2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში რელიგიისთან და მართლმადედებელ ეკლესიასთან დაკავშირებული თემები პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა. მმართველი პარტია “ქართული ოცნება” და მასთან აფილირებული ონლაინ მედიები თუ ფეისბუქ ანგარიშები წინასაარჩევნო პერიოდში ავრცელებდნენ ნარატივს, რომ ოპოზიციური ძალები მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვიან და საქართველოს პატრიარქის დისკრედიტაციას ცდილობენ. თავის მხრივ, პრო-ოპოზიციურად განწყობილი ფეისბუქ ანგარიშებიც ცდილობდნენ იგივე ბრალდება “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. რელიგიის და მართლმადიდებელი იდენტობის დაცვის თემა ულტრა-მემარჯვენე და კონსერვატორული პარტიების დღის წესრიგის შემადგენელიც იყო. ამასთანავე სასულიერო პირები ულტრაკონსერვატიული პარტიების საარჩევნო კლიპებშიც ფიგურირებდნენ და მათ კამპანიებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ.
“ქართული ოცნების” მიერ წინასაარჩევნოდ ინიცირებული კამპანია “გარჯი საქართველოა!”, რომელსაც სისიხლის სამართლებრივი პროცესიც თან ახლდა, ამკვიდრებდა აზრს, რომ წინა ხელისულფლებამ დავით გარეჯის მონასტერი გაყიდა, ხოლო ამჟამინდელი ეკლესიების დაბრუნებას ახდენს. გარეჯის თემა, რომელიც ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმაც აიტაცეს, წინამდებარე პუბლიკაციაში განხილული არ არის და მხოლოდ შემდეგ გზავილებზეა ფიკუსირებული:
წყარო |
გზავნილი |
“ქართული ოცნება” და მასთან აფილირებული მედიები/ფეისბუქ ანგარიშები |
|
ოპოზიციასთან დაკავშირებული ფეისბუქ ანგარიშები |
|
ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები |
|
- რელიგიური თემების გამოყენება ენმ/ევროპული საქართველოს წინააღმდეგ “ქართული ოცნების” და მასთან აფილირებული მედიების მიერ
გზავნილი #1: ენმ/ევროპული საქართველო სოციალურ ქსელში ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებს
2020 წლის 28 ოქტომბერს “ქართული ოცნების” წევრმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც მან ოპოზიციასთან დაკავშრებული ფეისბუქ ანგარიშებისშესახებ ისაუბრა. მდინარაძის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ერთ-ერთ პუნქტად გამოყოფილი იყო “ეკლესიის დისკრედიტაციისაკენ” მიმართული ფეისბუქ ანგარიშები.მამუკა მდინარაძის თქმით, ეკლესიის და ხელისუფლების დისკრედიტაციის წინააღმდეგ მოქმედი ანგარიშების “სქემაში” უშუალოდ არიან ჩართული ენმ/ევროპული საქართველოს წევრები.
მამუკა მდინარაძის პრეზენტაციაში ეკლესიის მადისკრედიტებელი კამპანიის მაგალითად მოყვანილია იუმორისტული შინაარსის ფოტოები (ე.წ. მიმები) სამი განსხვავებული ფეისბუქ ანგარიშიდან:ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო, Nugzar Metreveli, Political მემეზ. ნუგზარ მეტრეველი ინდივიდუალური ფეისბუკ ანგარიშია, რომელიც “ქართული ოცნების“ და მისი წევრების შესახებ კრიტიკული შინაარსის ვიზუალურ პოსტებს აქვეყნებს. მეტრეველის პირად გვერდზე მართლაც გვხვდება ეკლესიის წარმომადგენლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ცალკეული პოსტები, თუმცა მათი გავრცელება კამპანიური ხასიათის არაა. გვერდი Political მემეზ, გვერდი პოლიტიკურ სატირას და ხუმრობებს აქვეყნებს, მაგრამ შინაარსობრივად მიკერძოებული არ არის და კრიტიკულია, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ზოგადად ოპოზიციური სპექტის და საქართველოს საპატრიარქოს მიმართაც. გვერდი “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო” კი ხელისუფლების საწინააღმდეგო პოსტებს აქვეყნებს და ნაციონალურ მოძრაობასთან არის აფილირებული.
გზავნილი #2: ენმ/ევროპული საქართველო ეკლესიაში პატრიარქის გავლენის შესუსტებას ცდილობს და ეკლესიას ებრძვის
2020 წლის 29 ოქტომბერს სახელისუფლებო მედიის POSTV-ის ერთ-ერთმა გვერდმა POSTV – ახალი ამბები გამოაქვეყნა სიუჟეტი, სათაურით “ნაცმოძრაობა ეკლესიის წინააღმდეგ – ნაციონალებს პატრიარქის პოპულარობის მაჩვენებელი აწუხებს”. სიუჟეტი ავითარებს აზრს, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ენმ ცდილობდა, საპატრიარქოში ილია მეორის ძალაუფლება დაესუსტებინა, ხოლო ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს საპატრიარქოსთან დაპირისპირებული სასულიერო პირები იმავე მიზნებით გამოიყენოს.
POSTV-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში გამოყენებული იყო 29 ოქტომბერს პარტია “ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას პრესკონფერენციაც. არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჯონდი ბაღათურიამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ამჟამინდელი და ყოფილი წევრების მიერ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების შანტაჟსა და დაშინებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სასულიერო პირების ნაწილი დღემდე ოპოზიციური ძალების ინტერესებს პირდაპირ წარმოადგენენ და საქართველოს საპატრიარქოს დასუსტებას ცდილობენ.
ჯონდი ბაღათურია: “როდესაც მოვიდა ეს კრიმინალური ბანდა ხელისუფლებაში (ენმ), დაიწყო არნახული, უპრეცედენტო შეტევა ეკლესიაზე. ეს იყო პირადად პრეზიდენტი სააკაშვილის ბრძანება. ინტელექტუალურად ამას ხელმძღვანელობდა, იდეოლოგიურად გიგა ბოკერია, ხოლო მაშინდელი უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა პირდაპირ შანტაჟით, მუქარით, კომპრომატების შეგროვების გზით ცდილობდა ეკლესიაში განხეთქილების შეტანას.”
ოქტომბრის განმავლობაში სხვადასხვა სახელისუფლებო ონლაინ მედია აქვეყნებდა მასალებს, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ეკლესიასთან და “ღმერთთან მებრძოლად” აცხადებდნენ. 2020 წლის 5 ოქტომბერს ონლაინ გამოცემა Reportiori.ge გამოაქვეყნა ორი სასულიერო პირის, დეკანოზი დავით ქვლივიძის და დავით შალამბერიძის შეფასებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ. სასულიერო პირების თქმით, სააკაშვილი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის გამო დაისაჯა და მისი მაგალითი საპარლამენტო არჩევნების ფონზე სხვა პოლიტიკოსებსაც უნდა გაეთვალისწინებინათ.
reportiori.ge: “სასულიერო პირებმა გაიხსენეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ცხოვრება, რომელიც ერთ დროს თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, უფლისა და ერის წინააღმდეგ წავიდა, რის გამოც ყველაფერი დაკარგა და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში აღარ უშვებენ… სააკაშვილს ფულიც ჰქონდა და ძალაც, მაგრამ როგორც კი ეკლესიის წინააღმდეგ წავიდა, ყველაფერი დაკარგა და ეხლა თავისიანებიც კი ებრძვიან.”
აღნიშნული სტატია სოციალურ ქსელში გააზიარა სამმა პრო-სახელისუფლებო, ონლაინ მედიამ “მარშალ პრეს”,livenews.ge და “ქართული აზრი”.
2020 წლის 24 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მადისკრედიტირებული ვიდეო გამოაქვეყნა ანტი-ოპოზიციურმა ანგარიშმა არქივი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეკლესიაში იმყოფება, ხოლო ვიდეოს თან ახლავს შემდეგი აღწერა: “როგორ იწერს პირჯვარს სააკაშვილი, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.”
არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 6 ნოემბერს და ოპოზიციის მიერ 8 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ ფეისბუკ ანგარიშებმა Tamar Ujmajuridze და Fაქტები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის გაყალბებული ციტატა გაავრცელეს. აღნიშნული ციტატის მიხედვით, სალომე სამადაშვილი ამბობდა, რომ პატრიარქი ილია II და ეკლესია ქვეყნის მთავარი პრობლემაა და ნაციონაური მოძრაობა გამარჯვების შემთხვევაში მათ ხელ-ფეხს შეუკრავდა.იდენტურიციტატა, რომელიც ოპოზიციის ეკლესიასთან მებრძოლებად წარმოჩენას ისახავდა მიზნად, სამადაშვილის წინაღმდეგ 2018 და 2019 წლებშიც გავრცელდა.
გზავნილი #3: ენმ/ევროპული საქართველო წარსულში “ეკლესიებს არბევდა”
წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა 2004 წლის მარტში სამართალდამცავების მიერ გლდანის ეკლესიაში საპატრიარქოს მიერ განკვეთილი მღვდლის ბასილ მკალავიშვილის დააკავების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა. აღნიშნული კადრები 29 ოქტომბრის სიუჟეტში POSTV-მაცგამოიყენა, სხვა დღეებში კი ოპოზიციის საწინააღმდეგო და “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ფეისბუქ ანგარიშებმაც გაავრცელეს: ფეისბუკ მომხმარებელმა ზურა ოსეფაშვილმა – ფეისბუკ ჯგუფებში “გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!” და “სიმართლის გზა”; ფეისბუკ გვერდმა “დიდგორის ველი”.
- რელიგიური თემების გამოყენება “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ოპოზიციასთან დაკავშირებული ფეისბუქ ანგარიშების მიერ
გზავნილი #1: ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” საპატრიარქოს აკონტროლებს
28 ოქტომბერს ქლიქ-ბაით გამოცემამ publishers.ge გამოაქვეყნა სტატია,შემდეგი სათაურით: “სკანდალური ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის – რა კომპრომატებით აშანტაჟებდა ივანიშვილი პატრიარქს”. სტატიის ნათქვამია, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების მიღმა რეალურად ბიძინა ივანიშვილი დგას, რადგან სწორედ მის ინტერესებში შედის მაღალი რეტინგის მქონე პატრიარქზე თავდასხმა და შემდეგ ეკლესიაზე შეტევის ოპოზიციისთვის გადაბრალება. სტატია ავითარებს აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას სურთ, პატრიარქი გადააყენონ და ეკლესიის ახალი წინამძღვარი თავად დანიშნონ, რისთვისაც ისინი სხვადასხვა სასულერო იერარქს იყენებენ, მათ შორის მეუფე პეტრესაც, რომელმაც 2019 წლის 30 ნოემბერსსინოდის სხდომაზე ილია II-ს ჰომოსექსუალი უწოდა და იგი პედოფილიაში დააანაშაულა. ავტორის მტკიცებით, ილია II-ზე ზეწოლის მიზნით ხელისუფლება იყენებდა სუს-ს, პროკურატურას, პოლიციას და ფეისბუქ ანგარიშებსაც, ხოლო მოგვიანებით პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული კამპანია მთავარ ოპოზიციურ პარტიას გადააბრალა.
ქლიქ-ბაით გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატია 2020 წლის 28 და 29 ოქტომბერს პოლიტიკური შინაარსის საჯარო ჯგუფებში გავრცელდა. 31 ოქტომბრის მონაცემებით ბმულს 72 გაზიარება აქვს, ხოლო სხვადასხვა საჯარო ჯგუფში ბმული პოსტის სახით 35-ჯერ დაიპოსტა. ჯგუფები, რომლებშიც სტატია გავრცელდა ძირითადად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს აერთიანებს.
- კონსერვატორული და ულტრა-მემარჯვენე პარტიების საარჩევნო კამპანია
გზავნილი #1:“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” წინააღმდეგ კანონი საპატრიარქოს აღვირახსნილი კამპანიისგან დაიცავს
2020 წლის 28 ოქტომბერს პარტია “ქართული მარშის” ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ლიდერის სანდრო ბრეგაძის გამოსვლა ტელეკომპანია “TV პირველის” ეთერიდან, სადაც იგი აღნიშნავს, რომ პირველი კანონპროექტი, რომელსაც პარტია პარლამენტში შეიტანს, იქნებოდა საქართველო საპატრიარქოს მიერ ინიცირებული კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვის შესახებ, რითაც ისინი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციის კამპანიას წერტილს დაუსვამენ.
გზავნილი #2: “არა – სექტებს, კი – ეკლესიას!” – “ქართული იდეა” პარლამენტში ეკლესიის და მრევლის ხმა იქნება
რელიგიური თემები ფიგურირებდა პარტია “ქართული იდეის” წინასაარჩევნო დღის წესრიგშიც. 28 ოქტომბერს პარტიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა საარჩევნო პოსტერი, რომელზეც პარტიის ძირითად გზავნილებს შორის გვხვდება წარწერა: “არა – სექტებს, კი – ეკლესიას”.
30 ოქტომბერს “ქართული იდეის” ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში განათავსა პოლიტიკური რეკლამა, რომელშიც სხვადასხვა სასულიერო პირი ამომრჩეველს მოუწოდებს არჩევნები ხმა პარტია “ქართულ იდეას” დაუჭირონ. ვიდეოს დასასრულს ქართული იდეის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე ფალავანდიშვილი ამბობს, რომ პარტია იქნება “მრევლის ხმა საქართველოს პარლამენტში”.
გზავნილი #3: სკოლებში რელიგიის სწავლება უნდა დაბრუნდეს
ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ეკლესიაზე ისაუბრა “კოსერვატორული პარტიის” წევრმა ხათუნა საგინაშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლის მთავარი მიზანია, ებრძოლოს “მამულისა და ეკლესიის მტრებს. როგორც საგინაშვილმა აღნიშნა, მისი პარტიის სამი მთავარი მიზნიდან ერთ-ერთი კი სკოლებში რელიგიის სწავლების აღდგენაა.
აღნიშნული გამოსვლის ამსახველი ვიდეო მაჟორიტარობის კანდიდატის ოფიციალურ გვერდზე 30 ოქტომბერს პოსტის სახით გამოქვეყნდა. ვიდეოს აღწერაში ხატუნა საგინაშვილის ციტატა ახლავს.
ხათუნა საგინაშვილი: “მე პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ პოლიტიკაში მოვდივარ, რათა ვებრძოლო ეკლესიისა და მამულის მტრებს.”
მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.
სტატია გამოქვეყნდა #FIGHTFAKE პროექტის ფარგლებში, რომელიც MDF-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-ის მიერ ხორციელდება
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული