არა ამ ფასეულობებით, არამედ ზნეობით, რწმენით, ეროვნული ინტერესების დაფასებითა და პატივისცემით.”

გურამ ფალავანდიშვილის ორგანიზაციამ “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება” 30 ივნისიდან აქციების გამართვა დაიწყო, სადაც ევროპის საბჭოს მოუწოდებდნენ ქართველი ხალხისთვის ლგბტ პრაიდის დაძალება შეეწყვიტათ..
;
ფეისბუკ ანგარიშმა “სუვერენული სახელმწიფო” ლგბტქ თემთან დაკავშირებით ამერიკის ელჩის გამოსვლის ფრაგმენტი შემდეგი კომენტარით გააზიარა: “ჩვენ ერის იძულება აშკარაა,ეს პირდაპირი დირექტივაა, რომ შევიცვალოთ, ამაში არანაირი თავისუფლება არ არსებობს და განვითარება, დირექტივაში თავისუფლება არასდროს იქნება.დროა გავაპოთ ილუზია, რომ დასავლეთი პატივს ცემს ჩვენ შეხედულებებს, ჩვენ იდენტობას, იგი უფრო სასტიკ მორევისკენ მიგვერეკება ვიდრე ვიყავით და საიდანაც გამოვიქეცით.მას არ სჭირდება გვერქვას ქართველები, მას სჭირდება გვერქვას მისი ექსპერიმენტი, პროდუქტი რომელიც სჭირდება მისი მსოფლიოს მოდერნიზაციას,სადაც ერები და რელიგიები არ იარსებებენ.”
;
Tvalsazrisi.ge-ს ავტორმა, ირაკლი ჯანყარაშვილიმა ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს გეების ელჩი და ერის მთავარი მტერი უწოდა. პოსტი იდენტური შინაარსის კომენტარით გამოაქვეყნა ფეისბუკ მომხმარებელმა გიორგი ხვედელიძემ.

;
“უფლებადამცვენთა გაერთიანების” თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის საინფორმაციო სააგენტომ TaoNews.ge ამერიკის ელჩის, კელი დეგნანისა და დასავლელი ელჩების დისკედიტაციის მიზნით პოსტი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი იტალიაში ლგბტ თემის მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილეობდა”;
;
კელი დეგნანს მიმართა ფეისბუკ გვერდმა არა გენდერს და ლგბტ პროპაგანდას:”

“ქალბატონო კელი მამათმავლობის უზნეობის საჯაროობა გახლავთ ძალადობა, ბავშვების თვალწინ უზნეობის-საცვლების მარში არის ძალადობა საზოგადოებაზე და ამას საზოგადოება არ დაუშვებს თბილისში.
თქვენ ბატონმა დონალდ ტრამპმა მოგავლინათ საქართველოში, რომელიც თვლის რომ LGBTQ+  მოძრაობა ესაა ეშმაკის მსახურება დედამიწაზე და რატომ გსურთ ბოროტების გამრავლება დედამიწაზე?”

;
ასევე ფეისბუკ გვერდმა “დედაქალაქი” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კელი დეგნანის განცხადება   "ვისაც სურს, რომ ხელი შეუშალოს მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით, ისინი არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას" ბავშვთა უფლებებს ეწინააღმდეგება.

;
დეგნანის მისამართით კრიტიკა გამოთქვა პარტიის ერთობა, რაობა, იმედი” მხარდამჭერმა ბექა ვარდოსანიძემაც.

ბექა ვარდოსანიძე, “ერთობა, რაობა, იმედის” მხარდამჭერი: “მე გპირდებით პირადად ქალბატონო ელჩო თქვენი თავხედობის შესახებ რომელიც დიდი ხანია გაცდა დიპლომატიის კომპეტენციას ტრამპის გარემოცვას აუცილებლად შევატყობინებთ აი როცა დონალდ ტრამპი ისევ დაბრუნდება აი მერე თქვენი კარიერა კი .... 😉”

4 ივლისს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის ინტერესებს გაუსვა ხაზი:

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი: ელჩი დეგნანი ბოლომდე შეიჭრა როლში და აღარ მალავს, თუ რა ფასს გადაახდევინებს ხელისუფლებას “პრაიდის” ჩაშლის შემთხვევაში. როგოც ჩანს, მოვლენების განვითარებას 10 დან  5 საათამდე ელის და დარწმუნებულია, რომ პოლიცია გაუსწორდება თავის ხალხს, რამდენნიც არ უნდა  ვიყოთ თავმოყრილნი. ცხადია ეს ნიშნავს, რომ სასწორის პინაზე მისი კარიერა ძევს და იტალიაში “პრაიდის” მიმღები სამხედრო დაზვერვის მაღალი ჩინოსანი ქალბატონი, საქართველოში, ამ პატარა და დაჩაგრულ კავკასიურ ქვეყანაში, ფიასკოს გამორიცხავს!!!
     მგონი, ყველაფერი ცხადზე უფრო ცხადია!!!
 5 ივლისს ,  დილიდან,   ქუდზე კაცი !!! რუსთაველზე!!!
       გავაგონოთ მსოფლიოს  საქართველოს ხმა!!!

ელჩების შესახებ განცხადება პირველ ივლისს ფეისბუკის პირად გვერდზე ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემაც გააკეთა:
ზვიად ტომარაძე, ერი და სახელმწიფოს ხელმძღვანელი: “არცერთი ელჩის საქმე არ არის სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა: რომელი ქვეყნები გვასწავლიან ტოლერანტობას? ინდიელების გამჟუჟავი აშშ? არიული რასის მქადაგებელი გერმანია? თუ ფაშიზმის სამშობლო იტალია?ლათინური ამერიკის ქვეყნების ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილის მჟლეტავი ესპანეთი?"

ყალბმა ფეისბუკ ანგარიშმა ლაშა მოდებაძემ ელჩებს არაერთი პოსტი მიუძღვნა, სადაც მათ გაურკვეველი სქესის პროფესიონალურ მეძავებს უწოდებდა:
;

პოლიტიკური პარტიის თემთან დაკავშირება

სოციალურ ქსელში პრაიდის დაკავშირება პოლიტიკურ პარტიებთან, ზოგ შემთხვევაში მმართველ პარტიასთან, ზოგ შემთხვევაში კი ოპოზიციასთან ხდებოდა. ფეისბუკ ჯგუფებში (კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა, Ნაძალადევის მაჟორიტარი კანდიდატი გია ყრუაშვილის მხარდამჭერები, ""!!!დედათა ლაშქარი!!!"" , ''მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაცია, გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა)  ხელისუფლებას, რომელიც ლგბტ პროპაგანდას არ კრძალავს, არაეროვნულს უწოდებდნენ, ამავე დროს იმ პარტიების სია, რომლებმაც ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ვრცელდებოდა იმ პროსახელისუფლებო და გახარიას მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდების (საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog, მნიუსი Mnews) მიერაც, რომლებიც საინფორმაციო სააგენტოების სახელით პოზიციონირებენ.

 


ფეისბუკ გვერდი საქართველოს ფსიქიატრიული რესპუბლიკა, რომელიც პირველ ივლისს ალტ-ინფოს წამყვანის, ზურაბ მახარაძის ლაივს აზიარებდა,  ხელისუფლებას ლგბტ თემის დაცვის გამო “პიდარატების მთავრობას” უწოდებდა.


;
პროსახელისუფლებო ფეისბუკ გვერდმა საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog, რომელიც მედიის სახელით პოზიციონირებს, ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, იმ 15 პარტიის სია გამოაქვეყნა, რომლებმაც ლგბტ თემის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ პოსტი  Manana Kaxidze-ის სახელით რამდენჯერმე არის დასპონსორებული.

 

 


ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, ლგბტ თემის უფლებების მხარდამჭერი 15 პარტიის სია გიორგი გახარიას მხარდამჭერმა გვერდმა, მნიუსი Mnews გამოაქვეყნა.
;

შერცხვენა სოლიდარობის გამო

პირველ ივლისს ახლადშექმნილ ფეისბუკ გვერდზე  სარკრაზმელები  ვიდეოკოლაჟი გავრცელდა, რომელშიც დამოუკიდებელი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე საქართველოში უმცირესობების წარმომადგენლების უფლებებზე საუბრობს, შემდეგ კი ვიდეოში თურქეთის დროშა და იქ გამართული პრაიდის კადრები ჩნდება, რომლის დასაშლელადაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
;
ფეისბუკ გვერდები ZNEOBA.GE და წინაპართა ნაკვალევზე “აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის” სოლიდარობის პოსტს გამოეხმაურნენ და სახელმწიფო დაწესებულებას “სოდომ-გომორული ცოდვის” პროპაგანდაში დასდეს ბრალი.
;
პირველ ივლისს Tvalsazrisi.ge-ს ავტორმა, ირაკლი ჯანყარაშვილიმა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ფოტო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “Image removed. სახალხო "გამრყვნნელი" სახელმწოფოს ანალური ხვრელების დაცვისკენ მოუწოდებსImage removed.”  ფოტო გაყალბებული ციტატით  ჯგუფებში ბიძინა ივანიშვილის მეგობრები "ფეისბუქზე"  და გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა! გაზიარდა.

;
Tvalsazrisi.ge-ს ავტორმა პრაიდის მიმართ მხარდაჭერა შიდა მტრების თავდასხმად შეაფასა და ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, ჯანყრაშვილმა  ცალკე პოსტი, ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიასაც მიუძღვნა.

;
ფეისბუკ გვერდზე პოლიტიკური ნაკვალევი გიორგი გახარიას ფოტო ლგბტ თემის მხარდამჭერი ჩარჩოთი და შეურაცხმყოფელი აღწერით გამოქვეყნდა.
;
კრიტიკის ობიექტი გახდა გია გაჩეჩილაძე, რომელსაც ლევან ვასაძის პარტიის “ერთობა, რაობა, იმედის” მხარდამჭერმა ბექა ვარდოსანიძემ ორი მიმი მიუძღვნა.
;
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თავი კინტოს ტანზე ანტივაქსერული ჯგუფების ადმინისტრატორის, ლაშა მოდებაძის პირად გვერდზე გამოჩნდა. 

;
სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივი მოწოდებებისა და შეკრებების შესახებ ინფორმაციას გურამ ფალავანდიშვილთან დაკავშირებული, ულტრა-ნაციონალისტური ფეისბუკ გვერდები  (ეროვნული იდეოლოგია - უალტერნატივოა, ZNEOBA.GE, ქართული იდეა - qartuliidea.ge)  რელიგიური ფეისბუკ გვერდები ( †საქართველოს იმედი †, ტკბილ ხარ შენ უფალო, ავრცელებდნენ.

 


ინფორმაციის მანიპულაციურად გავრცელება და დეზინფორმაციული გზავნილები

სოციალურ ქსელში სხვა ქვეყნებში ჩატარებული ღირსების მარშების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა. სიძულვილის ჯგუფები (კონსერვატიული პლატფორმა , Alt ინფო ) ერთი მხრივ, თურქეთში ლგბტ პრაიდის დაშლას მიესალმებოდნენ, ხოლო მეორე მხრივ, საბერძნეთში ჩატარებული პრაიდის მაგალითზე ულტრა-ნაციონალისტური გვერდები (არა გენდერს და ლგბტ პროპაგანდას, პატრიოტული გვერდი) ლგბტ თემის მიმართ სიძულვილის დათესვას ცდილობდნენ.

;
იდენტური ინფორმაცია ვრცელდებოდა შემდეგ ფეისბუკ ჯგუფებში: ჩვენ გვიყვარს საქართველო ❤️, ლევან ვასაძის მხარდამჭერები levan vasadze, ლევან ვასაძის და ეროვნული ფლანგის, მსოფლიო ქართველთა მხარდამჭერები🇬🇪❗❗❗,

 


ივნისის განმავლობაში სხვადასხვა ფეისბუკ გვერდი და ჯგუფი (,, ერთსულოვნება" ☦ 🇬🇪 სამშობლოს სიყვარულში, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა ჯგუფი, 💗ემიგრანტებო💗სამშობლოში💗, ეროვნული ჯგუფი), ასევე ინდივიდულური პროფილები  ავრცელდებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინელმა სამართალდამცავებმა ლგბტ თემის დაცვაზე უარი განაცხადეს და ეს პრაქტიკა ქართველ სამართალდამცავებსაც უნდა გაეზიარებინათ.

 

 


სოციალურ ქსელში Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელის გაყალბებული ციტატაც გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, გიორგი თაბაგარი რუსეთის ინტერესების გამტარებლებს ლგბტ თემის წინააღმდეგ წასვლისათვის ემუქრება: “ჩვენი დროც მოვა და აქედანვე ვდებ პირობას “სტალინურ რეპრესიებს” მოგანატრებთ”.
;
2 ივლისს ფეისბუკ გვერდმა ნაციონალისტური საქართველო  გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ბრიტანელმა ფეხბურთელმა ჯეიმი ვარდიმ გოლის გატანის შემდეგ ლგბტ+ სიმბოლიკის დროშა გადატეხა. ვიდეო შემდეგი აღწერით გაავრცელა: “გურამ კაშია და მაგისნაირი ლგბტე ფეხბურთელები დამითაგეთ!” სინამდვილეში ვარდიმ არა ჰომოფობიური ჟესტი, არამედ გოლის გატანით გამოწვეული ემოცია გამოხატა.
;
აღსანიშნავია, რომ  30 ივნისს ამავე ფეისბუკ გვერდზე შეიქმნა ღონისძიება სახელწოდებით ”არ დაუშვათ გეი-პრაიდის გამართვა/Stop Gay Pride”, რომლის აღწერაშიც აღნიშნულია, რომ თბილისში სიბილწისა და გარყვნილების კვირეულის ჩატარება დაუშვებელია.

;


მოამზადეს ანი ქისტაურმა, თამარ კინწურაშვილმა და ქეთი ხუციშვილმა

მიმაგრებული ფაილები: