პარიზის ოლიმპიადაზე ფოლადის ცხენისა და ხარის თავის სკულპტურის გამოჩენას 27-28 ივლისს კრემლისტური მედია “ალტ-ინფო” (1;2) და კონსერვატიული გამოცემა “საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ასევე, ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელი ფეისბუქ-მომხმარებლები, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი და მაია თვალავაძე გამოეხმაურნენ. ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ “ბუღის თავი” დაკავშირებულია სატანისტურ სიმბოლო მოლოხთან, რომელიც ასევეა ებრაელთა ომისა და ცეცხლის სიმბოლო და ბავშვების მსხვერპლშეწირვას ითხოვს. ცხოველის თავს “ბავშვთა მსხვერპლშეწირვის სიმბოლიკას” უწოდებს მაია თვალთვაძეც, მისივე მტკიცებით, ფოლადის ცხენი და მისი მხედარი “აპოკალიფსის თეთრ რაინდს” განასახიერებენ. “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ცხენის ფოტოს ურთავს წარწერას იოანეს გამოცხადებიდან აპოკალიფსის 4 მხედრის შესახებ. რაც შეეხება ალტ-ინფოს, გადაცემა “ალტ-ანალიტიკაში” წამყვანებმა ისაუბრეს “კონკრეტულ სატანისტურ მონაკვეთებზე”, მათ შორის, სკულპტურის ოქროს ხბოსთან კავშირსა და აპოკალიფსის 4 მხედარზე.
ზურაბ მახარაძე: მანდ არის ცხენოსნის გამოსახულება, ვერცხლში მთლიანად, ნაცრისფერი ცხენის გამოსახულება, რომლის უკანაც ფრთები აანთეს და სპეციალურად იყო ეს გაკეთებული ეგრე. ნუ, თავიდან იყო, რომ სენაზე, მდინარეზე მოდის ეს ფიგურა, მერე გამოივლის, ყველა ქვეყნები ამას უკან ამოუდგებიან და მოჰყვებიან. ვისაც ოდნავ მაინც ამის შეხედვაზე ასოციაციები უჩნდება, სინამდვილეში, არის ბიბლიაში ძალიან კონკრეტული მომენტი ამაზე – ანუ აპოკალიფსის 4 მხედარი არის ერთ-ერთი მთავარი სიუჟეტი და ყველამ, ვინც ეს ნახა, ჩვენი თეორია კი არ არის, ამერიკელები იქნებოდნენ თუ ევროპელები, თქვეს, რომ ეს იყო მაგის სიმბოლო.
“აპოკალიფსის მხედარსა” და ოქროს ხბოზე მტკიცებები რუსულ ენაზეც გავრცელდა (1;2).
პარიზის ოლიმპიადაზე ფოლადის ცხენისა და ხარის თავის გამოჩენასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიები ვრცელდება. რეალურად, ფოლადის ცხენზე ამხედრებული ქალი მითოლოგიურ ქალღმერთ სექუანას განასახიერებდა, ხოლო ცხოველის თავი არა ოქროს ხბო, არამედ 1937 წელს შექმნილი ხარის სკულპტურაა.
-
რას განასახიერებდა ფოლადის ცხენზე ამხედრებული ქალი?
26 ივლისს პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მრავალი დეტალისგან შედგებოდა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული მდინარე სენაზე, რომელშიც ქვეყნების ეროვნული დელეგაციის წევრებმა მათთვის გამოყოფილი ნავებით გაცურეს. სწორედ მდინარე სენაში გამოჩნდა ფოლადის ცხენიც, რომელიც გახსნის ცერემონიის ერთ-ერთი ნაწილი იყო. მომდევნო კადრებში მხედარი ეიფელის კოშკის წინ გამოჩნდა და თან მიიტანა ოლიმპიური დროშა, რომელიც შემდგომ აღმართეს.
გავრცელებული მტკიცებების მიუხედავად, თითქოს ფოლადის ცხენი კავშირშია აპოკალიფსის 4 მხედართან და იოანეს გამოხცადებასთან, ოლიმპიადის ოფიციალურ X გვერდზე იმავე დღეს დაიწერა, რომ ცხენოსანი ქალი და ფოლადის ცხენი ოლიმპიურ სულს უკავშირდებოდა და მიზნად მშვიდობისა და სოლიდარობისკენ მოწოდებას ისახავდა.
მომდევნო დღეებში ფოლადის ცხენთან და მის სიმბოლურ დატვირთვასთან დაკავშირებით გავრცელდა ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელის, თომას ჟოლის განმარტებაც. მისი თქმით, იდეა “ოლიმპიური სულისკვეთების” გავრცელებას ისახავდა მიზნად, რომელიც სავსეა მეგობრობითა და სოლიდარობით და მსოფლიოს გასაერთიანებლად იწვევს. ჟოლიმ ასევე განმარტა, რომ ფოლადის ცხენის მხედარი ასევე განასახიერებდა “სექუანას, მდინარის ქალღმერთსა და სიმტკიცის სიმბოლოს”.
ფრთები, რომელიც ცხენოსანი ქალის ეიფელის კოშკის წინ გადანაცვლების შემდეგ გამოჩნდა, მშვიდობის ნიშანი იყო. მედიის ინფორმაციით (1;2), ცხენზე ფლორიან ისერტი, ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცერი იჯდა.
-
როგორ მოხვდა ხარის თავი გახსნის ცერემონიაზე?
მას შემდეგ, რაც ცხენზე ამხედრებულმა ქალმა ცერემონიის მონაწილეებს ოლიმპიური დროშა მიუტანა, კადრში გამოჩნდა ცხოველის თავი, რომელსაც ოქროს ხბოსა და სატანისტურ სიმბოლო მოლოხთან აკავშირებენ. ოქროს ხბო ქრისტიანობის უარყოფის სიმბოლოა – ბიბლიის მიხედვით, ის ებრაელებმა გააღმერთეს მაშინ, როდესაც მათი ლიდერი მოსე სინას მთაზე იმყოფებოდა. რაც შეეხება მოლოხს, მისი სახელი ებრაულ ბიბლიაში რამდენჯერმე გვხვდება. ბიბლიის მიხედვით, მოლოხი ბავშვების მსხვერპლშეწირვასთან ასოცირდებოდა. შუა საუკუნეებიდან მას ხარის თავის მქონე ფიგურად გამოსახავდნენ.
თუმცა, რეალურად სკულპტურა არა ოქროს ხბო, არამედ ხარის თავია. აღსანიშნავია, რომ კონსპირაციის თეორია მხოლოდ საქართველოში არ გავრცელებულა. სოციალურ მედიაში გავრცელებული მტკიცება, თითქოს ცერემონია სატანისტური რიტუალი იყო და ცხოველის თავი ოქროს ხბოს წარმოადგენდა, France 24-ის ფაქტების გადამოწმების განყოფილებამ, The Observers-მაც გადაამოწმა. იმ ტერიტორიაზე, სადაც ცერემონია უნდა გამართულიყო და დროშა აღემართათ, მოექცა ტროკადეროს შადრევანი, რომელზეც პოლ ჟუვეს 1937 წლის სკულპტურაა აღმართული, სახელწოდებით “ხარის თავი და ირმის ნახტომი”. ჟუვემ შეკვეთა 1937 წელს პარიზში ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენისთვის მიიღო და ნაშრომისთვის ოქროს მედლითაც დაჯილდოვდა.
სწორედ ტროკადეროს ბაღებსა და შადრევანთან მოეწყო სცენა ოლიმპიური თამაშების გახსნისთვის და ამით აიხსნება დროშის აღმართვისას კადრში ხარის თავისა და ირმის გამოჩენაც.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.