რაზე ისაუბრა ერდოღანმა მოსკოვში 2008 წელს და რას ამბობს WikiLeaks?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

632
VIEWS

1 მაისს ტელეკომპანია სეზონის ფეისბუქ-გვერდზე გადაცემა “დღის შეჯამების” ფრაგმენტი გამოქვეყნდა, გადაცემის წამყვანმა და “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ 2008 წლის ომის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველივე ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა და პუტინს აჭარაში შესვლის ნებართვა სთხოვა. პოსტში აღნიშნულია, რომ თურქეთი საქართველოს დასაპყრობად თავის შანსს საუკუნეებია ელოდება.

Screenshot 11 5 რაზე ისაუბრა ერდოღანმა მოსკოვში 2008 წელს და რას ამბობს WikiLeaks?

მსგავს ინფორმაციას ჯერ კიდევ 2010 წელს ინგლისურენოვანი სომხური გამოცემა  news.am, ასევე რუსულენოვანი გამოცემები (regnum.ru, topwar.ru, ladno.ru) ავრცელებდნენ, მათი თქმით, ერდოღანმა მოსკოვში ვიზიტისას რუსეთი გააფრთხილა, რომ თუ თურქეთის საზღვართან 100 კილომეტრში რუსეთი სამხედრო მოქმედებებს განახორციელებდა, თურქეთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიას საკუთარ ჯარით დაიცავდა. გამოცემების მიხედვით, აღნიშნულ ინფორმაციას WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ადასტურებდა. ამასთან, regnum.ru წერს, რომ ეს ინფორმაცია იმ დროისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა “საინფორმაციო სააგენტო პირველთან” (დღევანდელი pia.ge) 2009 წლის მარტის ინტერვიუში დაადასტურა.

Screenshot 12 4 რაზე ისაუბრა ერდოღანმა მოსკოვში 2008 წელს და რას ამბობს WikiLeaks?

ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს 2008 წელს ერდოღანი აჭარაში შეჭრას და მის დაპყრობას გეგმავდა, მოსკოვში ვიზიტისას კი ეს გეგმა ვლადიმირ პუტინთან შეათანხმა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არც WikiLeaks-ის ვებ-გვერდზე და არც სხვა ღია სანდო წყაროებში არ იძებნება. რაც შეეხება მერაბიშვილის ინტერვიუს, pia.ge-ს არქივის გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ 2009 წლის მარტში ასეთი ინტერვიუ სააგენტოს არ გამოუქვეყნებია.

მჟავანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერდოღანი 2008 წელს აჭარაში შეჭრას გეგმავდა, მტკიცებულებებით არ დასტურდება. ასევე არ დასტურდება 2010 წელს რამდენიმე რუსული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს WikiLeaks-ის დოკუმენტებში წერია, რომ ერდოღანი პუტინს აჭარაში შესვლით დაემუქრა. 

რაც შეეხება მტკიცებას, თითქოს ერდოღანის აჭარაში შესვლისა და საქართველოს დახმარების მზადყოფნა ვანო მერაბიშვილმა “საინფორმაციო სააგენტო პირველთან” 2009 წლის 3 მარტის ინტერვიუში დაადასტურა, დეზინფორმაციაა. “მითების დეტექტორი” pia.ge-ს ყოფილ დამფუძნებელს, ანი მიროტაძეს დაუკავშირდა, რომელიც სააგენტოს 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა. მან სააგენტოს 2009 წლის მარტის არქივის გადამოწმების შემდეგ, ჩვენთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ამ პერიოდში სააგენტოს მიერ ვანო მერაბიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ  არ იძებნება.

WikiLeaks-ის ვებ-გვერდზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ფაილებში არ იძებნება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსკოვში ჩასულმა ერდოღანმა აჭარის რეგიონში თურქული სამხედრო ძალების შეყვანის მზადყოფნა გამოთქვა. ვებ-გვერდზე ერდოღანის რუსეთში ვიზიტთან და ზოგადად 2008 წლის ომის დროს თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებით არაერთი დოკუმენტია გამოქვეყნებული, თუმცა მათში ყურადღება ორ საკითხზეა გამახვილებული: 1. ერდოღანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა; 2. მან “კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმის” შექმნის ინიციატივა გამოთქვა.

Screenshot 13 3 რაზე ისაუბრა ერდოღანმა მოსკოვში 2008 წელს და რას ამბობს WikiLeaks?

ამ ორ საკითხზე ცნობები საჯაროდ, მედიაშიც გავრცელდა. ერდოღანი, რომელიც იმ დროისთვის თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო, 2008 წლის 13 აგვისტოს რუსეთში ჩავიდა და პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მოსკოვში ვიზიტის შემდეგ კი, 14 აგვისტოს ერდოღანი თბილისს ეწვია და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მან საქართველოს სუვერენიტეტსა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით აღიარებული ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ჰუმანიტარული ტვირთითა და ომის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის, განსაკუთრებით კი ქალაქი გორის აღდგენაში დაეხმარებოდა.

Screenshot 14 2 რაზე ისაუბრა ერდოღანმა მოსკოვში 2008 წელს და რას ამბობს WikiLeaks?

ამ პერიოდში ერდოღანმა კავკასიის რეგიონის ქვეყნებს სამშვიდობო პლატფორმის შექმნა, “სტაბილურობისა და ახალი სამშვიდობო პლატფორმის” კონცეფციით შესთავაზა. ერდოღანის ინიციატივასთან დაკავშირებით, იმ დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ფორმატს არ შეუერთდებოდა, სანამ რუსეთი საკუთარ ჯარებს არ გაიყვანდა. ინიციატივამ მოწონება ვერც აშშ-სგან დაიმსახურა, სადაც ოფიციალურმა პირებმა გააკრიტიკეს ის ფაქტი, რომ ფორმატში ევროპის ქვეყნები გათვალისწინებული არ იყო. ამას დაემატა ისიც, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

2010 წლის 17 დეკემბერს eurasiareview.com-ზე კავკასიის საკითხების ანალიტიკოსისა და დღესდღეობით ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის კომისიის (CSCE) პოლიტიკის უფროსი მრჩევლის მაიკლ ჩეჩირეს სტატია გამოქვეყნდა, რომელიც რამდენიმე სომხურ და რუსულენოვან გამოცემაში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ WikiLeaks-ის დოკუმენტებზე გავრცელებულ ცნობას შეეხებოდა. გამოცემები წერდნენ, რომ WikiLeaks-ის დოკუმენტის თანახმად, 2008 წლის ომის დროს მოსკოვში ოფიციალური ვიზიტისას თურქეთის დელეგაციამ მედვედევს განუცხადა, რომ თუკი რუსეთი სამხედრო ოპერაციებს თურქეთის ტერიტორიიდან 100 კილომეტრზე ახლოს განახორციელებს, თურქეთს, როგორც ნატოს წევრს, უფლება აქვს საკუთარი დანაყოფები სამხედრო მოქმედებებში ჩართოს და ალიანსის წევრი ქვეყნის მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორია დაიცვას.

ჩეჩირე წერს, რომ ამ ცნობის პირველწყაროს ვერ მიაკვლია, რადგან ვებ-გვერდები წყაროდ ერთმანეთს უთითებდნენ, საბოლოოდ კი კვალი იკარგებოდა, ამ შინაარსის დოკუმენტი კი არც WikiLeaks-ის ვებ-გვერდზე იძებნებოდა. ეს ცნობა 2010 წლის 7 დეკემბერს ინგლისურენოვანმა სომხურმა გამოცემა News.Am-მა გაავრცელა, რომელიც წყაროდ რუსულენოვან Vlasti.Net-ს უთითებდა, Vlasti.Net კი – ასევე რუსულენოვან VVNews.Info-ს. თავის მხრივ, VVNews.Info წყაროდ Apsny.Ge-ს უთითებდა, რომელიც ინფორმაციას წყაროს გარეშე ავრცელებდა. ჩეჩირეს სტატიაში ამ გამოცემების მასალების ბმულები მითითებულია, თუმცა ამ დროისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ News.Am-ის მასალაა.

Screenshot 15 1 რაზე ისაუბრა ერდოღანმა მოსკოვში 2008 წელს და რას ამბობს WikiLeaks?

გარდა ამისა, ამ თემაზე Regnum.Ru-ს მომზადებულ სტატიაში, რომელიც  Zavtra.com.ru-დან არის გადმობეჭდილი, აღნიშნულია, რომ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის შეიარაღებული ძალების შეყვანის საკითხზე მზადყოფნა იმ დროისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმაც დაადასტურა. სავარაუდო ციტატა 2009 წლის მარტში „საინფორმაციო სააგენტო პირველის” (დღევანდელი pia.ge) მერაბიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუდანაა, თუმცა ჩეჩირე წერს, რომ ვერც ამ ინტერვიუს მიაკვლია. „საინფორმაციო სააგენტო პირველი” pia.ge-მდე pirweli.com.ge დომეინით ფუნქციონირებდა, ამჟამად ეს ვებ-გვერდი აქტიური აღარაა, pia.ge-ს ყოფილმა დამფუძნებელმაც დაგვიდასტურა, რომ ასეთი ინტერვიუ 2009 წლის არქივში არ იძებნება.

Screenshot 16 1 რაზე ისაუბრა ერდოღანმა მოსკოვში 2008 წელს და რას ამბობს WikiLeaks?

ჩეჩირე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის დასადასტურებლად მტკიცებულებებს ვერ მიაგნო, გამორიცხული არაა დოკუმენტი მართლაც არსებობდეს. მისი აზრით, ეს სტატიები შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ რუსულენოვანი მედია სისტემატიურად, გაუცნობიერებლად ან გაცნობიერებულად იმ იდეის პროპაგანდას ეწევა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტი გარდაუვალია, ასევე ეს მეტყველებს იმაზეც, რომ რუსეთის ხელისუფლების გარკვეული წრეები თურქეთს რუსეთის უპირობო მტრად მიიჩნევენ, რომელთან ბრძოლისთვისაც მზადებაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვარი დემარკირებულია, 1992 წელს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც  მხარეებმა ადრე შეთანხმებული საზღვრის ხაზი აღიარეს და განცხადეს, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს, დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით. 

წყაროების შესახებ

ნიკოლოზ მჟავანაძე “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელია. გაერთიანება საჯარო რეესტრში 2012 წლის 2 აგვისტოს დარეგისტრირდა. 2022 წლის 28 აპრილიდან მჟავანაძეს ტელეკომპანია სეზონის ეთერში გადაცემა “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” მიჰყავს, მანამდე კი ის “ალტ-ინფოზე” გადაცემის “კვირა ნიკოლოზ მჟავანაძესთან” წამყვანი იყო, ასევე მუშაობზე “ობიექტივზეც”. ის ასევე საინფორმაციო სააგენტო “ტაონიუსის” გენერალური დირექტორია.

Screenshot 17 1 რაზე ისაუბრა ერდოღანმა მოსკოვში 2008 წელს და რას ამბობს WikiLeaks?Screenshot 18 1 რაზე ისაუბრა ერდოღანმა მოსკოვში 2008 წელს და რას ამბობს WikiLeaks?

მჟავანაძე ხშირად აკეთებს თურქოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებებს და ისტორიული ტრავმების გაღვივების პარალელურად, საქართველოს ხსნას სხვადასხვა საფრთხეიდან რუსეთში ეძებს.

რაც შეეხება სეზონი TVს, მისი 100%-იანი წილის მფლობელი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია, ის საზოგადოება “გორელის” წევრი იყო, რომელმაც გორში სტალინის ძეგლის აღდგენის ინიციატივით გორის საკრებულოს არაერთხელ მიმართა. გიორგი კანდელაკი მოძრაობა “ერთად ძლიერი საქართველოსთვის” წევრიცაა. ორგანიზაცია ღიად საბჭოური სენტიმენტებითა და იოსებ სტალინის მხარდაჭერით გამოირჩევა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი, რუსეთი
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist