2021 წლის 17 მარტს ნანა ჩალიგავამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მისი თქმით, “მსოფლიო დონის იმუნოლოგის” ნოდარ გოგოებაშვილის ციტატაა მოცემული. ნოდარ გოგოებაშვილის თანახმად კი, საქართველოში დაანონსებული ვაქცინის ნაცვლად, ჩვენს ორგანიზმში რიბო ნუკლეინის მჟავის (რნმ-ს) მოლეკულის გენეტიკური ფრაგმენტის შეყვანას აპირებენ, რაც ახლო მომავალში აუცილებლად გამოიწვევს ადამიანის გენეტიკურ ცვლილებას, უშვილობას, სიმსივნეებს და სხვა უმძიმეს დაავადებებს.
პოსტში ასევე მოცემულია ექიმ ზურაბ კუმსიაშვილის ციტატა, რომელის თანახმადაც, mRNM ვაქცინები აუცილებლად გამოიწვევს უშვილობას, ონკოლოგიურ და სხვა მძიმე დაავადებებს. კუმსიაშვილი ნოდარ გოგობაშვილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ვაქცინის უსაფრთოების ინსტრუქციაშია მითითებული, რომ უმჯობესია ჯანმრთელმა მამაკცმა ვაქცინაციამდე სპერმა გაყინოს, რაღა გამრავლების პრობლემა არ შეექმნას:
ზურაბ კუმსიაშვილი: “ნოდარ გოგებაშვილს მაინც დაუჯერეთ! თავად ვაქცინის უსაფრთხოების ინსტრუქციაში წერია, რომ ჯანმრთელ მამაკაცს, რომელიც აპირებს ვაქცინის გაკეთებას, სასურველია მანამდე გაყინოს საკუთარი სპერმა და შეინახოს, რათა მომავალში არ შეექმნას გამრავლების პრობლემები”
სპერმის შენახვასთან დაკავშირებით ინფორმაცია 18 მარტს ტელეკომპანია ობიექტივის ღამის სტუდიაში ექიმი-ჰომეოპათმა თინა თოფურიამაც გააჟღერა.
ნანა ჩალიგავა ინფორმაციის წყაროდ სოფიკო სოხაძეს უთითებს, თუმცა მის გვერდზე ამ დროისთვის მსგავსი პოსტი არ იძებნება. ჩალიგავას პოსტს 21 მარტის მონაცემებით 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს.
მოცემული მტკიცებები დეზინფორმაციაა, რადგან COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ტიპის ვაქცინები რიბო ნუკლეინის მჟავას შეიცავენ, მაგრამ ისინი ადამიანის გენეტიკურ ცვლილებას და სიმსივნეს არ იწვევენ. ასევე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ტიპის ვაქცინა უშვილობას და ფერტილურობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.
- არ არსებობს მტკიცებულება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ტიპის ვაქცინა უშვილობას და ფერტილურობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.
რაც შეეხება COVID-19-ის ვაქცინასა და უშვილობას შორის კავშრის, healthline.com-მა მსგავსი დეზინფორმაცია უკვე გადაამოწმა და წერს, რომ COVID-19-ის ვაქცინა უშვილობას და ფერტილურობასთან დაკავშირებულ პრობლბმებს არ იწვევს. დოქტორი ჯენიფერ კონტი, Modern Fertility-ის სამედიცინო მრჩეველი ამბობს:
“ეს ჭორები ემყარება შიშს, რომ ვაქცინაში არსებულმა mRNA-მა შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, პლაცენტაში ცილა სინციტინ-1-ზე შემთხვევითი შეტევით, რომელსაც კორონავირუსის ცილების მსგავსი სტრუქტურა აქვს. თუმცა, ეს აბსოლუტურად განსხვავებული სტრუქტურებია და არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ ეს [სინციტინ-1-ზე შეტევა] მოხდება”.
Რაც შეეხება მტკიცებას თითქოს “ვაქცინის უსაფრთხოების ინსტრუქციაში წერია, რომ ჯანმრთელ მამაკაცს, რომელიც აპირებს ვაქცინის გაკეთებას, სასურველია მანამდე საკუთარი სპერმა გაყინოს და შეინახოს, რათა მომავალში არ შეექმნას გამრავლების პრობლემები” -მსგავსი ჩანაწერი ვაქცინის არც “უსაფრთხოების ინსტრუქციაში” და არც გვერდით მოვლენებში არ გვხვდება.
newtral.es– მა ამ კონსპირაციული მოსაზრების პირველწყაროს მიაკვლია. 2020 წლის დეკემბერში რანჯით რამასამიმ (Ranjith Ramasamy) მაიამის უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგ-უროლოგმა ამერიკულ მედიას Local10-ს COVID-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ის ამბობს, რომ COVID-19 ვაქცინის ბიოლოგიის გამო, იგი მამაკაცის ნაყოფიერებაზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ მათ სურთ კვლევის ჩატარება, რათა მომავალში შვილების ყოლის მსურველი მამაკაცები ვაქცინის უსაფრთხოებაში დაარწმუნონ. ინტერვიუში რამასამი უშუალოდ სპერმის გაყინვის რეკომენდაციას არ იძლევა, ეს ფრაზა მას ჟურნალისტმა მიაწერა და კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.
მაიამის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდიდან განმარტავენ, რომ:
”კითხვაზე, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ იმ მამაკაცებმა, რომლებსაც აწუხებთ ვაქცინის გავლენა მათ ნაყოფიერებაზე, რამასამიმ უპასუხა, რომ ვაქცინის მიღებამდე მათ ყოველთვის შეუძლიათ გაითვალისწინონ სპერმის გაყინვა”.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ისინი არ გვირჩევენ არც ნაყოფიერების შეფასებას და არც სპერმის ბანკში წასვლას ვაქცინის მიღებამდე.
”ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ჩვენი კვლევის საბოლოო შედეგი და არც არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ ვაქცინა გავლენას მოახდენს მამაკაცის ნაყოფიერებაზე” – აღნიშნავენ მკვლევარები.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება მამაკაცთა რეპროდუქციისა და უროლოგიის საზოგადოებამ (SMRU) და მამაკაცთა რეპროდუქციის შემსწავლელმა საზოგადოებამაც (SSMR) გააკეთა. Მათი თქმით 2021 წლის 9 იანვრის მდგომარეობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ფერტილურობაზე გავლენას ახდენს.
მეტიც, მამაკაცებისთვის SMRU და SSMR შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ:
- COVID-19 ვაქცინაზე არ უნდა თქვა უარი მამაკაცებმა, რომელთაც ფერტულურობის სურვილი აქვთ და რომლებიც ვაქცინაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
- COVID-19 ვაქცინები უნდა შესთავაზონ ნაყოფიერების მსურველ მამაკაცებს, ისევე როგორც მათ, ვისაც ეს არ სრუს, მაგრამ აკმაყოფილებს ვაქცინაციის კრიტერიუმებს.
- COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ტიპის ვაქცინები რიბო ნუკლეინის მჟავას შეიცავენ, მაგრამ ისინი ადამიანის გენეტიკურ ცვლილებას და სიმსივნეს არ იწვევენ.
COVID-19-ის საწინააღმდეგო, ამ დროისთვის არსებული ვაქცინებიდან mRNA ტექნოლოგიით პფაიზერის და მოდერნას ვაქცინებია შექმნილი.
mRNA არის, ერთჯაჭვიანი რნმ-ის მოლეკულა, რომელსაც აქვს უნარი, დატოვოს უჯრედის ბირთვი და გადავიდეს ციტოპლაზმაში, სადაც ცილების სინთეზი ხდება.
ვაქცინაში mRNA ტექნოლოგია შემდეგნაირად მუშაობს: mRNA მოლეკულა ინსტრუქციის მატარებელია, რომელიც უჯრედს უხსნის, თუ როგორ უნდა შექმნას კონკრეტული ცილა ან მისი ნაწილი. ამგვარად, როდესაც ვაქცინის mRNA შედის უჯრედში, ის მას გადასცემს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ცილის სინთეზი მის ზედაპირზე, ეს ცილა კი არის COVID-19-ის ვირუსის მწვერვალებზე ე.წ. Spike-ზე არსებული ცილა, რომელიც კორონა ვირუსის დამახასიათებელი ნიშნანია.
უჯრედში mRNA-ის შესვლის შემდეგ მის გარსზე გამომუშავდება შესაბამისი ცილა, რომლის მეშვეობითაც უჯრედი აცნობებს იმუნურ სისტემას, რომ თუ მსგავსი ცილა გამოჩნდება სხეულში, ორგანიზმმა ვირუსის გასანეიტრალებლად დაცვითი სისტემის მობილიზება უნდა მოახდინოს. ამიტომ mRNA ზემოთ მოცემულ ინფორმაციას უჯრედის იმ ნაწილებს აწვდის, რომელშიც ცილები წარმოიქმნება და მისი ფუნქციის შესრულებიდან რამდენიმე საათში იშლება. სწორედ ამიტომ ის ვერ აღწევს უჯრედის ბირთვში, სადაც ჩვენი გენეტიკური მასალა- დნმ არის გათავსებული.
ეს ნიშნავს, რომ mRNA– ს არანაირი კონტაქტი არ აქვს დნმ–თან და არ არსებობს მექანიზმი, რომელიც მას საშუალებას მისცემს, ჩვენი დნმ შეცვალოს. სწორედ ამავე მიზეზით, შეუძლებებლია ვაქცინამ სიმსივნის განვითარება გამოიწვიოს, პირიქით მიმდინარეობს კვლევა იმასთან დაკავშირებით, რომ mRNA ტექნოლოგია შესაძლოა სიმსივნის მკურნალობისა და პრევენციის ერთ-ერთი საშუალება გახდეს. ამგვარად, COVID-19-ის mRNA ვაქცინა უბრალოდ დაავადებასთან მებრძოლი იმუნიტეტის გამომუშავებაში გვეხმარება.
რაც შეეხება ინფორმაციის პირველწყაროებს, ნოდარ გოგოებაშვილს და ზურაბ კუმსიაშვილის, მსგავსი ტიპის მცდარ ცნობებს ისინი ადრეც ავრცელებდნენ. ზურაბ კუმსიაშვილი კი ერთ-ერთი იყო იმ ქართველი ექიმებიდან, რომელიც კორონავირუსის საწინააღმედგო ცრუ პრეპარატების შექმნის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას. აღნიშნულ თემაზე შეგიძლიათ იხილოს “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:
- ცრუ მკურნალობა: რომელი მედიები ავრცელებენ ინფორმაციას არალიცენზირებულ სამედიცინო პრეპარატზე?
- “ობიექტივი” ბილ გეიტსის ვიდეოფაბრიკაციას და ვაქცინაციაზე დეზინფორმაციას ავრცელებს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.